ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თბილისის მაწანწალა ძაღლებისა და კატების თავშესაფარი ცხოველთა დამცველებმა დაათვალიერეს

ქველმოქმედება საქართველოში
წლის წინ

თბილისის გარეუბანში, აეროპორტისაკენ მიმავალი გზატკეცილის მახლობლად მდებარეობს საქართველოში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სახელმწიფო თავშესაფარი მაწანწალა ცხოველებისათვის. იგი საგანგებო სიტუაციების სამსახურის 112-ის გამგებლობაშია.

„ეს თავშესაფარი გაიხსნა 2012 წელს. იგი გადმოგვცეს ჩვენ და დაგვავალეს გაგვეკონტოლებინა მაწანწალა ცხოველების პოპულაცია თბილისში. ჩვენ განვაახლეთ ინფრასტრუქტურა, შევქმენით მობილური ჯგუფები და ცხოველთა დამჭერების ბრიგადები, რომლებიც გადიან გამოძახებებზე“ _ უამბობს „ახალი ამბები-საქართველოს“ თემურ ფხალაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი.

„ამასთანავე, ცხოველებისადმი მოპყრობა უფრო ჰუმანური გახდა. თავშესაფარში მათ ვმკურნალობთ, ვუკეთებთ ოპერაციებს. ჩვენ გვყავს ექიმები. ცხოველებს უკეთდებათ სტერილიზაცია და ვაქცინაცია, რის შემდეგაც მათ ვათავისუფლებთ, თუ ისინი არ არინ საშიში. ძალიან კარგი იქნება, თუ ადამიანები დაგვეხმარებიან ჩვენს თავშესაფარში მყოფი ძაღლებისა და კატებისათვის პატრონის მოძებნაში. ბევრმა უკვე გაიგო, რომ თავშესაფარი მუშაობს. თუმცა, რაც უფრო მეტი ადამიანი მიაქცევს ყურადღებას მაწანწალა ცხოველების პრობლემას, გაიგებს ჩვენს შესახებ, ეს გააუმჯობესებს საერთო სიტუაციას. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს ისეთი თავშესაფარი, სადაც ნორმალურ პირობებში ჰყავთ ცხოველები“, _ აღნიშნა ფხალაძემ.

ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს გაცნობოდნენ თავშესაფრის მუშაობას და ამ მიზნით იქ გაგზავნეს ცხოველთა მოყვარულები, ასევე გადასცეს მათ მიერ ოთხფეხა მეგობრებისთვის შეგროვილი საკვები და სხვადასხვა ნივთები.

„ჩვენ ვცდილობთ სიტუაციის გაუმჯობესებას ყოველდღე. თუმცა, მაინც არის გადაუჭრელი პრობლემები და ისინი დაკავშირებულია არა ცხოველებთან, არამედ ადამიანებთან. დღეს საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც სასტიკად ექცევიან ცხოველებს. ამ სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა ადამიანების მენტალიტეტისა და ცხოველების მიმართ მიდგომების შეცვლა. ამ მიმართულებით ჩვენი თავშესაფრის მუშაობა წინგადადგმული ნაბიჯია ცხოველთა დაცვის კუთხით“, _ აღნიშნავს თეიმურაზ ციკორიძე, ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების წარმომადგენელი. „საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის თანამშრომლები იჭერენ მაწანწალა ცხოველებს, თავშესაფარში ამოწმებენ, აქვთ თუ არა მათ რაიმე დაავადება, იქვე უტარდებათ სათანადო მკურნალობა, შემდეგ ხდება ჯანმრთელი ცხოველების სტერილიზაცია, ვაქცინაცია, მარკირება. შემდეგ კი მათ ათავისუფლებენ. ჩვენ გადავწყვიტეთ მივსულიყავით თავშესაფარში მოხალისეებთან და იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც სულერთი არ არის მაწანწალო ცხოველების ბედი. ჩვენ მთელ თბილისში შევაგროვეთ ნივთები და საკვები. ასეთი აქციები ხშირად უნდა იმართებოდეს, რათა ადამიანებმა უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ მათში და გააუმჯობესონ თავიანთი დამოკიდებულება ცხოველების მიმართ“, _ განუცხადა ციკორიძემ „ახალი ამბები-საქართველოს“.

თავშესაფარში ერთდროულად შესაძლებელია 200-მდე ძაღლისა და კატის მოთავსება. ცხოველთა დაცვის საზოგადოების წამომადგენლები დაგვპირდნენ, რომ პერიოდულად მოაწყობენ მსგავს აქციებს და მიაწვდიან თავშესაფარს ნივთებსა და საკვებს. ერთ-ერთი სტუმრობისას თავშესაფრის ბინადარმა _ პატარა ლეკვმა შეიძინა ახალი პატრონი. მეპატრონისათვის მისი გადაცემა ყველა წესით გაფორმდა და თავშესაფრის დოკუმენტებში გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი.


რეკომენდებული პროექტები: