რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

მეცნიერებმა განაცხადეს, რომ პოპულარული ვიტამინები უსარგებლოა

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ამას მათი სამეცნიერო ნაშრომი ადასტურებს.

ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველაზე ხშირად გამოყენებული ვიტამინები და მინერალური დანამატები გრძელვადიან პერსპექტივაში თითქმის უსარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მეცნიერთა აზრით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ დანამატების დადებითი გავლენა ორგანიზმზე დღემდე გაზვიადებული იყო.

ექსპერტებმა შეაჯამეს 2012-2017 წლებში ჩატარებული მრავალი სამეცნიერო კვლევის შედეგი. მკვლევარებს აინტერესებდათ სხვადასხვა დანამატები, თუმცა უპირველესად მათ ყურადღება გაამახვილეს ყველაზე გავრცელებულ C ვიტამინზე, D ვიტამინზე, კალციუმსა და ეგრეთ წოდებულ „მულტივიტამინურ“ დანამატებზე, რომლებიც ერთდროულად შეიცავს ყველაზე მეტ ვიტამინსა და მინერალს.

მეცნიერთა აზრით, ამ ყველაზე პოპულარული დანამატებიდან არცერთს არ მოუტანია არც რაიმე მნიშვნელოვანი ზიანი ორგანიზმისთვის და არც შესამჩნევი სარგებლობა. მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვიტამინურ დანამატებში შემავალი ანტიოქსიდანტები შესაძლოა ოდნავ საზიანოც კი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმზე პრაქტიკულად არანაირ გავლენას არ ახდენენ.

როგორც კვლევის წამყვანი ავტორი, დევიდ ჯენკინსი ამბობს, ვიტამინურ დანამატებს ბევრად ნაკლები სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის, ვიდრე ამ ვიტამინების შემცველ მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, მათ შორის ბოსტნეულს, ხილსა და თხილს.

კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Journal of the American College of Cardiology.

თქვენ სვამთ ვიტამინებს?