გადარჩე ნებისმიერ ფასად! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გადარჩე ნებისმიერ ფასად!

page info icon
2021 მაისი 9
„ერთ საშინელ ტყეში, საშინელ სახლში, უსაშინლესი ხალხი ცხოვრობდა...“ ბავშვობის ეს საშიში ამბავი გახსოვთ? დღეს სწორედ ასეთ სახლზე მოგიყვებით; ოღონდ იქ საშინელი ხალხი კი არა, ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც საშინელები სულაც არ არიან; პირიქით, ისინი ყველაზე ლამაზი ქართველი ბავშვები არიან.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,057 ₾
( 79 დონორი )
დასრულებულია

„ერთ საშინელ ტყეში, საშინელ სახლში, უსაშინლესი ხალხი ცხოვრობდა...“ ბავშვობის ეს საშიში ამბავი გახსოვთ? დღეს სწორედ ასეთ სახლზე მოგიყვებით; ოღონდ იქ საშინელი ხალხი კი არა, ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც საშინელები სულაც არ არიან; პირიქით, ისინი ყველაზე ლამაზი ქართველი ბავშვები არიან.

შიში მათ თვალებში ცხოვრობს -ბავშვებისა და მათი მშობლების თვალებში. „კი მაგრამ, რისი ეშინიათ?“ - იკითხავთ თქვენ. მხოლოდ ერთის: შიმშილით, სიცივითა და ავადმყოფობით სიკვდილის. მათთვის ხომ ყველაზე უვნებელი გაციებაც კი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, რადგან უბრალო სიცხის დამწევი წამლის ფულიც კი არ ექნებათ!

ისინი, ვინც წესით 2 წლის მათეზე და 9 წლის ვიქტორიაზე უნდა ზრუნავდნენ, მათ თითქოს ვერც კი ამჩნევენ. სოციალური დახმარება დაუნიშნეს და მორჩა! დედ-მამას კი მათთვის იმ ყველაფრის მიცემა არ შეუძლია, რასაც შვილებს, ჩვეულებრივ, მშობლები აძლევენ. დედა შვილებს მარტო ვერ ტოვებს, მამა კი ავადაა, ძალიან ავად! მას ფარისებრი ჯირკვლის კიბო აქვს. მათ კი, ერთმანეთის გარდა, არავინ ჰყავთ.

და აი, კიდევ ერთი თავსატეხი: როგორ შეიძლება ოთხმა ადამიანმა იმ თანხით იცხოვროს, რომელიც ერთ დღეში არ ჰყოფნით იმათ, ვინც ასეთ მწირ სოციალურ დახმარებას ნიშნავს?

მაყვალა, მოგვიყევით, ასეთ რთულ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით?

მაყვალა: ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ შვილების აღზრდა ასეთ პირობებში მომიწევდა: პაწაწინა სივრცეში, სინესტეში, სიცივეში, შიმშილში... თქვენც კარგად ხედავთ, სად და როგორ ვცხოვრობთ. აქ ადრე რაღაც ავტოფარეხის თუ ფარდულის მსგავსი იყო.მოკლედ, დამხმარე შენობა... რაღა უნდა ვთქვა?ასმა კაცმა ასი კაცი იტიაო. ყველაზე ცუდი კი ისარის, რომ დახმარებიდან დახმარებამდე უბრალოდ გადარჩენას ვცდილობთ. ადრე თანხის ნახევარ თვეზე გადანაწილებას მაინც ვახერხებდი, მერე ვალს ვიღებდი და თავს რაღაცნაირად ვართმევდი. ახლა კი, როცა ყველაფერი ასე გაძვირდა და ჩემი ქმარიც ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩა, შვილების სარჩენად აღარაფერი მაქვს! სურსათის მაღაზიაშიც იმდენი ვალი მაქვს, რომ დახმარება უბრალოდ ვეღარ ფარავს! არადა ყველაზე საჭირო, ყველაზე იაფფასიან პროდუქტებს ვყიდულობ...

დღესდღეობით, სოციალური დახმარება თქვენი ერთადერთი შემოსავალია?

მაყვალა:სამწუხაროდ, კი! რა სამუშაოა სოფელში? ჩემს ქმარს ყველაფერი ეხერხება, კომპიუტერების შეკეთებაც თავისით ისწავლა, მაგრამ აქ სად უნდა იმუშაოს? აქ ყველა ყველას იცნობს. თუ ვინმეს ეხმარება, ისიც ნაცნობობით უფასოდ ან ვალად. აქ მცირეოდენი ფულის გამომუშავებაც კი შეუძლებელია... გარდა ამისა, მას კვანძოვან-ტოქსიკური ჩიყვი აქვს. ორწელიწად-ნახევარი წამლებით მკურნალობდა, მერე თითქოს უკეთ გახდა; ახლა კი ისევ მუდმივი თავის ტკივილები, მაღალი წნევები და სისუსტე სტანჯავს, მალე იღლება... მეც დაავადებათა მთელი თაიგული მაქვს. საშინელ სიღარიბეში გატარებულმა ახალგაზრდობამ თავისი კვალი დამამჩნია. კაპიკებს მძიმე შრომით ვშოულობდი, ცივ სარდაფში ვცხოვრობდი...

თქვენი მშობლები ან ნათესავები სად არიან?

მაყვალა:დედა სულ ახლახან გარდაიცვალა... (მაყვალა ატირდა.) მამას კი სიმსივნე აქვს და მოვლა თავად სჭირდება. ორი და მყავს და ერთი ძმა, რომელიც მეორე ჯგუფის შშმ პირია. ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები ვართ. ჩემი ძმა ტყვედ აიყვანეს და სასტიკად სცემეს... ფეხებით ჩამოკიდეს. მას შემდეგ ეპილეფსიით და ნერვული აშლილობით იტანჯება. არც ჩემს უფროს დას წაუვიდა იოლად ცხოვრება. მის ქმარს დიაბეტი აქვს და ისინიც ჩვენსავით სოციალურად დაუცველები არიან; უმცროსმა დამ კი მშობლების მოვლა ითავა. ფულის საშოვნელად თურქეთში ორჯერ წავიდა, გარკვეული თანხა მოაგროვა და მამას ოპერაცია გაუკეთა, ახლა კი პატარა ბინა იქირავა, ის თავისთან წაიყვანა და მთელი თავი მასზე ზრუნვას მიუძღვნა. ამ ყველაფერს ცოტა ფული არ სჭირდება...

– აქ როგორ აღმოჩნდით?

მაყვალა: უკვე ექვსი წელია, რაც მე და ჩემი ქმარი ამ შენობაში ვცხოვრობთ. ისე გამოვიდა, რომ ქირის გადახდა ვერ შევძელით. მე ლტოლვილი ვარ, საკუთარი საცხოვრებელი არ გამაჩნია, მშობლების ბინაში კი იმდენი ხალხია, რომ იქ უბრალოდ ვერ ვეტევით: მამამთილი, ძმა ცოლით და პატარა შვილებით...

თავიდან ვფიქრობდით, რომ აქ ერთი წელი ვიცხოვრებდით, შემდეგ კი ბინას მივიღებდით და ადამიანურად დავიწყებდით ცხოვრებას... მაგრამ სამწუხაროდ, უკვე 28 წელია ველოდები! თავადაც ხედავთ, აქ მოსაბრუნებელი ადგილიც კი არაა! დაობებული კედლები, სინესტე... შენობის გათბობა შეუძლებელია, ბავშვები მუდმივად ავად არიან, განსაკუთრებით - მათე. საავადმყოფოში ბრონქიტით უკვე იმდენჯერ ვიწექით!..

თქვენი მეუღლის მშობლები?

მაყვალა: ოჰ, იქ ისეთი სივიწროვეა, ჩვენი ადგილი ნამდვილად არ არის! მამათილი, ძმა, მისი ცოლი და პატარა შვილები... ჩვენ სადღა წავიდეთ? მით უმეტეს, რომ არც თუ ისე თბილი ურთიერთობა გვაქვს. ადრე აქ ძველი მოტოციკლი იდგა, ადგილს დამხმარე შენობად იყენებდნენ, - ავტოფარეხად, საწყობად, - რაც გინდათ, ის უწოდეთ. თავიდან ბინა ვიქირავეთ, მაგრამ ვიქტორმა მუშაობა ვერაფრით დაიწყო, მე კი ავად ვარ. აქ ცხოვრება სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ქვეყანას რომ თითო ძაფი ჩამოარჩინო, ეგრე შევაგროვეთ. მეზობლები, ნათესავები კაფელს, კედლის ქაღალდებს, ცოტაოდენ ნივთებს გვაძლევდნენ... იატაკი ფაქტობრივად მიწისაა. მათე ჯერ პატარაა და არაფერი ესმის, აი, ვიკა კი ძალიან იტანჯება. ჩემი საწყალი გოგონა! დასცინიან, პირდაპირ ეკითხებიან: „ასე როგორ ცხოვრობთ?“ აი, ასე ვცხოვრობთ! სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს!

ახსენეთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ

მაყვალა:ოჰ, ეს გრძელი ისტორიაა! ყველაფერი დაწვრილებით რომ მოვყვე, უბრალოდ დრო არ გეყოფათ. როცა აფხაზეთიდან გამოვიქეცით, სამეგრელოში ნათესავებმა შეგვიფარეს. სახლი ზედ საზღვართან იდგა.მოწინააღმდეგე ძალები იქაურობას იკლებდნენ, სახლებში იჭრებოდნენ, ძარცვავდნენ, ცემდნენ და ღმერთმა უწყის, კიდევ რა... ბეღელებში და ფარდულებში დამალვა და მიწაზე ძილი გვიწევდა. სროლის და აფეთქების ხმა თითქმის ყურთან გვესმოდა... ასე დიდხანს ვერ გავძელი, თბილისში წავედი და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე - ყოველთვის კარგად ვხატავდი. მერე პედაგოგიურზე ჩავაბარე, მაგრამ არ დამიმთავრებია - მეოთხე კურსზე, ფილტვების ანთებით და უამრავი გართულებით, საავადმყოფოში ამოვყავი თავი. რასაც ჰქვია, იმ ქვეყნიდან მომაბრუნეს!

რაღაცაზე უნდა მეცხოვრა... ცოტა ხნით ბიძაჩემმა შემიკედლა, მერე ბინის დაქირავება მომიწია. დღისით ვსწავლობდი და ბოსტნეულის მაღაზიაში გამყიდველად ვმუშაობდი, ღამეებს კი საზარელ, ცივ, ნესტიან სარდაფში ვატარებდი - უფრო მეტის საშუალება არ მქონდა... პნევმონია და სეფსისიც იქ ავიკიდე. მეგონა მოვკვდებოდი! მერე ნაღვლის ბუშტი ამომაჭრეს. აღმოჩნდა, რომ შაქარი მქონდა მომატებული, ღვიძლის პრობლემები მქონდა, მხედველობა ძალიან გამიფუჭდა... როცა ვიქტორმა ხელი მთხოვა, ცოლობაზე უარიც კი ვუთხარი. მეგონა დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მეწერა...

მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით? ოჯახის შექმნა როგორ გადაწყვიტეთ?

მაყვალა:საერთო ნაცნობებმა გამაცნეს. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა, დავახლოვდით, ვმეგობრობდით, მაგრამ როცა სიყვარულში გამომიტყდა და ცოლობა მთხოვა, ეს ჩემთვის შოკი აღმოჩნდა. (იცინის.) ვეუბნებოდი: „ასეთი ავადმყოფი რაში გჭირდები? შვილებს ვერ გაგიჩენ, ორგანიზმი გამოფიტული და შერყეული მაქვს, ერთ წელიწადში შეიძლება უბრალოდ ხელებში ჩაგაკვდე!“

მაგრამ თქვენი დაყოლიება მაინც მოახერხა

მაყვალა:მტკიცედ იდგა! ექვსი წელი მეარშიყებოდა; მეუბნებოდა, რომ საერთოდ არ აინტერესებდა, მერე რა იქნებოდა და თუ საჭირო იქნებოდა, ჩემი ძიძაც გახდებოდა. ბოლოს და ბოლოს, დამითანხმა. მალე ვიკა დაიბადა - ჩვენი ანგელოზი! ექიმებს მიომაზე გაუჩნდათ ეჭვი, ამბობდნენ, რომ კვანძები გადიდებული იყო და საშვილოსნო უნდა ამოეჭრათ... ექიმებთან სირბილის არც ფული მქონდა და არც დრო. ექვსი წლის შემდეგ თავბრუსხვევა და გულისრევა დამეწყო, ძალიან ცუდად ვიყავი. ექიმს მივმართე, მან კი ხელები ამისავსავა: „მესამე კვანძი გაჩნდა, სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაკეთდეს!“ 43 წლის ასაკში ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ისევ ორსულად ვიქნებოდი.  

დიდხანს მსინჯავდნენ, მერე კი აღმოჩნდა, რომ „მესამე კვანძი“ მათე იყო! ორსულობა ექიმების გოდების და შეგონებების ქვეშ გავატარე: „ორსულობას ბოლომდე ვერ მიიყვან! ეს მშობიარობა დაგღუპავს, თან ასეთ ასაკში! დაუნი გაჩნდება!“ მეხუთე თვემდე მარწმუნებდნენ, რომ აბორტი გამეკეთებინა, მაგრამ მყარად ვიდექი. ვუთხარი, სიცოცხლედაც რომ დამიჯდეს, მაინც გავაჩენ მეთქი!

და უბრალოდ შეხედეთ, რა საოცარი ბიჭია! ისეთი ჭკვიანი და ცელქია! ჩვენი შვილები ჩვენი სიმდიდრეა. ორივე ძალიან ნიჭიერია და დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად წაუვათ. მუშაობა არ შემიძლია, ამიტომ მთელ დროს მეცადინეობას, კითხვას ვუთმობ... ვიკა ძალიან კარგად სწავლობს, მასწავლებელს ის სხვებისთვის ყოველთვის მაგალითად მოჰყავს. ასეთი ფასდაუდებელი საჩუქრისთვის უფლის მადლობელი ვარ! ქალის ცხოვრებაში შვილებზე დიდი ბედნიერება არ არსებობს!

თუ ნებას მომცემთ, თქვენს გოგონასაც გავესაუბრები. ვიკა, შენი გაცნობა ძალიან გვინდა. მოგვიყვები შენ შესახებ? როგორ სწავლობ? რომელია შენი საყვარელი საგანი?

ვიქტორია (9 წლის): სკოლა ძალიან, ძალიან მიყვარს! დედა ამბობს, რომ ყველა საგანი ერთნაირად კარგად უნდა ვისწავლო და მეც ვცდილობ! ყველაზე მეტად მათემატიკა და ხელოვნებათმცოდნეობა მიყვარს.

უკვე გადაწყვიტე, ვინ გამოხვალ, როცა გაიზრდები?

ვიქტორია:დიახ, არქეოლოგი!

ოო, რა საინტერესო პროფესიაა! იცი, რას აკეთებენ არქეოლოგები? ამ პროფესიის შესახებ საიდან შეიტყვე?

ვიქტორია:მულტფილმს ვუყურე, სადაც გათხრებს ატარებენ, ძველებურ ნივთებს პოულობენ, მთლიან ქალაქებსაც კი! ზოგჯერ განძსაც კი პოულობენ! იქნებ განძი მეც ვიპოვო და მერე დედას, მამას და ძმას ყველაფერს ვუყიდი!

კიდევ რაზე ოცნებობ, ვიკა?

ვიქტორია:ძალიან მინდა, რომ საკუთარი ოთახი მქონდეს, სადაც წყნარად წავიკითხავ და საშინაო დავალებებს შევასრულებ... თორემ თუ მათემ ჩემს წიგნებს და რვეულებს მიაგნო, მაშინვე ხევს. ზედა თაროზე ვაწყობ, მაგრამ მალე იქაც მისწვდება! ისეთი მკვირცხლია!

კითხვა გიყვარს?

ვიქტორია:დიახ! ამქვეყნად ყველაფერზე მეტად! ერთი წიგნი მაქვს პრინცესებზე, ზეპირად ვიცი! ძილის წინ, ყოველ საღამოს ვფურცლავ და სურათებს ვათვალიერებ...  

მაყვალა: ვიკა საოცარი ბავშვია, სათამაშოებს არ ითხოვს, მხოლოდ წიგნებს... ბავშვებმა იციან, რომ დახმარების ჩარიცხვის დღეს პატარა ბონუსს მიიღებენ: ცოტა ტკბილეულს ვყიდულობ... ერთხელაც ვიკამ ეს წიგნი დაინახა მაღაზიაში, პრინცესებზე! ნეტავ განახათ, რა დღეში იყო! „დედიკო, ოღონდ მიყიდე და ორი თვე ტკბილეულს აღარ მოგთხოვ!“ რა უნდა მექნა? მაგრამ ამ პატარა წიგნის გამო მარტო ტკბილეულზე კი არა, სარეცხ ფხვნილზეც კი მომიწია უარის თქმა. თითქოს ძვირადღირებული წიგნი არაა, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტისთვის ეს ხარჯი ძალიან საგრძნობია!

შენ, მათე? საბავშვო ბაღში დადიხარ? ტკბილეული და წიგნები შენც გიყვარს? (ბიჭი თავპირისმტვრევით მიიმალა დედის ზურგს უკან.)

ვიქტორია:თქვენი რცხვენია! (იცინის.) მის მაგივრად მე გეტყვით! მათეს ტკბილეული და მანქანები უყვარს! ნეტავ იცოდეთ, რა ბედნიერია, როცა მეზობლები უმასპინძლდებიან!

საოცარი შვილები გყავთ! დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათი ოცნება ახდება! მითხარით, როგორ შეგვიძლია თქვენი დახმარება დღეს? რა შეამსუბუქებს თქვენს მდგომარეობას?

მაყვალა: თქვენც კარგად ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ.. მე კი ყველაფერს მივეჩვიე, მაგრამ ბავშვების გამო გული მტკივა.. ფული არაფერზე მყოფნის, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მათ გამოსაკვებად საერთოდ არაფერი მაქვს. არადა ისინი ხომ იზრდებიან, ვიტამინები სჭირდებათ... ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს, მაგრამ პირველ რიგში, სურსათი გვჭირდება... მე პირადად მუდმივად წამლები მჭირდება. ბავშვების ფეხზე დასაყენებლად ფეხზე დგომა მე თვითონ უნდა შევძლო. მათეს საფენები სჭირდება. ხომ იცით, რა ძვირია? ალბათ სულ ესა... ისე მერიდება თქვენი შეწუხება...

მაყვალა, ნუ გერიდებათ. კიდევ რა გჭირდებათ ამ... ასე თქვათ, სახლში?

მაყვალა: რადგან ასე დაიჟინეთ... ძალიან მინდა ორსართულიანი საწოლი. ვიკა გატეხილ ტახტზე წევს, შეიძლება ითქვას, ფიცრებზე. მათე ჯერ პატარაა, ჩვენთან როგორღაც ვაწვენ, მაგრამ მათ საწოლები ძალიან სჭირდებათ, ასეთ სივიწროვეში კი... მათ ნორმალურად ვერც ვერსად დავატევთ...

მაყვალა, უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

მაყვალა:დღეს მხოლოდ კეთილი ადამიანების წყალობით ვარ ცოცხალი! როცა საავადმყოფოში მოვხვდი, მეზობელმა ძვირადღირებული ბეჭედი დააგირავა და ჩემი მკურნალობის ფული გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც პატარა შვილების დედაა. ასევე, ერთმა ნაცნობმა მაცივარი მოგვცა, რომელიც შეეძლო გაეყიდა. საბავშვო ტანსაცმლის ფული საერთოდ არ გვაქვს, ამიტომ ნაცნობები იმას გვაძლევენ, რაც მათ შვილებს აღარ ეტევათ... მჯერა, როგორ არ უნდა მჯეროდეს?!

ხედავს ღმერთი - უკიდურესი საჭიროება რომ არა, არასდროს შეგაწუხებდით! მაგრამ როცა დავინახე, რამდენ გაჭირვებულს ეხმარებიან თქვენი მკითხველები, გულში იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა, რომ ჩვენ შესახებაც შეიტყობენ და შეიძლება დახმარება მოისურვონ. ეს ახლა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს!

***

მეგობრებო, ალფაიძეების ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათ ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ისინი იძულებულები არიან, პაწაწინა ავტოფარეხში იცხოვრონ, სინესტესა და სიცივეში, ორ პატარა შვილთან ერთად. 9 წლის ვიქტორია და 2 წლის მათე ყველაფერს არიან მოკლებულნი: ნორმალურ კვებას, ტანსაცმელს, სათამაშოებს. გოგონა იძულებულია ძველ, გატეხილ ტახტზე იძინოს. მაყვალა დედას კი მუდმივად წამლები სჭირდება.

ალფაიძეების ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება გაახარებს. მათ ესაჭიროებათ: საკვები, საბავშვო საფენები და წამლები, ბავშვებს კი ძალიან სჭირდებათ საწოლი და საწოლის საკუთნო.

ალფაიძეების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. სართიჭალა, რადიოსადგურის დასახლება, ავტოფარეხი I კორპუსის წინ.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ალფაიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ალფაიძეების  ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: