ჩემი შვილები შიმშილისაგან იხსენი, ღმერთო... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემი შვილები შიმშილისაგან იხსენი, ღმერთო...

page info icon
2021 მარტი 9
„რა კარგია, რომ გვესტუმრე! - ჩვენ შესახვედრად გამორბის 6 წლის თევდორე. - ოღონდ მერე კიდევ მოდი, კარგი? საჭმელი რომ გვქონდეს და შენი გამასპინძლებაც შევძლოთ!“ „დიახ, ფული რომ ერიცხება, დედა გემრიელ საჭმელებს გვიკეთებს, - გვიხსნის 9 წლის ანასტასია. - მაგრამ ეს იშვიათად ხდება“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,896 ₾
( 139 დონორი )
დასრულებულია

„გამოდის, ახლა თქვენთვის სამყოფი საჭმელიც არ გაქვთ?“ – მიელვებს თავში, სანამ მათ საშინელ სახლს ვათვალიერებ: ნახევრად დანგრეული კედლები, ბეტონის იატაკი, ძველი ავეჯი. კომფორტზე საუბარიც კი ზედმეტია, მათ წყალიც კი არ აქვთ გაყვანილი... ეზოში უზარმაზარი, წყლით სავსე ბოცები და ძველი პირსაბანი დგას, რომლის მსგავსსაც დიდი ხანია აღარავინ იყენებს. „აქ როგორ ცხოვრობთ, ბავშვებო?“ მიჭირს იმის დაჯერება, რომ თანამედროვე ქართველები, მით უმეტეს ბავშვები, ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრობენ...

  „ჩემს შვილებს დღეს ყველაზე უბრალო ბავშვური სიხარულიც კი აკლიათ: ტკბილეული, სათამაშოები, ნორმალური საჭმელი... დახმარებიდან დახმარებამდე უბრალოდ გადარჩენას ვცდილობთ, - გულისტკივილით გვიყვება ლენა. - არადა, მათ ბედნიერებისთვის ისე ცოტა რამ სჭირდებათ: საჭმელი და ტანსაცმელი, სასკოლო რვეულები... მთელ ჩემს იმედებს ღმერთზე და კეთილ ადამიანებზე ვამყარებ“.


- ლენა, თუ შეიძლება, თანმიმდევრობით მოგვიყევით, რა შეგემთხვათ?

ლენა: საშინლად გვიჭირს... მას შემდეგ, რაც ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა, ჩემი შვილები ყველაფერს მოკლებულები არიან. ზოგჯერ მათთვის საჭმელიც კი არ მაქვს! აქ არანაირი პირობა არ არის, წყალიც კი არ არის გაყვანილი, ჭიდან ვეზიდებით, მაგრამ დასალევად არ ვარგა, ამიტომ მისი მოტანა მეზობლებისგან გვიწევს. გაზი არ გვაქვს, იატაკი ბეტონისაა, ბავშვებს სულ სცივათ და ცივდებიან. რაც შეეხება სკოლას, მათთვის კალმებს და რვეულებსაც კი ვერ ვყიდულობ. საწყლებს სწავლაც არ შეუძლიათ, რადგან ფული არ გვაქვს, რომ ინტერნეტი გამოვიყვანოთ. არც ტანსაცმელი გვაქვს, არც ფეხსაცმელი; ის აცვიათ, რასაც ჩვენს მახლობლად მდებარე მონასტერში გვჩუქნიან. ეს სახლიც ისეთ მდგომარეობაშია, საცხოვრებლად საერთოდ არ ვარგა! ან რას გიყვებით, უბრალოდ მიმოიხედეთ გარშემო...


ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

ლენა: ადრე, როდესაც ჩემი მეუღლე მუშაობდა, თავი როგორღაც გაგვქონდა. მაშინაც გვიჭირდა, მაგრამ ასეთ უიმედო მდგომარეობაში მაინც არ ვიყავით. ისინი მდინარის გასწვრივ ჯებირს აგებდნენ; მაგრამ მერე ჩემი ქმარი სამსახურიდან დაითხოვეს, სოციალური დახმარება კი კატასტროფულად არ გვყოფნის... ბავშვებს იმდენი რამ სჭირდებათ! გარდა ამისა, ერთი წლის წინ ჩემი დედამთილი გარდაიცვალა. საწყალი, ორი თვე იწვა და იტანჯებოდა... მიკროინსულტი ხუთჯერ გადაიტანა, ბოლოს ვეღარც კი ლაპარაკობდა; მისი მკურნალობისთვის ფული გვჭირდებოდა, ვალები დაგვედო... ჩემი მამამთილიც ძალიან მოხუცია, სულ წნევები აწუხებს, მისი პენსიის ნახევარი წამლებზე იხარჯება.


და ეს სახლი თქვენ გეკუთვნით?

ლენა: დიახ, ჩემი მეუღლის მშობლებს. მას საფუძვლიანი შეკეთება სჭირდება, მაგრამ ფული საიდან მოვიტანოთ? ბეტონი იატაკზე ერთი წლის წინ დავასხით, თორემ მანამდე მიწის იატაკი გვქონდა; მაგრამ რას იზამ, ძველი სახლია, მის წესრიგში მოსაყვანად ბევრი ფულია საჭირო. ქუჩაში რომ არ ვართ, მაგაზეც მადლობელი ვარ.

თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?

ლენა: მე თვითონ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედა დიდ სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად მუშაობდა, 9 წლის ასაკიდან სამსახურში მასთან ერთად დავდიოდი და ვეხმარებოდი, მერე კი მეც მაღაზიების დალაგება დავიწყე. ადრეული ასაკიდანვე პატარა, მაგრამ საკუთარი შემოსავალი მქონდა. ჩემი მეუღლე თანამშრომელმა ტელეფონით გამაცნო. ჩემთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე დღეში, ედო ჩემი ცოლად შერთვის მტკიცე განზრახვით ჩამოვიდა (იცინის.) ის ჩემზე 10 წლით უფროსია. პირდაპირ და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე გამომიცხადა, რომ სერიოზული განზრახვა ჰქონდა და მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. ორ კვირაში დავქორწინდით. ის რატომღაც მაშინვე მომეწონა და იცით, ეს არასდროს მინანია! ის არაჩვეულებრივი მამა და მეუღლეა, ყურადღებიანი, მზრუნველი, კეთილი. ფინანსური პრობლემები რომ არა, ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნებოდა!


ალბათ არასდროს გიფიქრიათ, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით...

ლენა: არა, რა თქმა უნდა. ჩვენ მეგობრული ოჯახი გვყავს; მადლობა ღმერთს, ბავშვებიც ჯანმრთელები არიან. სხვა რაზე უნდა ვიოცნებო? მე და ჩემს მეუღლეს სამსახური და თუნდაც მოკრძალებული, მაგრამ სტაბილური შემოსავალი რომ გვქონდეს, თავს კიდევ რაღაცნაირად გავართმევდით, მაგრამ ამ ვირუსის გამო ჩემი მეუღლე დამატებით სამუშაოსაც კი ვერ შოულობს.


მშობლები ან ნათესავები არ გეხმარებიან?

ლენა: ჩემი მამამთილი უკვე ძალიან მოხუცდა და მოვლა და ყურადღება თავად სჭირდება. დედაჩემიც ასაკშია, აღარ მუშაობს... დები კი მყავს, მაგრამ მათაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. დასახმარებლად ვის მივმართო?

და უცხო ადამიანები? იქნებ თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, ვინც მართლა გულწრფელად გეხმარებიან?

ლენა: იცით, ჩვენი სოფელი ღარიბია, ყველას უჭირს. ჩვენ ძროხა არ გვყავს, მაგრამ მეზობელს ჰყავს და კვირაში ორჯერ, ზოგჯერ უფრო ხშირადაც, რძეს ან ყველის ნაჭერს გვაძლევს! ღმერთმა მას ჯანმრთელობა მისცეს! წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს შვილებს მარტო მაკარონის ჭამა მოუწევდათ... კიდევ ერთი გულკეთილი მეზობელი საჭმელს რომ აკეთებს, ხაჭაპურით ან ორცხობილით ჩვენც გვიმასპინძლდება. მათი ისეთი მადლიერი ვარ; ჩვენ ხომ ძალიან უბრალო რაციონი გვაქვს. დახმარებას რომ ვიღებ, ვცდილობ ყველაფერი ცოტ-ცოტა ვიყიდო. ერთ ქათამს ვყიდულობ და ვცდილობ, დიდხანს ვიმყოფინო. ხორცის ნახარშს ცალკე ვიყენებ წვნიანისთვის, რომ მშრალი საჭმელი არ ვჭამოთ; ხორცს კი ვანაწილებ, ბრინჯში ან მაკარონში ვამატებ და ასე გაგვაქვს თავი... რა თქმა უნდა, მათ რამე გემრიელიც უნდათ, ტკბილეული, კანფეტები, მაგრამ ჩვენ თავს ამის უფლებას ძალიან იშვიათად ვაძლევთ...


ლენა, შემოსავალი რამდენი გაქვთ?

ლენა: სოციალური დახმარება და ჩემი მამამთილის პენსია, სულ ეს არის! ეს თანხა კომუნალურ გადასახადებზე, სურსათზე და მამამთილის წამლებზე ძლივს გვყოფნის...

არ გიცდიათ, რომ დახმარების სათხოვნელად ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მიგემართათ?

ლენა: იცით, როდესაც ჩემი უმცროსი ბიჭი რეანიმაციაში აღმოჩნდა და მკურნალობა დასჭირდა, ყველა ინსტანცია მოვიარე, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევდა... მას შემდეგ მათთვის დახმარების თხოვნით აღარ მიმიმართავს, აზრი არ აქვს...


გაბრიელზე ამბობთ? რა დაემართა?

ლენა: ჯერ კიდევ მიჭირს იმის ახსნა, რა მოხდა. საკეისრო ქუთაისში გამიკეთეს. ჩემი ბიჭი რომ დაიბადა, ტირილი ვერ შეძლო, ამიტომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს და ორი დღე არ მიჩვენებდნენ. ექიმმა გამომიცხადა, ვერ იცოცხლებსო და უამრავი საშინელი დიაგნოზი ჩამომითვალა: თავის ტვინის შეშუპება, თირკმელები და ფილტვები არ უმუშავებდა, გულის მანკი, ნაწლავების პრობლემები... მოკლედ, ის თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს, მე კი საავადმყოფოდან არ გამომიშვეს, რადგან გართულებები მქონდა. ღმერთო, რამდენს ვლოცულობდი, რამდენს ვტიროდი... და წარმოგიდგენიათ, ერთი კვირის თავზე, ჩემს ბიჭთან ჩასვლა რომ შევძელი, მითხრეს, რომ მას უბრალოდ სეფსისი ჰქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და გაბრიელს სრულიად ჯანმრთელს გამოწერდნენ. განა ეს სასწაული არ არის? ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს ექიმები! მათ ბავშვი ფაქტობრივად სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან... და დარწმუნებული ვარ, რომ ლოცვები ნამდვილ სასწაულებს ახდენენ! ჩემი ბიჭი დღეს სრულიად ჯანმრთელია, გაციებითაც კი იშვიათად ცივდება.


ძალიან მორწმუნე ხალხი ყოფილხართ...

ლენა: დიახ,ჩვენს სოფელში წმინდა გიორგის ეკლესიაა, სადაც წირვაზე დავდივართ; არის ქალთა მონასტერიც, სადაც ძალიან კეთილშობილი დედები ცხოვრობენ... ისინი ბავშვებისთვის ტანსაცმელს ყოველთვის მაძლევენ, მეფერებიან, კეთილი სიტყვით მანუგეშებენ... ზოგჯერ რაღაც პროდუქტებსაც კი მაძლევენ ხოლმე...


თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ გვიამბეთ.

ლენა: საოცარი შვილები მყავს... (ლენას სიხარულით თვალები გაუბრწყინდა.) ანასტასია კარგად სწავლობს, პირველ და მეორე კლასებში სიბეჯითისთვის სიგელიც კი მისცეს. თევდორე სკოლაში წელს მივიდა... მივიდა როგორ...  ჩაირიცხა, რადგან სკოლები დაკეტილია. ინტერნეტი არ გვაქვს, ამიტომ მას პირველი სემესტრის გაცდენა მოუწია, წერა-კითხვა უჭირს. ვცდილობ დავეხმარო, მაგრამ ხომ გესმით, ეს საკმარისი არ არის... იმედი მაქვს, სკოლებს მალე გახსნიან და პროგრამას დავეწევით. გაბრიელის შესახებ კი უკვე გიამბეთ. ის ისეთი ჭკვიანი და ალერსიანია...

თუ შეიძლება, მათაც გავესაუბრები. ანასტასია, ყველაზე უფროსი შენ ხარ. მოდი, მოგვიყევი, შენი საყვარელი საგანი რომელია? რა გიტაცებს?

ანასტასია (9 წლის):სკოლა ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად მათემატიკა მომწონს, განსაკუთრებით ამოცანების ამოხსნა მიყვარს. ასევე, ხატვაც მომწონს და ცეკვაც. ცეკვის წრეზეც კი დავდიოდი, მაგრამ იქ იმდენი რამ არის საჭირო... ფორმა, სპეციალური ფეხსაცმელი... თავის დანებება მომიწია.


რომ გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე?

ანასტასია:მათემატიკის მასწავლებელი! ჩვენ ძალიან კეთილი და კარგი მასწავლებელი გვყავს და მინდა, მას ვგავდე. ბავშვებსაც ძალიან ვეყვარები!

თევდორე (6 წლის):მე კი მაშველი გავხდები! ხანძრის დროს ხალხს გადავარჩენ ხოლმე!

ალბათ მეხანძრეს გულისხმობ, არა?

თევდორე:არა! მაშველი! ყველა გასაჭირში მყოფს გადავარჩენ, თუ ორმოში ჩავარდებიან ან რაიმე მსგავსი...

რა მამაცი ბიჭი ყოფილხარ! და შენ რაზე ოცნებობ, თევდორე?

თევდორე:მე მანქანა და ბევრზე ბევრი კანფეტი მინდა!


მაინც როგორი მანქანა გინდა?

თევდორე:არც დიდი, არც პატარა; საშუალო ზომის, მწვანე...

და შენ, ანასტასია?

ანასტასია:თოჯინა მინდა, რომელიც ცეკვავს და მღერის, სხვადასხვა ფერის თმით. ასეთი ტელევიზორში მაქვს ნანახი...  

გაბრიელ, დამელაპარაკები? შეგიძლია მითხრა რაზე ოცნებობ?

ანასტასია: (იცინის.) არაა, ერიდება... თან არც ისე კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ჩვენ მისი გვესმის! მე გეტყვით რა თქმა უნდა. მანქანები და კანფეტები მასაც უყვარს; კანფეტები ყველას გვიყვარს, მაგრამ დედა მათ იშვიათად გვყიდულობს. მხოლოდ მაშინ, როცა ფული ირიცხება...

თევდორე:ჩვენთან სტუმრად კიდევ მოხვალ? დედას ფულს რომ დაურიცხავენ, მაშინ მოდი, რადგან მაშინ გემრიელ საჭმელს აკეთებს ხოლმე და შევძლებთ, რომ გაგიმასპინძლდეთ!


რა თქმა უნდა, პატარავ, გპირდები, რომ აუცილებლად მოვალ! თქვენ რაზე ოცნებობთ, ლენა?

ლენა: ვოცნებობ, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩემს შვილებს ღირსეული მომავალი ჰქონდეთ, კარგი ადამიანები გაიზარდონ და ცხოვრებაში საკუთარი გზა იპოვონ. დღედაღამ ამაზე ვოცნებობ... მათზე გული შემტკივა... მინდა, რომ გემრიელი საჭმელი, ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სათამაშოები ჰქონდეთ, რომ თუნდაც პატარა, მაგრამ თბილი, სუფთა და მყუდრო სახლი გვქონდეს. ყოველ ჯერზე დახმარების დარიცხვას ველოდებით, რომ რაღაც ვიყიდოთ. ახლა, მაგალითად, მათთვის რვეულებისა და კალმების ყიდვის შესაძლებლობაც არ მაქვს და სინდისი მაწუხებს, რომ მათი ყველაზე ელემენტარულით უზრუნველყოფაც კი არ შემიძლია...

პირველ რიგში რა გჭირდებათ? რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?

ლენა: ღმერთო, რა უხერხულია თხოვნა... ბავშვები და უკიდურესი გაჭირვება რომ არა, არასდროს არავის შევაწუხებდი. ჩვენ ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს. ბავშვები მუდმივად ცუდად იკვებებიან, არც სწავლა შეუძლიათ, რადგან ინტერნეტი არ გვაქვს... მით უმეტეს ახლა, ვირუსის გამო, სახლში სხედან, ჩვენ კი ტელევიზორიც არ გვაქვს... (ლენას ენა დაება.)


თქვით, ლენა, ნუ გერიდებათ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დაგეხმაროთ...

ლენა: საწოლები არ გვაქვს; მე, ჩემს მეუღლეს და შვილებს - ხუთ კაცს ერთ საწოლზე გვძინავს... პურის საცხობი ღუმელი დიდი დახმარება იქნებოდა. პურს მე თვითონ გამოვაცხობდი და ფულს დავზოგავდი, რადგან ფქვილი უფრო იაფია... სარეცხი მანქანა კი ჩემთვის ნამდვილი ოცნებაა! ჩვენი უკვე დაძველდა და აღარ ვარგა... ყველაზე მთავარი სურსათი და ბავშვებისთვის ინტერნეტია, სხვა დანარჩენი ფუფუნების საგნებია. თქვენი ფონდის შესახებ იმდენი კარგი მსმენია; თქვენ გაჭირვებულ ხალხს მართლა ეხმარებით. მესმის, რომ ახლა ყველას ძალიან უჭირს. საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი, როდესაც დარეკეთ და მითხარით, რომ მოხვიდოდით. იმედი გამიჩნდა, რომ ჩემს შვილებსაც დაეხმარებოდნენ... უკვე იმისთვისაც ვარ მადლობელი, რომ მოხვედით, მომისმინეთ, თანაგრძნობა გამოიჩინეთ. ღმერთმა დაგლოცოთ!


***

  მეგობრებო, ხელაძეების ოჯახი საშინელ პირობებში, ძველ სახლში ცხოვრობს, სადაც ბეტონის იატაკია, არც წყალია, არც გაზი. 3 წლის გაბრიელს, 6 წლის თევდორეს და 9 წლის ანასტასიას ყველაფერი აკლიათ. ისინი მუდმივად ცუდად იკვებებიან, მათ ერთმანეთის გამონაცვალი აცვიათ, არ აქვთ სწავლის საშუალება, კანფეტებზე და სათამაშოებზე კი ისინი მხოლოდ ოცნებობენ! მაგრამ ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ ბავშვებს ბავშვობა დავუბრუნოთ, რომ ისინი კვლავ იღიმოდნენ და ხარობდნენ!

  ხელაძეების ოჯახს სჭირდება ნებისმიერი დახმარება: სურსათით, საწოლებით, ტელევიზორით, სარეცხი მანქანით - ყველაზე ელემენტარულ საკითხებში. მათ არც სიმდიდრე სჭირდებათ და არც ფუფუნება; მათ ძალიან მოკრძალებული ოცნებები აქვთ. 

  ხელაძეების ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნიგვზიანი.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებულიადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ხელაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ხელაძეებისოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა!ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: