ქველმოქმედება გადამდებია! - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ქველმოქმედება გადამდებია! image

ქველმოქმედება გადამდებია!

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
სამი წლის წინ, 14 წლის მარიამს ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინეს. ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, გოგონას ძვლის ტვინი გადაუნერგეს და დღეს სრულიად ჯანმრთელია. რომ არა კეთილი ადამიანების მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე მორალური, ალბათ, ყველაფერი „ჰეფი ენდით“ არ დასრულდებოდა... ლეიკემიით დაავადებულების გადასარჩენად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხშირად ერთიანდებიან. „თუ მოვინდომეთ, ყველაფერი გამოვა“ - ამის კარგი მაგალითი დიტო ცინცაძეა, რომელმაც კოლეგების გვერდით დგომით ლეიკემია დაამარცხა.

მთაწმინდაზე „ანდერვილ კლუბში“ ჟურნალმა „სითი“-მ და Look Models-მა საქველმოქმედო საღამო გამართეს. ჟურნალ „სითიში “ დაბეჭდილი ცნობილი პიროვნებების ფოტოები, მასზე აღბეჭდილმა ქალბატონებმა თავადვე შეიძინეს. მიწვეულ სტუმრებს სხვადასხვა დიზაინერის ტანსაცმლის შეძენაც შეეძლოთ. შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად დიტო ცინცაძის ფონდში გადაირიცხა.

ეკა ხოფერია: „ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. დავბეჭდეთ  ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ქალბატონების ფოტოები, რომლებიც ამ საღამოზე თავადვე შეიძინეს. მოეწყო ორი ჩვენება, სადაც ავთანდილ ცქვიტინიძისა და ანუკი არეშიძის კოლექციები წარმოადგინეს.  მთავარი ის არის, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები გადამდები იყოს  და გაერთიანდეს ყველა სფეროს წარმომადგენელი. ერთხელ მაინც არ წახვიდე რესტორანში, არ იყიდო ძვირად ღირებული ჩანთა, ფეხსაცმელი და სხვ. დაზოგილი თანხა გაიმეტე ადამიანებისთვის, რომლებსაც სიცოცხლის შენარჩუნება სჭირდებათ.“

დიტო ცინცაძე: ”მოხარული ვარ, რომ ეს საქმე გაგრძელდა და ბევრი ადამიანი ჩაერთო. რაც მეტნი ვიქნებით, მით მეტ ადამიანს გადავარჩენთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  საღამოს ორგანიზატორებს, ჩემს მეგობრებს და ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც გვერდით დამიდგა.  მე ვარ მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება გადაარჩინო სიცოცხლე.”

მარიამი, 14 წლის: „სამი წლის წინ ლეიკემია დამიდგინეს. ფონდის დახმარებით ვიმკურნალე და  ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ. ხშირად  ვღებულობ მონაწილეობას ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებელად გამართულ ღონისძიებებში. ძალიან კარგი იქნება თუ მსგავსი ტიპის საღამოები ხშირად გაიმართება. ალბათ, მე უფრო კარგად მესმის იმ ბავშვების, ვისაც დღეს ეს დიაგნოზი აქვს და  ვიცი,  ამ ბავშებს ფინანსურ დახმარებასთან ერთად მორალური მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.“

ირინა ონაშვილი: „10 წელია, პოდიუმზე აღარ გამოვსულვარ, მაგრამ ბოლო პერიოდში მეორედ მომიწია გამოსვლა... ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საღამოზე ის იყო, რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ლეიკემიით დავადებული ბავშვებისთვის გავერთიანდით.“

რეკომენდებული პროექტები: