ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რა საშინელებაა, როცა უცოდველ ანგელოზებს შიმშილსა და სიცივეში უწევთ ყოფნა...

გაიცანით - მრავალშვილიანი მზრუნველი დედა - ლალი ციცქიშვილი(31 წლის) მისი მძიმედ დაავადებული მეუღლე და ბავშვების მამა, იოსები(31 წლის) - ძალიან, ძალიან გაჭირვებული, მაგრამ რწმენითა და შვილებით მდიდარი ქართველი ოჯახი! ისინი გახლავთ ხუთი არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვების მშობლები, 9 წლის მარიამის, 8 წლის ტარიელის, 6 წლის დავითის, 4 წლის გაბრიელისა და 2 წლის ფატიმას. ასევე ჰყავთ „მეექვსე შვილიც“ - დალი ბებია(61 წლის), რომელიც ავად არის.
838.84 ₾
78
დონორები
შეგროვებულია


გაიცანით - მრავალშვილიანი მზრუნველი დედა - ლალი ციცქიშვილი(31 წლის) მისი მძიმედ დაავადებული მეუღლე და ბავშვების მამა, იოსები(31 წლის) - ძალიან, ძალიან გაჭირვებული, მაგრამ რწმენითა და შვილებით მდიდარი ქართველი ოჯახი! ისინი გახლავთ ხუთი არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვების მშობლები, 9 წლის მარიამის, 8 წლის ტარიელის, 6 წლის დავითის, 4 წლის გაბრიელისა და 2 წლის ფატიმას. ასევე ჰყავთ „მეექვსე შვილიც“ - დალი ბებია(61 წლის), რომელიც ავად არის.

 ყველანი სოციალურად დაუცველები არიან!

- ლალი, გვიამბეთ, ჩვენთან რა გასაჭირმა მოგიყვანათ?

ლალი: გაუსაძლისმა გაჭირვებამ. მხოლოდ ასე შემიძლია დავარქვა ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთვის ეს მდგომარეობა უჩვეულოა, ყოველთვის გვიჭირდა და ძლივს გაგვქონდა თავი. მაგრამ ბოლო თვეებში ცხოვრება კოშმარად გვექცა. ჩვენი შვილები შიმშილობენ. არ გვაქვს არც საჭმლის და არც ჩემი მეუღლისთვისა და დედამთლისთვის წამლების ფული. დანარჩენზე კი საუბარიც ზედმეტია...

განსაკუთრებით ახლა გაგვიჭირდა, ჩემი მეუღლის, სოსოს ოპერაციის შემდეგ - თებერვალში სასწრაფოდ ამოაჭრეს ნაღვლის ბუშტი. თუ ადრე შეეძლო, რომ მშენებლობაზე შავ მუშად მაინც ემუშავა, ოპერაციის გამო, დავრჩით ამ მიზერული დამატებითი შემოსავლი გარეშეც.

 ამას დაემატა მსოფლიოში შექმნილი ვითარებაც - კორონავირუსის პანდემია და სამსახური საერთოდ აღარ იშოვება. ეს ყველაფერი სავალალოდ აისახა ჩვენს ოჯახზე.

თქვენი ფონდი - ჩვენი უკანასკნელი იმედია.

ჩახედეთ თვალებში ამ ანგელოზებს! დაიმახსოვრეთ! ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ლურჯი თვალებია. საქართველო! ღმერთო, დაიფარე შენი ანგელოზები!

- სად მუშაობდა თქვენი მეუღლე და დაახლოებით რა თანხა შემოჰქონდა ოჯახის ბიუჯეტში?

ლალი: სოსოს არ აქვს მუდმივი სამსახური. შავი მუშა იყო მშენებლობაზე. ალბათ თავადაც იცით, ეს რა სამუშაოა და რა შემოსავალიც ექნებოდა. ახლა კი ავად არის, საბრალო, როგორ იტანჯება!

- ლალი, საერთოდ რა არის თქვენი მრავალშვილიანი ოჯახის შემოსავლის წყარო?

ლალი: ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი, სოციალური დახმარებაა 730 ლარია 8 სულზე და ბებიას პენსია 120 ლარი. სულ ესაა.

- კი მაგრამ, რაზე გყოფნით?

ლალი: მხოლოდ ყველაზე აუცილებელ პროდუქტზე, წამლებსა და კომუნალურ გადასახადებზე. სხვა არაფრისთვის არ გვრჩება ფული, არც ტანსაცმელზე, არც სათამაშოებზე, ბავშვები სასკოლო რვეულებზეც კი არ გვყოფნის ხანდახან... ჩემს უფროს გოგოს, მარიამს, ბევრჯერ დავალების გარეშე მოუწია სკოლაში წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ რვეული არ ჰქონდა, დავალება რომ დაეწერა... ხან მაღაზიაში ვალად ვიღებდი რვეულებს, ხან მეგობარს ართმევდა მარიამი... სარეცხი მანქანა მაქვს, რომელიც ორი წლის წინ კეთილმა ხალხმა გვაჩუქა, მაგრამ ხშირად ვერ ვიყენებ იმიტომ, რომ არ მაქვს სარეცხი ფვნილის ფული და რვა ადამაინის სარეცხის რეცხვა ხელით მიწევს, სარეცხი საპნით...

- ეს რა სახლია, ლალი?

ლალი: ჩვენ ვცხოვრობთ სოფელ ფხვენისში, გორის რაიონში კერძო ორსართულიანი სახლის ორ ოთახში. ეს სახლი ჩემს გარდაცვლილ მამამთილსა და მის ძმას ეკუთვნის. ნაწილი ჩვენს ოჯახს არ ეკუთვნის და  დაკეტილია. თვითონ სახლი კი, მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია, წყალი ჩამოდის და ორივე სართული საცხოვრემლად გამოუსადეგარ მდგომარეობაშია.

ჩვენს ორ ოთახში შიშველი კედლებია, ცემენტის იატაკი კი ლინოლიუმითაა დაფარული, ისიც მხოლოდ ერთ ოთახში.

ერთ-ერთ ოთახში ჭერიდან წყალი ჩამოდის და კედლები თითქმის ყოველთვის სველია. სამზარეულო არ გვაქვს და საჭმელს იმ ოთახში ვამზადებ, სადაც ვცხოვრობთ. ზამთარში შეშის ღუმელს ვიყენებთ საჭმლის მოსამზადებლად. გაზქურა კი გვაქვს, მაგრამ ასე გაზის ეკონომიას ვაკეთებთ. წყალსაც ამ ღუმელზე  ვაცხელებთ, ბავშვების დასაბანად.

რა თქმა უნდა, შეშაც ძვირი ღირს და ხშირად არჩევანის გაკეთება გვიწევს, შეშა ვიყიდოთ, თუ ბავშვებს ვაჭამოთ საჭმელი.

- ნათესავებიდან თუ გეხმარებათ ვინმე?

ლალი: იმის მიუხედავად, რომ მეც და ჩემი მეუღლეც მრავალშვილიანი ოჯახებიდან ვართ, დამხმარე არავინ გვყავს. მეც და სოსომაც ადრე დავკარგეთ მამები. ჩვენი დედები მარტო გვზრდიდნენ, მეუღლის ყოველგვარი დახმარების გარეშე. ჩვენს დედმამიშვილებს, თითქმის ისევე უჭირთ, როგორც ჩვენ. რა თქმა უნდა, ვცდილობთ ყველანი, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს, მაგრამ მუდმივად დახმარება არავის არ შეუძლია. მათაც შვილები ჰყავთ და თავიანთი საფიქრალი აქვთ.

თუ შეიძლება, მადლობა მინდა გადავუხადო გორის საკრებულოს დეპუტატს, ზურაბ კაჯრიშვილს - პერიოდულად გვეხმარება პროდუქტითა და შეშით. მინდა ხალხმა იცოდეს, რომ ის კეთილი ადამიანია!

 - ლალი, გვიამბეთ თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია.

ლალი: ჩემი მომავალი მეუღლე 2008 წელს გავიცანი. მაშინ ჩემს დასთან ვცხოვრობდი, გორში და იქვე ტექნიკუმში ვსწავლობდი. სოსოს და კი, ჩემს დასთან მეგობრობდა. ერთმანეთი მან გაგვაცნო. სოსო თითქმის ერთი წელი ცდილობდა ჩემთვის თავის შეყვარებას. როგორც ხედავთ, ეს გამოუვიდა და დავქორწინდით.

დიდი გაჭირვების მიუხედავად, ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ჩვენი შვილებიც სიყვარულში გაჩნდენენ. სოსო ძალიან ცდილობს გაჭირვებას თავი დააღწიოს, არანაირ სამუშაოს არ თაკილობს, სახლშიც ძალიან მეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ სახლი საცხოვრებლად თითქმის არ ვარგა, მაინც ცდილობს პირობები გააუმჯობესოს. ხან თაროს მიაჭედებს, ხან ფულს გამონახავს, რომ ახალი ლინოლიუმი დააგოს. წინა წელს, როგორც იქნა, მოახერხა, რომ ერთ ოთახში მიწის იატაკზე ბეტონი დაგვესხა, მაგრამ ლინოლიუმის დაგება ჯერ ვერ მოვახერხეთ და ბეტონზე გვიწევს სიარული.

ალბათ უკონფლიქტოდ არც ერთი ოჯახი არ ცხოვრობს, მითუმეტეს გაჭირვებული...  როდესაც ყველაფრის ნაკლებობას განიცდი, შვილები კი მშიერი გყავს, რა თქმა უნდა, იქ კამათიც და კონფლიკტიც ჩნდება, მაგრამ ჩვენი სიყვარული ძალებს გვმატებს, რომ გადავლახოთ ეს სირთულეები და მხოლოდ წინ ვიაროთ, ჩვენი შვილებისთვის...

- გაგვაცანით თქვენი მშვენიერი შვილები.

ლალი: ხუთი შილი გვყავს. უფროსი, მარიამი, 9 წლისაა. მეოთხე კლასში სწავლობს. ძალიან ბეჯითია და მხოლოდ ათიანებს იღებს. უყვარს ქართული და ცეკვა. ძალიან სერიოზულია ასაკთან შედარებით და ჩვენი ცხოვრების სიმძიმეს ყველაზე მეტად ის გრძნობს.

ტარიელი 8 წლისაა. მას და მის ძმას, 6 წლის დავითს ძალიან უყვართ ფეხბურთის თამაში. ტარიელიც ძალაინ კარგად სწავლობს, დავითი კი, ჯერ მხოლოდ ემზდება სკოლაში წასასვლელად. ის და 4 წლის გაბრიელი საბავშვო ბაღში დადიან. ჩვენი უმცროსი გოგო კი, ფატიმა, ჯერ მხოლოდ 2 წლისაა.

ძალიან კარგი ბავშვები არიან, ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ და არასდროს არ ჩხუბობენ. სახლშიც მეხმარებიან და ერთმანეთსაც კარგად უვლიან.

ღმერთის წყალობით, ხუთივე შვილი ჯანმრთელი მყავს. ყველანი მხიარული და სიცოცხლით სავსე ბავშვები არიან. მათაც უყვართ, როგორც ყველა ბავშვს ცელქობა, თამაში და სახლის თავდაყირა დაყენება. კარგია, რომ ეზო გვაქვს, სადაც შეუძლიათ სირბილით იჯერონ გული... მაგრამ ამის გარდა, სხვა ვერაფრით გავანებივრებთ. არ გვაქვს, არა მხოლოდ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სათამაშოების და სასკოლო ინვენტარის, არამედ სრულფასოვანი საკვების ყიდვის საშუალებაც კი.

- განიცდიან, რომ ასეთ სიღარიბეში უწევთ ცხოვრება?

ლალი: რა თქმა უნდა. მათ ხომ არასდროს არ აქვთ ახალი ტანსაცმელი, სათამაშოები, აკლიათ საჭმელი, კამფეტი რა არის, საერთოდ არ იციან... ტარიელი დღემდე იხსენებს, ერთხელ სნიკერსი რომ ვუყიდე, და ახლა ოცნებად აქვს ქცეული, რომ ეს შოკოლადი კიდევ ერთხელ მაინც ჭამოს!

მარიამი უკვე დიდი გოგოა და ახალი კაბები უნდა. როდესაც კლასში ვინმე ახალი კაბით ან ჯინსით მოდის, მეც მთხოვს ისეთივე ვუყიდო... კერვა მეც ვიცი და თვითონაც შევუკერავდი ისეთს, მაგრამ ნაჭრის საყიდელი ფულიც კი არ მაქვს...

 - თქვენი შვილების მომავალი როგორ წარმოგიდგენიათ?

ლალი: ვოცნებობ, რომ კარგი განათლება მიიღონ და ცხოვრებაში თავიანთი გზა მონახონ... არ გაიზიარონ ჩვენი ბედი და ჩვენსავით კაპიკების თვლა არ მოუწიოთ მათ და მათ შვილებს...

- პირადად თქვენთვის რაზე ოცნებობთ?

ლალი: ძალიან მინდა მუშაობა. ჭრა-კერვა მეხერხება, ასევე მიყვარს თმასთან მუშაობა და კარგად გამომდის სხვადასხვა ვარცხნილობების გაკეთება. მინდა მეუღლეს დავეხმარო ოჯახის შენახვაში... ჩვენს სახლს რემონტი სჭირდება. დანგრეულია ყველაფერი, კედლები და იატაკი კი - ცივი. სულ ბეტონია და ძნელია გათბობა, მაშინაც კი, როცა შეშა გვაქვს და ღუმელი ანთია. ფული გვჭირდება, რომ  საჭმელი და შეშა ვიყიდოთ... მაპატიეთ, ისევ ამ საკითხს დავუბრუნდი...

- გჯერათ რომ, როდესაც უცხო ადამიანები შეიტყობენ თქვენი პრობლემის შესახებ, დაგეხმარებიან?

ლალი: რა თქმა უნდა მჯერა! ძლიან მჯერა! ეს ხომ საქართველოა! სასწაული უკვე ერთხელ მოხდა! ერთი წლის წინ, ჩვენს სოფელში ერთერთი ტელეარხიდან გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა, სიუჟეტი უნდა გადაეღოთ ერთ მოხუც ქალზე. ხალხმა კი უთხრა, რომ არის ესეთი მინდიაშვილების ოჯახი, რომელსაც ძალიან უჭირს და ჩვენთან სახლში მოსვლა შესთავაზეს. მართლაც, გადაიღეს სიუჟეტი ჩვენს შესახებ და ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ხალხმა შეიტყო ჩვენს შესახებ და ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეხმარა. მაშინ სრულიად უცხო ადამიანები ჩამოვიდნენ თბილისიდან, გვაჩუქეს ტელევიზორი და სარეცხი მანქანა, ბავშვებსაც საჩუქრები ჩამოუტანეს: სათამაშოები, ტანსაცმელი, პროდუქტი. ამის მერე, ადამიანების სიკეთის როგორ არ უნდა მჯეროდეს?

მაგრამ ასევე უნდა ავღნიშნო რომ ბევრი ნეგატივიც იყო, ბევრი წერდა ცუდ კომენტარებს, შეუნდოთ უფალმა, არ ესმით...

- რა გაძლევთ ძალას, რომ გადალახოთ ასეთი ნეგატიური მომენტები და თქვენი გაჭირვება?

ლალი: უფალი და ჩემი ოჯახი! მწამს, რომ უფალი არ მიატოვებს ჩემს შვილებს. უფლის წინაშე, თანასწორი ვართ ყველა - ღარიბიც და მდიდარიც. მთავარია გვიყვარდეს ერთმანეთი. სიყვარული და რწმენა ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა!

- ლალი, ახლა ბავშვებს გავესაუბრები, თუ ნებას მომცემთ. საღამო მშვიდობის, მარიამ. ყველაზე უფროსი ხარ და-ძმებს შორის და შენ გვიამბე თქვენი ოჯახის ცხოვრებაზე.

მარიამი(9 წლის): დედიკო და მამიკო ძალიან ნერვიულობენ ჩვენზე და განიცდიან, რომ საჭმელი არ გვაქვს. დედიკო ხშირად ტირის, როდესაც არ შეუძლია, რომ ცხელი სადილი მოგვიმზადოს. ზამთარში, როცა შეშა არ გვაქვს, ძალიან გვცივა. გაზის გამათბობელი რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა.

- რას ისურვებდი შენთვის?

მარიამი(9 წლის): მინდა საკუთარი ოთახი და საკუთარი საწოლი რომ მქონდეს. მე და ჩემს ძმებს ბებიასთან ერთ საწოლში გვძინავს, ჩვენ კი უკვე დიდიები ვართ... გოგოს ხომ მარტოს უნდა ეძინოს...

ლამაზი თეთრეული მინდა პრინცესბი, რაპუნცელი, ელზა და ანა რომ ეხატოს. ჩემი საყვარელი პრინცესები არიან. მინდა რაპუნცელივით გრძელი თმა მქონდეს.

 - კითხვა გიყვარს?

მარიამი(9 წლის): კი, ძალიან. ბიბლიოთეკიდან სახლში ხშირად მომაქვს წიგნები წასკითხად.

- კითხვა თუ გიყვარს, ალბათ სწავლაც უნდა გიყვარდეს...

მარიამი(9 წლის): დიახ, მხოლოდ ათიანებზე ვსწავლობ. ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარს. კიდევ ძალიან მიყვარს ცეკვა. ჩვენთან სკოლაში 4 თვე ცეკვაზე დავდიოდი. მაგრამ მერე, დედიკომ საფასური ვეღარ გადაიხადა და თავის დანებება მომიწია. გული ძალიან დამწყდა. ვცდილობდი სახლში მეცეკვა, მაგრამ მერე ილეთები დამავიწყდა და ახლა რაღაცეებს ჩემით ვიგონებ.

- ხატავ?

მარიამი(9 წლის): დიახ, ხანდახან. მიყვარს ხეების და ყვავილების ხატვა და კიდევ გოგონების, ლამაზი კაბებით.

- შენ გაქვს ლამაზი კაბა?

მარიამი(9 წლის): არა, არ მაქვს. ჩემს თანაკლასელებს იცით როგორი აქვთ? მეც მინდა... ფუშფუშა კაბები მიყვარს, რომელიც ლამაზად ფრიალებს. ისეთი, ნამდვილ პრინცესებს რომ აქვთ!

- თავს როდის გრძნობ ბედნიერად? გვიამბე, შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე, როგორი იყო?

მარიამი(9 წლის): ბედნიერი ვარ, როცა მამა და ბებია ტკივილსგან არ ტირიან. მერე რა, რომ კაბა არ მაქვს!.. როდესმე ხომ მექნება? არა? - ფართოდ გაახილა თვალები და თითქოს სულში ჩამხედა!

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე მაშინ იყო, როდესაც დაბადების დღეზე „დახეული ჯინსი“ მაჩუქეს! იცით როგორ ვოცნებობდი, რომ მქონოდა! მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიყავიროცა მაჩუქეს! ის დაბადების დღე, არასოდეს დამავიწყდება!

- მარიამ, შენმა დედიკომ გვითხრა, რომ ლამაზი ვარცხნილობები გამოსდის. შენ გიკეთებს ხოლმე ვარცხნილობებს?

მარიამი(9 წლის): კი, კი! მიკეთებს! ლამაზ კულულებს მიკეთებს, როგორც პრინცესებს აქვთ ან პატარძლებს, ქორწილში. კიდევ ლამაზ ნაწნავებს მიწნის და ვარდივით მიკრავს. ჩემს მეგობრებსაც უკეთებს ვარცხნილობებს.

- ბევრი მეგობარი გყავს?

მარიამი(9 წლის): კი ბევრი, მაგრამ ნამდვილი მეგობარი ერთი მყავს, ლიზი. ხანდახან ერთ მერხთან ვზივართ. ჩემი საუკეთესო მეგობარია, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებით და საიდუმლოებს ვანდობთ... მაგრამ ახლა, კორონავირუსის გამო ვეღარ ვნახულობ. შორს ცხოვრობს და ჩემთან ვერ მოდის. ტელეფონი რომ მქონდეს, დავურეკავდი, ან კომპიუტერით ვნახავდი. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კომპიუტერი, მხოლოდ სკოლის ბუქი...

- მარიამ, თოჯინებით ისევ თამაშობ?

მარიამი(9 წლის): რომ მქონოდა, ვითამაშებდი. არ მაქვს სათამაშოები. მინდა რომ ბარბის თოჯინები მქონდეს, ელზა და ანაც, თავიანთი ლამაზი სასახლით. კიდევ ველოსიპედი მინდა.

- კიდევ რას ისურვებდი?

მარიამი(9 წლის): კიდევ ტელეფონი მინდა და ჩანთა, სკოლისთვის, ლამაზი, ისეთი, დიდ გოგოებს რომ აქვთ.

- გჯერა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გქონდეს?

მარიამი(9 წლის): დედიკო და მამიკო მეუბნებიან, რომ უფალი ყოვლისშემძლეა! ესე იგი მექნება... დეიდა, თქვენ ხომ გწამთ უფალი?

- კი, რა თქმა უნდა! დედიკოსთან მეგობრობ?

მარიამი(9 წლის): დიახ, ვმეგობრობთ... ყოველთვის ვუყვები, დღემ როგორ ჩაიარა, ის კი თავის ბავშვობაზე მიამბობს. თავის დებს და ძმებს როგორ ეთამაშებოდა. როგორ მეგობრობდნენ და მხიარულობდენენ ერთად.

 - შენ მეგობრობ შენს დებთან და ძმებთან?

მარიამი(9 წლის): კი, ვმეგობრობთ და არასოდეს არ ვჩხუბობთ.

- მარიამ, რომ გაიზრდები, რა პროფესიას აირჩევ?

მარიამი(9 წლის): მოცეკვავე მინდა ვიყო, ქართულ ცეკვას ვისწავლი კარგად და რომელიმე ანსამბლში აუცილებლად ამიყვანენ.

- ახლა ტარიელს(8 წლის) გავესაუბრები. გამარჯობა ტარიელ, მინდა ცოტა გავისაუბროთ. მზად ხარ?

ტატო(8 წლის): მე ბიჭებიდან ყველაზე უფროსი ვარ. კაცი ყოველთვის და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს! მე ხომ ქართველი ვარ!

- მაშინ გვიამბე როგორ ცხოვრობ?

ტატო(8 წლის): კარგად. ოღონდ სკოლა ძალიან მენატრება. ახლა კომპიუტერით გვიტარდება გაკვეთილები და ბევრ დავალებებს გვაძლევენ.

- კომპიუტერი გაქვს?

ტატო(8 წლის): მხოლოდ სკოლის ბუქი, ნამდვილი კომპიუტერი არ გვაქვს.

- სკოლას დავუბრუნდეთ. მოგწონს სკოლაში სიარული?

ტატო(8 წლის): კი, სწავლაც მიყვარს, და დასვენებებზე მეგობრებთან თამაშიც. ეხლა ჩემს მეგობრებს თითქმის ვეღარ ვნახულობ. მხოლოდ ლუკას, ჩვენი მეზობელია. ლუკა ჩემი საუკეთესო მეგობარია, ერთ კლასში ვსწავლობთ... ის ნამდვილი მეგობარია, ერთად გვიჩხუბია კიდეც, ასე რომ, უკვე გამოვცადეთ ერთმანეთი.

- ჩხუბი რატომ მოგივიდათ? ვინმემ ხომ არ დაგცინა, იმის გამო, რომ შენი ოჯახი ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობს?

ტატო(8 წლის): არა, რას ამბობთ! მაგის გამო ჩემთვის არასდროს არავის უწყენინებია. პირიქით. ერთხელ სკოლაში ფულიც კი შეაგროვეს ჩვენთვის. ბავშვებმა ნახატები დახატეს და ხელნაკეთობები გააკეთეს. მერე გამოფენა მოაწყვეს, ხალხმა ეს ნივთები იყიდა, ფული კი ჩვენ გადმოგვცეს.

- მართლაც, ძალიან კარგი მეგობრები გყოლია. რას თამაშობთ ხოლმე მეგობრებთან ერთად?

ტატო(8 წლის): ფეხბურთს, და კიდევ ველოსიპედით ვსეირნობთ ხოლმე. მაგრამ ახლა ველოსიპედზე საბურავები დამისკდა და ვეღარ დავდივარ.

- შენი ძმები თამაშობენ ხოლმე თქვენთნ ერთად?

ტატო(8 წლის): დავითი თამაშობს, რა თქმა უნდა. გაბრიელი კი ჯერ ძალიან პატარაა! ხედავთ? კიდევ მეზობელი ბიჭები მოდიან ჩვენთან ფეხბურთის სათამაშოდ. კარში დგომა არ მიყვარს, მოსაწყენია. გოლების გატანა მიყვარს. მესის ფორმა მაქვს, მაგრამ ეზოში არ ვიცმევ ხოლმე, ვინახავ. თუ გამოვიდა, ფეხბურთზე რომ ვიარო, იქ დამჭირდება.

- რა გიყვარს ფეხბურთის გარდა?

ტატო(8 წლის): (დიდი ხნით ჩაფიქრდა) - კიდევ ვხატავ.

-რას ხატავ ხოლმე?

ტატო(8 წლის): ზღვას, არასდროს არ მინახავს. მაგრამ წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი შეიძლება რომ იყოს - დიდი და ლურჯი. და ისე ვხატავ.

- გვაჩვენებ შენს ნახატებს?

ტატო(8 წლის): არ ვინახავ. მაგრამ აუცილებლად დაგიხატავთ ახალს.

- ზღვაზე წასვლა გინდა?

ტატო(8 წლის): რა თქმა უნდა! ჯერ ცურვა არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ ყვინთვა კარგად გამომივა. ფერად ქვებს შევაგროვებდი და მერე სახლში, ბოთლში ჩავყრიდი.

- სათამაშოებით თამაშობ?

ტატო(8 წლის): არაა, ეგ ხომ პატარებისთვისაა. ბურთით მიყვარს თამაში და ადრე ველოსიპედით ვსეირნობდი. მულტფილმების ყურება მიყვარს - „მაშა და დათვი“, „მიკი მაუსი“, და კიდევ ხალკზე. ძალიან მომწონს, მაგარია და ისეთი ძლიერი. მეც მინდა ეგეთი ვიყო.

 - ტატო წიგნებს კითხულობ?

ტატო(8 წლის): კი, მასწავლებელი როცა დავალებას გვაძლევს, მაშინ. ისე ფეხბურთის თამაში უფრო მიყვარს.

- როგორ სწავლობ?

ტატო(8 წლის): სულ ათიანები მყავს. ძალიან მიყვარს მათემატიკა. ჩვენი მასწავლებელი, ანა სანიკიძე სულაც არ არის მკაცრი. ყველას ძალიან გვიყვარს. და კიდევ ძალიან ლამაზია.

- კლასში ლამაზი გოგოები გყავთ?

ტატო(8 წლის): არ ვიცი...

- კარგი, მაშინ გვითხარი, მშობლებს ეხმარები?

ტატო(8 წლის): კი, რა თქმა უნდა, მე ხომ უფროსი ვარ. მამიკოს შეშის დაწყობაში ვეხმარები და სახლში შემოტანაში. კიდევ დედიკოს ვეხმარები პატარების მოვლაში, ფატიმა ხელში აყვანილი დამყავს და ეზოშიც ყურადღებას ვაქცევ.

- ტატო, რომ გაიზრდები, რა პროფესიას აირჩევ?

ტატო(8 წლის): სპორტსმენი მინდა გავხდე, ფეხბურთელი. ყველამ რომ იამაყოს ჩემით. სიზმარშიც კი ვხედავ, დიდ სტადიონზე როგორ ვთამაშობ და გოლები როგორ გამაქვს.

- ტატო, გვითხარი, ყველაზე ძალიან რას ისურვებდი, რომ გქონდეს?

ტატო(8 წლის): პლანშეტი ან ტელეფონი ინტერნეტით, კიდევ პულტიანი მანქანა და ნამდვილი ფეხბურთის ბურთი.

- დავით, შენ სკოლაში დადიხარ?

დავითი(6 წლის): არა, მე ბაღში დავდიოდი და სექტემბერში უნდა წავიდე სკოლაში.

- გინდა სკოლაში სიარული?

დავითი(6 წლის): ჯერ არ ვიცი, გეტყვით, როცა წავალ.

- ვინ გახდები როდესაც გაიზრდები?

დავითი(6 წლის): მინდა ფეხბურთელი გავხდე. მეც მაქვს ფეხბურთელის ფორმა. მაგრამ მე რონალდუს ფორმა მაქვს. მე ბუცებიც არ მაქვს. შეგიძლიათ ბუცები რომ მაჩუქოთ?

- რა თქმა უნდა, ნამდვილი ფეხბურთელისთვის ბუცები ხომ აუცილებელია... კიდევ რას ისურვებდი?

დავითი(6 წლის): მეც მინდა პლანშეტი და ტელეფონი, და კიდევ ბურთი.

- შენი აზრით, გაბრიელს რა უნდა?

 დავითი(6 წლის): გაბრიელს სპაიდერმენის ფორმას თუ უყიდით, სიხარულისგან გაგიჟდება! თვითონ თქვა. კიდევ ბევრი სნიკერსის შოკოლადი უნდა! ერთხელ დედამ ორი სნიკერსი გვიყიდა და ყველამ თანაბრად გავიყავით! მაგის მერე გაბრიელს სულ სნიკერსი უნდა. და მეც არ ვიტყოდი უარს... ისეთი გემრიელი თხილი აქვს შიგნით...

- გაბრიელს გადაეცი, რომ აუცილებლად მიიღებს „ბეეეეევრ“ სნიკერსის შოკოლადს და სპაიდერმენის ფორმას, ვპირდები! ახლა დედიკოსთან განვაგრძობ საუბარს. ლალი, გვითხარით, რით შეგვიძლია რომ დაგეხმაროთ, კონკრეტულად რა სჭირდება თქვენს ოჯახს?

ლალი: უპირველეს ყოვლისა, პროდუქტი და ბავშვების ტანსაცმელი. ასევე 2 წლის ფატიმასთვის, პამპერსი და ჰიგიენური საშაულებები გვჭირდება. თეთრეულით თუ დაგვეხმარებიან, ძალიან გაგვიხარდება. ძალიან ცოტა გვაქვს. მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ მართლა, ნებისმიერი სახის დახმარება გვჭირდება...

- ლალი, გსურთ გაიცნოთ ფონდის მეგობრები და ახალი მეგობრები რომ შეიძინოთ?

ლალი: ნამდვილად ძალიან გამიხარდება.

---------- 

  მეგობრებო, როგორც ხედავთ, მრავალშვილიანი ოჯახი დიდ გასაჭირშია. ძალაინ სჭირდებათ პროდუქტი, მედიკამენტები, პამპერსი, ავეჯი, საოჯახო ტექნიკა, საბავშვო ტანსცმელი და ფეხსაცმელი!

  გამოვიჩინოთ გულისხმიერება, ხელი გავუმართოთ მათ და მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, ნორმალურად განვითარდნენ და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეთ. შეგიძლიათ თავად ეწვიოთ ამ ოჯახს და გაუწიოთ დახმარება. მერწმუნეთ, ბავშვებს ძალიან გაახარებთ! დაურეკეთ ლალის, ჰკითხეთ რა სჭირდება, გაამხნევეთ და უთხარით, რომ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მათი მისამართია: გორის რაიონი, სოფელი ფხვენისი. ტელ: 579352957

  მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას  ლალი ციცქიშვილისა და მისი  ოჯახის დასახმარებლად. როგორც იცით, ჩვენი ფონდის დახმარება ერთჯერადი როდია. ბავშვების გარეშე, ქვეყანას არ აქვს მომავალი! გავუფრთხილდეთ მომავალ თაობას! დაეხმარეთ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და ეჭვიც არ გვეპარება,  უფალი დაგლოცავთ.

  აუცილებლად გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის უბედურების შესახებ! ეს მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს შესაძლებლობას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. ყველა ერთნაირად კეთილი ვერ იქნება. გვერდს ნუ აუვლით გაჭირვებულს, თითოეული მათგანი უფლისგანაა ნაბოძები, რათა შევძლოთ ღმერთს ჩვენი რწმენა არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ კეთილი საქმით დავუმტკიცოთ!

  მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუ კი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობლს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოგვწერეთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მინდიაშვილების ოჯახი)

ვებ-გვერდიდან: 

სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან:  OPPA, TBCpay დაExpressPay.

ფონდის დამატებითი ვალდებულებებსა და უფლებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus)

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270


მსგავსი პროექტები: