ახალ წელს უსახლკაროდ დარჩენილნი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახალ წელს უსახლკაროდ დარჩენილნი

page info icon
2018 დეკემბერი 28
page info icon
2451
2017 წლის 24 ოქტომბერი ღლონტების ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - დაიწვა მათი ორსართულიანი სახლი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,870 ₾
( 109 დონორი )
დასრულებულია

2017 წლის 24 ოქტომბერი ღლონტების ოჯახისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - დაიწვა მათი  ორსართულიანი სახლი. ახლა  ექვს სულიანი ოჯახი ფაქტიურად ქუჩაშია დარჩენილი და ახალ წელს უმძიმეს  პირობებში ხვდება. 
ღლონტების ოჯახს არაფერი გააჩნია, გარდა იმედისა! ამ ადამიანებს სჯერათ, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე გულთან ახლოს მიიტანს მათ გასაჭირს და დახმარების ხელს გაუწვდის! 
ჩვენ გვწამს სიკეთის და სწორედ ამიტომ ვაქვეყნებთ ამდაგვარ ისტორიებს. დიახ, შეუძლებელია გულგრილად უყურო ადამიანის გასაჭირს, ყურადღება არ მიაქციო მის სულიერ თუ ფიზიკურ ტკივილს, მითუმეტეს რომ არავინაა დაზღვეული ბედის უკუღმართობისგან. 
მეგობრებო, შეხედეთ ამ ფოტოს, ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს! განა მათ რამე დააშავეს?! სამწუხაროდ, ისინი დღეს გასაჭირში არიან და თითოეული ჩვენგანის თანადგომას და დახმარებას საჭიროებენ! ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საახალწლო სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელოები, მათ შორის ბავშვების კეთილდღეობაზე, ცხოვრებაში რეალურ ადრესატს იპოვიან! 
ყველა ბავშვი იმსახურებს ბედნიერ ბავშვობას, ცხოვრების, სწავლის და განვითარების ნორმალურ პირობებს... მაგრამ რა უნდა ჰქნან იმ ბავშვებმა, რომლებიც ბედის უკუღმართობის გამო ქუჩაში აღმოჩნდნენ, რომლებსაც სცივათ და შიათ? 
ჩვენი ვალია, რომ გავითავისოთ მათი გასაჭირი, შევუწყოთ  ხელი, დავაყენოთ სწორ გზაზე და შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნოთ მათზე! 
ჩვენ ხომ ადამიანები ვართ?! 
„შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“- ვკითხულობთ სახარებაში, თუმცა, რა დასამალია და, ეს წმინდა მცნება ხანდახან გვავიწყდება! 
ჩვენ გავესაუბრეთ ინგა ღლონტს, 3 შვილის დედას:
-ინგა, ხანძრის შემდეგ თქვენს ოჯახს ვინმე დაეხმარა?
 ინგა: მეზობლებმა გაგვიწიეს დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სოფელი ღარიბია და ხალხი გაჭირვებულად ცხოვრობს, ბევრმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი უბედურება, მოქონდათ საჭმელი, ტანსაცმელი.... ამასწინათ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახურავი მოგვიტანა... ყველას ძალიან დიდი მადლობა, თუმცა ჯერ-ჯერობით დამწვარ სახლში ცხოვრება შეუძლებელია: არ არის იატაკი, კარი, ფანჯრები, ავეჯი, ერთი სიტყვით, არაფერია...და ვერც ვყიდულობთ, რადგან არანაირი შემოსავალი, გარდა სოციალური შემწეობისა, ჩვენ არ გვაქვს. 
      - ამჟამად სად ცხოვრობთ?
 ინგა: მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები! ნათესავებმა შეგვიკედლეს დროებით, თავად უჭირთ, მაგრამ ჩვენი გასაჭირი გაითავისეს... 
        - რით არსებობთ?
ინგა: ვღებულობთ სოციალურ შემწეობას, ბაბუა- პენსიას. ეს არის მთელი შემოსავალი. მეუღლე ვერ მუშაობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას ვენების ვარიკოზული დაავადება სჭირს. 83-წლის ბაბუა დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ეტლს არის მიჯაჭვული. მე  თავად ორსულად ვარ და მეოთხე შვილს მაისში ველოდები. 
     - ბავშვები რამდენი წლისანი არიან?
ინგა: ბიჭები შესაბამისად 9 და 7 წლის, ხოლო გოგონა -  5 წლის. ძალიან განიცდიან ამ მდგომარეობას, განსაკუთრებით ბიჭები. ამასწინათ უფროსი შვილი რატი მეკითხება: „დედიკო, რა დავაშავეთ ასეთი?“.   
    - ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? 
ინგა:  რა თქმა უნდა,  არაფერი გაგვაჩნია და ყველაფერი გვჭირდება...ელემენტარული ავეჯი, რემონტი, თეთრეულიც არ გვაქვს. ამ ეტაპზე კი საკვები პროდუქტები და მოხუცისთვის ჰიგიენური საშუალებებია ჩვენთვის ყველაზე აუცილებელი... ნათესავებს, რომლებმაც შეგვიფარეს მძიმე ტვირთად  ვაწვებით... 
      -გსურთ რომ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს? 
ინგა:  კეთილო ხალხო, მერიდება ძალიან, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. გთხოვთ, რომ დაეხმაროთ ჩემს ოჯახს! როგორმე უნდა გავუძლოთ ამ ზამთარს, შიმშილს და სიცივეს... ცუდზე არ მინდა ვიფიქრო, თუმცა მეეჭვება რომ  მეოთხე შვილი ჯანმრთელი დაიბადოს... გამუდმებულ სტრესში ვარ.
მეგობრებო, ღლონტების ოჯახი ხანძრის შედეგად გადარჩა, თუმცა მათ ყველაფერი დაკარგეს, იმედის გარდა! არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ადამიანებმა იმედიც დაკარგონ!  ისინი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ჩვენი ბავშვები, ჩვენი მომავალი... ამ ოჯახმა ცხოვრება ფაქტიურად თავიდან უნდა დაიწყოს! მოდით, შევუწყოთ მათ ხელი ამ რთულ გზაზე, ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტონი არ არიან! 
მოინახულეთ ღლონტების ოჯახი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში, აღმოუჩინეთ მატერიალური დახმარება, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს!
ჩვენი ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ღლონტების ოჯახი). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი საიტიდანაც. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus). 
სიკეთე არის ჩვენი ცხოვრების უმაღლესი მიზანი!

მსგავსი პროექტები: