ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

OVS -ის საქველმოქმედო აქცია ჩერნოვეცკის ფონდის ბენეფიციარებისთვის

ქველმოქმედება საქართველოში
2 თვის წინ

ჩერნოვეცკის ფონდის და იტალიური სავაჭრო ბრენდის OVS-ს მაღაზიათა ქსელის ერთობლივმა საქველმოქმედო აქციამ დიდი წარმატებით ჩაიარა!

ამა წლის მაისში, OVS-ს  Georgia-ს 7 მაღაზიაში „სიკეთის კონტეინერები“ დაიდგა და მომხმარებელს ჰქონდა საშუალება ტანსაცმელი შეეწირა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.

აქციის მსვლელობის დროს, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, ტანსაცმლის ასობით ერთეული შეგროვდა: ქურთუკები, კაბები, შარვლები, მაისურები...

ჩვენ გავესაუბრეთ ადამიანებს, რომლებმაც აქციაში მიიღეს მონაწილეობა და ჩვენი ფონდის ბენეფიციარებისთვის გაიღეს შესაწირი მეორადი და ახალი ტანსაცმლის სახით.

ანა კ., პედაგოგი: „აი, მოვიტანე საბავშვო ტანსაცმელი. ჩემი შვილები წამოიზარდნენ, უკვე არ ეტევათ, არადა მშვენიერ მდგომარეობაშია, ამიტომ მეცოდება მათი გადაყრა. მოხარული ვიქნები, თუ ვიღაცას გამოადგება და გაახარებს“.

ნათია მ., სტუდენტი: „ბევრ ადამიანს აქვს სურვილი  ტანსაცმელი გაიღოს შეჭირვებულთათვის, მაგრამ არ იციან ეს როგორ გააკეთონ. ამიტომ,  თქვენი აქცია არის შესანიშნავი ღონისძიება. ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. ხშირად მოაწყვეთ ამგვარი ღონისძიებები. მე ყოველთვის მივიღებ მასში მონაწილეობას“. 

ჩვენმა საქველმოქმედო აქციამ OVS Georgia-ს მომხმარებლების დიდი ინტერესი გამოიწვია და, შესაბამისად, ჩვენი ფონდის დღის ცენტრის ტანსაცმლის საწყობი ახალი ერთეულებით შეივსო. ბენეფიციარები მათ მოუთმენლად ელოდებიან და უზომოდ გაიხარებენ!

უღრმესი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც აქციაში მონაწილეობა მიიღო და თავისი წვლილი შეიტანა ამ კეთილშობილურ საქმეში.

განსაკუთრებული მადლობა OVS Georgia-ს ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის. ძალიან გვიხარია, რომ  მხარში დაგვიდექით და დახმარების ხელი გაუწოდეთ ჩვენს თანამოქალაქეებს!