ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვი და ორსული ქალი ობისგან დამპალ საქვაბეში უპატრონოდ მიაგდეს

2021 ივლის 15       1653
ღმერთო, სად აღარ ცხოვრობს ეს ხალხი და სად აღარ ასახლებს მათ სახელმწიფო: ყოფილი საავადმყოფოების დანგრეულ შენობებში, სათბურებში, პირუტყვის სადგომში... ჩვენი დღევანდელი გმირები - პატარა ანა და მისი ორსული დედა, ვიქტორია - საქვაბეში ცხოვრობენ.
1,828.57 ₾
133
დონორები
შეგროვებულია

ღმერთო, სად აღარ ცხოვრობს ეს ხალხი და სად აღარ ასახლებს მათ სახელმწიფო: ყოფილი საავადმყოფოების დანგრეულ შენობებში, სათბურებში, პირუტყვის სადგომში... ჩვენი დღევანდელი გმირები - პატარა ანა და მისი ორსული დედა, ვიქტორია - საქვაბეში ცხოვრობენ.

კარის მაგივრობას ძველი, დახეული კაბა წევს, რომელიც ამ ბეტონის გამოქვაბულში სიმყუდროვის განცდას ქმნის. ძველი ლინოლეუმი, რომელიც ნაწილ-ნაწილ შეაკოწიწეს, ბინის შეგრძნებას ტოვებს. აი, ჭერზე შავ ობს კი უკვე ვეღარაფერი დაფარავს... და სწორედ ავის მომასწავებლად ჩამოკიდებული ჭერი ცხადყოფს იმას, რომ ეს უბედური ხალხი აღარავის აინტერესებს. ისინი სადღაც შეასახლეს და ყველაფრისთვის მადლიერებიც კი უნდა იყვნენ!

ანას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს - არც ლაპარაკი შეუძლია და განვითარებაშიც ჩამორჩება. დედას გაუგებარი ბგერების ნაკრებით აგებინებს, რა უნდა; მას კი ან დალევა უნდა, ან ჭამა. ბავშვს სხვა ოცნება უბრალოდ არ აქვს... და რომც ჰქონდეს, ნეტა ვის რაში აინტერესებს?

როცა ანას დედისთვის რაღაცის თქმა უნდა, ამას ხელებით აჩვენებს

„ჩემს გოგონას რასაც ეუბნები, ყველაფერი ესმის; გარშემო არსებულ სამყაროს მშვენივრად აღიქვამს, მაგრამ ლაპარაკით ვერ ლაპარაკობს. მისი ინტელექტუალური ქცევა და განვითარება მის ასაკს არ შეესაბამება. ამას მხოლოდ მკურნალობის კურსი თუ უშველის, მაგრამ ამდენი ფული ნამდვილად არ მაქვს. ექიმებმა მითხრეს, რომ ტვინს განვითარებაში ექვს წლამდე უნდა დავეხმაროთ, თორემ შეიძლება შეუქცევად შედეგებამდე მივიდეთ; ამიტომ ახლა ყველაზე მთავარია, - დრო არ დავკარგოთ; მაგრამ აღარ ვიცი, რა გავაკეთო. სულ მარტო ვარ, ჩემს გოგონასთან ერთად და თანაც... კი ხედავთ, რომ მეორე შვილსაც ველოდები. უკვე ორსულობის მეშვიდე თვეში ვარ. ორი ბავშვი როგორ უნდა გავზარდო, წარმოდგენა არ მაქვს...“ - ამბობს დედა, ვიქტორია.

ძველი საქვაბის შენობა, რომელშიც ვიქტორია თავის გოგონასთან ერთად ცხოვრობს

ვიქტორია, როგორ მოხდა, რომ თქვენს გოგონას მარტო ზრდით?

ვიქტორია: ჩემმა ქმარმა მიმატოვა - სხვა ქალთან წავიდა... მაპატიეთ, დეტალებზე საუბარი არ მინდა. ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო პერიოდის გახსენება ძალიან მიჭირს: თავს მარიდებდა, თითქმის საერთოდ აღარ მელაპარაკებოდა, სახლში გვიან ბრუნდებოდა, ზოგჯერ კი ერთი-ორი დღე საერთოდ არ ჩანდა... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა, ნივთები ჩაალაგა და წავიდა. ეს ორიოდე თვის წინ მოხდა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შვილების გამო ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა.

არ მესმის, ორსული ცოლის მიტოვება როგორ შეიძლება?! გეხმარებათ მაინც?

ვიქტორია: არა, არანაირად არ მეხმარება. ძალიან იშვიათად თუ რეკავს ანას მოსაკითხად. სულ ესაა! არ ვიცი, სად არის ან რას აკეთებს... და არც მაინტერესებს. სწორად გამიგეთ: ერთი გოგონა მყავს და მალე კიდევ ერთი შვილი მეყოლება. მე მათთვის ვცხოვრობ, ისინი არიან ჩემი მომავალი!

შვილის მოსანახულებლად არასდროს მოსულა?

ვიქტორია: მოვიდა ერთი-ორჯერ... ღმერთო! მართალია მასზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ ნეტა განახათ, ანას მისი მოსვლა როგორ უხარია: თვალები ენთება, მამას უღიმის, მისკენ იწევს და ეხუტება... მამა ძალიან უყვარს! ამას რომ ვუყურებ, გული საშინლად მტკივა! შვილი როგორ მიატოვა?! (ტირის.) მაპატიეთ, ამ თემაზე საუბარი აღარ შემიძლია...

გვესმის თქვენი ტკივილი და ძალიან თანაგიგრძნობთ. შვილის შესახებ მოგვიყევით. რა სჭირს თქვენს გოგონას?

ვიქტორია: ანას ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხვდება, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. თავიდან მეგონა, რომ ბავშვი ყრუ ან აუტისტი იყო, მაგრამ ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემს გოგონას მეტყველების განვითარების შეფერხება აქვს. ზოგჯერ შეიძლება რაღაც სიტყვა თქვას, მაგრამ როცა გამეორებას ვთხოვ, ვეღარ იმეორებს.  ახლა ანა მხოლოდ რაღაც ბგერებს და მარცვლებს წარმოთქვამს... არის იმის შანსი, რომ გამოჯანმრთელდეს და ნორმალურად ლაპარაკი დაიწყოს, მაგრამ ამისათვის მკურნალობა და სპეციალისტებთან ვიზიტია საჭირო.

ეს ბინა ნაქირავები გაქვთ?

ვიქტორია: არა, მერიის ბალანსზე ირიცხება. ეს ძველი საქვაბე შენობაა, სადაც, ჩვენ გარდა, კიდევ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფომ ყველას შესახებ მშვენივრად იცის და უბრალოდ აქ ცხოვრების ნებართვა მოგვცეს.

პირობების შესახებ მოგვიყევით. აქ როგორ ცხოვრობთ?

ვიქტორია: სახლში მუდმივად ცივა. ზამთარში უბრალოდ აუტანელია! რაც არ უნდა ვთბებოდეთ, საშინლად ყინავს! ამას სინესტეც ემატება... შეგიძლიათ ბალიშებს და საბნებს ხელი გადაუსვათ - ზემოდან ყველაფერი სველია. როცა წვიმს, კედლებზე წყალი ჩამოდის. სინესტის გამო, ყველაფერს ობი აქვს მოკიდებული. ანა ხშირად ცივდება და სულ ახველებს. საშინელი პირობებია, მაგრამ სხვაგან წასასვლელი არსად მაქვს!

გაშავებული კუთხეები, ობი და სინესტე

ვიქტორია, რა სახსრებით ცხოვრობთ?

ვიქტორია: სოციალური დახმარება გვაქვს - 140 ლარი და 30-ლარიანი კვების ბარათი. კიდევ კარგი, ამ სახლში არაფრის გადახდა არ გვიწევს, თორემ სამათხოვროდ სიარული მოგვიწევდა. ფული ისედაც არაფერზე გვყოფნის. ზოგჯერ, როცა შესაძლებლობა აქვთ, მეზობლები საჭმლით გვეხმარებიან.

და ნათესავები არ გეხმარებიან?

ვიქტორია: მხოლოდ დედა მყავს, რომელიც სოფელში ცხოვრობს დეიდასთან ერთად. ზოგჯერ ჩამოდის და ჩვენთვის სურსათი მოაქვს, მაგრამ ისიც ავადაა - ფეხის ძვლების პრობლემა აქვს, ოპერაცია სჭირდება, მაგრამ ფული არ აქვს. ხან სად მუშაობს და ხან სად, მაგრამ სტაბილურ სამსახურს ვერ შოულობს, რადგან კოჭლია და გადაადგილება უჭირს.

ასეთ პირობებში პატარა ბავშვთან და ახალშობილთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია! დეიდასთან სოფელში საცხოვრებლად გადასვლის საშუალება არ გაქვთ? იქ ალბათ უკეთესი პირობებია...

ვიქტორია: დეიდას თავისი ოჯახი ჰყავს. ნათესავების შეწუხებაც მეუხერხულება. გარდა ამისა, თბილისში ის სპეციალისტები არიან, რომლებსაც ანას დახმარება შეუძლიათ... მაგრამ ექიმების ფული არ მაქვს... თქვენი ფონდის და კეთილი ხალხის იმედი მაქვს. მჯერა, რომ დამეხმარებით!

„ორსულისთვის ხელით რეცხვა უბრალოდ საშინელებაა. წელი მტკივა! მაგრამ თუ მანქანა გაფუჭდა, რა ვქნა?“

ვიქტორია, ახლა, პირველ რიგში, რა სახის დახმარება გჭირდებათ?

ვიქტორია: ყველაზე მთავარი ჩემი შვილის მკურნალობაა. თუ ამაში დაგვეხმარებით და მკურნალობას დაგვიფინანსებთ, მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები! მაგრამ სახლშიც ბევრი რამ გვაკლია: სარეცხი მანქანა გაფუჭდა და ახლა ყველაფერს ხელით ვრეცხავ. ორსულს, წყლით სავსე სათლების და ტაშტების თრევა ძალიან მიჭირს. ბავშვის დაბადების შემდეგ კი სარეცხი მანქანა კიდევ უფრო მეტად დამჭირდება. საწოლი, რომელზეც მძინავს, გატეხილია და ირყევა. თუ შესაძლებელია, იქნებ ავეჯიც შეგვაცვლევინოთ... არც ტელევიზორი გვაქვს... ანას მულტფილმების და მუსიკალური გადაცემების ყურება ძალიან უყვარს. ტელევიზორი რომ გვქონდეს, იქნებ მულტფილმების დახმარებით ენა უფრო მალე ამოიდგას?!

ვიქტორია, ღმერთის გწამთ?

ვიქტორია: დიახ და მხოლოდ მისი იმედი მაქვს! მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს და თქვენი ფონდისა და თანამემამულეების მეშვეობით, ჩემს გოგონასაც დაეხმარება. ახლა, როდესაც ორსულად ვარ, ეკლესიაში იშვიათად დავდივარ, მაგრამ სამაგიეროდ სახლში ხატების კუთხე მაქვს და ყოველდღე ვლოცულობ... და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ის, ამ საშინელ ადგილასაც კი, მუდამ ჩვენ გვერდითაა...

“ღმერთო, გევედრები, ჩემს გოგონას გამოჯანმრთელებაში დაეხმარე!“

კარგი და ღვთისმოსავი ადამიანი - როგორი ადამიანია? შეგიძლიათ, წინადადება რომ გააგრძელოთ?

ვიქტორია: ეს არის პატიოსანი ადამიანი, რომელიც სხვის გასაჭირს და პრობლემებს უყურადღებოდ არ ტოვებს, რომელიც ნებისმიერ დროს გაგიგებს და მხარში ამოგიდგება. თუ ადამიანში უფლის სიყვარული არ ცხოვრობს, მასში სიკეთე არასოდეს იქნება.

რა არის თქვენთვის ბედნიერება?

ვიქტორია: პირველ რიგში, დედა ვარ, ამიტომ მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი, როცა ჩემი შვილები გაიხარებენ. იმის ცოდნა, რომ ჩემი შვილები დანაყრებულები და ჯანმრთელები არიან და არაფერი სტკივათ, - ჩემთვის ბედნიერება სწორედ ესაა.

***

მეგობრებო, პატარა ანას თქვენი დახმარება სჭირდება! ჩვენ მას სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა უნდა მივცეთ! ვილოცოთ პატარა ანასთვის! იმისთვის, რომ გოგონამ ლაპარაკი შეძლოს, მას სპეციალური პროცედურები და ექიმებთან ვიზიტები სჭირდება. დედას ამ ყველაფრის ფული არ აქვს. გარდა ამისა, მათ სჭირდებათ: სარეცხი მანქანა, საწოლი და ტელევიზორი. მოდი დავეხმაროთ ამ პატარა ოჯახს! ნუ დავრჩებით გულგრილი მათი პრობლემების მიმართ!

ქვარაიების ოჯახის მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, თემქის დასახლება, ისაკიანის ქ. №43

ქვარაიების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას, რათა მან მკურნალობის გაგრძელება შეძლოს.

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: ქვარაიების ოჯახი.)

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ან TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: