9 წლის სიეტლელმა გოგონამ 60 000 ადამიანი გადაარჩინა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

9 წლის სიეტლელმა გოგონამ 60 000 ადამიანი გადაარჩინა image

9 წლის სიეტლელმა გოგონამ 60 000 ადამიანი გადაარჩინა

წლის წინ
ქველმოქმედება მსოფლიოში
აფრიკის გაჭირვებული მოსახლეობის დასალევი წყლით უზრუნველსაყოფად 9 წლის რეიჩელ ბეკვიტმა ფულის შეგროვედა დაიწყო. გოგონა საშინელ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, მაგრამ მისმა უკანასკნელმა სურვილმა 60 ათასი ადამიანი იხსნა!

რეიჩელის პირველი საქველმოქმედო ინიციატივა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად თმის შეწირვა გახდა. შემდეგ სიეტლს ლექციით საქველმოქმედო ფონდის “ქველმოქმედება: წყალი” ხელმძღვანელი სკოტ ჰარისონი ეწვია. მან ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა საშინლად განიცდიან ადამიანები სასმელი წყლის უკმარისობას აფრიკის ღარიბ ქვეყნებში. რეიჩელი სულის სიღრმემდე შეძრა კადრებმა, რომლებზეც გუბეებიდან ბინძური წყლის მსმელი ადამიანები იყვნენ ასახული. ლექციაზე გოგონამ ასევე შეიტყო, რომ დაბინძურებული წყალი უამრავი სასიკვდილო ინფექციური დაავადების მიზეზიცაა.

ფულის დაზოგვის მიზნით, რეიჩელმა დაბადების დღის გადახდაზე უარი თქვა, მეგობრებს კი საჩუქრად საქველმოქმედო ფონდში გახსნილ საკუთარ გვერდზე თანხების გადარიცხვა სთხოვა. იგი ფულს აფრიკაში მცხოვრები, სასმელი წყლის დეფიციტით დატანჯული, ადამიანებისათვის ჭების გასაკეთებლად აგროვებდა. ფონდის გათვლებით, რეიჩელს 15 ადამიანის გადასარჩენად 300 დოლარი უნდა შეეგროვებინა.

დაბადების დღესა და საჩუქრებზე დაზოგილმა თანხამ სულ 220 დოლარი შეადგინა – რეიჩელმა მეტის გაკეთება ვეღარ მოასწრო… საქველმოქმედო ფონდში გვერდის გახსნიდან თვენახევარში ქალაქში დიდი ავტოავარია მოხდა – ერთმანეთს 13 ავტომობილი შეეჯახა. ათობით ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. მათგან, მხოლოდ რეიჩელის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს, მაგრამ გონებაზე ვეღარ მოვიდა. ამასობაში ფონდში რეიჩელის ანგარიშზე ნათესავები და მეგობრები მცირე თანხებს სწირავდნენ. თანდათან შემოწირულობების ოდენობამ მკვეთრი ზრდა დაიწყო და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. სამწუხაროდ თვენახევრის შემდეგ ექიმებისთვის აშკარა გახდა, რომ რეიჩელი გონებაზე ვერ მოვიდოდა და იგი ხელოვნური აპარატიდან გამორთეს… გოგონას უკანასკნელი თხოვნა – აფრიკელებისთვის სასმელი წყლის ფულის შეგროვების შესახებ, ათასობით ამერიკელისთვის გახდა ცნობილი.

“აფრიკელებისათვის ფულის შეგროვების კამპანიამ ჯერ რეიჩელის ეკლესიის მრევლი მოიცვა, სადაც სულ რამდენიმე დღეში 100 ათას დოლარზე მეტის შეგროვება მოხერხდა. შემდეგ მასში მთელი სიეტლი გაერთიანდა – 300 ათასი, 400 ათასი და მერე ვეღარც ვხვდებოდით, რა ხდებოდა”, – ყვება ფონდის ხელმძღვანელი სკოტ ჰარისონი. მთელი მსოფლიოდან ათობით ათასი ადამიანი გოგონას გვერდზე ამაღელვებელ წერილებს სწერდა. სხვადასხვა ქვეყნების ბავშვები კი რეიჩელის მაგალითს მისდევდნენ და მშობლებს სთხოვდნენ ფული აფრიკელების დასახმარებლად გადაერიცხათ. როდესაც შემოწირულობების შეგროვება დასრულდა, გამოირკვა, რომ 31 997 ადამიანმა ფონდს 1 265 823 დოლარი გადაურიცხა. 

“მე სულის სიღრმემდე ჩამწვდა ეს საყოველთაო მხარდაჭერა და ყოვლისმომცველი სიყვარული. ეს ერთდროულად უდიდესი ტკივილიცაა და ბედნიერებაც”, – განაცხადა გოგონას დედამ, სამანტა პოლმა.

რეკომენდებული პროექტები: