თქვენ ჩემი ძმის განსაკურნებლად მოხვედით? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

თქვენ ჩემი ძმის განსაკურნებლად მოხვედით?

page info icon
2020 ოქტომბერი 28
page info icon
1806
ამ კითხვით, ზღურბლიდანვე საგონებელში ჩამაგდო სასაცილო, პატარა ნუცამ (8 წლის). „თქვენ ექიმი ხართ? თუ ჯადოქარი? დედამ თქვა, რომ თქვენ ჩვენს დასახმარებლად მოხვალთ! - არ ჩუმდება ბავშვი. - იცით, რომ გავიზრდები, მეც ექიმი გავხდები და აუცილებლად გამოვიგონებ წამალს მათესთვის; მაგრამ ამის ლოდინი იმდენ ხანს მოგვიწევს... იქნებ თქვენ შეძლოთ მისი განკურნება, თორემ ის არ დადის და საერთოდ არ გვეთამაშება. ნახეთ, რა სასაცილო ფეხსაცმელები აქვს!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,219 ₾
( 170 დონორი )
დასრულებულია

ამ კითხვით, ზღურბლიდანვე საგონებელში ჩამაგდო სასაცილო, პატარა ნუცამ (8 წლის). „თქვენ ექიმი ხართ? თუ ჯადოქარი? დედამ თქვა, რომ თქვენ ჩვენს დასახმარებლად მოხვალთ! - არ ჩუმდება ბავშვი. - იცით, რომ გავიზრდები, მეც ექიმი გავხდები და აუცილებლად გამოვიგონებ წამალს მათესთვის; მაგრამ ამის ლოდინი იმდენ ხანს მოგვიწევს... იქნებ თქვენ შეძლოთ მისი განკურნება, თორემ ის არ დადის და საერთოდ არ გვეთამაშება. ნახეთ, რა სასაცილო ფეხსაცმელები აქვს!“

ბედმა ისე ინება, რომ მარკოიძეების ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ, ქართულ ოჯახში, პატარა მათე (2 წლის) მძიმედ ავადმყოფი დაიბადა. ბუნებამ ის უამრავი საშინელი დიაგნოზით „დააჯილდოვა“: ტერფების გამრუდება, გონებრივი ჩამორჩენა, სიბრმავე, ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია, დაბადებისთანავე - მწვავე სეფსისი...

„ვერ გადარჩება!“ - ასეთი იყო ექიმების განაჩენი... მაგრამ მედიცინის ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, დედობრივ სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია. და აი, პატარა მათე უკვე 2 წლისაა! ოჯახს ის თუნდაც იმით აბედნიერებს, რომ უბრალოდ ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ მას არც სიარული შეუძლია, არც საუბარი, არც დანახვა...

ხათუნას (29 წლის) და მალხაზს (31 წლის) კიდევ ოთხი შვილი ჰყავთ: 3 წლის გია, 8 წლის ნუცა, 9 წლის ანასტასია და 10 წლის ანა-მარია. ისინი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობენ. მათ არც სათამაშოები აქვთ, არც ტანსაცმელი... საიდან? როდესაც საბრალო ოჯახის მთელი სახსრები ბავშვის მკურნალობაზე იხარჯება...

კეთილი თანამემამულეების თანაგრძნობის იმედით, სრულიად სასოწარკვეთილმა მარკოიძეების ოჯახმა ჩვენს ფონდს მომართა... და ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება იმაში, რომ მათი სევდიანი ისტორია თქვენს სათნოებით სავსე გულებშიც ჰპოვებს გამოძახილს!

ხათუნა, თუ შეიძლება, თქვენი უმცროსი ვაჟის, მათეს შესახებ მოგვიყევით. რა სჭირს პატარას?

ხათუნა: ჩემი პატარა მათე ავადმყოფი დაიბადა. ავადმყოფი - არასწორი სიტყვაა! ბავშვი 2 წლისაა, არ დადის, არ საუბრობს, ჭამა არ შეუძლია... ორივე თვალით ბრმაა და არავიზე რეაგირებს. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რა საშინელებაა! ყველა დიაგნოზს ვერც კი ვიხსენებ... მისი დაბადების წუთიდან ყველაფერი თითქოს ნისლშია. დაუსრულებელი ექიმები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, თეთრ ხალათიანი ადამიანები... უბრალოდ საშინელებაა... ვერ გადარჩებაო - სამშობიაროდან მათე ამ სიტყვებით გამოგვატანეს. ჩვენ ის ბათუმში გადავიყვანეთ, 45 დღე რეანიმაციაში ვიწექით და არც იქ დაგვაიმედეს.  შემდეგ, ბავშვი თურქეთში წავიყვანეთ. ორმა კლინიკამ უბრალოდ უარი თქვა მის მიღებაზე, გვითხრეს, რომ ბავშვი კვდებოდა; მაგრამ მესამეში დარჩენა მაინც მოვახერხეთ. ყველაფერი გავყიდეთ, რაც კი გვებადა - ტრაქტორები, ძროხები... სულ ყველაფერი... ვალები დავიდეთ, მარტო ჩვენ კი არა, ნათესავებმაც. სრულიად ყველას შეწუხება მოგვიწია! თურქმა ექიმებმა საქართველოში გამოგვიშვეს; გვითხრეს, რომ ჯერ ფეხები უნდა მოვიყვანოთ წესრიგში, შემდეგ კი აუცილებლად უნდა გაკეთდეს ქვედა ყბის ოპერაცია. იცით, რა გამოგვიცხადეს? რომ ჩემი პატარა მათე საერთოდ არ უნდა დაბადებულიყო! წარმოიდგინეთ, როგორია დედისთვის ამის მოსმენა! თბილისის კლინიკებშიც დაახლოებით სამი თვე გავატარეთ, ყველა შესაძლო საშუალება ამოვწურეთ, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვის მოცემაზე უარსაც კი გვეუბნებოდნენ, ამბობდნენ, რომ დამოუკიდებლად, თავს ვერ გავართმევდით; მაგრამ მათე სახლში მაინც წამოვიყვანეთ! მადლობა ჩემს დედამთილს! ციური წმინდა ქალია! ის ჩემთვის დედასავით არის, ერთი წუთითაც კი არ გვტოვებდა მარტო. სწორედ მან დაიჟინა, რომ ბავშვი სახლში წამოგვეყვანა. ახლა კი, სანამ მე და მეუღლე მთელი დღე მინდორში ვმუშაობთ, ჩემს საბრალო ბიჭუნას სწორედ ის უვლის და თვალყურს ადევნებს.

ხათუნა, კონკრეტულად რა დიაგნოზებზე არის საუბარი და როგორია ექიმების პროგნოზი?

ხათუნა: კონკრეტული დიაგნოზი ფეხებთან დაკავშირებით დასვეს - კოჭ-წვივის სახსრის დეფორმაცია. მას ოპერაცია გაუკეთდა, გარკვეული დროის განმავლობაში ფეხები თაბაშირში ჰქონდა ჩასმული, ახლა კი, საგანგებო, დამჭერიანი ფეხსაცმელი აცვია, ისევ რომ არ გაუმრუდდეს. მათე სრულიად ბრმაა, ასე გვითხრეს როგორც თბილისში, ისე წალკაში - მისმა მკურნალმა ექიმმა გვითხრა, რომელთანაც ბავშვი მუდმივად დაგვყავს კონსულტაციაზე. ექიმების პროგნოზი არასანუგეშოა. ამბობენ, რომ ჩემი ბიჭი სიცოცხლის ბოლომდე შშმ პირად დარჩება, მაგრამ ჩვენ ამის დაჯერება არ გვინდა! უფალი მოწყალეა, ის თავის შვილს არ დატოვებს!

– რა არის ყველაზე რთული ავადმყოფი ბავშვის აღზრდაში?

ხათუნა:მშობლებისთვის იმაზე უფრო საშინელი არაფერია, ვიდრე საკუთარი შვილის ტანჯვის ყურება... ეს ჯოჯოხეთური წამებაა! ყველაფერი რთულია, განსაკუთრებით, იმის გაცნობიერება, რომ შენი შვილი ვერასოდეს იქნება სრულფასოვანი, ვერ შეძლებს იცხოვროს ისე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი!

ხათუნა, რა რჩევებს მისცემდით დედებს, რომლებიც ისეთივე საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან, როგორც თქვენ?

ხათუნა: მინდა ყველას გამძლეობა და მოთმინება ვუსურვო. ბავშვი თქვენს სიძლიერეს უნდა გრძნობდეს, თქვენს სიყვარულს!

– რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ხათუნა:ჩემი რწმენა უსაზღვროა... მჯერა, რომ უფალი შეგვიწყალებს, სასწაული მოხდება და ექიმების ყველა დიაგნოზის მიუხედავად, ჩემი შვილი გამოჯანმრთელდება!

უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ?

ხათუნა:რა თქმა უნდა, მჯერა. როდესაც მათეს თურქეთში ვმკურნალობდით, ერთმა შორეულმა ნაცნობმა, რომელიც ნანახიც კი არ გვყავს, ​​3500 ლარი გადმოგვირიცხა. ეს თანხა მას საკუთარი შვილის ნათლობაზე აჩუქეს. როდესაც მან შეიტყო, რომ ჩემი შვილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა, უბრალოდ ადგა და ფული ჩვენ მოგვცა. ხომ ხვდებით? ყოველ ცისმარე დღეს, მის სახელს ლოცვებში მოვიხსენიებ! სიკეთე ხომ უკვალოდ არ ქრება. დარწმუნებული ვარ, უფალი ამ სიკეთისთვის მას ასჯერ მეტად დააჯილდოებს!  

– კონკრეტულად რა დახმარებისთვის მმართეთ ჩვენს ფონდს?

ხათუნა:ალბათ, ყველას ესმის, რომ როდესაც ოჯახში ავადმყოფი ბავშვია, ეს საშინლად მძიმე ტვირთია არა მხოლოდ მორალურად, არამედ ფინანსურადაც. ჩვენ ყველა რესურსი ამოწურეთ, გავყიდეთ ყველაფერი, რისი გაყიდვაც შეიძლებოდა... ვალებში ჩავვარდით და ჯერ კიდევ უცნობია, წინ რა ხარჯები გველოდება. ექიმთან ყოველი ვიზიტი საკმაოდ ძვირი ჯდება... არადა, ჩვენ კიდევ ოთხი შვილი გვყავს! წარმოიდგინეთ, ტელევიზორიც არ გვაქვს! საჭმელს შეშის ღუმელზე ვაკეთებთ, ზედვე ვაცხელებთ წყალს დასაბანად... საერთოდ არაფერი გვაქვს! არც მაცივარი, არც სარეცხი მანქანა... სახლიც, სადაცაა, თავზე დაგვემხობა! არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებ! ახლა, ყველაზე მთავარი ჩვენი პატარა მათეს ჯანმრთელობაა. იმედს არ ვკარგავთ, რომ როგორმე შევძლებთ მის დახმარებას...

მაინცდამაინც ჩვენთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ?

ხათუნა:იმიტომ, რომ თქვენ მართლა ბევრს ეხმარებით! თქვენს ფონდს ბევრი მეგობარი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ისინი ყველაზე კეთილი ადამიანები არიან, თუკი ამდენ ტანჯულ ხალხს ეხმარებიან, მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან... ჩემს შვილს თქვენი დახმარება მართლა სჭირდება, საკუთარი ძალებით ჩვენ ვერ გავუმკლავდებით!

– მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

ხათუნა: მე სხვა სოფელში დავიბადე და გავიზარდე. მალხაზს იქ ნათესავები ჰყავს და მათთან სტუმრად ხშირად მოდიოდა ხოლმე. ერთმანეთი ასე გავიცანით, შეგვიყვარდა, მერე კი, ის  უბრალოდ ადგა და თავის ოჯახში მიმიყვანა... უნდა ითქვას,  არაჩვეულებრივ ოჯახში! მისი მშობლები ჩემი მშობლები გახდნენ. 9 წლის წინ ტრაგედია დატრიალდა, ჩემი ქმრის 25 წლის ძმა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. უბრალოდ საშინელებაა! ჯერ კიდევ ვერ მოვსულვართ გონს...

– ეს სახლი თქვენ გეკუთვნით?

ხათუნა: ეს დედამთილ-მამამთილის სახლია. თავად - მეზობლად ცხოვრობენ... მაგრამ აქაურობას კაპიტალური რემონტი სჭირდება. სახურავი ჟონავს, კედლები იშლება... ოღონდაც არ ჩამოიქცეს!.. სახლი დიდია, მოვლა სჭირდება, ჩვენ კი ამის საშუალება საერთოდ არ გვაქვს.

მშობლები ან ნათესავები თუ გეხმარებიან?

ხათუნა:ვისაც როგორ შეეძლო, უკვე ყველა დაგვეხმარა... დედამთილი მთელი დღე ბავშვებთან არის, მე და ჩემი ქმარი სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებულები, რადგან მიწის დამუშავებას დიდი დრო და ძალა სჭირდება, რამე მაინც რომ გაიზარდოს. დედაჩემმა დროებით ძროხა მოგვცა, ბავშვებს ნატურალური რძის პროდუქტები რომ ჰქონდეთ... პრინციპში, სულ ეს არის... ჩემი ძმაც შშმ პირია, ამიტომ შველას, კაცმა რომ თქვას, არსაიდან ველით.

როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი, როდესაც ოჯახი შექმენით?

ხათუნა: ყველაფერი, როგორც სხვებს. ჩვენ უბრალოდ მშვიდი, დინჯი ოჯახური ცხოვრება გვინდოდა. გრანდიოზული გეგმები არ გვქონია. ბევრი შვილი გვინდოდა... სახლში რომ ყოველთვის ხმაური და მხიარულება ყოფილიყო. მაგრამ ბავშვის ავადმყოფობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩვენი წყნარი, ოჯახური ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა, მუდმივად სამკურნალო თანხებს ვეძებთ...

– გულწრფელად თანაგიგრძნობთ. დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ხათუნა:როდესაც მათე თურქეთში წავიყვანეთ, ჩვენ ყველანაირ დახმარებაზე კატეგორიული უარი გვითხრეს; თქვეს, რომ ბავშვი იქ საკუთარი ინიციატივით წავიყვანეთ; მაგრამ როდესაც მას ტერფების ოპერაცია გაუკეთდა, ჩვენ თანხის თითქმის სამი მეოთხედი დაგვიფინანსეს... ახლა, სახელმწიფოსგან, მათეს შშმ პირთა პენსიას და სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 670 ლარის ოდენობით.

ეს თანხა რაზე გყოფნით?

ხათუნა:ექიმებთან ხშირი ვიზიტებისა და ბავშვის მკურნალობის გათვალისწინებით, საერთოდ არაფერზე. ბავშვებს ტანსაცმელსაც კი ვერ ვყიდულობთ! ერთმანეთის ნაცვამს იცვამენ. სათამაშოებზე და პირის ჩასატკბარუნებელზე აღარაფერს ვამბობ...

– მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური რაციონი?

ხათუნა: მადლობა ღმერთს, ძროხა გვყავს! სხვაგვარად, ალბათ მხოლოდ კარტოფილის ჭამა მოუწევდათ! ახალი რძე კი უკვე დიდი შვებაა. რაღაც ვიტამინები მაინც აქვს...  

– ბავშვები სკოლაში, ან საბავშვო ბაღში თუ დადიან?

ხათუნა:რა თქმა უნდა! გოგონები - ანა-მარია (10 წლის), ანასტასია (9 წლის) და ნუცა (8 წლის) სკოლაში დადიან. სხვათა შორის, კარგადაც სწავლობენ! თუმცა, ახლა, პანდემიის გამო, გაკვეთილები მამის ტელეფონმა ჩაანაცვლა. ნოუთბუქები, რომლებსაც პირველ კლასში იძლევიან, არაფრად ვარგა, ძალიან მალე ფუჭდება, შესაკეთებლად კი ფულია საჭირო. გია (3 წლის) საოცარი ბავშვია, ისეთი ალერსიანია, მაგრამ ჯერ არ ლაპარაკობს. სახელი გარდაცვლილი ბიძის საპატივცემულოდ დავარქვით. რთულია, ბავშვებს აუხსნა, მათი უმცროსი ძმა მუდმივად რატომ წევს და არაფერზე რეაგირებს... არ შეუძლია მათთან ერთად თამაში...

ხათუნა, თუ შეიძლება, ბავშვებს გავესაუბრები. ანა-მარია, როგორ ხარ? როგორ სწავლობ? რომელია შენი საყვარელი საგანი?

ანა-მარია (10 წლის):კარგად ვსწავლობ, დედას და ბებიას ჩემი კარგი ნიშნები ყოველთვის უხარიათ! ყველაზე მეტად, მათემატიკა მიყვარს, ძალიან კარგი მასწავლებელი გვყავს!  ასევე, დებსაც ვეხმარები გაკვეთილების მომზადებაში! მეც მათემატიკის მასწავლებელი ვიქნები!..

ანასტასია (9 წლის): მათემატიკა მეც მიყვარს, ასევე, ქართული ენა! მიყვარს მოთხრობების კითხვა!

შენი საყვარელი მოთხრობა რომელია?

ანასტასია: „ნაცარქექია“ (ქართული ზღაპარი). ის ჭკვიანია და დევს თავისი ეშმაკობის წყალობით ამარცხებს!


ნუცა (8 წლის):ეგ ზღაპარი მეც მიყვარს! მეც მკითხეთ, რა!

რა თქმა უნდა, ყველას რიგრიგობით გკითხავთ, ნუ ნერვიულობთ. ანასტასია და ნუცა, რომ გაიზრდებით, ვინ უნდა გამოხვიდეთ?

ანასტასია: მე ექიმი გავხდები და ჩემს ძმას განვკურნავ! თორემ, სულ წევს, არ დადის, არ გვესაუბრება და არც თამაში სურს... დედა ამბობს, რომ ის ავად არის...

ნუცა: მეც ექიმი გავხდები! მე და ანასტასია მსოფლიოში საუკეთესო ექიმები ვიქნებით! ეს ჩვენი ყველაზე დიდი ოცნებაა!

კიდევ რაზე ოცნებობთ, გოგოებო?

ანა-მარია:გვინდა, ჩვენი ძმა ჯანმრთელი იყოს…

ნუცა:კიდევ, ბევრზე-ბევრი სათამაშო და კანფეტი!


და პატარა გია რაზე ოცნებობს?

ანასტასია:ოოო! გიას ძალიან უყვარს შოკოლადი. დედა თუ ყიდულობს, ჩვენთვის გაყოფა არ უყვარს. ჯერ პატარაა, არ ესმის, რომ შოკოლადი ყველას უნდა გაუყო... დედას ხომ იმდენი ფული არ აქვს, რომ ბევრი გვიყიდოს...

ხათუნა, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

ხათუნა:მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - რომ შვილი ფეხზე დავაყენო. დღედაღამ, ამაზე ვლოცულობ. და რა თქმა უნდა, თუკი ჩემს შვილებს ყველაფერი კარგად ექნებათ, მე სხვა ბედნიერება აღარც მჭირდება...

თქვენი აზრით, პირველ რიგში, რა გჭირდებათ?

ხათუნა:მათეს მკურნალობისთვის მუდმივად ფული გვჭირდება, რომელიც უბრალოდ არ გვაქვს... და ვერც ვერსაიდან მოვიტანთ. მთელი ჩვენი მოკრძალებული შემოსავალი ექიმებთან სიარულში იხარჯება. ამის გამო, დანარჩენი ბავშვები ყველაფერს არიან მოკლებულნი. დაძონძილ-დაკონკილები დადიან, არც ტანსაცმელი აქვთ, არც სათამაშოები. ჩვენს საშინელ საცხოვრებელ პირობებზე ხმას აღარ ვიღებ. ნებისმიერი დახმარება გაგვიხარდება... ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ჩვენ შესახებ წაიკითხავს და ჩვენს გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს... თუნდაც შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რომ რამით მაინც დაგვეხმაროს. უბრალოდ ილოცებს ჩვენი მათეს ჯანმრთელობისთვის!

***

მეგობრებო, მარკოიძეების ოჯახი, მორალურადაც და ფინანსურადაც, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა! ბედმა ისე ინება, რომ პატარა მათე (2 წლის) ამ ქვეყანას უამრავი დაავადებით მოევლინა. ბავშვის მკურნალობა ზღაპრულ თანხებს მოითხოვს და მოკრძალებული, ქართული ოჯახისთვის ეს უმძიმესი ტვირთია. ჩვენ არ შეგვიძლია, გულგრილები დავრჩეთ მშობლების გასაჭირის მიმართ და უბრალოდ ვალდებულები ვართ, რომ მათ შვილის ფეხზე დაყენებაში დავეხმაროთ!

მარკოიძეების ოჯახს ნებისმიერი დახმარება სჭირდება - იქნება ეს საფენები, ბავშვის ტანსაცმელი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ჩვენ მათ მხარდაჭერის გარეშე ვერ დავტოვებთ!

შეგიძლიათ, მარკოიძეების ოჯახი თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაგომარი

ან დაურეკეთ პატარა მათეს ბებიას, რომელიც გამუდმებით მასზე ზრუნავს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი:571 08 63 61

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირისშესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარკოიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთან ერთად, ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით მარკოიძეების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი. უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: