პროექტის რეპორტი ამ გოგონას ბედნიერება ჩვენს ხელთაა, უფალმა ასე ინება!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ გოგონას ბედნიერება ჩვენს ხელთაა, უფალმა ასე ინება!..

page info icon
2020 მარტი 4
დროულად გაკეთებული ძვირადღირებული ოპერაცია მარიტას მხედველობას შეუნარჩუნებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,768 ₾
( 363 დონორი )
დასრულებულია
სარკევ, სარკევ, უთხარი მარიტას, რომ ის არის ყველაზე ლამაზი!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „დედიკო, ნახე... ეს სარკე მართლაც ჯადოსნურია! შეხედე, რა ლამაზი ვჩანვარ... სინამდვილეში ხომ, სულაც არ ვარ ასეთი ლამაზი?“ - გახარებული უხმობს შვიდი წლის მარიტა  თავის დედიკოს. „შენ ძალიან ლამაზი ხარ, ჩემო სიცოცხლე. ნამდვილი პრინცესა ხარ!“ - პასუხობს ნინო და ბედნიერია, რომ მარიტას ჩამოშვებულ, მუდამ მოწყენილ, ანგელოზისფერ თვალებში სიხარულის სხივებს ხედავს. 
„ეს სარკე არ ლაპარაკობს, მაგრამ მაინც ჯადოსნურია!“
         დიახ, დღეს მარიტას უამრავი საჩუქარი მოუტანა სიკეთის ქარმა, რომელიც ჩვენი ფონდიდან ამოქროლდა და თქვენი შემწეობით, კიდევ ერთხელ გაყარა შავი ღრუბლები, ჩვენო კეთილო მეგობრებო! მადლობა. რომ არსებობთ, მადლობა, რომ მუდამ ჩვენთან ხართ და უანგაროდ ცდილობთ კიდევ და კიდევ მრავალი ოჯახი დაიხსნათ გაჭირვებისა და  უბედურებისგან! უფალი იყოს თქვენი მფარველი!
       მარიტა აფციაური შვიდი წლისაა.  მას მისი ასაკის ბავშვებში უიშვიათესი დაავადება - ქუთუთოების ფტოზი აღმოაჩნდა.  სწორედ ამ დროს ოჯახი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათი სახლი ჩამოინგრა. თითქმის ქუჩაში დარჩნენ.  ეკონომიურად ძალიან გაუჭირდათ. არ ჰქონდათ ცხოვრებისთვის ნორმალური პირობები და იმის საშუალება, რომ ექიმისთვის მიემართათ. მარიტას შესახებ პოსტის სანახავად გადადით  შემდეგ ბმულზე:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/558-marita/
აქ, მარიტამ თავისი პატარა სამყარო მოიწყო. ამბობს, რომ საწოლი ორსართულიანი სახლივითაა...
       ნინო, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენი გასაჭირის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?
ნინო(დედა):  შეხედეთ ჩემს გაბრწყინებულ გოგონას, მისი ბედნიერი ღიმილი განა არ იძლევა ამ კითხვაზე პასუხს?  ჩვენი ცხოვრება  ეს პატარა გოგონაა, ის კი ძალიან შეიცვალა. თქვენ მას სურვილები აუხდინეთ. უზომოდ მადლობლები ვართ იმ  ძვირფასი საჩუქრებისთვის, რაც მივიღეთ. ყველაფერი ძალიან გვჭირდებოდა. სახლი დაგვენგრა და თითქმის აღარაფერი გაგვაჩნდა. მარიტას დიაგნოზმა საერთოდ გაგვანადგურა. უიმედოდ დარჩენილებმა თქვენს ფონდს მივმართეთ.  პოსტის გამოქვეყნების შემდეგ თვალყურს ვადევნებდით თუ რამხელა გამოხმაურება ჰქონდა მარიტას ამბავს. თურმე რამდენი კეთილი ადამიანი ცხოვრობს ამ ერთიმუჭა საქართველოში... ვერასდროს დავიჯერებდი, რომ  სრულიად უცხო, ამდენი ადამიანის ასეთ თანადგომას მივიღებდით. თქვენი ფონდის მეგობრები - თქვენი მკითხველები ჩვენი მფარველი ანგელოზები არიან... და არა მარტო ჩვენი,  გასაჭირში მყოფი ყველა ოჯახის! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ,  ვინც მუდამ ფიქრობს და ზრუნავს სხვაზე. დიდი ნიჭია გააკეთო სიკეთე და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდე. ეს მართლაც ის გზაა, რომელიც უფალთან გვაახლოებს! მეგობრებო, რაც ჩვენთვის გააკეთეთ,  ასმაგად დაგბრუნებოდეთ მომავალში.
 მარიტამ დღეს შესანიშნავი საჩუქრები მიიღო, მაინც რა საჩუქრებია? მეც მაჩვენებ, მარიტა?
მარიტა (7 წლის):  ყველაფერს გაჩვენებ, მაგრამ ჯერ ამ სარკეში ჩაიხედე, ნეტა, შენც უფრო ლამაზი გამოჩნდები?
        - როგორც ვხედავ, ყველაზე მეტად ეს „ჯადოსნური“ სარკე მოგეწონა?
        მარიტა: ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვოცნებობდი ასეთ სარკეზე, კარადასა და საწოლზე. როდესაც ჩემი ოთახი არ მქონდა, სულ ვოცნებობდი... მინდოდა ლამაზ საწოლში დამეძინა და არა ისეთში, როგორც მაშინ... სახლი რომ ჩამოგვენგრა... მინდოდა დილით ლამაზ სარკეში ჩამეხედა, ლამაზი კაბები ჩამეცვა, რომლებსაც ძილის წინ ლამაზ კარადაში შევინახავდი...მაგრამ, არ მქონდა... არც სათამაშოები მქონდა... მხოლოდ ერთი, მამიკომ რომ მომიტანა...
        - ახლა, ხომ გაქვს ლამაზი თოჯინა?
       მარიტა: კი, ჩემი თოჯინა ძალიან ლამაზია, დედამ მითხრა, ფონდის მეგობრებმა გამოგიგზავნესო. მე არ ვიცი, რა არის „ფონდი“, მაგრამ მგონია, რომ იქ ბევრი კეთილი ადამიანი  ცხოვრობს და ისინი ყველა ბავშვს ოცნებებს უსრულებენ!
ნინო, მარიტას ესაჭიროებოდა ოპერაცია, რათა შეჩერებულიყო ქუთუთოს დაშვება და თავიდან აგვეცილებინა მხედველობის გაუარესება. რა მდგომარეობაა ახლა?
ნინო: მარიტა თურქ სპეციალისტებს ვაჩვენეთ. მათ გადაწყვიტეს ოპერაცია დროებით გადაგვედო. ჯერ საჭიროა მისი დაკვირვება, ექიმის მეთვალყურეობა, მკაცრი კონტროლი.  შემოწმებას ყოველთვიურად გავდივართ.
,,ახლა უკვე სხვა ბედნიერ ბავშვებს დავემსგავსები...“
        მარიტა: მოდი, მოდი ყველაზე მთავარი გაჩვენო...აი, კიდევ ერთი ყველაზე, ყველაზე მაგარი საჩუქარი... ნახე, როგორი  პლანშეტი მაქვს! მისი დანახვისას ისეთი ვიყვირე-ე-ე-ე... სიხარული ვერ დავმალე! მე ხომ ამდენ ხანს ვოცნებობდი პლანშეტზე?! დედა ვერ მყიდულობდა. ახლა უკვე მაქვს!  დავჯდები და მოვუსმენ ჩემს საყვარელ ,,არლეკონოს“ და ვუყურებ ,,მაშა და დათვს“.
,,ახლა უკვე ორი მარიტა ვართ - ერთი მე და ერთიც სარკეში.  რაც მთავარია, ორივე ბედნიერია!“
       - სიმღერა გიყვარს? იცი, ვინ არის არლეკინი?
      მარიტა: ვიცი, ჯამბაზია მხიარული გამომეტყველებით და ხანდახან, მოწყენილი გულით. ძალიან მიყვარს სიმღერა და ვოცნებობ, მეც ვიმღერო არლეკინოზე, როგორც ბავშვები მღერიან ლამაზ სცენაზე.
        - კიდევ რაზე ოცნებობ, მარიტა?
       მარიტა: კიდევ, სულ კარგად ვხედავდე. თვალები არ მეტკინოს და მალე გავიზარდო. მინდა, გავხდე სიკეთის მასწავლებელი.
       - ეგ როგორ?
      მარიტა: ეს პროფესია მე გამოვიგონე (იცინის). ეს იგივეა, რაც კეთილი ჯადოქარი. სინამდვილეში, მინდა ყველას ვასწავლო, რომ ვინმეს რამეს თუ აჩუქებენ, ის რაც ძალიან სჭირდება და გაახარებენ ადამიანებს, ყველა ბედნიერი იქნება. თქვენ ხომ გინდათ, რომ ყველა ბედნიერი იყოს? მე ძალიან მინდა...
***
          ჩვენც გვინდა, საოცარო გოგონა მარიტა, რომ ყველა ბედნიერი იყოს საქართველოში. განსაკუთრებით, შენნაირი პატარა ანგელოზები! გვინდა, არ სტკიოდეთ, არ შიოდეთ, არ სციოდეთ და ჰქონდეთ ბევრი სათამაშოები! მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა. იმდენად რთული, რომ დიდ ადამიანებს უჭირთ ამის მოგვარება. ალბათ, სიკეთის ბევრზე ბევრი მასწავლებელია საჭირო, ყველაფერი რომ შეიცვალოს.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: აფციაურების ოჯახი).
      თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე 
https://goo.gl/GY2Gus
       არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე:  https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
      სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
       ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: