პროექტის რეპორტი სიკვდილის პირისპირ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სიკვდილის პირისპირ!

page info icon
2021 აპრილი 9
page info icon
1369
კიბო! ამაზე საშინელი სიტყვა არსებობს?.. ყველაფერი პატარა და ერთი შეხედვით უვნებელი მუწუკით დაიწყო; ორი თვის შემდეგ კი 46 წლის ხვიჩას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. დიაგნოზი - მეოთხე სტადიის რბილი ქსოვილების სარკომა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,403 ₾
( 349 დონორი )
დასრულებულია

ჩემი შვილების ბედნიერებისთვის უფალი დაგაჯილდოებთ!

კეთილო ადამიანო, გააზიარე პოსტი, რომ ამ ღვთისნიერი საქმეში შენმა მეგობრებმაც მიიღონ მონაწილეობა!

– სანდრიკ, რას გააკეთებდი, ბევრი ფული რომ გქონდეს?

– ყველა ნაყინს ვიყიდდი მაღაზიაში და ჩვენს მაცივარში შევალაგებდი. ერთ თაროზე „სტაკანჩიკები“ იქნებოდა, მეორეზე - „ესკიმო“... და კიდევ, ნაყინი-ბუტერბროდი.

– რა ბუტერბროდი, სანდრიკ? ბუტერბროდი კი არა, ნაყინი-სენდვიჩი.

– ჰო, დამავიწყდა, დიდი ამბავი! და შენ რას გააკეთებდი, ელენე, ბევრი ფული რომ გქონდეს?

– იასამნისფერი ოთახი მექნებოდა, რომელსაც ალუბლებით მოვრთავდი.

– რატომ ალუბლებით? რა სასაცილოა! იქნებ გარგარით ან ქლიავით?

– მე ასე მინდა და იმიტომ!

– ბავშვებო, ჯერ კიდევ არ გძინავთ?

– ვოცნებობთ, დე...

როგორ ფიქრობთ, ეს ბავშვების ჩვეულებრივი დიალოგია? არა, ეს ბევრად მეტია! სანდრიკა და ელენე ისევ ოცნებობენ! მიმდინარე წლის აპრილში სანდრიკამ, ელენემ და მათმა დედამ, ელმირამ, დიდი დარტყმა და შოკი მიიღეს: მათ მამა - ხვიჩა დაკარგეს. ხვიჩას სიცოცხლე, კიბოს გამო, 46 წლის ასაკში დასრულდა... ჩვენი პროექტი, რომელიც მელიქსეტოვების ოჯახს ეძღვნებოდა, ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/717-melisektova/

დიახ, ვაღიარებთ, რომ მწუხარების ჟამს ბავშვებისა და დედის ნუგეშისცემა ძალიან რთული ამოცანა იყო; მაგრამ ჩვენ თითქმის შეუძლებელი შევძელით, მეგობრებო! შეხედეთ ბავშვებს: სანდრიკა და ელენე ისევ იღიმიან! ელმირაც ნელ-ნელა გონს მოდის, ცდილობს ძლიერი იყოს და სამსახურს დაუბრუნდეს. ეს ჩვენი რთული და საერთო გამარჯვებაა!

რა საყვარლები არიან!.. და ისევ იღიმიან!

ელმირა, კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმ ტკივილს, რომლის გადატანაც მოგიწიათ. ამავე დროს, გვინდა ვიცოდეთ, რომ სულის გამრთელების გზას ადგახართ. მკითხველები სულ თქვენზე გვეკითხებიან და ძალიან დარდობენ...

ელმირა: ჩემო კარგებო, ჩემი ძვირფასო და თბილო ადამიანებო! ამ ყველაფრის გადატანა მხოლოდ იმიტომ შევძელი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენ იყავით ჩემ გვერდით. ხვიჩას გარდაცვალების შემდეგ ჩემთვის ცხოვრება გაჩერდა. კარგს აღარაფერს ველოდი, მეგონა, რომ აღარაფერი გამახარებდა. ძალიან ძნელია... მსგავს ტკივილს არავის ვუსურვებ... ბავშვები სულიერად დაეცნენ.... დავობლდით... მაგრამ ფონდის პროექტი მაგრად ჩაგვეჭიდა! თქვენ მარტო არ დაგვტოვეთ და იმის საშუალება არ მოგვეცით, რომ ჩვენს მწუხარებას მივცემოდით... და იმედი მომეცა. ყოველდღე, ნელ-ნელა, მწუხარების და სტრესის დაძლევაში გვეხმარებოდით (ცრემლებს იწმენდს), თქვენი სიკეთით და ყურადღებით გვკურნავდით... ეს ძალიან გვჭირდებოდა... მეც და ჩემს შვილებსაც...

თქვენთვის მადლობის თქმით არასოდეს დავიღლები! ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენს ამბავს გამოეხმაურა, სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება!

არასოდეს დამავიწყდება ბავშვების რეაქცია, როდესაც საჩუქრებით სავსე მანქანა დაინახეს. სახლიდან გარეთ გაცვივდნენ და მის წინ დადგნენ მოლოდინში. ამდენი ცრემლისა და ნერვიულობის შემდეგ, მათ სხვა ემოციები - სიხარული და გაოცება ძალიან სჭირდებოდათ... მგონი, იმ დღეს პირველად გაიღიმეს გულწრფელი ღიმილით; თვალები უბრწყინავდათ. უფალო, ასი წლის სიცოცხლე მიეცი ყველას, ვინც ამის გაკეთება შეძლო! მე უკვე აღარ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა და აღარც შემეძლო. ძალა მე თვითონ აღარ მქონდა. თქვენ კი შეძელით! ჩვენ ყველაფერში მოგენდეთ: თქვენს სიყვარულს, ყურადღებას და თანაგრძნობას ვიღებდით. ათეულობით ადამიანმა დარეკა, ბევრი დარეკვის გარეშე მოვიდა, ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა ... გვეხმარებოდნენ, მხარში ამოგვიდგნენ...

„ცხოვრება გცვლის და თავის კვალს გამჩნევს. დედა ვარ და ბავშვები მე მიყურებენ, ჩემი იმედი აქვთ.“

  მოდი ერთად გავიხსენოთ, რა ხდებოდა და ვისი ვიზიტი დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

ელმირა: ყველა ოქრო და ღვთის ხალხია! როგორ გამოვყო? ბევრის სახელი ვერ დავიმახსოვრე, თავში დომხალი მქონდა, დარდისგან ვეღარ ვაზროვნებდი. მათი ტელეფონის ნომრები კი მიწერია, მაგრამ სახელების გარეშე... პალმის კვირა დამამახსოვრდა: სამების ეკლესიაში წირვას ვესწრებოდი, როცა ერთმა კაცმა დამირეკა. თურმე უკვე ჩვენს სახლთან იყო, ვარკეთილში (სადაც ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ) და სურსათით ხელში, ეზოში მელოდებოდა. დამელოდა, სანამ ეკლესიიდან დავბრუნდებოდი. ძაძებში ჩაცმული რომ დამინახა, ცრემლები ვეღარ შეიკავა. დიდხანს და ყურადღებით მელაპარაკა, ბოდიშს მიხდიდა, რომ დროზე მოსვლა ვერ მოასწრო და ხვიჩას ცოცხალს ვერ მოუსწრო... (ცრემლებს იწმენდს.) მითხრა, რომ ჯარისკაცია და ხელფასი მხოლოდ 20 რიცხვის შემდეგ ერიცხება... მაგრამ როგორც კი შეძლებს - დაგვეხმარება. მის სიტყვებში და თვალებში იმდენი სითბო და თანაგრძნობა იკითხებოდა... ღმერთმა დალოცოს! ზედმეტი თვითონაც არაფერი აქვს, მაგრამ ჩვენთვის რაღაცის გაკეთება ისე უნდოდა... და ფინანსურად მართლა დაგვეხმარა.

ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ მისი მეგობარი სათევზაოდ იყო წასული და ბევრი თევზი დაიჭირა. მკითხა, ბავშვებს რომ მოვუტანო, შეიძლებაო? ყველაფერს მეკითხებოდა, ისეთი ზრდილობიანი და დელიკატურია... რა თქმა უნდა-მეთქი. ნამდვილი ნადიმი მოგვიწყო - უამრავი კალმახი მოგვიტანა, რბილი და საოცრად გემრიელი. ბავშვებს ისე უხაროდათ! თევზი შევწვი. უკვე გასუფთავებული იყო, შესაწვავად ან მოსახარშად გამზადებული. ღმერთმა დაგლოცოს, სუფთა სულის ადამიანო! შენს სიკეთეს არასოდეს დავივიწყებთ!

ფონდის თანამშრომლების, ამ საოცარი ადამიანების მადლობელი ვარ. შეიძლება ნანა და დათო აღვნიშნო? სულ მირეკავდნენ, მეკითხებოდნენ, როგორ ვიყავით, რა გვჭირდებოდა? ხვიჩას გარდაცვალების შემდეგ, ფული არ მქონდა, რომ როგორმე მისი ორმოცი აღგვენიშნა, სახლში რამე მომემზადებინა. ამ საკითხის მოგვარებაში სწორედ ფონდის თანამშრომლები დამეხმარნენ. ასეთ სიკეთეს არასდროს ივიწყებენ!

ერთი ქალი მახსოვს, რომელმაც პოსტის გამოქვეყნებისთანავე დარეკა. პატარა შვილი ჰყავს, ორი წლის. მიუხედავად ამისა, ბავშვთან ერთად, მეორე დღესვე მოვიდა და უამრავი სურსათი მოგვიტანა.

ვინმეს გამოყოფა ძალიან მიჭირს. ჩემთვის ყველა თანაბრად ძვირფასია. თქვენი ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის ვილოცებ! ღმერთმა ავადმყოფობა და ახლობელი ადამიანების დაკარგვა გაშოროთ!

ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? ნეტა თქვენგან რამე ახალს თუ გავიგებთ? როგორც წესი, ძალიან ხშირად, ერთი და იგივე მეორდება - გულგრილობა ადამიანების პრობლემების მიმართ.

ელმირა: არა, მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ ერთ ფაქტს აღვნიშნავ: ხვიჩას გარდაცვალების შემდეგ გიორგი დოხტურიშვილს (ჩვენი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს) მივმართე და ქმრის დაკრძალვაში დახმარება ვთხოვე. მან რაიონის გამგეობაში გამგზავნა და განცხადების დაწერაში დამეხმარა. დაკრძალვის საკითხებში ნამდვილად დამეხმარნენ, ლილოს სასაფლაოზე მიწის ნაკვეთის საფასურიც გადაიხადეს და კუბოს ყიდვაშიც დამეხმარნენ. (ტირის.)

გასაგებია... მოდი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე ჩვენი აზრი ჩვენთვის დავიტოვოთ. ეს სარკაზმის თემაა, ჩვენთვის კი თქვენი სულიერი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია. ღმერთმა ძალა და გამძლეობა მოგცეთ!

ელმირა: ჩემო კარგებო,ძალიანმინდა და ნება მიბოძეთ მოგიყვეთ, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ჩემი ხვიჩა ძალიან იტანჯებოდა, ბოლოს უკვე მორფიც აღარ შველოდა... მორფის ოთხი დოზა დაუნიშნეს და მასთან ერთად ანალგინს და დიმედროლსაც უკეთებდნენ; მაგრამ ტკივილი არ წყდებოდა... როცა მისმა ორგანიზმმა ტკივილგამაყუჩებლებზე რეაგირება შეწყვიტა, მივხვდი, რომ დასასრული ახლოს იყო... ჩემი ქმარი რაღაცნაირად დამშვიდდა, აღარ ნერვიულობდა. 18 აპრილს გარდაიცვალა, 26-ში კი 47 წლის გახდებოდა. ეჰ, ასეთი ახალგაზრდა!.. შვილებთან ერთად ყოველდღე ვლოცულობ. გვჯერა, რომ ის იქ, ზეცაში, კარგად არის, აღარაფერი სტკივა და ახლა ის ჩვენი მფარველი ანგელოზია.

ჩემი უმცროსი ბიჭი, სანდრიკა, მამის გარდაცვალების შემდეგ ერთი ნაბიჯითაც აღარ მშორდება. ერთხელ მითხრა კიდეც, რომ ჩემი დაკარგვის ეშინია. ელენე ყოჩაღად არის. მათ ყველაფერი მშვენივრად ესმით. თითქოს უცებ გაიზარდნენ... იმ ყველაფერმა, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, ისინი ძალიან გაახარა და გაამხნევა. ამისთვის უფალი აუცილებლად დაგაჯილდოებთ! ობოლი ბავშვების გახარება ჭეშმარიტად კეთილი საქმეა... ძალა და საყრდენი მეც მომეცით, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაში დამეხმარეთ, რეალობაში დამაბრუნეთ... ახლა ყოველდღიური საზრუნავით ვცხოვრობ.

 დედიკოს კუდი

დღევანდელი დღით, აწმყოში ცხოვრება - მართლაც რომ ბრძნული გადაწყვეტილებაა.

ელმირა: თქვენს პრაქტიკულ საჩუქრებსაც ვიყენებ - მაცივარს, სარეცხ მანქანას... ნაკლებად ვიღლები, ნაკლებად ვნერვიულობ. საოჯახო საქმეები ყურადღების გადატანაში მეხმარება.

„რეცხვა სარეცხ მანქანას მივანდვე“

როცა მაცივარი მომიტანეს, მაშინვე გავიფიქრე: „რა კარგია! ახლა ქათამს თუ ვიყიდი, შემიძლია მთლიანად აღარ გავაკეთო იმის შიშით, რომ გაფუჭდება. ავდგები, შუაზე გავჭრი და ნახევარს საყინულეში შევინახავ.“ (იღიმის.) ბავშვებს მაცივარი ისე გაუხარდათ, ყვირილი დაიწყეს: „ვაშა-ა-ა! ბევრი ნაყინი გვექნება!“ თურმე მათ თავიანთი გეგმები ჰქონიათ. (იღიმის.)

„მაცივართან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს.“

ჰოდა, ახლა სწორედ მათგან შევიტყობთ, რა გეგმები აქვთ და საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოეწონათ...

ელენე (9 წლის): მე გეტყვით! სანდრიკა ოცნებობს, რომ მთელი მაცივარი ნაყინით სავსე იყოს: „სტაკანჩიკებით“, „ესკიმოთი“, „სენდვიჩებით“, ვანილის, მარწყვის, კენკრის და თხილიანი შოკოლადის ნაყინებით...

სანდრიკა (4 წლის): ჩემს სურვილებზე რატომ ლაპარაკობ? შენებზე ილაპარაკე! ახლა მე რაღა ვთქვა?

ელენე: კარგი, ჰო! ასე ნუ მიყურებ. (იღიმის.) ყველაზე მეტად ორსართულიანი საწოლი მომეწონა. მე მეორე სართული ავირჩიე. ახლა კარგად მძინავს, ღამღამობით აღარ მეღვიძება და აღარც ვტირი... თავიდან მე და სანდრიკა ვკამათობდით იმაზე, თუ ვინ სად დაიძინებდა, მაგრამ ახლა, ზოგჯერ, ერთმანეთს ადგილებს ვუცვლით ხოლმე.

სანდრიკა: ეს საწოლი მე ავაწყე!

არადა, ამბობდი, მოსაყოლი არაფერი მაქვსო...

სანდრიკა: საწოლი რომ მოიტანეს, ბიძაჩემს მის აწყობაში ვეხმარებოდი. დამიძახა და რაც საჭირო იყო, მიმქონდა და მას ვაძლევდი... მითხრა, ყოჩაღ, საწოლებს რა კარგად აკეთებო. ელენეს კიდევ არ უთხრა. მან კი მაინც მეორე სართული აირჩია. (ელენე იცინის.)

მაგარი ავეჯის ხელოსანი ხარ, სანდრიკ!

სანდრიკა: აი, დეიდამაც შემაქო! გესმის? (დას მიმართავს.) ნამდვილი პლანშეტიც მაქვს, - მხოლოდ ჩემია. მასზე მულტფილმებს ვუყურებ, ზოგჯერ - საშინელებათა ფილმებსაც. (იღიმის.) იცი, დეიდა, ორი ცალი გვაჩუქეს? ელენესაც აქვს.

„ჩემი საწოლი მე ავაწყე.“

შენ რას უყურებ ხოლმე, ელენე?

ელენე: ტიკტოკის ვიდეოებს. გადაცემა „ვიკი შოუ“ ძალიან მიყვარს - საბავშვო გადაცემაა „ჩელენჯების“ (გამოწვევების) შესახებ. ძალიან სასაცილო და საინტერესოა. ასევე, ძალიან მომწონს გადაცემა რემონტის შესახებ. ოდესმე საკუთარი ოთახი მეც მექნება, რომელსაც ალუბლებით მოვრთავ და იასამნისფრად შევღებავ. იასამნისფერზე ვგიჟდები!

„იასამნისფერი ოთახი მინდა ალუბლებით.“

ბავშვებო, ძალიან გვიხარია, რომ კარგ ხასიათზე ხართ! იცით, როგორ გვიხარია, კარგად რომ ხართ? მარსამდე და უკან!

ელენე: ეგ ბევრია?

ძალიან!

სანდრიკა: დედასაც ძალიან უხარია, როცა ვმხიარულობთ. ძილის წინ მაგრად გვეხუტება, გვეფერება და გვკოცნის. მერე მეც ვკოცნი. მერე ისევ ის მკოცნის... დედა ამბობს, რომ მისი კუდი ვარ. დეიდა, როგორ ფიქრობ, მამა გვხედავს?

Რა თქმა უნდა! და გიცავთ და გმფარველობთ.

სანდრიკა: და უხარია, რომ საჩუქრები მოგვიტანეს?

ჰო, პატარავ…

რა მშვენიერი შვილები გყავთ, ელმირა!

ელმირა: ისინი ჩემი სული და გულია!

„დე, ჩემთან დარჩი.“

– თუ კიდევ გაქვთ გადაუჭრელი პრობლემები, ჩვენი მკითხველები დაგეხმარებიან. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ხომ გახსოვთ?

ელმირა: დახმარების თხოვნა ძალიან მერიდება. 18 წლიდან ვმუშაობ, უბრალოდ ქმრის ავადმყოფობამ და ამ საშინელმა დიაგნოზმა, იმ ყველაფერმა, რის გადატანაც ამ ერთი წლისა და სამი თვის განმავლობაში მოგვიწია, სანამ ხვიჩას სიცოცხლისთვის უშედეგოდ ვიბრძოდით, მთელი ძალა გამოგვაცალა. თქვენი დახმარება რომ არა, რომ არა ჩემი შვილები, ამ ყველაფერს ალბათ ვერ გადავიტანდი და ვერ გადავრჩებოდი... მაგრამ მე დედა ვარ და დანებების უფლება არ მაქვს.

თქვენი პოსტის შემდეგ გამომცემლობაში - ჩემს ძველ სამსახურში დავიწყე მუშაობა, რომელიც გლდანში მდებარეობს. სამსახურში ყოველდღე ბავშვებთან ერთად დავდიოდი, რადგან მათი დამტოვებელი არავინ მყავს. დღეში 20 ლარს მიხდიდნენ. ზოგჯერ კვირაობითაც ვმუშაობდი. საჭმელზე გვყოფნიდა, როგორღაც იოლად გავდიოდით, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემია და უტრანსპორტობა ყველანაირად გბოჭავს. როგორც კი ახალი ტალღა დაიწყება, მაშინვე ტრანსპორტს კრძალავენ... მთელი ჩემი ხელფასი ტაქსებზე დაიხარჯება... როგორც სოციალურად დაუცველები, თვეში 250 ლარს ვიღებთ. ამ თანხიდან 160 ლარს ბინის ქირაში ვიხდი. საკუთარი, პატარა ოთახი მაინც რომ გვქონდეს, ბევრად იოლი იქნებოდა. 

ხვიჩა ჩემი საყრდენი იყო, ახლა კი ყველაფერი ჩემზეა... (ოხრავს.). მალე ბავშვებს სწავლა დაეწყებათ. ელენეს, როგორც ყველა გოგოს, ლამაზად ჩაცმა უნდა. ძალიან მინდა, ახალ ტანსაცმელში გამოვაწყო და შეძლებისდაგვარად ვცდილობ. სამსახურში რომ მოვეწყო, იმაზე მაინც ვიზრუნებდი, რომ ბავშვებს ელემენტარული რაღაცები არ სჭირდებოდეთ. რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი, არ მინდა, რომ თავი უხერხულად იგრძნონ და ვინმეს რამით ჩამორჩნენ... ნუ მიიღებთ ამას ისე, თითქოს ვწუწუნებ, უბრალოდ ჩემს აზრებს გიზიარებთ. უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი ამხელა მხარდაჭერისთვის. ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ! ყოველი თქვენგანი, ვინც გამოგვეხმაურა, ვინც თანაგრძნობა და გულისხმიერება გამოიჩინა, ვინც ასეთ რთულ დროს ჩვენ გვერდით იყო, ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

***

გარდაცვლილებს საიქიოდან ვერ მოვაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია ხალხს გასაჭირში დავეხმაროთ, მხარში ამოვუდგეთ და სასოწარკვეთისგან ვიხსნათ. ადამიანთა ბედს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია მათ რთული ცხოვრება გავუმარტივოთ. მეგობრებო, გვინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავიხადოთ და თქვენ წინაშე ქედი მოვიხაროთ იმისთვის, რომ ამ ოჯახზე ზრუნავთ. ჩვენ, კეთილი საქმეების და გულწრფელი სიტყვების ძალით, ისინი სინათლისკენ, სიცოცხლისკენ და იმედისკენ მოვაბრუნეთ. ელმირა, ელენე და სანდრიკა ნელ-ნელა ფეხზე დგებიან და ახლებურად ცხოვრებას სწავლობენ. დარჩით მათ გვერდით! დაეხმარეთ მათ, გიყვარდეთ ისინი, მათთვის კეთილ სიტყვებს ნუ დაიშურებთ და ამისთვის უფალი აუცილებლად დაგაჯილდოებთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მელიქსეტოვების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/717-melisektova/reports/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

  და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

მსგავსი პროექტები: