პროექტის რეპორტი არ მინდა დედამ იტიროს, ამიტომ ვცდილობ ჩუმად ვიხოხო, როდესაც ვერ მხედავს... მაგრამ, სამყარო ხომ ისეთი საინტერესოა! რატომ უნდა ვიყო ეტლის ტყვე, როგორც ციხეში პატიმარი?! მე და დედას არაფერი დაგვიშავებია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

არ მინდა დედამ იტიროს, ამიტომ ვცდილობ ჩუმად ვიხოხო, როდესაც ვერ მხედავს... მაგრამ, სამყარო ხომ ისეთი საინტერესოა! რატომ უნდა ვიყო ეტლის ტყვე, როგორც ციხეში პატიმარი?! მე და დედას არაფერი დაგვიშავებია!

page info icon
2022 ნოემბერი 25
page info icon
4395
ბესო 15 წლისაა, მაგრამ დამოუკიდებლად ერთხელაც არ მდგარა ფეხზე. თუ ძალიან სტკივა და ეტლში ვეღარ ძლებს, სახლში დახოხავს ხოლმე. ადრე, როდესაც პატარა იყო, ტიროდა, მაგრამ ახლა, უკვე დიდი ბიჭია და არ უნდა დედიკოს შეშინება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,180 ₾
( 253 დონორი )
დასრულებულია
ბესო უფლის რჩეულია და ღმერთი თქვენი ხელით ზრუნავს მასზე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„როდესაც საჩუქრები მოჰქონდათ, ხელებს შლიდა, ხმამაღლა იცინოდა, ყვიროდა: რა ბედნიერებაა, ჰო, დედა? ცდილობდა ეტლიდან წამოდგომას... რომ შეეძლოს, ხტუნვასაც დაიწყებდა. მისი თვალები იმხელა ემოციას გამოხატავდა... არასდროს დამავიწყდება ეს წუთები. მუდამ ტკივილით, შიმშილით და სიცივით დატანჯული ჩემი პატარა ბიჭის სახეზე პირველად დავინახე ასეთი ღიმილი“ - გვეუბნება ია და თან თვალებზე მომდგარი ცრემლის დამალვას ცდილობს. ეს სიხარულის და მადლიერების ცრემლებია. 
„მადლობა ამ ბედნიერი წუთებისათვის, ღიმილისათვის!“
         15 წლის ბესო დაბადებიდან ცერებრული დამბლით იტანჯება.  დედამ ის ექვსთვიანი გააჩინა და იმ დღიდან შვილის გადარჩენისთვის იბრძვის. ქალბატონი ია მეგრელიშვილი ძალადობის მსხვერპლია. ახლა, ის სრულიად უმწეო, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მარტოხელა დედა გახლავთ...  დროებით აფარებს თავს ქუთაისის ერთი ძველისძველი, მიტოვებული შენობის პატარა ოთახს. არ იცის, როდის გამოასახლებენ. მისი ცხოვრება მუდმივი წინააღმდეგობებითაა სავსე. რა არ გამოუვლია: შიმშილი, სიცივე, საზოგადოებრივ საპირფარეშოებში, საკუჭნაო ოთახებში ცხოვრება...  და ეს ყველაფერი შვილთან ერთად, რომელიც ასეთ მდგომარეობაშია. ყოველთვის ცდილობდა, ეშრომა: დამლაგებლად, დიასახლისად, მოსამსახურედ  ემუშავა. ცდილობდა, სადმე ისეთ ადგილას დასაქმებულიყო, სადაც ბესოსთან ერთად შეძლებდა ყოფნას, შეფარებას, შვილისთვის თუნდაც ერთი ნაჭერი პურის ყიდვას. ღმერთო, რა მტკივნეულია გოლგოთა, შენ ეს ყველაზე უკეთ იცი. იას ცხოვრებაც ამ გოლგოთას გზას ჰგავს - მძიმე ჯვრით და მუდმივი ტანჯვით არის აღსავსე.
         - ია, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში ახალი? გხედავთ იმედით გაძლიერებულს და ეს ძალიან გვახარებს.
ია: კი, ნამდვილად. თქვენი და ჩვენი კეთილი ქართველი ხალხის იმედი არ მომიშალოს უფალმა. იმედის მიცემა, დახმარება, გვერდში დგომა - ეს ყველაზე მეტად სჭირდება წაქცეულ ადამიანს. ზოგჯერ თბილი მოკითხვა, გამამხნევებელი სიტყვაც კი უზარმაზარ ძალას გმატებს...  აბა, გეკითხებით, ასეთი დახმარება, როგორიც მივიღეთ რას იზამდა? ერთიანად დაგვიბრუნა სიცოცხლის ხალისი. ბრძოლას ვაგრძელებ, ჩემი შვილის ფეხზე დასაყენებლად და არაფრის მეშინია. მჯერა, ჩემი საქართველო დამიდგება გვერდით! თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ 20-მდე ადამიანმა დაგვირეკა. ადგილობრივი ხელისუფლებაც კი „გამოცოცხლდა“, ბევრ რამეს დაგვპირდნენ. ვნახოთ, იქნებ ჩვენს ტანჯვასაც მოეღოს ბოლო. 
        - მოდით, გვიამბეთ, ყველაფერი დაწვრილებით, ვინ დაგეხმარათ? რით დაგეხმარნენ?
 ია: პირველ რიგში თქვენი ფონდის კეთილი მეგობრები, რომელთა წყალობითაც დღეს საწოლები გვაქვს. ოცდამეერთე საუკუნეა და ხომ ნახეთ, საკუთარ საწოლში დაძინებაზე ვოცნებობდით... აქამდე იატაკზე გვეძინა. საერთოდ არაფერი გაგვაჩნდა. ბედნიერებაა რბილ საწოლში ძილი. მადლობა ყველას ამ ბედნიერებისთვის. მივიღეთ შესანიშნავი მაცივარი, პლაზმური ტელევიზორი...
„ბესო, დედი, ხომ მოგწონს შენი ლამაზი, ფუმფულა საწოლი?“
ბესო (15 წლის): როგორ მინდოდა, რომ ოდესმე ჩვენც გვქონოდა ტელევიზორი... 
ია: ხომ აგიხდინეს, ჩემო ბიჭო, ეს ოცნება? ბესოს უყვარს მუსიკის მოსმენა. გადაცემებსაც უყურებს ხოლმე, ბუნების შესახებ... მოგზაურობაზეც...
„ტელევიზორი კარგი მეგობრის მაგივრობას გამიწევს. დედა შინ რომ არ იქნება, ის დამელაპარაკება!“
ბესო: მე არასდროს არსად ვყოფილვარ, მხოლოდ სახლი და „ნაიო“. („ნაიო“ დღის ცენტრია შშმ ბავშვებისთვის.) ალბათ, ვერც ვერსად წავალ, მე ხომ ეტლში ვზივარ?! რომ მომბეზრდება და ზურგი ამტკივდება, ვხოხავ და ისიც, მხოლოდ ოთახში.
ია: მაგრამ, ბესოს წინასაახალწლოდ თქვენმა ფონდმა ისეთი სიურპრიზი გაუკეთა-ა-ა-ა... 
ბესო: ახლა, ყველგან შევძლებ მოგზაურობას. იმიტომ, რომ მაქვს კომ-პი-უ-ტე-რი! იცი, როგორ გამიხარდა? აქ ნამდვილი ჯადოსნური სამყაროა - მეგობრებიც, თამაშებიც და კინოებიც. სპორტსმენიც შეგიძლია გახდე, თუნდაც სიარული არ შეგეძლოს...
მხოლოდ აქ არის ეტლით მოსარგებლე ბიჭის „ჯადოსნური სამყარო“, რადგან ის შინიდან ვერ გადის.
         - ია, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
ია: უამრავი ადამიანი გვირეკავდა და გამოთქვამდა დახმარების სურვილს.  თბილისში ერთ ძვირფას ქალბატონს წაუკითხავს სტატია და იმდენი უტირია... ჩემი გასაჭირი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა. მისი შვილიც შშმ პირი ყოფილა. ხომ გესმით, ასეთ ადამიანებს უკეთ შეუძლიათ ჩემი ტკივილის გაგება. ამ საყვარელ ქალბატონს დაურეკავს ქუთაისში ახლო მეგობრებთან და უთქვამს რომ სასწრაფოდ ეყიდათ ჩვენთვის პროდუქტი და რითაც შეეძლოთ დაგვხმარებოდნენ. გვესტუმრა  მისი ორი მეგობარი ქალბატონი. მათ უამრავი პროდუქტი მოგვიტანეს. ისეთი საყვარელი ადამიანები არიან... კიდევ ადგილობრივი ცოლ-ქმარიც იყო ჩვენთან. ბავშვიც ახლდათ (ვაჟი.) მათაც მოგვიტანეს პროდუქტი.  ბატონი ვაჟა ძალიან კარგი ადამიანია. დღემდე გვეხმიანება და კითხულობს ჩემი ბესოს მდგომარეობას. 
„ეს ჩვენი ულამაზესი მაცივარია! ტა-ტა-ტა-ტამ, ახლა გავაღებ...“
„ამდენი პროდუქტი არასდროს გვქონია!“
ია: თქვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებიც გვესტუმრნენ. მათი ხელმძღვანელიც იყო. 
ბესო: აუ, რა მაგარი ტელეფონი მაჩუქეს, იცი? მოიცა, უნდა გაჩვენო! „Redmi 11“  აქამდე საერთოდ არანაირი ტელეფონი არ მქონია.
ია: რა ტელეფონი? ხანდახან ბავშვისთვის ჩაიც კი არ მქონდა და მეზობლისთვის მითხოვია. იმ ორ-სამი  პაკეტით კი, რასაც მოგვცემდა  მთელი კვირა გადაგვიგორებია. 
ბესო: დე, კიდევ ახალგაზრდა ბიჭები და გოგონებიც რომ იყვნენ ჩემს გასაცნობად, ისიც მოყევი...
ია: აქ ქუთაისში ყოფილა რაღაც ორგანიზაცია, რომელიც ასეთი ტიპის შშმ ბავშვებს ეხმარება. მათაც მოგვაგნეს თქვენი სტატიით და საახალწლო ნობათი მოგვიტანეს. ყველაფერი ბევრი და გემრიელი იყო.
„ყველას გადაეცით მოკითხვა და სიყვარული ბესოსგან“
         - როგორც ვხედავ, ჩვენმა პოსტმა უსაზღვროდ კარგი საქმეები გააკეთა!
ია: რას ამბობთ! თქვენ რომ არა, არ ვიცი, დღეს რა იქნებოდა... 43 წლის გავხდი და ახლა დავიჯერე სასწაულების!
         - ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რამით?
ია: იცით, ამ სტატიის შემდეგ, ისინიც გამოცოცხლდნენ. ადრე ყურადღებას არ გვაქცევდნენ, რადგან ქუთაისში არ ვიყავით ჩაწერილები. ერთი პერიოდი სოციალურიც კი შეგვიჩერეს ამის გამო  და რა დღეები გადავიტანეთ, ამის გახსენებაც აღარ მინდა... ახლა კი, სულ სხვაგვარადაა ყველაფერი. სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო საქმეში. ვიცი, მათაც თქვენ შეატყობინეთ. ჰოდა, დროებითი ჩაწერა გაგვიფორმეს, შეშა მოგვიტანეს, მართალია მთელ ზამთარს არა, მაგრამ როდემდეც გვეყოფა, ხომ გვეყოფა?! მერე კიდევ რაღაც იქნება ღმერთის სასწაულით... აქაური სოციალური სამსახურიდან მოვიდნენ თანამშრომლები, ნახეს, რომ დასაჯდომი სკამიც კი არ გვქონდა. ერთ კვირაში კომოდი და ოთხი სკამი გამოგვიგზავნეს. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ხელისუფლება ყოველთვის იზრუნებს თავის საცოდავ ხალხზე და მხოლოდ მომხვეჭელობით არ იქნება დაკავებული...
          - დღის ცენტრი „ნაიო“-ს ჯადოსნური სამყარო ახსენეთ. ამ ცენტრის მომსახურებით სარგებლობს ბესო?
ია: დიახ. სკოლაში მის მიღებასა და შინ სწავლების პროგრამაზე უარი გვითხრა ზოგიერთმა დირექტორმა. მაგრამ ახლა, ესეც მოგვარდა, სახალხო დამცველის დახმარებით.  თქვენი შემწეობით ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ბესო დღის ცენტრშიც გააგრძელებს სიარულს და შინ სწავლების პროგრამითაც ისარგებლებს. მეც დამასაქმა გამგეობამ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სპეციალური  პროგრამის საფუძველზე.  ვმუშაობ საკონდიტრო „დეილიში“ დიასახლისად. სანამ ბესო დღის ცენტრშია, მე შემიძლია მშვიდად ვიყო და ვიმუშაო. 
„ჩვენ  არასდროს ვყოფილვართ ასეთი გახარებულები“
        - ია, მესმის რომ ძალიან გაგახარათ საზოგადოების ასეთმა რეაქციამ, მაგრამ ამით თქვენი პრობლემები არ დასრულებულა...
ია: ჩვენ არაფერი გაგვაჩნდა, საერთოდ არაფერი! ახლა მხოლოდ ის ნივთები გვაქვს, რაც თქვენ გვაჩუქეთ. აბა, ჩვენს საჭიროებებს რა გამოლევს? ერთი თაბახის ფურცელიც არ ეყოფა, რომ ჩამოვწერო. ყველაფერზე სხვის შეწუხების ძალიან მრცხვენია.  ნეტავ, საკუთარი ჭერი -  ჩვენი პატარა ოთახი გვქონდეს სადმე, საიდანაც არასდროს არავინ გაგვაგდებს მე და ჩემს ავადმყოფ შვილს და ხმასაც არ ამოვიღებდი არანაირ საჭიროებაზე. 
         - მე ვხედავ ამ შენობაში როგორი ცუდი პირობებია, აბაზანა საერთოდ არ გაგაჩნიათ. მხოლოდ საპირფარეშოა და ისიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში...
ია: ენით ვერ აგიწერთ როგორ მიჭირს ბესოს დაბანა, საპირფარეშოში გაყვანა. აქ ხომ, ადაპტირებული არაფერია?!  რა ადაპტირებაზეა საუბარი, წყალი ჩამოდის და ჩამოქცევასაა ჭერი. 15 წლის, ამხელა ბიჭს ზურგზე მოვიკიდებ ხოლმე და ისე მიმყავს. არც ცხელი წყალი გვაქვს. გაზიც არ არის შენობაში. იმის საშუალება მაინც იყოს, რომ დენის გამაცხელებელი დავაყენოთ, ჭერი მოვაწესრიგოთ... მაგრამ ამ ყველაფერს  დიდი ფული სჭირდება, ჩვენ კი არასდროს გვექნება ამხელა თანხა!
         - სარეცხსაც ცივ წყალში რეცხავთ?
ია: სარეცხ მანქანაზე ოცნებასაც ვერ ვბედავ. ნეტავ, ნორმალური აბაზანა გვქონდეს, ცხელი წყალი მოდიოდეს, ბესო ზურგით არ დამყავდეს, იმის შიშით, რომ აი, ახლა ფეხი გამიცურდება და ყველაფერი დამთავრდება... ისეთი დღეები მაქვს გამოვლილი... ხელით რეცხვა, თუნდაც ცივ წყალში, იმასთან არაფერია! ძალადობის მსხვერპლი ვიყავი, ოჯახიც ამიტომ დამენგრა. ერთი ვაჟი მაკლია - ერთი თვის ასაკში გარდამეცვალა. ეს ბესოს დაბადებამდე იყო. ბესოც აი, ასეთ მდგომარეობაში დაიბადა - დღენაკლული, საშინელი დიაგნოზით. გარკვეული დროის განმავლობაში, საავადმყოფოში „ვცხოვრობდით“. ყოველ დილით უფალს ვევედრებოდი, ჩემი შვილი გადაერჩინა. იგივე მეორდებოდა, რაც წინა შემთხვევაში მოხდა - სამშობიაროდან ქუთაისის იგივე საავადმყოფოში გადაგვამისამართეს. მეგონა ამ ჯერზეც მარტო დავბრუნდებოდი შინ... 
         მაგრამ, უფალმა ისმინა ჩემი ვედრება და ბესო გადამირჩინა... თუნდაც ასეთი... ის ხომ ჩემი შვილია, ჩემი ნაწილი. მე სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ფეხზე დავაყენო. ახლა შევიტყვე ერთი საინტერესო ინფორმაცია. მარტის თვეში, ქუთაისში თურქი ექიმები ჩამოდიან  და სწორედ იმ პრობლემებზე მუშაობენ, რაც ბესოს აქვს. ეს ფასიანია. იქნებ ვინმე ღვთისნიერი დამიდგეს გვერდში და შევძლო მათთან კონსულტაციაზე ჩაწერა? გავიგო, რა არის საჭირო, ჩემი შვილის ფეხზე რომ დადგეს: იქნებ ოპერაცია, იქნებ სხვაგვარი მკურნალობა? ვენდობი ქართველ ექიმებს, რომლებიც დიდ იმედებს არასდროს მაძლევდნენ, მაგრამ  მე ხომ დედა ვარ და ყველა საშუალება უნდა მოვსინჯო?  ყველაფერი უნდა გავაკეთო ჩემი შვილის გადასარჩენად! 
ისინი კვლავ ჩვენს სიკეთეს ელიან!
***
ვუსმენდი იას და ვფიქრობდი, რომ დედის ძალა განუზომელია, როდესაც საქმე შვილის გადარჩენას ეხება. ყველა დედა გმირია, როცა თავისი პირმშოსთვის ბრძოლობს. გმირ დედას კი, აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა! მეგობრებო! ნუ მივატოვებთ გასაჭირში ამ საოცარ ადამიანს! იქნებ, კიდევ რამით შევძლოთ  მისი დახმარება. ამაზე კარგს ვერასდროს ვერაფერს გავაკეთებთ!
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! კვლავაც დაეხმარეთ ამ ოჯახებს! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
         მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! 
        ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მოისწრაფიშვილების  ოჯახი)
   თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus     
          შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund          
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund       
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
          ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: