არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივი ბავშვი ვიყო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივი ბავშვი ვიყო!

page info icon
2021 მაისი 10
„სკოლაში ვერ დავდივარ. დედას ეშინია, რომ სადმე ცუდად გავხდები, დავვარდები და ვერავინ დამეხმარება... ამიტომ სახლში ვსწავლობ. არადა, ბავშვებთან ერთად ქუჩაში თამაში და სირბილი ისე მინდა...“ - სევდიანი თვალებით გვეუბნება 8 წლის ბარბარე. – „აი, შემომხედე! კარგად შემომხედე! განა ავადმყოფს ვგავარ? ისეთივე ვარ, როგორიც ყველა, მაგრამ ჩემთვის არ შეიძლება...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
965 ₾
( 74 დონორი )
დასრულებულია

„სკოლაში ვერ დავდივარ. დედას ეშინია, რომ სადმე ცუდად გავხდები, დავვარდები და ვერავინ დამეხმარება... ამიტომ სახლში ვსწავლობ. არადა, ბავშვებთან ერთად ქუჩაში თამაში და სირბილი ისე მინდა...“ - სევდიანი თვალებით გვეუბნება 8 წლის ბარბარე. – „აი, შემომხედე! კარგად შემომხედე! განა ავადმყოფს ვგავარ? ისეთივე ვარ, როგორიც ყველა, მაგრამ ჩემთვის არ შეიძლება...“

ბარბარე აქეთ-იქით იყურება, მერე ხელებს ყურთან მადებს და ჩურჩულით მეუბნება: „დედას არ უთხრა, მაგრამ ვიცი, რომ ავად ვარ, უბრალოდ არ ვიცი, რა მჭირს. აი, აქ მტკივა... (ხელს გულზე იდებს.) და აქ... (თირკმლებზე მიმითითებს.) ზოგჯერ ძალიან ვიღლები... მაგრამ ჩუ! დედას არ უთხრა! ეს ჩვენი საიდუმლო იქნება!“

პატარა ბარბარეს პატარა, მყიფე სხეულში საშინელი დაავადებები ჩაუსახლდა: გულის მანკი, ასთმა და სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა. ეს მზაკვრული დაავადებები გოგონას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვეულებრივი ბავშვი იყოს და სანუკვარი ოცნება აიხდინოს.

„იცი, ერთი ყველაზე დიდი ოცნება მაქვს. ვოცნებობ, ბალერინა გავხდე! როცა თვალებს ვხუჭავ, წარმომიდგენია, როგორ ვცეკვავ სცენაზე.“

მეგობრებო, ავიღოთ ჩვენი ჯადოსნური ჯოხები, ყველა ერთად დავდგეთ და ბარბარესთვის სასწაული მოვახდინოთ. რას იტყვით? ხომ გამოგვივა? მას უბრალოდ მკურნალობა, წამლების მიღება, ნორმალური კვება სჭირდება და ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა!

სოფიო, ბარბარეს შესახებ მოგვიყევით. რა სჭირს?

სოფიო:ექიმებმა ჩემს გოგონას გულის მანკი, ასთმა და სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა დაუდგინეს. ბავშვი ჯანმრთელობას ხშირად უჩივის: გულმკერდის, თირკმელებისა და მუცლის არეში ტკივილები აქვს და ჰაერის უკმარისობით იტანჯება. გაზაფხულზე, ყვავილობის პერიოდში, სპაზმებიც აქვს. საშინელებაა! მისთვის ბევრი მოძრაობა, ნერვიულობა და სირბილი არ შეიძლება; არადა, ის ხომ ჯერ ისევ ბავშვია, რომელსაც სრულფასოვანი ცხოვრებით უნდა ცხოვრება! სულ მეშინია, რომ შეიძლება უარესად გახდეს. ეს უბრალოდ აუტანელია! დის გამო ბავშვებიც ძალიან დარდობენ, მე კი ჩემს შვილს ვერაფრით ვეხმარები!

დაბადებიდან არის ავად?

სოფიო:ორსულობის პერიოდში დავეცი და ნაადრევი მშობიარობა დამეწყო; შედეგად, ბარბარე დღენაკლული დაიბადა - მეექვსე თვეში. ინკუბატორში მოათავსეს, მოგვიანებით კი ექიმებმა შეგვატყობინეს, რომ ბავშვს უამრავი დაავადება ჰქონდა და რომ ეცოცხლა, საფუძვლიანი მკურნალობა სჭირდებოდა.

რას ამბობენ ექიმები? სრული გამოჯანმრთელების შანსი არსებობს?

სოფიო:მე ძალიან მორწმუნე ადამიანი ვარ! თანაც, დედა ვარ და შვილისთვის მხოლოდ კარგზე უნდა ვფიქრობდე. მჯერა, რომ ჩემი ბაბი გამოჯანმრთელდება! ექიმებიც ამბობენ, რომ თუ სათანადო მკურნალობას გავივლით და ყველა მითითებებს დავიცავთ, მისი გამოჯანმრთელების შანსი არსებობს; მაგრამ ამისთვის ძვირადღირებული წამლები და პროცედურებია საჭირო... ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ჩვენ კი ფინანსურად ძალიან შეზღუდულები ვართ.

სოფიო, რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის ყველაზე მთავარი პრობლემა?

სოფიო: ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ბარბარეს ჯანმრთელობაა. მე სხვა არაფერი მჭირდება! ოღონდ ჩემი გოგონა იყოს ცოცხალი და ყველანაირ გასაჭირს ავიტან! მას მუდმივად სჭირდება წამლები, გამოკვლევები, ექიმთან კონსულტაციები და სპეციალური საკვები. ამ ყველაფერს დიდი ფული სჭირდება, ჩვენ კი სრულ სიღარიბეში ვცხოვრობთ. მის გარდა, კიდევ ხუთი შვილი მყავს: საკვები, ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები ყველა მათგანს სჭირდება, მაგრამ ფული ყველაზე ძირითადი ნივთებისთვისაც კი არ გვაქვს.

კიდევ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

სოფიო:თქვენც კარგად ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ. სახლში ოთხი ოთახია, მაგრამ საცხოვრებლად მხოლოდ ორი თუ გამოდგება. აღარაფერს ვამბობ კეთილმოწყობაზე და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე. ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა და მაცივარი. ახლა პროდუქტებს მეზობლებთან ვინახავ, მაგრამ წამდაუწუმ მათი შეწუხება ძალიან მერიდება...

ტანსაცმელს ცივ წყალში ვრეცხავ, ხელით. თითები ისე გამიუხეშდა, რომ სიცივეს, ფაქტობრივად, ვეღარ ვგრძნობ... საწოლები და ტელევიზორიც გვჭირდება. ზოგჯერ ბავშვებს მულტფილმების ან რამე გასართობის ყურება უნდათ, მაგრამ ტელევიზორი არ გვაქვს, ამიტომ სულ ახალ-ახალ თამაშებს იგონებენ.

საწოლებიც არ გვაქვს - ფაქტობრივად, იატაკზე გვძინავს. სკამსაწოლზე ბიჭები წვანან, მე და გოგონები კი გასაბერ საწოლზე, მაგრამ ის უკვე გაცვდა და დაიხა კიდეც. დილით ვიღვიძებთ და ვხედავთ, რომ თურმე ქვეშაგები დაფუშულა და იატაკზე ვწევართ... იცით, სახლში ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ მეც და ჩემს
შვილებსაც თქვენ მიერ გაწეული ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს.

რა არის თქვენი ყოველთვიური შემოსავალი? რაზე ცხოვრობთ?

სოფიო:სოციალურ დახმარებას ვიღებთ - 540 ლარს და ბავშვთა კვების ვაუჩერს - 160 ლარს. ეს ფული საერთოდ არაფერზე გვყოფნის! ბარბარეს წამლები და მკურნალობა სჭირდება... ყოველ კაპიკს ვითვლი! მე ხომ კიდევ ხუთი შვილი მყავს, ყველას რაღაც სჭირდება... სხვათა შორის, მეც ავად ვარ - ეპილეფსიით ვიტანჯები და შეტევები მაქვს... მაგრამ ავად ყოფნის უფლება არ მაქვს! ფულს ჩემს წამლებზე ვერ დავხარჯავ, როცა სახლში ერთი ავადმყოფი ბავშვი და კიდევ ხუთი ბავშვია. სოციალური დახმარების უმეტესი ნაწილი ისედაც კრედიტის დაფარვაზე მიდის...

შეგიძლიათ გვითხრათ, რა კრედიტის?

სოფიო:ყოველთვიურად, სოციალური დახმარებიდან ბანკს 400 ლარს ვუხდი... იცით, ბარბარე ავად რომ გახდა, მკურნალობისთვის ბევრი ფული დაგვჭირდა. მე და ჩემმა მეუღლემ სახლი დავაგირავეთ, რომელიც, საბოლოოდ, დავკარგეთ კიდეც... მერე, დიდი ხნის განმავლობაში, ხან ნაქირავებ ბინებს ვიცვლიდით, ხან მეგობრებთან ვცხოვრობდით... მაგრამ როცა ექვსი შვილი გყავს, საკუთარი კუთხეც ხომ გჭირდება, არა? ამიტომ ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ და ეს სახლი ვიყიდეთ, სადაც ახლა ვცხოვრობთ. როგორც ხედავთ, აქ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, ცარიელი კედლებია, შენობა ცივი და ნესტიანია... მაგრამ რაც არ უნდა იყოს, თავზე ჭერი მაინც გვაქვს.

თქვენი მეუღლე თქვენთან ერთად არ ცხოვრობს?

სოფიო: დიახ, სამწუხაროდ, ერთმანეთს დავშორდით... ჩვენი ცხოვრება ასე წარიმართა; შვილებთან ერთად მარტო დავრჩი. მანამდე, როგორც შეეძლო, ისე მეხმარებოდა, მაგრამ ისიც ავად არის და ახლა შესაძლებლობაც არ აქვს...

მეუღლე როგორ გაიცანით?

სოფიო: სკოლიდან ვმეგობრობდით, მერე კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. ეს ჩემი ცხოვრების შესანიშნავი წუთები იყო! მათ ყოველთვის დიდი სითბოთი ვიხსენებ... მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ისე არ ხდება ცხოვრებაში, როგორც 18 წლის ასაკში წარმოგიდგენია...

მშობლები ან ნათესავები არ გეხმარებიან?

სოფიო:ოჰ, რას ამბობთ?!.. ჩემს მშობლებს თავი ძლივს გააქვთ, ჩემს და-ძმას კი საკუთარი ოჯახები და პრობლემები აქვს... ყველას ძალიან უჭირს...

და ხელისუფლება? მათთვის დახმარება არ გითხოვიათ?

სოფიო:ბევრჯერ მივმართე, მაგრამ ადგილობრივი ადმინისტრაცია მპასუხობს, რომ დახმარება არ შეუძლიათ, რადგან სახსრები არ გააჩნიათ; თუმცა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა პირობებში ვცხოვრობთ.

ბავშვებს რას აჭმევთ?

სოფიო: როგორც წესი, მაკარონს, წვნიანებს, წიწიბურას... ფაქტობრივად, ყოველ ულუფას ვწონი. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ფული არ გვყოფნის და სურსათის ეკონომიას ვაკეთებთ. უბრალოდ, ბარბარეს განსაკუთრებული კვება სჭირდება: მის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხორცის და რძის პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული... ექიმებმა გვითხრეს, რომ წამლების გარდა, კვებაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობ ჩემს გოგონას რაც საჭიროა, ყველაფერი ვუყიდო... გემრიელობები დანარჩენებსაც უნდათ, მაგრამ იციან, რომ ეს ბარბარეს საჭმელია. ამის გამო გული მიკვდება, მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო...

თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით...

