პროექტის რეპორტი დედა! მალე, მალე მოდი! ის ისევ ტირის, სტკივა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედა! მალე, მალე მოდი! ის ისევ ტირის, სტკივა!

page info icon
2020 სექტემბერი 24
- დასახმარებლად ეძახის დედას მაკა (13 წლის). მისთვის გაუსაძლისია თავისი ერთი წლის ძმის, ნიკას ტანჯვის ყურება... ბავშვი ნაადრევად დაიბადა და ორი თვე რეანიმაციაში გაატარა. მას ორი თიაქარი და ნერვული აშლილობა აქვს, მის დედას - ლელას (30 წლის) კი არანაირი საშუალება არ აქვს, რომ შვილს უმკურნალოს და საკუთარი უძლურების გამო მზადაა, მოკვდეს!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,020 ₾
( 147 დონორი )
დასრულებულია

დაგვეხმარა და ღმერთმა შვილი აჩუქა!

–  დე, „გუტი“ გვაქვს?

– ადექი, შვილო! ბანანის და შოკოლადის „გუტი“ გვაქვს.

– მაგრამ ჩემს იხვს ჯერ არ გაუღვიძია... მასაც მისცემ?

– შენც მოგცემ და შენს „უტისაც“. ადექი, ნიკუშა! 

ნიკუშას ენიდან რომ გითარგმნოთ, „გუტი“ იოგურტია, - მისი საყვარელი საჭმელი. ნიკუშა სიტყვებს ისე წარმოთქვამს, როგორც უფრო ეხერხება, - ის ხომ 2 წლისაა; „უტი“ კი მისი რბილი სათამაშოა, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველმა აჩუქა. ნიკუშას ახალი სათამაშოები აქვს, მის დაიკოს, მაკას - ლამაზი ტანსაცმელი, მათ დედას, ლელა გულიშვილს კი საოჯახო ტექნიკა; მაგრამ მათთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ის წვლილია, რომელიც მათ ჯანმრთელობაში შეიტანეთ!

სჯობს ლელამ თავად გიამბოთ, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება მას შემდეგ, რაც პოსტი გამოვაქვეყნეთ სათაურით: „დედა! მალე, მალე მოდი! ის ისევ ტირის, სტკივა!“ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/630-gulishvili

მან კეთილი და საოცარი ადამიანებისგან უამრავი ზარი, უზარმაზარი მორალური მხარდაჭერა, ფინანსური დახმარება და ბავშვებისთვის ჭეშმარიტად ფასდაუდებელი საჩუქრები მიიღო!

ახალი მაცივრის მკვლევარი ნიკუშა, ბედნიერი ლელა და მაკა

– ლელა, რა ხდებოდა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ? ჩვენი მკითხველები თქვენს სიახლეებს მოუთმენლად ელიან.

ლელა: დაბნეული ვარ. მადლიერების სიტყვებს ვერ ვპოულობ. როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც დაგვეხმარა? რაც არ უნდა ვთქვა, საკმარისი მაინც არ იქნება! ღმერთმა დაგლოცოთ ყველა! არ ვიცი, თქვენ გარეშე შემოდგომას და ზამთარს როგორ გადავიტანდით. ბავშვებს ტანსაცმელი არ ჰქონდათ, მე - სარეცხი მანქანა; ხელით რეცხვა მიწევდა და წელი საშინლად მტკიოდა. მე ხომ წელი მაწუხებს და ისეთი ტკივილები მაქვს, რამდენჯერმე ლამის გულიც კი წამივიდა. თქვენ ჩემს შვილებზეც იზრუნეთ და ჩემზეც. 

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ახლა ჩემი შვილების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. როგორც იქნა! ჩემს ბიჭს, ნიკას, საზარდულის თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს და მერე მასაჟის სამი კურსი გაიარა. ჩემი საწყალი ბიჭი! მას ნორმალურად სიარულიც კი არ შეეძლო. მასაჟის ერთი კურსი და ჭიპის თიაქრის აღდგენითი ოპერაციაღა დარჩა. მაკას კი იაშვილის კლინიკაში გლანდები უნდა ამოაჭრან.

აი, ასეთი ამბებია! თქვენი წყალობით ბევრი ცვლილება გვაქვს, ყველაფერი კარგი და ნათელი თქვენგანაა. თქვენ მაგრძნობინეთ, რომ ამქვეყნად მარტო არ ვარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, გადაუჭრელი საკითხები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ღმერთის და კეთილი ხალხის წყალობით, ოდესმე ისინიც მოგვარდება. ის, რაც ჩვენ შეგვემთხვა, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულია! 

ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

ლელა: პოსტის გამოქვეყნებისთანავე ორი და შემეხმიანა - სალომე და თამუნა (გვარები არ ვიცი). ჩვენ შესახებ „ფეისბუკზე“ წაიკითხეს და დაგვირეკეს. როგორც აღმოჩნდა, სალომესაც მსგავსი ვითარება ჰქონდა: მისმა შვილმა, როგორც ნიკომ, გარკვეული დრო ინკუბატორში გაატარა. სალომემ მითხრა, რომ კარგად იცის, რის გადატანა მომიწია. მან და მისმა დამ ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებში თანხა ააგროვეს და ჩემს შვილებს ტანსაცმელი, სათამაშოები, ეტლი და სკამი მოუტანეს; გარკვეული თანხაც გვაჩუქეს. თითქმის ყოველდღე რეკავდნენ და ჩვენი ჯანმრთელობის და საჭიროების შესახებ კითხულობდნენ. ძალიან დაგვეხმარნენ! როცა ნიკოს საზარდულის თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს, რეგისტრატურაში 50 ლარის დამატება მომიწია (საიდანღაც ამოტივტივდა). ხელში ფული არ მეჭირა და ჩემ მაგივრად სალომემ შეიტანა. დების ყოველთვის მადლიერი ვიქნები და მათი სიკეთე და ყურადღება არასდროს დამავიწყდება!

ერთი ქალი დამამახსოვრდა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამომეხმაურა და თანხა გადმოგვირიცხა. სახელს ვერ ვიხსენებ, - იმედია მაპატიებს. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დამიკავშირდა. ძალიან აღელვებული იყო: იცინოდა, ტიროდა, ემოციებს ვეღარ თოკავდა. როგორც აღმოჩნდა, მრავალი წლის განმავლობაში შვილზე ოცნებობდა, მაგრამ ვერაფრით ორსულდებოდა და უცებ, ექიმთან მორიგი ვიზიტისას, სიახლე შეიტყო - ორსულად ყოფილა! 

ისეთი გახარებული და ბედნიერი იყო!.. მისი ამბავი მეც ძალიან მიხაროდა, ერთად ვტიროდით. ნამდვილი სასწაულია! ღმერთმა მისი ლოცვები შეისმინა და ამდენი ხნის ნანატრი შვილი აჩუქა! ჩემი ბიჭი, ნიკო, სექტემბერში გაჩნდა, ის ქალიც სექტემბერში ელოდება თავის პირველ შვილს...

ჩემი ახალი ნაცნობის დაკარგვას არ ვაპირებ. მისი ნომერი მაქვს და სიახლეებს აუცილებლად გავარკვევ.

ბევრი მკითხველი დაგვეხმარა. ყველა როგორ აღვნიშნო ისე, რომ არავინ გამომრჩეს?!

– მაშინ ყველას ერთდროულად გადაუხადეთ მადლობა; უთხარით, რას გრძნობთ, რას ფიქრობთ და რას ნიშნავს თქვენთვის მათი დახმარება და მხარდაჭერა... და ყველა მიხვდება, რომ სწორად მათზე საუბრობთ.

ლელა: ჩემო ძვირფასო ახალო მეგობრებო! ფონდს მაშინ მივმართე, როცა ვიძირებოდით. ძალიან მეშინოდა - საჭმელი და საარსებო ფული არ გვქონდა, ბავშვები ავად იყვნენ, მე სამსახური (სახლების დალაგება) დავკარგე, არ ვიცოდი, რა მექნა. უმწეობისგან სული მეხუთებოდა, ლამის გავგიჟდი. თქვენ ამ ჯოჯოხეთიდან გვიხსენით!

უღრმესი მადლობა! ასეთ რამეს სიცოცხლის ბოლომდე არ ივიწყებენ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ: სწრაფად გამოხმაურებისთვის, მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, გაგებისთვის... დიდი მადლობა თქვენი პასუხისმგებლობისთვის!

როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ნორმალური ცხოვრება. ნიკოსთვის რძის პროდუქტებს, - იოგურტს ან ერთ ქილა მაწონს, - ვერც ვყიდულობდი და ვერც ვალად ვიღებდი, რადგან მაცივარი არ გვქონდა, ვერსად შევინახავდი. არადა, ისე უნდოდა, ისე მთხოვდა!.. ახლა ჩემი ბიჭი მაცივარზე თავდასხმას ახორციელებს ხოლმე, რადგან იქ „გუტია“! (იცინის). იოგურტი ძალიან უყვარს, გიჟდება.

აი, რამდენი „გუტი“ მაქვს!

სამწუხაროდ, მისი ყიდვის საშუალება იშვიათად გვაქვს. ნიკოს ახალი მაცივარი ძალიან შეუყვარდა, სულ „გუტის“ ეძებს. კი პატარაა, მაგრამ ესმის, რომ მაცივარი საჭირო რამეა. 

„მტირალა აღარ ვარ!“

მე კი სარეცხი მანქანა მასზე არანაკლებ მიხარია. ჩემს წელს უხარია, - აღარ მიჯანყდება და ტკივილის შემოტევებს აღარ მიწყობს. მე ხომ ხერხემლის პრობლემები მაქვს - მალებს შორის მანძილი 8 მილიმეტრია... ადრე ნიკუშას სარეცხი მანქანის ძალიან ეშინოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის გუგუნებდა (იღიმის.) გამორბოდა და ყურებზე ხელებს იფარებდა. გასაგებიცაა, ბავშვს მსგავსი არაფერი უნახავს. ახლა შეეჩვია და ზოგჯერ მასში რაღაცებს აწყობს კიდეც, მეხმარება. (იღიმის.)

ლელა: „ჩემი ბიჭი ახლა ბევრად მშვიდია.“

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც დაგვეხმარა! დაე, მათი ცხოვრების გზა მარტივი და ნათელი ყოფილიყოს! ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ყველას!

ნიკუშა, გვაჩვენებ, ხელში რა გიჭირავს? რა სათამაშოა?

ლელა: მოდი, შვილო! (ნიკო გვიახლოვდება.) ხედავთ, როგორი იხვი გვყავს? გვერდიდან არ იშორებს, მასთან ჩახუტებულს სძინავს. როგორც კი იღვიძებს, ჯერ იმას ამოწმებს, იხვი გვერდით ჰყავს თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ დგება. ბავშვს სათამაშოები მოენატრა, დიდი ხანია ასეთი დღესასწაული არ ჰქონია. სატვირთო მანქანაც აქვს, რომელსაც მთელ სახლში აგორავებს. თქვენი საჩუქრები ჩემს გოგოსაც ძალიან მოეწონა, მაგრამ სჯობს თვითონ მოგიყვეთ.

მაკა: ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ ჩემს ძმას ოპერაცია გაუკეთეს. ჩვენთვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. მის გამო ძალიან ვნერვიულობდით, ახლა კი ნიკო უფრო იშვიათად ტირის და უკეთესად დადის. დიდი მადლობა ყველაფრისთვის! მე გლანდები უნდა ამომაჭრან, - ძალიან მაწუხებს, სულ ყელი მტკივა და მალე ვიღლები. ფეხებიც მტკივა.

ნაჩუქარი ახალი ტანსაცმელიც ძალიან მომეწონა. სულ სხვა განწყობა მაქვს. ჩემი კლასელები სკოლაში სულ ნაირ-ნაირი ტანსაცმლით დადიოდნენ, მე კი ერთი და იგივე მეცვა. სკოლაში სიარული უკვე აღარ მინდოდა და მიხაროდა, რომ ყველაფერი ონლაინში გადაიტანეს და აღარავინ მხედავდა. გოგოს ნაირ-ნაირი ტანსაცმელი უნდა ჰქონდეს...

”დედას დავეხმარები და მერე სასეირნოდ წავალ. ჩემს მეგობარს ახალ კაბას ვაჩვენებ.“

– რა თქმა უნდა, საყვარელო! ყველაფერი მოგიხდება, დარწმუნებული იყავი! მითხარი, ოპერაციის ხომ არ გეშინია?

მაკა: ცოტა მეშინია, მაგრამ დედა ამბობს, რომ სამაგიეროდ დავისვენებ და პრობლემებს მოვიშორებ. ასეთი ნაზიც აღარ ვიქნები - ჭიქა წყლის დალევის შემდეგ ყელი აღარ ამტკივდება. ოპერაციის მერე კიდევ ერთი კვირა უნდა მოვითმინო... ოპერაციას იაშვილის კლინიკაში მიკეთებენ. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

– აუცილებლად! იცი, შენი ნახატები და ლექსები ყველას ძალიან მოგვეწონა. რამე ახალი ხომ არ გაქვს? 

მაკა: მარტო მაშინ ვწერ, როცა ხასიათზე ვარ. ახლა პოეტური განწყობა ნამდვილად არ მაქვს.

რატომ?

მაკა: მეორე ძმა მენატრება. მინდა ვნახო და ჩავეხუტო, მაგრამ ის ბებიასთან ცხოვრობს - მამაჩვენის დედასთან. ზოგჯერ გვირეკავს და ვლაპარაკობთ ხოლმე. ამბობს, რომ იქ თავს კარგად გრძნობს... მაგრამ ჩვენთან ცოტა ხნით მაინც რომ მოვიდეს, ბებომ შეიძლება უკან აღარ მიიღოს. ჩემს დაბადების დღეზე დამირეკა და მითხრა, რომ ამ დღეს ჩემთან ერთად ყოფნა უნდოდა. იმ დღეზე ვოცნებობ, როცა ყველანი ერთად ვიქნებით. 

ყველაფერი დალაგდება. ეს ჩვენც ძალიან გვინდა! 

ლელა: ჩემი ბიჭი ძალიან მენატრება. ღმერთმა ქნას, იმ დღეს მოვესწრო, როცა ძილის წინ სამივე შვილის ჩაკოცნა შემეძლება. მანამდე კი იმედით ვცხოვრობ.

ლელა, ჩვენს პოსტს სახელმწიფოს მხრიდან თუ მოჰყვა გამოხმაურება? სახელმწიფო მოხელეები არ ამოძრავდნენ?

ლელა: გამოხმაურება არც მანამდე და არც მერე ყოფილა. ჩვენ მათთვის უბრალოდ არ ვარსებობთ. ხალხი უფრო გვეხმარება, ვიდრე სახელმწიფო და ოფიციალური ორგანიზაციები. ერთ ამბავს მოგიყვებით: სახლი არ გვაქვს და სულ ბინებს ვიცვლით. ერთხელ, ერთმა დიასახლისმა სახლიდან გამოგვყარა. აღარ ვიცოდი, პატარა ნიკოსთან და მარისთან ერთად, სად წავსულიყავი. სასოწარკვეთილი პირდაპირ თბილისის მერიაში წავედი. მათ ჩემი მდგომარეობის შესახებ მოვუყევი, ვუთხარი, რომ ღამის გასათევიც კი არ გვქონდა. მიპასუხეს, რომ ვერაფრით დამეხმარებოდნენ, - მიუხედავად იმისა, რომ უსახლკაროებისთვის პროგრამები არსებობს; მაგრამ თავშესაფარში რომ მოხვდე, საბუთები, დრო და ათასი რაღაც გჭირდება.

შენობიდან გამოვედი, ბორდიურზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. მოულოდნელად, მერიის დაცვის ბიჭები მომიახლოვდნენ, ჯიბიდან ფული ამოიღეს და ჩემს დამშვიდებას შეეცადნენ, - იქნებ ეს მაინც დაგეხმაროთ რამითო. აი, ასე! სახელმწიფო მოხელეები თავს არასდროს იწუხებენ.

– ლელა, რა გადაუჭრელი პრობლემები გაწუხებთ? ისევ ჩვენს მკითხველებს მიენდეთ, - რით შეუძლიათ თქვენი დახმარება?

ლელა: ჩვენთვის იმდენი გააკეთეთ, ჩემს პრობლემებზე საუბარი ძალიან მერიდება. უზომოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენს გასაჭირს გვერდი არ აუარა. სამწუხაროდ, გადაუჭრელი საკითხები ჯერ კიდევ გვაქვს. ნაწილობრივ, პანდემიის ბრალია. სამსახურში - სახლების დასალაგებლად - აღარ მეძახიან. სოციალურ დახმარებაზე კი, სამწუხაროდ, ვერ ვიცხოვრებთ. ჩვენი სოციალური დახმარების ბარათი ბინის მესაკუთრეს აქვს. ყველაფერი, რასაც სახელმწიფო გვიხდის, ბინის ხარჯებზე მიდის. დებზე, სალომეზე და თამუნაზე რომ მოგიყევით, - ისინი ძალიან დაგვეხმარნენ და რაღაც პერიოდი ბინის ქირასაც გვიხდიდნენ.

ბინის მეპატრონე ცდილობს ჩემს მდგომარეობაში შევიდეს, მაგრამ მისი გაგებაც შეიძლება. ახლა ყველას უჭირს, პირველ რიგში, ყველა საკუთარი თავისთვის იბრძვის. უნდა, რომ ბინა სხვაზე გააქირაოს. არაერთხელ მელაპარაკა: „როგორ მეცოდები, მაგრამ რა ვქნა, აბა?“ მეშინია, რომ ისევ ახალი ბინის მოძებნა და გადასვლა, ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვიწევს. მაკა მეცოდება, დიდხანს არც ერთ სკოლაში არ გაჩერებულა. ნიკო, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესად არის, მაგრამ ძალიან ცუდად იკვებება. მხოლოდ ხელოვნური რძე უყვარს აფთიაქიდან, რაც ძვირი - თითქმის 15 ლარი ღირს. ნაირ-ნაირი კერძების კეთების შესაძლებლობა არ გვაქვს. მისი ასაკისთვის ცოტას იწონის - დაახლოებით ათ კილოგრამს. ჭიპის თიაქრის ოპერაციაც გასაკეთებელი აქვს. პედიატრმა თავის ენცეფალოგრამის გაკეთებაც გვირჩია, მაგრამ ფული საიდან მოვიტანო? ამ ყველაფერზე ძალიან ვდარდობ.

საკუთარ თავზე უკვე აღარ ვფიქრობ. ანალიზები მაქვს გასაკეთებელი, რომლებსაც, სამწუხაროდ, არ აფინანსებენ, ამიტომ ვერ ვიკეთებ; მაგრამ მჯერა და იმედი მაქვს, რომ ღმერთი არ დაგვტოვებს. მან უკვე არაერთხელ გადაგვარჩინა, ამიტომ ვბედავ და მჯერა, რომ კეთილი ხალხი არ მიგვატოვებს. მხოლოდ უფლის და კეთილი ხალხის იმედი მაქვს! ჩემი შვილების ჯანმრთელობისთვის და ბედნიერებისთვის მთელი ძალებით ვიბრძოლებ! ოდესმე, ძილის წინ, სამივეს ჩავეხუტები!

***

მეგობრებო, ლელა ჩვენთან ძალიან გახსნილი და გულწრფელია. ის თავის სიხარულსაც და შიშსაც ისე გვიზიარებს, როგორც არის - ასე მხოლოდ მათთან საუბრობენ, ვისაც ყველაფერში ენდობიან. აი, რა როლს თამაშობთ უკვე მის ცხოვრებაში! აი, როგორ ზრუნავენ საქართველოში!

ვიცით, რომ ლელას განწყობას უკვე უსიტყვოდაც გრძნობთ და მასთან ურთიერთობას და მის დახმარებას ისევ გააგრძელებთ. თქვენ ყველაზე საიმედო და პასუხისმგებლობით სავსე ხალხი ხართ და ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებთ!

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გულიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/630-gulishvili

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს. 

მსგავსი პროექტები: