პროექტის რეპორტი როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც ირგვლივ მხოლოდ მწუხარებაა და დახმარებას არსაიდან ელი!

page info icon
2022 თებერვალი 14
ხანდახან იცით როგორ ხდება? მიჰყვები ცხოვრების დინებას, მთელი გულით გიყვარს ადამიანი, მასთან მთელი ცხოვრების გატარება გსურს, ჭირსა და ლხინში, მწუხარებასა და სიხარულში, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ... მერე კი, უცებ სიკვდილი კი არა, ვიღაც მესამე დგება თქვენს შორის! და რაღა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი როგორ იყო, ან როგორ იქნება, როდესაც იმ წუთში, გინდა, რომ უბრალოდ მოკვდე... იმის გამო, რომ გიღალატეს, თუ იმის გამო, რომ თავს არარაობად გრძნობ, სხვაში გაგცვალეს... ან იმის გამო, რომ აზრი უკვე აღარაფერს აქვს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
9,572 ₾
( 704 დონორი )
დასრულებულია
კეთილმა ადამიანებმა ახალი ცხოვრება გვაჩუქეს მე და ჩემს შვილებს
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ყველა ქართველი ბავშვის სახეზე მხოლოდ ღიმილს უნდა ვხედავდეთ!
 
 „სწორედ მაშინ, როდესაც უიმედოდ დარჩენილს სიკვდილი მინდოდა, ღმერთმა თქვენი თავი გამომიგზავნა. შეგცოდე და მაპატიე, ღმერთო, რომ ასეთი ფიქრები გავივლე გულში“ - ლამზირა ყოველდღე ლოცვასავით წარმოსთქვამს ამ სიტყვებს, შვილის სახეზე ღიმილს რომ დაინახავს. არადა, მართლა აღარაფრის სჯეროდა. ჩვენც არ დაგვიჯერა, როდესაც დავპირდით, რომ მთელი საქართველო დაირაზმებოდა მათ დასახმარებლად.
 ცერებრული დამბლით დაავადებული პატარა ბიჭის, რამაზის ისტორია, ფონდის გვერდზე ერთი წლის წინ გამოვაქვეყნეთ. მამამ ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. დედამ რამდენიმეჯერ სცადა თავის მოკვლა. ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილ ლამზირას (რამაზის დედას) ორ შვილთან ერთად დანგრეულ ქოხში უწევდა ცხოვრება. აქ არც სახურავი იყო და არც იატაკი. წვიმაში კედლებზე მოსეირნე ლოკოკინები, სიცხეში შემოსული მღრღნელები გაუსაძლისს ხდიდა ისედაც ტანჯული დედის ყოფას, რომელსაც ავადმყოფი შვილი ზურგით ჰყავდა სატარებელი... რაღა უნდა გაიგოს ან წაიკითხოს ადამიანმა ამაზე საშინელი? ამის იქით ხომ უკვე სიკვდილია? უფალო, დაიფარე ყველა ბავშვი ასეთი უბედურებისგან!

- ლამზირა, როდესაც მოგვმართეთ თქვენი მდგომარეობა აუტანელი იყო. გვიამბეთ, რა მოხდა შემდგომ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
 ლამზირა:
როგორ და საიდან დავიწყო, არც ვიცი... ჩვენს ისტორიას იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, როგორზეც ალბათ, ვერც ვიოცნებებდი. საჩუქრები, რაც თქვენმა ფონდმა გაგვიკეთა, რაც კეთილმა ადამიანებმა გაიღეს ჩვენთვის, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო! მარტოდ აღარ ვგრძნობ თავს, თითქოს, მთელი საქართველო მიმაგრებს ზურგს!
 პირველად რომ გვესტუმრა თქვენი სატვირთო, დავინახე ყველაზე მთავარი რამ - გაზის გამათბობელი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა... გავიფიქრე, ნუთუ გავთბებით? მერე გაზქურა, ტელევიზორი, მაცივარი, საოჯახო წვრილი ტექნიკა - ხორცსაკეპი, ბლენდერი და უამრავი საჭირო ნივთი გადმოტვირთეს. ეს ბედნიერების პიკი იყო.
 ღმერთო-ო-ო-ო, არც თმის საკრეჭი მანქანა დაგვიწყებიათ. ადრე, თქვენს ჟურნალისტს ვუთხარი, რომ ჩემი პატარა ბიჭისთვის თმის შეჭრა ძალიან დიდი პრობლემა იყო. უბრალოდ, სიტყვას მოვაყოლე. მისი მდგომარეობა ხომ იცით, საათობით როგორ გავაჩერებდი სკამზე? ის მძიმე დაავადებით იტანჯება. თქვენ ყველაფერს აქცევთ ყურადღებას, ყველა ჩვენს საჭიროებას ითვალისწინებთ. არცერთი სიტყვა, თხოვნა არ გავიწყდებათ... ღმერთო, როგორი მადლიერი ვარ თქვენი...

„ნუთუ გავთბებით?“

- სწორედ ამისთვის ვართ, რომ გავითვალისწინოთ ყველა თქვენი საჭიროება!
 ლამზირა:
და ეს ჯერ ყველაფერი არ არის... მეორედ გვესტუმრა თქვენი ჯგუფი, მესამედ, მეოთხედ... მეორე ჯერზე სახურავისთვის მასალები მოგვიტანეს. ამან საერთოდ დამამუნჯა. მადლობა! მადლობა! - ვლუღლუღებდი... მიხაროდა, რომ ზამთარს უკვე ნამდვილად გავუძლებდით.

„ახლა ჩვენს სახლში აღარ იწვიმებს...“

მერე წყლის გამათბობელი - ჩვენი „საცოდავი“ აბაზანის კეთილმოსაწყობად... შემოსასვლელი კარი? ისიც კი არ დაგვიწყებიათ! ჩვენი კარი უკვე აღარც იკეტებოდა. საკვები პროდუქტით დახმარება? არაერთხელ! უამრავჯერ მოგვიტანეს თქვენი ფონდიდანაც და იმ ადამიანებმაც, ვინც თავად გვესტუმრა და მოგვინახულა.

„ჩვენი სახლის ახალი კარი ძალიან მომწონს, უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. კარგად იკეტება! თუმცა, ის ყოველთვის ფართოდ გაიღება კეთილი ადამიანებისთვის.“

„გაიცანით, ყინულის თეთრი დედოფალი - ჩვენი ახალი მაცივარი! ასეთ მაცივარზე ოცნებასაც ვერ გავბედავდით...“

- როგორც ვიცი, თქვენი მთავარი საჭიროება იყო რამაზისთვის საკმაოდ ძვირადღირებული კვლევების ჩატარება. ამაზე რას იტყვით?
 ლამზირა
: დიახ, ესეც დაგვიფინანსა თქვენმა ფონდმა. მადლობა. უამრავი რამ შევიტყვე. პირველ რიგში, ექიმმა მოგვცა იმის იმედი, რომ რამაზიკოს უწყვეტად თუ ჩაუტარდება მასაჟი, ის სიარულს შეძლებს. მაგრამ რაც შეეხება საუბარს, ეს გამორიცხულია! სამწუხაროდ... თუმცა, ჩემი ოცნებაა, ერთი სიტყვა მაინც, „დედა“ თქვას. თერთმეტი წელია გასული მისი დაბადებიდან და მე მხოლოდ ახლა გავიგე, ამ გამოკვლევების წყალობით, რომ მისთვის დაბადებისთანავე ოპერაცია ჩაუტარებიათ.

 - ეს როგორ? თქვენ არ იცოდით ამის შესახებ?

ლამზირა: რვა თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც თირკმელებში „კენჭის გავლა“ დამემართა. სამკურნალო საშუალებები და ტკივილგამაყუჩებლები გამომიწერეს. ერთ დღესაც საშინელი შეტევა დამეწყო. ოჯახის წევრებს, კენჭის ბრალი ეგონათ, რადგან ჯერ მშობიარობა არ მიწევდა. მაგრამ მოტყუვდნენ. ბავშვი გავაჩინე ნაადრევად. სამშობიარომდე ვერ მივაღწიეთ. სახლში დაიბადა. მე გონება დავკარგე. პატარა თავით დაეცა იატაკზე და ჰემატომა გამოუვლინდა. მერე კი გადაგვიყვანეს სავადმყოფოში, მაგრამ ჩემს დედამთილს და მულს ჩემთვის არ უთქვამთ, რომ რამაზს იქ ჰემატომა ამოკვეთეს. თურმე, თავისით უნდა გაწოვილიყო. ყველა ჩვენი პრობლემაც აქედან დაწყებულა. 

 - მაგრამ ის ამბავი, რომ რამაზიკო ოდესმე შეძლებს დამოუკიდებლად სიარულს, უკვე იმედისმომცემია. ის ხომ, ახლა. თქვენს გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამს და გამუდმებით ტირის გვერდით თუ არ ჰყავხართ?
 რიტა (14 წლის):
ის დედიკოს გარეშე ერთ წუთსაც ვერ ძლებს. თითქოს, თოთო ბავშვად დარჩა... მე უნდა დავეხმარო დედიკოს ოჯახის საქმეებში. უკვე სადილის მომზადებაც ვიცი, ცხობაც. იცით, როგორ გამიხარდა, გაზქურა რომ მოგვიტანეთ?!

„ახლა, უკვე შემიძლია, ჩაიზეც რომ დაგპატიჟოთ!“

- მე მეგონა, პლანშეტი უფრო გაგიხარდა.
 რიტა:
რა თქმა უნდა, პლანშეტი უზომოდ გამიხარდა. რომ დავინახე, ეგრევე გულში ჩავიკარი. მაგრამ გინდათ, სიმართლე გითხრათ?

„პლანშეტი არასდროს მქონია... ახლა, უკვე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ!

- მითხარი!
 რიტა:
ყველაზე მეტად გაზის გამათბობელი გამიხარდა. როდესაც თითებში ყინვა გაქვს გამჯდარი და ფეხებს ვერ გრძნობ, საშინელებაა... ვფიქრობ, შიმშილს უფრო გავუძლებ, ვიდრე სიცივეს.
 - ლამზირა, რიტა, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
 ლამზირა:
უცხო ადამიანები რეკავდნენ, საჩუქრებით მოდიოდნენ, პროდუქტს გვყიდულობდნენ. ზოგმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მაგალითად, ერთი ქალბატონი იყო, რომელმაც უამრავი საჭირო პროდუქტი მოგვიტანა, მეორემ ტანსაცმელი, მესამემ სათამაშოები და ასე... აქაური, ბათუმელი ცოლ-ქმარიც გვესტუმრა. ამ უსაყვარლესმა წყვილმა თავისი სტუმრობით ძალიან გაგვახარა. ბავშვებისთვის ათასნაირი საჩუქარი ჰქონდათ ნაყიდი. სხვებიც იყვნენ... ბევრის სახელი არ ვიცი, მაგრამ უფალმა ხომ იცის მათი სახელები და ეს საკმარისია! ყოველდღე ვილოცებ მათი ჯანმრთელობისთვის.
 რიტა: ისეთი ლამაზი ჩანთა, თბილი ჟაკეტი, კაბები მაჩუქე-ე-ე-ე-ეს... ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი საჩუქრები... სამხედრო პირიც იყო ჩვენთან მოსული - ლევანი. ის, მგონი, თბილისიდან ჩამოვიდა, ძალიან დაგვეხმარა. თავისი ნაწილის (დანაყოფის) ჯარისკაცების გულთბილი მოკითხვაც გადმოგვცა.
 ლამზირა: ორჯერ გვესტუმრა ბატონი გოდერძი. პირველად მარტო მოვიდა, მეორედ კი მეუღლესთან და შვილთან ერთად. თავისი ოჯახი გაგვაცნო. ორივეჯერ დიდი პატივი გვცა, პროდუქტი გვიყიდა. არასდროს დაგვავიწყდება მისი სტუმრობა. დაგვპირდნენ, რომ კიდევ შემოგვივლიან. ადამიანები ინტერესდებოდნენ ჩვენი მდგომარეობით. ყველა გვერდში დაგვიდგა, ამ ზამთარს სიცივისგან და შიმშილისგან რომ არ დავხოცილიყავით. და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, თქვენი ფონდის დამსახურებაა. რომ არა სტატია, ვინ გაიგებდა ჩვენს შესახებ?
 თქვენამდე, რამდენიმე სატელევიზიო შოუს დავეკონტაქტე. ვთხოვე, ჩვენი უიმედო მდგომარეობის გაშუქება. უარი მითხრეს. ზოგს ადგილი არ ჰქონდა და რიგში უნდა ჩავმდგარიყავით. სანამ რიგი მოგვიწევდა, ვინ იცის, მანამდე რა დაგვემართებოდა? თქვენგან კი, სოციალური მუშაკები უკუკავშირზე სწრაფად გამოვიდნენ. მოვიდნენ. შეისწავლეს ჩვენი მდგომარეობა. გადაიღეს... მოკლედ, უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი!


„რამდენი წელი გვენატრებოდა ტელევიზორის ხმის გაგონება... თქვენ კი ისიც გვაჩუქეთ, მადლობა ასეთი სიხარულისთვის!

- ბავშვის მამა თუ შეაწუხა სინდისმა? ან ნათესავები თუ შეგეხმიანენ?
 ლამზირა:
რა სინდისმა? ის საერთოდ ქვეყნიდან გაემგზავრა თავის ახალ ოჯახთან ერთად. მე კიდევ თავს ვიკლავდი მისი გულისთვის... კიდევ კარგი, დროზე მოვეგე გონს... ახლა ვიცი, რომ ჩემი შვილების გადარჩენისთვის უნდა ვიბრძოლო. არცერთი მოღალატე მამაკაცი არ ღირს არათუ ქალის სიცოცხლის, არამედ ცრემლების ფასადაც კი.
 აი, რაც შეეხება ნათესავებს, ბავშვების ბიძა (მაზლი) მეხმარება ხოლმე, როგორს შეუძლია. იატაკის ლამინატი მან გვაჩუქა. ხომ გახსოვთ, ამ სახლში რა მდგომარეობა იყო? არაფერი არ გვქონდა თუნუქის კედლების გარდა... ელექტროობაც კი არ იყო შემოყვანილი. თავად ჩავყარე კაბელები. როგორც კაცი, ისე ვმუშაობდი. ჰოდა, დენმა დამარტყა. სასწაულად გადავურჩი სიკვდილს. რომ არა ჩემი გოგონა - ჩემი რიტა, ალბათ ახლა აქ არ ვიჯდებოდი.
 მაშინ გავაცნობიერე, როგორ ვჭირდებოდი ჩემს შვილებს. არ მავიწყდება რიტას შეშინებული სახე, ცრემლიანი თვალები და ყვირილი: „დედა შენც ნუ მიგვატოვებ!“
 - ამ ამბავმა, ალბათ, უფრო მეტი ძალა შეგმატათ. ღმერთს ჰყვარებიხართ!
 ლამზირა:
რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. (იცინის.)
 - ლამზირა, ადგილობრივი ხელისუფლებისგან თუ იყო რაიმე რეაგირება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
 ლამზირა:
ხელისუფლებისგან არაფერი. ჩვეულებრივი ამბავია უკვე ქართულ სინამდვილეში. იშვიათია, გულუხვები რომ იყვნენ. ჰო, მართლა აქვე ვიტყვი, არ დამავიწყდეს... მინდა, აღვნიშნო კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლის დიდსულოვნება, რომელიც დაგვპირდა, რომ თავისი მასალებით უზრუნველყოფდა ჩვენი აბაზანის გაზმომარაგებას. გამანაწილებელი და მილებია საჭირო ამისთვის. ჩვენ არ დაგვჭირდება მათი შეძენა. თავად მოგვიტანს. მადლობა მას ასეთი გულისხმიერებისთვის.
 - მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებისა, თანამემამულეთა მხრიდან ასეთი დახმარებისა, თქვენ კვლავ დაგრჩათ გადაუჭრელი საკითხები. ისეთი, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით...
 ლამზირა:
მე ახლა, მხოლოდ ის ნივთები მაქვს, რაც თქვენ მაჩუქეთ. პროდუქტი მუდმივი პრობლემაა ჩემთვის. რამაზის გამო ხომ, ვერსად ვმუშაობ?! მხოლოდ სოციალური დახმარება და ჩემი პატარას პენსია კი, მარტო წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ძლივს ჰყოფნის. ავეჯი არ გვაქვს. არ გვაქვს მაგიდა, ჭურჭელი, ქვაბები... ჩვენთვის ყოველგვარი დახმარება იქნება უფლის და თქვენი უძვირფასესი საჩუქარი.

ისინი ჩვენი პატარა საქართველოს შვილები არიან! ისინი ჩვენი შვილებიც არიან!

***

მეგობრებო, როდესაც მოზარდი გეტყვით, რომ სიცივეს შიმშილი ურჩევნია, როდესაც ის ამ ორი საშინელი მდგომარეობიდან ერთ-ერთს ირჩევს, რა გრძნობა დაგეუფლებათ? ბავშვების უმეტესობა პლანშეტებზე, კომპიუტერებსა და ტელეფონებზე ოცნებობს, თქვენ კი ხვდებით თინეიჯერს, რომელსაც მხოლოდ ის სურს, რომ გათბეს. სურს მხოლოდ ის, რომ არ შესცივდეს მის პატარა ძმას, რომელიც ისედაც ავადაა, ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს. სურს, რომ ავად არ გახდეს დედა - ოჯახის ერთადერთი იმედი და საყრდენი, რას გააკეთებთ ამ დროს? ჰოდა, ველით თქვენს გამოხმაურებას, ქველმოქმედებას. ჩვენი ფონდის პროექტი კირკიტაძეების ოჯახის დასახმარებლად კვლავ გრძელდება.
 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
 მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
 სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
 მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
 თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
 მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
 ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კირკიტაძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/837-kirakitadze/description/#content
 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან.
 ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus
 
 შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
 ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: