იტალიის „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელისა და საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტნის კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩის მთლიანი შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდება.
ამის შესახებ გვაცნობა თავად კალაძემ, რომელიც ამჟამად მთავრობის ვიცე-პრემიერი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრია.
ორშაბათს, თბილისის ყოველკვირეულ გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან დაადასტურა, რომ მის გამოსამშვიდობებელ მატჩზე მონაწილეობას მიიღებენ გამოჩენილი მოთამაშეები, ვისთან ერთადაც იგი 10 წლის განმავლობაში თამაშობდა „მილანში“ და იგებდა ჩემპიონთა ლიგას.
შეხვედრაზე ითამაშებენ ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, ალესანდრო ნესტა, დემეტრიო ალბერტინი და სხვა გამოჩენილი ფეხბურთელები.
მისი სიტყვებით, მეორე მონაწილე გუნდში იქნებიან ცნობილი ქართველი ფეხბურთელები, კიევის „დინამოსა“ და იტალიის „ჯენოას“ ყოფილი მოთამაშეები.
კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება 31 მაისს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო-არენა“, რომელიც იტევს დაახლოებით 60 ათას მაყურებელს.
მარტში ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრის მთელ ხელფასს ყოველთვიურად გადაურიცხავს თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოს. „ღმერთმა მომცა შესაძლებლობა ვიმუშაო მთავრობაში ხელფასისა და პრემიის გარეშე, მე მატერიალურად არ მიჭირს, ამიტომაც ჩემთვის დარიცხულ ხელფასს მთლიანად გადავურიცხავ ონკოლოგიურ საავადმყოფოს ბავშვების სამკურნალოდ“ - აღნიშნა მან.
მინისტრმა არ დაასახელა ხელფასის ოდენობა, თუმცა მიუთითა, რომ მისი წინამორბედები წინა მთავრობაში ყოველთვიურად საშუალოდ იღებდნენ 14 ათას ლარს (მიახლოებით 8,5 ათას დოლარს).