უკრაინისა და საქართველოს კულტურების გაერთიანება დაჭრილი მეომრების დასახმარებლად - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უკრაინისა და საქართველოს კულტურების გაერთიანება დაჭრილი მეომრების დასახმარებლად image

უკრაინისა და საქართველოს კულტურების გაერთიანება დაჭრილი მეომრების დასახმარებლად

წლის წინ
ფონდის სიახლეები უკრაინაში

8 ნოემბერს კიევის ცენტრალურ ოფიცერთა სახლში გაიმართა საქველმოქმედო კულტურულ-პატრიოტული აქცია „დაეხმარე დაჭრილს“, რომელსაც ორგანიზება ჩვენმა ფონდმა გაუწია. აქცია ჩატარდა უკრაინის კულტურის სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგიას“ მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანი ატოს ზონაში დაჭრილი მებრძოლებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა გახდა. ეს აქცია ფონდის პირველი  მსგავსი ინიციატივა არაა. ქალაქ დნეპროპეტროვსკის მეჩნიკოვის სახელობის საავადმყოფოში დაჭრილთათვის უკვე გადაიცა 300 000 გრივნაზე მეტი ღირებულების ანტიბიოტიკები.

ოფიცერთა სახლში აქციის მხარდასაჭერად მოსულ ყველა პატრიოტს ჰქონდა საშუალება შეეტანა თავისი წვლილი დაჭრილი მეომრების დახმარების საამაყო საქმეში.ფოიეში განთავსდა მრავალშვილიან და ნაკლებადუზრუნველყოფილი ოჯახების ბავშვების, ასევე ობოლი ბავშვებისა და ხელოვნებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა. ყველა წარმოდგენილი ნამუშევრის არამარტო დათვალიერება, არამედ შეძენაც იყო შესაძლებელი. ყველაზე პოპულარული ამ საღამოს ნაციონალური სიმბოლიკით მორთული ნაკეთობები იყო. ასობით სტუმარმა შეიტანა თავისი წვლილი დაჭრილი მებრძოლებისათვის პრეპარატების შეძენის საქმეში - მათ შორის იყვნენ როგორც მოხუცები, ასევე ახალგაზრდები და რა თქმა უნდა უკრაინის კულტურის დამსახურებული მოღვაწეები: ოლეგ პინჩუკი, დიმიტრი ოსკინი, ვლადა ლიტოვჩენკო და სხვები.

უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ დამსწრე საზოგადოებას უკრაინულად მიმართა და მათი გულები პირველივე სიტყვებით დაიპყრო. მან ასევე დასძინა, რომ დღეს საზოგადოების კონსოლიდაცია ძალზედ მნიშვნელოვანია, ხოლო მსგავსი ღონისძიებები საშუალებას იძლევა ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა გამოვხატოთ, მათ შორის ფინანსურიც, რადგან შემოსული თანხა ატოს ზონაში დაჭრილ მეომრებს სწრაფ გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.

მებრძოლთა მხარდაჭერისა და დაჭრილთა დახმარების სურვილი საუკეთესო ფოლკლორულმა კოლექტივებმა, საქართველოსა და უკრაინის საესტრადო მომღერლებმაც გამოთქვეს. ფოიეში სტუმრებს უკრაინის შეიარაგებული ძალების სიმღერისა და ცეკვის დამსახურებული ანსამბლი შეეგება. სახალხო ცეკვის შესრულების ოსტატობაში ერთმანეთს შეეჯიბრნენ ორი მოძმე ქვეყნის არტისტები - კიევის უკრაინული ფოლკლორის აკადემიური თეატრი „ბერეგინია“ და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“. ამ საღამოს საოცრად ლამაზად გაიჟღერა უკრაინულმა, უკვე თითქმის ხალხურმა სიმღერებმა, ქართველი და უკრაინელი მომღერლების შესრულებით: უკრაინის დამსახურებულმა არტისტმა ირინა ოდოლსკამ შეასრულა „მალვი“, ახალგაზრდა ვოკალისტმა სონია ზლოტნიკმა - „ჩორნობრივცი“ თანამედროვე სტილში. ყველაზე მეტი აპლოდისმენტი „გოლოს კრაინის“ ფინალისტმა შმაგი თაღიაშვილმა დაიმსახურა სიმრერით „ჩერემშინა“, რომელშიც ახალგაზრდა შემსრულებელმა ქართული კოლორიტი ჩააქსოვა. ემოციათა ქარიშხალი და ცრემლები გამოიწვია თავისი გამოსვლით ანჟელიკა რუდნიცკაიამ. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს: კირილ ოხრიმენკომ, ანა სინგაევსკაიამ, ლიდა კობილმა, ანდრეი იშჩენკომ, უკრაინის სახალხო არტისტმა ვოლოდიმირ ტალაშკომ. პროგრამის ფინალში სცენაზე გამოვიდა უკრაინის სახალხო არტისტი ირინა ბილიკი. პირველივე სიმღერიდან, დარბაზმა რამოდენიმე წუთით მაინც დაივიწყა გასაჭირი და არა მარტო სიმღერა, არამედ ცეკვაც დაიწყო, თანაც როგორც ახალგაზრდა მაყურებელმა, ასევე საკმაოდ სოლიდურმა აუდიტორიამაც. ყველა არტისტი კონცერტზე უფასოდ გამოვიდა. გარდა ამისა, ბევრმა მათგანმა ფულის შეგროვებაში თავისი სოლიდური წვლილიც შეიტანა.

ირინა ბილიკი კონცერტის დასრულების შემდეგ გამოგვიტყდა: „როდესაც ამ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის შემოთავაზება მივიღე, ერთი წუთიც კი არ მიჭოჭმანია, ეგრევე თანხმობა განვაცხადე. უკრაინისათვის ამ რთულ მომენტში ძალზედ მნიშვნელოვანია ახლობლებისადმი ყურადღებისა და სიკეთის გამოვლენა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩვენს დახმარებას ელის. მხოლოდ ძალისხმევის გაერთიანებით შევძლებთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ასე ძლიერ ესაჭიროება!“

რეკომენდებული პროექტები: