ირაკლი მელიქიძის ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ირაკლი მელიქიძის ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია!

page info icon
2016 ივლის 11
ჩვენი ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ახალგაზრდა, შესანიშნავი ახალგაზრდა ბიჭის, ირაკლი მელიქიძის ტრაგიკულ ისტორიას გაგაცნობთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,002 ₾
( 244 დონორი )
დასრულებულია

ჩვენი ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ახალგაზრდა, შესანიშნავი ახალგაზრდა ბიჭის, ირაკლი მელიქიძის ტრაგიკულ ისტორიას გაგაცნობთ. 

ორი წლის წინ, ირაკლიმ სკოლა დაამთავრა და სტუდენტური ცხოვრების დაწყებას გეგმავდა. თეატრალურში  ჩაბარება უნდოდა. სამწუხაროდ, მის ოცნებებს ასრულება არ ეწერა...

ბოლო ზარის შემდეგ, 2014 წლის 6 ივნისს კლასელები ექსკურსიაზე წავიდნენ მარტვილში. ცხელოდა და ბიჭებმა მდინარეში ბანაობა გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ძალიან კარგად ცურავდა და ბავშვობიდან არაერთხელ გადამხტარა წყალში სიმაღლიდან, ის დღე მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. წყლიდან რომ არ ამოყვინთა, მეგობრებმა ვერც კი იფიქრეს, რომ ირაკლის მათი დახმარება სჭირდებოდა... ხოლო როდესაც მდინარიდან ამოიყვანეს, იგი უკვე ვეღარ მოძრაობდა და არ სუნთქავდა...

ირაკლიმ ხერხემლის მძიმე დაზიანება, მალების მოტეხილობა და ზურგის ტვინის დახურული ტრავმა მიიღო... ცხოვრებით აღსავსე ახალგაზრდა ბიჭის ყველა გეგმა ერთ წამში დაიმსხვრა. ერთი ოცნება დარჩა მხოლოდ –გადარჩენილიყო!

ირაკლისთვის სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინათ, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს, რაც კი ებადათ. მას რამდენიმე ძვირადღირებული ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა იმის თანხაც კი არ გააჩნიათ, რომ ირაკლის ძველი ტრაქეოსტომა შეუცვალონ  –(მილი რომლის საშუალებითაც მას ჰაერი მიეწოდება).

იმისთვის, რომ ირაკლიმ კვლავ შეძლოს ფეხზე დადგომა, მას სასწრაფოდ სჭირდება სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება.

„ყველაზე მეტად მინდა რომ ისევ ჯანმრთელი ვიყო, – ამბობს ირაკლი – ისევ ისეთი გავხდე, როგორიც ადრე ვიყავი... ჩავაბარო თეატრალურში, კვლავ შევძლო ცურვა. მაგრამ მარტო ვერ შევძლებ გავუმკლავდე ამ მდგომარეობას. ვხედავ, როგორ განიცდიან ჩემი მშობლები და ახლობლები, ვიცი, რომ მათ უკვე ყველაფერი შესაძლებელი და შეუძლებელიც გააკეთეს ჩემს გადასარჩენად... ისინი მზად არიან ქუჩაში მოწყალებაც კი  ითხოვონ, მე რომ კარგად გავხდე!“

მეგობრებო, „სოციალურმა პარტნიორობამ“ თქვენი დახმარებით უკვე ბევრ ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა! გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ირაკლისაც დავუბრუნოთ ჯანმრთელობა!

თუ თქვენ ირაკლის ამბავი გულთან ახლოს მიიტანეთ, ისევე როგორც ჩვენი ფონდის თითოეულმა თანამშრომელმა, თუ შეგიძლიათ ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდა ბიჭს მომავლის იმედი და გამოჯანმრთელების შანსი მისცეთ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000  (დანიშნულება: ირაკლი მელიქიძე) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/141/

უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ გთხოვთ არ დარჩეთ გულგრილი, ირაკლის მთელი ცხოვრება წინ აქვს და მისი მომავალი ჩვენს ხელშია!


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: