დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი ქეთი მელუა საქართველოში საქველმოქმედო მიზნებისათვის ჩამოვიდა. მომღერალმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა და საერთაშორისო ექსპედიციის მიმდინარეობას გაეცნო.
ქეთი მელუა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის უძველესი ფრესკების გადასარჩენად საკუთარ ინვესტიციას ახორციელებს და ბრიტანეთში უძველესი ძეგლების პოპულარიზაციას ეწევა.
საქველმოქმედო კონცერტებიდან შემოსული თანხით მელუა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მხარს უჭერს ვარძიის ფრესკების გადარჩენის პროექტს. ვარძიის მხატვრობის საკონსერვაციო კვლევითი სამუშაოები, სააგენტოს დაფინანსებით, ლონდონის კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის სპეციალისტებთან ერთად ხორციელდება.