სოფიო:ძალიან კარგი შვილები მყავს! ვამაყობ იმით, რომ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები გავზარდე! თითოეული მათგანი თავისებურად ნიჭიერია. ვახტანგი ფეხბურთზე დადის, ლიზი - ხატვაზე. ყველა ძალიან მეხმარება! ისინი - ჩემი სიხარულია!

სოფიო, თქვენი ნებართვით, ბავშვებსაც გავესაუბრები. ბარბარე, სკოლაში დადიხარ?

ბარბარე:ავადმყოფობის გამო სკოლაში ვერ დავდივარ. დედას ეშინია, რომ სადმე ცუდად გავხდები, დავვარდები და ვერავინ დამეხმარება... ამიტომ სახლში ვსწავლობ; არადა, ბავშვებთან ერთად ქუჩაში თამაში და სირბილი ისე მინდა... ერთი ყველაზე დიდი ოცნება მაქვს, გინდათ გითხრათ?

თუ გინდა, მითხარი. აბა, რაზე ოცნებობ, პატარავ?

ბარბარე:ვოცნებობ, ბალერინა გავხდე! როცა თვალებს ვხუჭავ, წარმომიდგენია, როგორ ვცეკვავ და სცენაზე მაყურებლის წინაშე როგორ ვდგავარ... მგონია, რომ ძალიან მაგარი იქნება! იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ ოცნების ასრულებას!

და-ძმებიდან ყველაზე მეტ დროს ვისთან ატარებ?

ბარბარე:ყველასთან! მე ყველა მეთამაშება! ცდილობენ გაკვეთილების მომზადებაში დამეხმარონ, ლიზი კი ზურგითაც მატარებს - იცის, რომ ჩემთვის ბევრი სირბილი არ შეიძლება...

ლიზი, მეგობრები გყავს?

ლიზი (13 წლის):დიახ, რა თქმა უნდა! მაგრამ ოჯახი პირველ ადგილზეა! დედას ყოველთვის ვეხმარები, რადგან მარტოა, ჩვენ კი ბევრნი ვართ. ბარბარეს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, ამიტომ მარტო არასოდეს ვტოვებ.

ნინო (10 წლის): ძალიან მინდა, რომ ბაბი მალე გამოჯანმრთელდეს და ჩვენთან ერთად შეძლოს სკოლაში სიარული, თამაში, სირბილი... ჩემი ოჯახი ძალიან მიყვარს და მინდა, რომ ყველაფერი კარგად გვქონდეს!

ვახტანგ, დედამ მითხრა, რომ ფეხბურთზე დადიხარ...

ვახტანგი (14 წლის): დიახ, ასეა! უკვე წელიწადნახევარია პროფესიონალურად ვთამაშობ. ვოცნებობ, კარგი ფეხბურთელი გავხდე, მთელი მსოფლიო შემოვიარო, ჩემს ოჯახს დავეხმარო და რაც მთავარია, ისეთი ექიმი ვიპოვო, რომელიც ჩემს დას განკურნავს!

გიგა, შენ თუ გადაწყვიტე, ვინ გინდა გამოხვიდე?

გიგა (6 წლის): მინდა სამხედრო პირი გავხდე და ჩემი საქართველო და ოჯახი დავიცვა!

სოფიო, შესანიშნავი შვილები გყავთ! რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

სოფიო: მხოლოდ უფალში! ხშირად ვლოცულობ, ღმერთს ჩემი ბარბარეს ჯანმრთელობას და რაღა თქმა უნდა, ყველა ჩემი შვილის კეთილდღეობას ვავედრებ! 

***

მეგობრებო, პატარა ბარბარეს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება! დედას შვილის მკურნალობის, წამლებისა და საკვების ხარჯების გადახდა არ შეუძლია. ამ პატარა გოგონას დახმარება ჩვენ შეგვიძლია! ყველას ერთად! გარდა ამისა, ქიმაძეების ოჯახს ძალიან სჭირდება საწოლები, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორი.

ქიმაძეების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ.

მათი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. გამარჯვება.

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია,რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ქიმაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ქიმაძეების  ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: