მხატვარ ზაალ სულაკაურის სტუდიის ბავშვებმა, ერთი წლის დემეტრეს დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს და სავაჭრო ცენტრ „ჯითისიში“ თავიანთი ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა მოაწყეს. ღინისძიება მუსიკალურად მაღაზია „მი, ფა, სის“ წარმომადგენლებმა გააფორმეს და კოსტიუმირებული წარმოდგენა გამართეს.
„ჩვენმა სტუდიამ გადავწყვიტეთ, გაგვემართა საქველმოქმედო აქცია და ვინმეს დავხმარებოდით, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ამგვარად შევიტყეთ ერთი წლის დემეტრეს შესახებ, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აქვს და თურქეთში სასწრაფო ოპერაცია უნდა გაუკეთონ. ბავშვები ძალიან შემართულები და მონდომებულები იყვნენ. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც ბავშვობის ასაკიდან ეჩვევა ადამიანი სიკეთის კეთებასა და ქველმოქმედებას. პირველ რიგში ხომ ადამიანობაა მთავარი. მიხარია, რომ ჩემი სტუდიის ბავშვებს სიამოვნებთ ვინმეს დახმარება,“- განაცხადა ზაალ სულაკაურმა. საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვაში “ზალიკოს სტუდიის” 200- მდე აღსაზრდელი მონაწილეობდა. საგანგებოდ მოწყობილ პავილიონებში ისინი მსურველებს სახეს უხატავდნენ. თავად ზაალ სულაკაური კარიკატურებს ხატავდა. გაიმართა მისი ნახატების აუქციონი, ერთ-ერთ ნახატი 180 ლარად გაიყიდა.
აქციაში მონაწილეობდნენ კონტაქტური ზოოპარკის „ფაუნა ლენდის“ ბინადრები, რომლებთანაც დამთვალიერებლები სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად 2500 ლარი შეგროვდა. თანხა პატარა დემეტრეს გადაურიცხეს. “ზალიკოს სტუდიის” ბავშვები, მომავალშიც აპირებენ მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებების გამართვას.