სილამაზე სიკეთისთვის...
მათთან მხოლოდ ერთი შეხვედრაც საკმარისია იმისთვის, რომ გააცნობიეროთ - რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. თითოეული ადამიანის დახმარება კი შესაძლოა სიცოცხლის რამდენიმე წლით გახანგრძლივების საშუალება გახდეს. სწორედ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის გაიმართა დიზაინერ თინათინ მაღალაშვილის საქველმოქმედო საღამო, რომელსაც „შერატონ მეტეხი პალასმა“ უმასპინძლა.
ჩვენებამ დიდი ანშლაგით ჩაიარა. დიზაინერის ყველაზე მასშტაბურმა დეფილემ კი მოლოდინს სრულად გადააჭარბა. „სილამაზე სიკეთისთვის“ - ეს იყო ნაციონალურ მოტივებზე შექმნილი კოლექციის სლოგანი.
საქველმოქმედო საქმიანობაში ორი წლის წინ ჩაერთო, ზუსტად მაშინ როცა ამ ბავშვების სიცოცხლით ანთებული თვალები პირველად ნახა. გადაწყვიტა, რომ ყველა მომდებნო ჩვენება საქველმოქმედო დატვირთვის იქნებოდა. კოლექცია „Geo Spirit” – „ქართული სული“ სამუზეუმო ექსპონატების გამოყენებით შეიქმნა და არც მოდურ, პრინტის თემატიკას ჩამორჩა. ნაციონალური და თანამედროვე მოტივებით შექმნილმა კოლექციამ დიდი მოწონება და აღიარებაც ღირსეულად დაიმსახურა.
ფონდ „ცხოვრება მშვენიერიასა“ და „თინათინის“ თანამშრომლობის შედეგად ბერი ანდრიას ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებენ:
3227 ლარი შემოწირულობის ყუთებით შეგროვდა.
1000 ლარი გადმორიცხა „sungroup”-და „Peoples“-მა.
1000 ლარი რესტორანმა „ქათული სახლი“.
ხოლო კომპანია „სილქნეტი“ ყოველთვიურად ჩაურიცხავს თითეულ ბავშვს სოლიდურ თანხას.
„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თანადგომისთვის ამ კომპანიებს, ყველა მოსულ სტუმარს, 430 ადამიანს, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს... მადლობა ყველას!!! ჩვენ თქვენი თანადგომით ვართ ძლიერები!!!!“ - წერს თინათინ მაღალაშვილი