როდესაც სიკვდილი აკაკუნებს, სიღარიბე მას კარს უღებს - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც სიკვდილი აკაკუნებს, სიღარიბე მას კარს უღებს

page info icon
2019 აგვისტო 8
83 წლის მარიამ დემეტრაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სიღარიბეში ატარებს. იგი ცხოვროს ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში, სადაც აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებია
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
396 ₾
( 37 დონორი )
დასრულებულია

83 წლის მარიამ დემეტრაშვილი სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სიღარიბეში ატარებს. იგი ცხოვროს ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში, სადაც აუტანელი საყოფაცხოვრებო პირობებია.  ბოლო დროს, ამ ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობა განსაკუთრებით გაუარესდა: იგი ვერ გადაადგილდება, დაკარგა მხედველობა, დაუქვეითდა სმენა, აღენიშნება გონებრივი ჩამორჩენილობა, არ შეუძლია დღისა და ღამის ერთმანეთისგან გარჩევა. 
25 წლის წინ მარიამს გარდაეცვალა მეუღლე, ორი წლის შემდეგ - უფროსი ვაჟი, გავიდა კიდევ 8 წელი და მეორე ვაჟიც გარდაიცვალა. ოჯახის სამი წევრის უდროოდ წასვლამ დაღი დაასვა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. განუწყვეტელი ნერვიულობა და სტრესი მძიმე ფსიქიკურ დაავადებაში გადაიზარდა.
ამ ხანდაზმულ ქალბატონს უვლის 60 წლის რძალი, გარდაცვლილი შვილის მეუღლე, რომელიც ამავდროულად ზრუნავს ფსიქიკურად დაავადებულ შვილზე. 
ეს ადამიანები სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ. მათ საცხოვრებელში საშინელი სიდუხჭირე სუფევს, შეყუჟულნი არიან ერთოთახიან ბინაში, სადაც აუტანელი პირობებია. ეს ოჯახი ხშირად შიმშილობს, რამეთუ პენსიისა და სოციალური შემწეობის დიდი ნაწილი ხმარდება მედიკამენტების ყიდვას და ბინის ქირას. 
„არაერთხელ მივმართე მერიას თხოვნით, რომ გამოგვიყოს სოციალური საცხოვრებელი ან მოგვცენ ქირის ფული, მაგრამ უარით მისტუმრებენ, - ამბობს დოდო დემეტრაშვილი. თუ სახელმწიფი ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარება, ცოტათი მაინც მოვითქვამთ სულს, წამლებს ვიყიდი და საჭმელს“. 
-ქალბატონო დოდო, პროფესიით ვინ არის თქვენი დედამთილი?
დოდო: მთელი ცხოვრება პლასტმასის ქარხანაში მუშაობდა მუშად. სამწუხაროდ, მას არასდროს ჰქონია მშვიდი და დაწყნარებული ცხოვრება. მარიამი სულით ძლიერი ქალია, უამრავ ტრაგედიას გაუძლო, ბოლომდე ცდილობდა გამკლავებოდა სიძნელეებს. 
-ვინ გეხმარებათ? 
დოდო: მეზობლები გვეხმარებიან. ისინი რომ არ მყავდნენ, არ ვიცი რა მეშველებოდა. მეხმარებიან დედამთილის დაბანაში, ხანდახან საჭმელი შემოაქვთ, მამხნევებენ კეთილი სიტყვით. სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვეხმარება, თუ არ ჩავთვლით სოციალური შემწეობის 150 ლარს. ნახეთ, როგორ გაძვირდა ყველაფერი?! წამლების და პროდუქტების ფასი დღითიდღე იზრდება. სასოწარკვეთაში ვარ, მიჭირს ელემენტარული საკვების ყიდვაც კი...
-ალბათ კარგი დედამთილია ქალბატონი მარიამი ასეთი რუდუნებით რომ უვლით, არა? 
დოდო: ქალბატონი მარიამი შესანიშნავი პიროვნებაა. მე მას ვერ მივატოვებ. ეს არასდროს მოხდება. დედამთილიც რომ არ იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანს მოვლა-პატრონობა სჭირდება, მითუმეტეს ავადმყოფს. 
-თქვენი შვილი ფსიქიკურად არის დაავადებული?
დოდო: დიახ. გარდა ამისა, მას С ჰეპატიტი სჭირს. აი, ასე ვარ ორ ავადმყოფ ადამიანს შორის, ხან ერთს უჭირს, ხან- მეორეს. დიდი მადლობა თქვენს ფონდ, რომ „შინ მოვლის“ პროგრამაში ვართ ჩართული. თქვენი ექიმი და ექთანი პერიოდულად მოდიან ჩვენთან. 
- რაზე შეიძლება იოცნებოს ადამიანმა, რომელიც ორ ავადმყოფს უვლის? 
დოდო: მე ვოცნებობ, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი, ეხმარებოდნენ და ერთმანეთისთვის ცხოვრობდნენ. 
მეგობრებო, მარიამ დემეტრაშვილს ჩვენი დახმარება ესაჭიროება. ამ ქალბატონს ცხოვრებამ უმძიმესი ბედი არგუნა. დღეს მას და მის ოჯახს ძალიან უჭირს. თქვენ დახმარებას დემეტრაშვილების ოჯახისტვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მოდით გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და ხელი შევუწყოთ ქალბატოს დოდოს ორი ადამიანის მოვლაში. გფარავდეთ უფალი! 
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ დემეტრაშვილი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდანაც. 
კარგი იქნება, თუ გააზიარებთ პუბლიკაციას, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითავს ამ ისტორიას, მით უფრო იზდება დემეტრაშვილების ოჯახების დახმარების შანსი. 
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება!