“მინდა მოვკვდე, რომ დედ-მამას ჩავეხუტო“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

“მინდა მოვკვდე, რომ დედ-მამას ჩავეხუტო“

page info icon
2018 მაისი 15
page info icon
3051
საქართველოს რადიოს ყოფილ დიქტორს ევგენი ვადაქარიას ფეხები წართმეული აქვს, მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებს, აწუხებს ღვიძლის და გულის უკმარისობა
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
704 ₾
( 44 დონორი )
დასრულებულია
საქართველოს რადიოს ყოფილ დიქტორს ევგენი ვადაქარიას  ფეხები წართმეული აქვს, მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებს, აწუხებს ღვიძლის და გულის უკმარისობა, პერიოდულად ძლიერი ხველება სტანჯავს, ხოლო ერთ დროს მისი ომახიანი და გამორჩეული ხმა, უკვე, სამწუხაროდ, აღარ არსებობს... 
იყო დრო, როდესაც  მას ფილმებში იღებდნენ, სპექტაკლებში ათამაშებდნენ და გადაცემების წაყვანას ანდობდნენ. დღეს 65 წლის ჟენია, როგორც მას კოლეგები ეძახდნენ, საწოლს არის მიჯაჭვული და გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. 6 წლის წინ, მას შემდეგ რაც მან ინსულტი გადაიტანა, მისი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა...
ევგენის ბინის კარი არასდროს არის ჩაკეტილი, რამეთუ იგი სულ იმის მოლოდინშია, რომ  იქნებ ვიღაცა მოვიდეს, ჭიქა წყალი და პურის ნატეხი მიაწოდოს, ფანჯარა შემოაღოს და საშინლად დახუთული ოთახი ცოტათი მაინც გაანიავოს... ევგენი ვადაქარიას საცხოვრებელი პირობები არის კოშმარული. „ხრუშჩოვკის“  პირველ სართულზე მდებარე ბინა სრულიად ამორტიზირებულია, ირგვლივ სიბნელე, სიღარიბე და ანტისანიტარია სუფევს...
 „მინდა რომ მოვკვდე და დედა-მამას შეხვდე იქ, ვეამბორო და ჩავეხუტო... ერთი ძმა გარდამეცვალა, მეორე - საქართველოში არ ცხოვრობს და თანაც უსინათლოა. ასე რომ, დავრჩი სრულიად მარტო. მეშვიდე წელია, რაც ასე ვარ. არავინ მყავს ამ ქვეყნად. განა ეს ცხოვრებაა?“ - ამბობს ცრემლნარევი თვალებით 80-90 წლების ქართული რადიოს პოპულარული დიქტორი.
დიახ, მეტად მტკივნეული და მწარედ აღსაქმელია, როდესაც ყველამ დაგივიწყა, არავის სჭირდები და არავის ახსოვხარ! 
ევგენი ვადაქარია ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაძლებს. მას დაუყონებლივ სჭირდება დახმარება! პირველ რიგში, იგი საჭიროებს მედიკამენტებს, საკვებ პროდუქტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, რამეთუ მწირი პენსია და სოციალური შემწეობა მას მხოლოდ ერთი კვირა თუ ჰყოფნის... თუმცა, ამ ადამიანისთვის  ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას სასიცოცხლოა,  მორალური მხარდაჭერაც! დიახ, როდესაც ერთი ადამიანი თანაუგრძნობს მეორეს, ის ერთგვარად მის ტკივილს ითავისებს და თუ საქმით ვერ ეხმარება, კეთილი სიტყვით უნდა ანუგეშოს! 
მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ საქართველოს რადიოს ყოფილ დიქტორს ევგენი ვადაქარიას, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ევგენი ვადაქარია) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ყველაზე კარგი წამალი – ეს სიყვარული და მზრუნველობაა!

მსგავსი პროექტები: