„მხოლოდ ღმერთს ვახსოვარ...“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„მხოლოდ ღმერთს ვახსოვარ...“

page info icon
2019 მაისი 22
არაფერია იმაზე შემზარავი, ვიდრე უმწეო ადამიანის ნახვა, რომელსაც ისღა დარჩენია, რომ დახმარება შეჰვედროს საზოგადოებას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,267 ₾
( 51 დონორი )
დასრულებულია

საშინელებაა, როდესაც მარტოხელა და ავადმყოფი ქალი ტირის უძლურებისგან და მისი ტირილის გამგონიც არავინაა ირგვლივ. 
57 წლის ლელა თამარაშვილს გულის საშინელი ტკივილი აწუხებს, ღამ-ღამობით არ სძინავს, რადგან ხშირი უჰაერობის შეტევით იტანჯება.
ბიბლია არის მისი ერთადერთი საყრდენი. ამ მარტოხელა ქალის მდგომარეობის სიმძიმე ენით აღუწერელია. მან დაკარგა მომავლის იმედი, განსაკუთრებით ითრგუნება დღესასწაულებზე, რადგან სადღესასწაულო მხიარულება მხოლოდ მოგონებებში დარჩა. 
ჩვენ გავესაუბრეთ ლელა თამარაშვილს:
- მოგვიყევით თქვენს ოჯახზე.
ლელა თამარაშვილი: მეუღლეს 32 წლის წინ დავშორდი. მარტო ვზრდიდი ორ შვილს. მქონდა ბინა, სამსახური. პროფესიით ექიმი-ფიზიოთერაპევტი ვარ. მაგრამ, 2008 წელი ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ომის დროს რუსული სამხედრო მანქანა დაგვეჯახა, ჩემ გარდა ყველა გარდაიცვალა, ვინც იჯდა მანქანაში. უამრავი მოტეხილობით მოვხვდი საავადმყოფოში. თითქოს უკედ გავხდი, თუმცა 6 თვის შემდეგ რთული ფორმის ინსულტი დამემართა, რამაც ფაქტობრივად საწოლს მიმაჯაჭვა.
- სირთულეები ამით არ დასრულდა?
ლელა თამარაშვილი: ბინა ბანკში ჩავდე, გავყიდე ყველაფერი ძვირფასი რაც გამაჩნდა, დავიწყე ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა. სიკვდილს გადავრჩი, თუმცა ექიმებმა ვერ გამომაჯანმრთელეს. ბინა დავკარგე და ახლა ვცხოვრობ მიტოვებულ შენობაში. თუმცა ვერც ეს ვერ შეედრება იმ ტკივილს, რაც გადავიტანე მანამდე. 12 წლის ბიჭი დავკარგე, მანქანამ გაიტანა. ღმერთმა არავის აგრძნობინოს ესეთი ტკივილი. ამაზე აუტანელი და მძიმე, არაფერი არსებობს.
-  ნათესავები არ გყავთ?
ლელა თამარაშვილი: მყავს მეორე ვაჟი, რომელიც უკრაინაში წავიდა. ძალიან დიდი ხანია კონტაქტზე აღარ გამოდის, არც ვიცი თუ არის ცოცხალი. აღარავინ დამრჩა... 
- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ ეტაპზე?
ლელა თამარაშვილი: საშინელი ტკივილი მაწუხებს გულის არეში, ღამ-ღამობით არ მძინავს უჰაერობის შეტევების გამო. ერთი ფეხი და ხელი პარალიზებული მაქვს, დამოუკიდებლად ვერ დავდივარ.
- თქვენი შემოსავალი რამდენს შეადგენს?
ლელა თამარაშვილი: სოციალური შემწეობა -  30 ლარი, ინვალიდობის პენსია - 80, 200-ის ნაცვლად, რადგან 4 წლის წინ ძალიან დამჭირდა ფული და წინასწარ ავიღე... აი ესე, 110 ლარზე ვცხოვრობ.
-ვინმე თუ გეხმარებათ?
ლელა თამარაშვილი: მხოლოდ ღმერთს არ დავავიწყდი! ზოგჯერ მეზობლები საჭმელს მაწოდებენ, მაშინ როცა აქვთ, თვითონაც ძალიან გაჭირვებულები არიან.
- ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
ლელა თამარაშვილი: ეს პოლიციის ყოფილი, მიტოვებული განყოფილებაა. რამდენიმე წლის წინ, 4 უსახლკარო ოჯახი შემოსახლდა აქ და ამ პატარა ოთახში მე განვთავსდი. საშინელი ნესტია, ბნელა, კედლები ლპება. ტუალეტიც ამ ოთახშივეა.
- მერიიდან, ან დეპუტატი თუ გეხმარებათ? თუ მიგიმართავთ ვინმესთვის?
ლელა თამარაშვილი: მერია მეხმარება - წელიწადში რამდენჯერმე მცირედ თანხას გამოყოფს. თვეში 200 ლარის მედიკამენტები მჭირდება. არ მყოფნის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვკმაყოფილდები იმით, რაც არის. გარდა ამისა, მერიას უფასოდ შემოჰყავს ბუნებრივი აირის გაყვანილობა, თუმცა თახნა არასდროს მექნება იმისთვის, რომ ვიყიდო გაზქურა...
- ჩვენ წერილს მივწერთ საარჩევნო უბნის დეპუტატს თქვენს შესახებ, რა გსურთ რომ ვთხოვოთ?
ლელა თამარაშვილი: მე სახსრების სერიოზული ოპერაცია მჭირდება და ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის უფასოდ ჩამიტაროს. თუმცა, თავს ვიკავებ, რადგან პოსტ-ოპერაციული ამბულატორიული მკურნალობის კურსის ჩატარებისთვის ფული დამჭირდება. დაახლოებით 500 ლარი, ეს ჩემთვის კოლოსალური თანხაა.
- ამ ეტაპზე რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
ლელა თამარაშვილი: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, თეთრეული, არ მაქვს მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა...
-ლელა, რაზე ოცნებობთ?
ლელა თამარაშვილი: ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა. ვოცნებობ, რომ ჩემით გავიარო ოთახში, შემიწყდეს შეტევები... ზოგჯერ სასოწარკვეთაში ვვარდები, ვტირი და მხოლოდ ჩემი ბიჭუნას სულისათვის ლოცვა თუ მამშვიდებს.
მეგობრებო, ქალბატონი ლელა 57 წლისაა. მას მთელი ცხოვრება წინ აქვს. სჭირდება, რომ იგრძნოს ჩვენი თანადგომა. საერთო მონდომებით შევძლებთ, რომ დავუბრუნოთ სიცოცხლის იმედი!
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ქალბატონი, გაუწიოთ დახმარება, ჩაეხუტოთ, ან უბრალოდ გაამხნევოთ. მისამართია: თბილისი, ცოტნე დადიანის 34, კორპუსი 1, პოლიციის ყოფილი განყოფილება, ტელ.: 574111129
თანხა შეგიძლია ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლელა თამარაშვილი)
თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

მსგავსი პროექტები: