უფლის მიერ მოვლენილი სასწაული! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უფლის მიერ მოვლენილი სასწაული!

page info icon
2019 სექტემბერი 17
page info icon
6490
რევაზ და ნელი ბოყველები ღვთისმოსავი ადამიანები არიან. მათ უფალმა ნამდვილი სასწაული მოუვლინა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
780 ₾
( 51 დონორი )
დასრულებულია

       რევაზ და ნელი ბოყველები ღვთისმოსავი ადამიანები არიან. მათ უფალმა ნამდვილი სასწაული მოუვლინა! შანსი, რომ ეპილეფსიით დაავადებულ ვაჟს შვილი შესძენოდა, უდრიდა ნულს. 
    ერთხელ, რევაზმა შენიშნა თუ როგორ იტანჯებოდა მისი ვაჟი მარტოობისგან და გადაწყვიტა მისთვის ცოლი მოეყვანა; გააცნო მისი ასაკის ქალი, რომელიც ასევე ეპილეფსიით იყო დაავადებული და პატარა ქორწილიც გადაუხადა. 
    ახლაგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და ცოტა ხანში რძალი დაფეხმძიმდა.  რევაზი და მისი მეუღლე  მუხლმოდრეკით ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, უფალს ჯანმრთელი ბავშვის დაბადებას შესთხოვდნენ და ჰოი საოცრებავ, მათ ერთი კი არა, არამედ სამი სრულიად ჯანმრთელი შვილიშვილი ეყოლათ! 
   იყო დიდი სიხარული, ნათელი და ბედნიერი დღეები, თუმცა ახლა, ხანდაზმულობის ჟამს, ბაბუას სულ უფრო და უფრო უჭირს ოჯახის შენახვა, მითუმეტეს რომ ბებია ავად გახდა და საწოლს მიეჯაჭვა, ხოლო შვილის და რძლის დატოვება ყურადღების გარეშე ერთი წუთითაც არ შეიძლება, რომე არაფერი ვთქვათ პატარა ბავშვებზე. 
   ჩვენ ვიმყოფებოდით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდში, მოვინახულეთ ეს ოჯახი და ვესაუბრეთ რევაზ ბოყველს. 
   -რაში მდგომარეობს თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?
   რევაზ ბოყველი: ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მატერიალურად უაღრესად გვიჭირს, ლამის ვშიმშილობთ. მე 67 წლის ვარ, უკვე ძალა არ მყოფნის, რომ ყველას მოვუარო. მე რომ მოვკვდები, არ ვიცი მათ რა ეშველებათ... 
     -მეუღლე რამდენი წლისაა?
    რევაზ ბოყველი: ჩემი ცოლი 65 წლისაა, ფეხები ტკივა და ფაქტიურად საწოლს არის მიჯაჭვული. სულ ტირის და მოთქვამს. ძალიან განიცდის, რომ ჩვენი ვაჟი ეპილეფსიით არის დაავადებული. მას ხშირად ემართება კრუნჩხვები და ერთი წუთითაც ვერ ვტოვებთ ყურადღების გარეშე.
   -ეს თქვენი ინიციატივა იყო, რომ ცოლი მოეყვანა? 
   რევაზ ბოყველი: გულახდილი ვიქნები თქვენს წინაშე. ვხედავდი ჩემი შვილის მოწყენილ სახეს, მის ტანჯვას მარტოობისგან, სასოწარკვეთილ  მდგომარეობას. ვიფიქრე, თავს ცუდი რამე არ დაუშაოს მეთქი და გავაცანი მანანა. ჩემი რძალი მეზობელ სოფელში ცხოვრობდა, ისიც ეპილეფსიით არის დაავადებული. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ  და პატარა ქორწილიც გადავიხადეთ. 
    -   ახლა მოგვიყევით თუ რა ვითარებაში შეეძინათ მათ შვილი...
   რევაზ ბოყველი: როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ გავიგეთ, რომ მანანა ორსულად იყო, შოკში ვიყავით. გვინდოდა კიდევ ერთი ავადმყოფი ადამიანი? დავაპირეთ წაგვეყვანა ექიმთან აბორტის გასაკეთებლად, მაგრამ ჩვენი ეკლესიის მამაომ მირჩია, რომ არ წავსულიყავით ამ ნაბიჯზე. 9 თვე მუხლმოდრეკილი ვლოცულობდით მე და ჩემი ცოლი, ცივ ნიავს არ ვაკარებდით ორსულ ქალს. უფლის წყალობით დაიბადა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, ეს იყო ნამდვილი სასწაული! უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და აწი მყავს გვარის გამგრძელებელი! 
     -რა დაარქვით ბიჭუნას,  რამდენი წლისაა და ახლა სად არის? 
    რევაზ ბოყველი: ჩემი სახელი დავარქვით. მშობლები არ იყვნენ წინააღმდეგი, პირიქით - ძალიან გაუხარდათ. რეზო არის ჩვენი ოჯახის იმედი, არაჩვეულებრივი ბიჭუნაა, ძალიან მეხმარება ოჯახის საქმეებში, წყალს მოიტანს, შეშას დააპობს, პატარა და-ძმას უვლის. იგი მეცხრე კლასში სწავლობს, ახლა ექსკურსიაზე იმყოფება კლასთან ერთად...
    -ხომ არ იცით, რაზე ოცნებობს რეზო? 
   რევაზ ბოყველი: ძალიან უნდა ველოსიპედი. დავპირდი, რომ გიყიდი მეთქი, მაგრამ ვერ შევასრულე პირობა. რა ვქნა, ვაგროვებდი თანხას, მაგრამ წამლები ისე გაძვირდა, რომ „ველოსიპედის საკითხმა“ გაურკვეველი დროით გადაიწია. 
   -თქვენს ოჯახში კიდევ ერთი „სასწაული“ მოხდა...
   რევაზ ბოყველი: დიახ, 5 წლის წინ ტყუპები დაიბადნენ - გვანცა და ანდრია. ისინიც სრულიად ჯანმრთელი ბავშები არიან. სანამ რეზო სკოლაშია, მე ვუვლი მათ, ხოლო როცა იგი სკოლიდან მოვა, პატარებს  მას „გადავაბარებ“.  ძალიან უყვართ და-ძმას ერთმანეთი. 
   -ბავშვებო, მოდით ჩვენთან, გვიამბეთ რაზე ოცნებობთ, რა გაგახარებთ ყველაზე მეტად? 
      ანდრია (5 წლის): ყველაზე მეტად მე მინდა შოკოლადი და კიდევ ბანანი...
   გვანცა (5 წლის): შოკოლადი მეც მიყვარს, მაგრამ მე ვოცნებობ ლამაზ კაბაზე და ახალ თოჯინაზე...
   -თოვლის ბაბუა ხშირად დადის თქვენთან? 
   ანდრია: თოვლის ბაბუა ჩვენთან არ დადის. ახალ წელს ჩვენთან მოდის ბაბუა რევაზი და ჩურჩხელებს გვჩუქნის...
   -ვინ გიყვართ ყველაზე მეტად?
  გვანცა: დედიკო, მამიკო, ბე.... ბაბუა,. ბაბუა რევაზი გვიყვარს ყველაზე მეტად...
   -რევაზ, როგორ უმკლავდებით ამდენ პრობლემას? დარწმუნებული ვართ, რომ ეს ძალიან რთულია...
   რევაზ ბოყველი:  დიახ, ჩემი ასაკის ადამიანისთვის რთულია, მითუმეტეს რომ საცხოვრებელი პირობები არ გვაქვს დამაკმაყოფილებელი.  წყალი ჭიდან მომაქვს, ავეჯი დაძველდა, არც მაცივარი მაქვს და არც სარეცხი მანქანა,  ძალიან ვწვალობ. სოციალური შემწეობის და პენსიის თანხა  წამლებში მეხარჯება ძირითადად. მე თავად ავადმყოფი კაცი ვარ, ჭიპის თიაქარი მაწუხებს, ბოლო დროს კი მაღალი წნევა დამჩემდა.  აი, ეს წამალი გამომიწერა ექიმმა - ერთი აბი ღირს 1,20 ლარი და ასეთი დღეში რამდენჯერმე უნდა მივიღო. რა ვქნა, ეკონომიას ვაკეთებ და დღეში მხოლოდ ერთხელ ვსვამ წამალს. მესაჭიროება ოპერაცია, მაგრამ ეს ჩემთვის ფანტასტიკის სფეროდანაა...
    -თქვენ მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით, არა?
    რევაზ ბოყველი:  დიახ.  აი იქ, მოსახვევში, შენიშნეთ აღმართული ჯვარი? ეს მე დავდგი, უფალი გვიცავს ჩვენ! 
    -მეზობლები გეხმარებათ? 
    რევაზ ბოყველი: ეჰ, სად არიან მეზობლები, დაიცალა სოფელი, აქ ცუდი პირობებია, ხალხი გარბის ქალაქში.... მე არსად დავდივარ, არ ვსვამ,  არ ვეწევი, ამისთვის ფულს როგორ დავხარჯავ?! ყველაფერს, რასაც ვშოულობ ოჯახს ვახმარ. არ მაქვს შეცდომის უფლება, ერთი „გადახვევა“ და შეიძლება მას რაღაც ტრაგედიას მოყვეს... 
    -როგორ ფიქრობთ, რა არის ბედნიერება?
    რევაზ ბოყველი: შვილიშვილები ჩემთან წვანან, ჩემს ლოგინში...  ძილის დროს,  როდესაც ერთი შვილიშვილის ფეხი მუცელზე გადევს, მეორე ბავშვის თავი გულზე, ხოლო მესამე შვილიშვილის ხელები კისერზე გაქვს შემოხვეული - აი, ეს არის  ბედნიერება!
   მეგობრებო,  ბოყველების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საყოფაცხოვრებო ნივთებს. 
    მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. მისამართი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზოდი, ტელ.: 595 28 26 61.
      თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ  მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბოყველების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
    თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).           
    აკეთეთ სიკეთე ჩუმად და ნუ დაითვლით, ნურც სამაგიეროს დაელოდებით!

მსგავსი პროექტები: