შშმ ბავშვებმა დიდ დიღომში კვიპაროსის ნერგები დარგეს - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შშმ ბავშვებმა დიდ დიღომში კვიპაროსის ნერგები დარგეს image

შშმ ბავშვებმა დიდ დიღომში კვიპაროსის ნერგები დარგეს

წლის წინ
ქველმოქმედება საქართველოში
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თბილისის გამწვანების აქციაში - "მე ვამწვანებ ქალაქს" - ჩაერთნენ. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ამ კვირაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელებთან ერთად, დიდ დიღომში კვიპაროსის ნერგები დარგეს. აქციაში, ასევე, მონაწილეობდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.

"აღნიშნული აქციის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაცია, მათი მოტივაციის გაზრდა და თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების დემონსტრაცია იყო. თბილისის მერიამ ამ კატეგორიის ბავშვებს ქალაქისთვის სასიკეთო საქმეში მონაწილეობის საშუალება მისცა და ე.წ. სიცოცხლის ხეების დარგვის აქციაში ჩართვით მათ ერთი პოზიტიური დღე აჩუქა. "აისის", "ანიკას", "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების", "პირველი ნაბიჯისა" და "მშობლების თანადგომას" აღსაზრდელებმა დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მოსახლეობას თუნდაც ერთი ხის დარგვისკენ მოუწოდეს და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს აქციაში მათი მონაწილეობა მაგალითი გახდეს შშმ პირებისთვის და საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობაში დარწმუნდეს", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, თბილისის მერია განაგრძობს გამწვანების ღონისძიებებს თბილისის ყველა უბანში.

"მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ჩართული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები", - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ბავშვებს აუხსნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ დარგულ თითოეულ ნერგს თბილისისა და მათი ჯანმრთელობისთვის. მისი თქმით, მსგავსი მნიშვნელობის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

"მერიასთან ერთად დავრგეთ ხეები, რაც ძალზე სასიხარულოა და ამაღლებულ განწყობას ქმნის თითოეულ ჩვენგანში. ძალიან პოზიტიური დღე იყო და რაც უფრო ბევრი იქნება ასეთი დღეები ჩვენი ბავშვებისთვის, უკეთესია, რადგან მათ ძალიან უყვართ ქველმოქმედება და სიკეთის კეთება", - განაცხადა ასოციაცია "ანიკას" წარმომადგენელმა ნიკოლოზ სეფერთელაძემ.

რეკომენდებული პროექტები: