„თმა გავყიდეთ, რომ საჭმელი გვეყიდა“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„თმა გავყიდეთ, რომ საჭმელი გვეყიდა“

page info icon
2021 ივლის 25
page info icon
1501
„დეიდა, ნახე! ადრე გრძელზე გრძელი თმა მქონდა. აი, აქამდე!“ - მიყვება 10 წლის სოფიკო და ზურგზე მიჩვენებს. – „მაგრამ მოვიჭერი.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,328 ₾
( 196 დონორი )
დასრულებულია

„დეიდა, ნახე! ადრე გრძელზე გრძელი თმა მქონდა. აი, აქამდე!“ - მიყვება 10 წლის სოფიკო და ზურგზე მიჩვენებს. – „მაგრამ მოვიჭერი.“

„რატომ?“ - ვეკითხები.

„საჭმელად არაფერი გვქონდა; მშობლებს ფული არ ჰქონდათ, ამიტომ გადავწყვიტე ყველას დავხმარებოდი და თმა გავყიდე. არაუშავს, ისევ გამეზრდება! სამაგიეროდ საჭმელი ვიყიდეთ!“ - მიხსნის სოფიკო.

მეტყველების უნარი დავკარგე. თავში ეს კითხვები მიტრიალებდა: ნუთუ პატარა გოგოს, ასეთ ასაკში, ოჯახის საჭიროებებზე ფიქრი უნდა უწევდეს? რატომ უნდა შიმშილობდნენ ბავშვები?

ცეცხლაძეების ოჯახს სამი შვილი ჰყავს: 12 წლის ირაკლი, 10 წლის სოფიკო და 8 წლის სალომე. ბავშვები აღიარებენ, რომ აღარც კი ახსოვთ, თუნდაც ყველაზე უბრალო სასუსნავი ბოლოს როდის ჭამეს. უსახსრობის გამო, ოჯახს ხორცზე და რძის პროდუქტებზე უარის თქმა მოუწია; ტკბილეულისა და დესერტების გემო კი უკვე დიდი ხანია დაავიწყდათ. დედა, 32 წლის შორენა, თვალცრემლიანი გვიყვება, რომ ფული არც საჭმელზე ჰყოფნით, არც ტანსაცმელზე. შვილები ასეთ პირობებში როგორ უნდა აღზარდოს, ქალს წარმოდგენა არ აქვს.

მრავალშვილიანი ოჯახი ბათუმის გარეუბანში, ვიწრო, ნახევრად დანგრეულ და ნესტიან სახლში ცხოვრობს. პატარა ქოხი ხუთკაციან ოჯახს ძლივს იტევს. იქ მხოლოდ ერთი ოთახია, რომელიც საძინებელიცაა, სამზარეულოც, მისაღებიც და სხვა დანარჩენიც...


შორენა, მოგვიყევით, ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ?

შორენა: თვითონაც არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ვუძლებთ! ქარის ყოველ დაბერვაზე სახლს მარტო სახურავი კი არ ეხდება, კედლებიც ზანზარებს და ხის იატაკი ფეხქვეშ გვეცლება. წვიმის დროს თავზე გვაწვიმს, სახლში მუდმივად ცივა, ბავშვებთან ერთად ვიყინებით -  მიუხედავად იმისა, რომ ოთახს ღუმლით ვათბობთ. გუშინ, მაგალითად, ისეთი ქარი იყო, ვერაფრით დავიძინეთ. გვეშინოდა, რომ სახლი თავზე ჩამოგვენგრეოდა. მთელი ღამე შიშში გავატარეთ. იატაკის ფიცრებში უზარმაზარი ხვრელებია და სახლში გველები ძვრებიან. ერთხელ სათავსო გამოვაღე, იქ კი უზარმაზარი, დახვეული გველი იწვა. ჩემი ქმარი რომ არა, რომელმაც დროზე მომისწრო, ალბათ მიკბენდა კიდეც... დღემდე ცუდად ვხდები, რომ მახსენდება!

შორენა, მეუღლე როგორ გაიცანით?

შორენა: ჩემი მომავალი მეუღლის რძალთან - მის ძმის ცოლთან ვმეგობრობდი; სტუმრადაც ხშირად მივდიოდი. ერთხელაც, ზაური ესტუმრათ. შემომხედა თუ არა, ჩვენ შორის თითქოს რაღაც ნაპერწკალმა გაიელვა. ნახევარი წელი მეარშიყებოდა, მერე კი ხელი მთხოვა. ასე დავქორწინდით! შესანიშნავი მეუღლე მყავს, ძალიან მზრუნველი, შვილებს აღმერთებს, მუშაობა არ ეზარება... მაგრამ სამწუხაროდ, უმუშევარია...

და ახლა რა შემოსავალი გაქვთ?

შორენა: სოციალურ დახმარებას ვიღებთ - 300 ლარს და ბავშვთა კვების ვაუჩერს - 90 ლარს. შეგვიძლია სოციალურ სასადილოშიც ვიაროთ. კარანტინის დროს სასადილო არ მუშაობდა, მაგრამ ზოგჯერ იქიდან პროდუქტებს გვიგზავნიდნენ: ბურღულეულს, მაკარონს... ამის წყალობით გადავრჩით.

ეს ფული გყოფნით?

შორენა: საერთოდ არ გვყოფნის! ხშირად არჩევანის წინაშე ვდგავარ: საჭმელი ვიყიდო თუ ტანსაცმელი? ეს ფული როგორ გადავანაწილო, არც კი ვიცი...

ვინმე გეხმარებათ?

შორენა: დიახ, ნათესავებიც მეხმარებიან და მეზობლებიც - ვისაც როგორ შეუძლია. ისინი რომ არა, არც კი ვიცი, საერთოდ როგორ ვიცხოვრებდით! ხან ტანსაცმელი მოაქვთ, ხან პროდუქტები... უზომოდ მადლიერი ვარ ყველასი!

ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?

შორენა: მითხოვია და არაერთხელ! სოციალურ დახმარებას გვაძლევენ და ეგაა. ალბათ ფიქრობენ, რომ დამატებითი მხარდაჭერა აღარ გვჭირდება...

რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში? სახლში რა გაკლიათ?

შორენა: ბევრი რამ! ნახეთ, რა საშინელებაში ვცხოვრობთ! ხუთი კაცი 14 კვადრატულ მეტრს ვაფარებთ თავს. არადა, მალე ოჯახში ახალი წევრი შეგვემატება - რამდენიმე თვეში შვილი შეგვეძინება. მერე როგორღა ვიცხოვროთ?

სახლში საწოლები გვაკლია. ორი პატარა ტახტი მაქვს, რომლებზეც ბავშვებს სძინავთ: ბიჭი მოკეცილი ფეხებით წევს, რადგან უკვე გაიზარდა და ვეღარ ეტევა, მეორეზე კი გოგონები წვანან; ზოგჯერ ძირს ვარდებიან, რადგან ორნი ერთად ვეღარ ეტევიან. მე და ჩემს მეუღლეს კი იატაკზე გვძინავს - ქვეშაგებს და საბნებს ვაფენთ. არადა, ორსულად ვარ! იატაკზე წოლა როგორ შეიძლება?

კარადები და სათავსოებიც ძალიან გვჭირდება - ნივთებს ვერსად ვაწყობთ. მაცივარიც ძალიან გვჭირდება! ძველი კი გვიდგას, მაგრამ გაფუჭებულია და არ მუშაობს, ამიტომ სურსათს ვერსად ვინახავ. ზოგჯერ საჭმელი გვიფუჭდება, მჟავდება და გადაყრა მიწევს.

გაზქურაც ძალიან მინდა! ოთახში კი გვიდგას, მაგრამ არ მუშაობს და როგორც ჭურჭლის სადგამს, ისე ვიყენებ. იცით, საკმარისი საკვები რომ გქონდეს, ადამიანი ნებისმიერ სირთულეს აიტან, მაგრამ მუდამ თავს ვიმტვრევ ბავშვებს რა გავუკეთო და რა პროდუქტებით? ასეთმა ცხოვრებამ დამღალა!

როგორია თქვენი ყოველდღიური რაციონი? რას ჭამთ?

შორენა: მაკარონს, ბურღულეულს, წვნიანებს... ყველაფერს თხევადს ვაკეთებ. ბოლოს ხორცი, ქათამი ან რძე როდის ვჭამეთ, აღარც კი მახსოვს. ეს ჩვენთვის ფუფუნებაა! ჩემი შვილები ჭირვეულები არ არიან; რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერს ჭამენ, მაგრამ მათ ბევრი რამ აკლიათ. მაგალითად, ბავშვები ხედავენ, როგორ ცხოვრობენ მათი თანატოლები; მიყვებიან, რომ სხვა ბავშვები შოკოლადებს ყიდულობენ... ვეუბნები, რომ ტკბილეულის ყიდვას მალე ისინიც შეძლებენ, ოღონდ ცოტა უნდა მოითმინონ... მათი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას ასე ვცდილობ... გული ძალიან მტკივა!

შორენა, მალე ისევ დედა გახდებით. ბავშვის სახელი უკვე შეარჩიეთ?

შორენა: ექიმებმა თქვეს, რომ გოგონა მეყოლება. გადავწყვიტეთ სესილია დავარქვათ... უფრო სწორედ, მომავალ დას ეს სახელი ჩემმა გოგონებმა შეურჩიეს. ისე უხარიათ!

ლამაზი სახელი ლამაზი გოგონასთვის! მაგრამ რატომ სესილია?

სალომე: ერთი თანაკლასელი მყავს, რომელსაც სესილია ჰქვია და მასთან ვმეგობრობ. ეს სახელი ძალიან მომწონს! ჰოდა, მე და ჩემმა უფროსმა დამ დედას ვუთხარით, რომ თუ გოგონა დაიბადება, სესილია უნდა დავარქვათ. სამივე დას სახელი „ს“-ზე დაგვეწყება: სოფიკო, სალომე და სესილია. უჩვეულოა, არა?

რა კარგად მოგიფიქრებია, ყოჩაღ! როგორ ფიქრობ, შენი პატარა დაიკო როგორი იქნება?

სალომე: დედასავით და სოფიკოსავით ლამაზი! (იცინის.)

რაზე ოცნებობ, პატარავ?

სალომე: ვოცნებობ ოდესმე სტომატოლოგი გავხდე, რადგან კბილის ექიმობა დედას უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ახლა მე ვიქნები კარგი სტომატოლოგი! ასევე, ვოცნებობ საკუთარი ოთახი მქონდეს: ლამაზი, ვარდისფერი, კარგად მოწყობილი...

ირაკლი: ოთახიც გექნება და მთელი სახლიც! აი, ნახავ, გავიზრდები და ჩვენთვის დიდ სახლს ავაშენებ! მაგრამ რაც მთავარია - ბევრზე ბევრ საჭმელს ვიყიდი, რომ ყველას გვეყოს!

უკვე გადაწყვიტე, ვინ გამოხვალ, რომ გაიზრდები?

ირაკლი: რა თქმა უნდა! მინდა მსხვილი ფერმერი გავხდე. ვოცნებობ საკუთარი ფერმა გავხსნა, სხვადასხვა ცხოველები მოვაშენო და ჩვენს საქართველოშიც გავყიდო და სხვა ქვეყნებშიც. ახლახან კურდღლები მაჩუქეს და მათ ვუვლი... ძალიან ლამაზები არიან!

სოფიკო, შენ ვინ გინდა გამოხვიდე?

სოფიკო (10 წლის): ვოცნებობ მომღერალი გავხდე. სიმღერა ძალიან მიყვარს, მუსიკა - ჩემი ცხოვრებაა. სიმღერების და მუსიკის გარეშე არ შემიძლია! ყველანაირი სიმღერის შესრულება მომწონს, ნებისმიერის!

შენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

სოფიკო: ის, რომ საკუთარი, ნორმალური სახლი გვქონდეს და ბედნიერი ოჯახი ვიყოთ. ტორტიც ძალიან მინდა! იმდენი ხანია, ტკბილეული არ მიჭამია, რომ მათი გემოც კი დამავიწყდა; მაგრამ მახსოვს, რომ ძალიან გემრიელია!

შორენა, თქვენ რაზე ოცნებობთ?

შორენა: იმაზე, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ და არ შიმშილობდნენ! სხვა რაზე უნდა ოცნებობდეს დედა? მხოლოდ საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე!

ღმერთის თუ გწამთ?

შორენა: ღმერთისაც მწამს და ჩემი კეთილი თანამემამულეებისაც, რადგან ცხოვრებაში ყოველთვის უცხო ხალხი მეხმარებოდა. მჯერა, რომ ისინი არც ახლა დაგვტოვებენ. მანამდე კი ასე ვცხოვრობთ, მარადიულ საზრუნავში, რომლებსაც დასასრული არ უჩანს!

***

მეგობრებო, ცეცხლაძეების ოჯახს ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება! მათ უამრავი სირთულე, ტკივილი და განსაცდელი გამოიარეს! როგორც ხედავთ, ოჯახი, პატარა შვილებთან ერთად, ისეთ საშინელ სიღარიბეში ცხოვრობს, რომ ჩვენ უბრალოდ უფლება არ გვაქვს, ასეთ გასაჭირს გვერდი ავუაროთ!

ამ საბრალო ხალხს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება. მათ ესაჭიროებათ: საკვები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მაცივარი, კომპიუტერი, გაზქურა და საწოლები.

მოგიწოდებთ, ნუ იქნებით გულგრილი! მოდი დავეხმაროთ მათ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და ბავშვებს ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მივცეთ! ცეცხლაძეების ოჯახის მონახულება და დახმარება პირადადაც შეგიძლიათ. მათი მისამართია: ბათუმი, გოდერძი ჩოხელის ქ. №36.

ძვირფასო მეგობრებო, ცეცხლაძეების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ცეცხლაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: