ბავშვი ტკივილისგან ტირის, ოჯახი კი სასოწარკვეთილებისგან! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვი ტკივილისგან ტირის, ოჯახი კი სასოწარკვეთილებისგან!

page info icon
2021 ივლის 30
მეგობრებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი ყველაზე კარგი და ყველაზე ლამაზი შვილი ტკივილგამაყუჩებელ აბებზე ცხოვრობს, რომლებიც მის პატარა სხეულს ნელ-ნელა კლავს?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,756 ₾
( 366 დონორი )
დასრულებულია

მეგობრებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი ყველაზე კარგი და ყველაზე ლამაზი შვილი ტკივილგამაყუჩებელ აბებზე ცხოვრობს, რომლებიც მის პატარა სხეულს ნელ-ნელა კლავს?

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ რამდენიმე საათში ერთხელ თქვენს ყველაზე საყვარელ არსებას საშინელ შხამს ასმევთ?

ტკივილგამაყუჩებლების მოქმედება მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში პატარა დენი შეიძლება იღიმოდეს, დედის ჩახუტება უხაროდეს... მერე კი ისევ ტკივილი მოდის, რომელსაც პატარა ანგელოზისთვის ცრემლები და ტანჯვა მოაქვს, მისი დიდი, მეგობრული ოჯახის ცხოვრებას კი სიბრალულისა და გულისტკივილის უწყვეტი ნაკადით ავსებს.   

ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ნათიას - ბავშვის დედის რთული მშობიარობა, რომლის დროსაც ქალი კინაღამ გარდაიცვალა, შედეგად კი დენი ინვალიდი დარჩა... მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია - ეს არის დიაგნოზი, რომლის დროსაც სიტყვები „ნაბიჯი“ და „ტკივილი“ სინონიმები ხდება.

„გამოსავალი არის“, - ამბობენ ექიმები. – „ბავშვს უბრალოდ სპეციალური მასაჟები სჭირდება და აუცილებლად გაივლის.“ სპეციალური მასაჟები კი 100 პროცედურაა, რომლის ღირებულებაც 5000 ლარია. ამ თანხის ნახევარი ოჯახმა თვითონ გადაიხადა, მაგრამ ვალებში ჩავარდნენ. რა იქნება ხვალ? მათი შემოსავალი, სოციალურ დახმარებასთან ერთად, 900 ლარია; სესხს კი აღარ აძლევენ. „რა უნდა ვქნათ?“ - თავს იმტვრევენ საწყალი მშობლები. – „ვიშიმშილოთ თუ დენის ვუმკურნალოთ? გაჭირვებას გავუძლოთ თუ საყვარელი შვილის ტანჯვა-წამებას ვუყუროთ?“

რა რთული არჩევანია!.. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვინმეს ამ არჩევანის გაკეთება მოუწიოს!

დენიემი ტირის, როდესაც ფეხს ადგამს, რადგან ძალიან სტკივა

სულ ასე ტირის?

ნათია: როცა ფეხს ადგამს - კი. ტკივილგამაყუჩებელიც რომ დავალევინო, მხოლოდ რამდენიმე საათით შველის, მერე კი ისევ ტკივილი, ყვირილი... თავადაც დარწმუნდებით! წამალი ნახევარ საათში დაიწყებს მოქმედებას და მაშინვე ანგელოზად გადაიქცევა... სულ ხელში უნდა გეჭიროს; კომფორტულად მოეწყობა თუ არა, მერე ყურებამდე იღიმის.

"ღმერთო, დიდი მადლობა ამ ანგელოზივით ბავშვისთვის!"

– სანამ დენი დამშვიდდება, თქვენი ოჯახისა და პრობლემების შესახებ მოგვიყევით. გოგონებს თვალს ვერ ვწყვეტ, ისეთი ლამაზები არიან!

ნათია: ისინი ჩემი სიამაყეა! ლიზი 8 წლისაა, მარი კი 14-ის... მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება და ჩვენი ფინანსები ახლა დენიემს მიაქვს. გოგოები არ აპროტესტებენ, ძმა ძალიან უყვართ და მის მოვლაშიც მეხმარებიან. მე ხომ დიაბეტი მაქვს, ამიტომ მალე ვიღლები. აი, ნახეთ! მარი ახლა სასადილოში იყო და პური მოიტანა. პური დენის ტკბილეულს უნაცვლებს. ნახეთ, როგორ ღეჭავს! ჭამა ისე უყვარს... ჩემი „გოჭუნა“! შეხედეთ, ნახეთ, რა საყვარელია!

„პურო, ახლა შეგჭამ!“

როგორ ცხოვრობდით, სანამ დენიემი გაჩნდებოდა?

ნათია: ვერ ვიტყვი, რომ თავზე გადაგვდიოდა, მაგრამ ნორმალურად ვცხოვრობდით. ჩემი ქმარიც მუშაობდა და მეც... არა, მაღალ თანამდებობებზე-მეთქი, ვერ ვიტყვი - ჩემი ქმარი მეეზოვეა, მე კი რესტორანს ვალაგებდი. სამუშაო კი ბინძურია, მაგრამ სამაგიეროდ პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფულია სუფთა. მერე დენიემი გაჩნდა... მაგრამ პრობლემები ჯერ კიდევ მშობიარობისას შეიქმნა...

ეს დენისთვის საშიშია?

ნათია: ძალიან საშიშია! ტკივილგამაყუჩებლების მუდმივი მიღება ორგანიზმს ანადგურებს... და ბავშვს საშინლად სტკივა! მას ხომ სირბილი უნდა... ასეთი უბედურება რატომ დაგვემართა?! რა სამწუხაროა!.. არც მკურნალობის ფული გვაქვს. ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ, რომ სპეციალური პროცედურების ღირებულება დაგვეფარა. მასაჟის 50 სეანსი ჩავიტარეთ, მაგრამ ახლა სესხს აღარავინ გვაძლევს. ჯერ წინა სესხი უნდა დავფაროთ. მაგრამ როგორ? მე მუშაობა არ შემიძლია, მთელი დღე დენიემი მიჭირავს ხელში. გოგოებს ვერ დავუტოვებ - ნერვიულობენ, რომ შეიძლება ძმას რამე ატკინონ. ჩემი ქმარი მეეზოვედ მუშაობს და 600 ლარი აქვს ხელფასი. ჭამაც ხომ გვინდა, არა?! სასადილოდან რაც მოგვაქვს, არ გვყოფნის. თანაც ბავშვები ამას ყოველთვის ვერ ჭამენ. კი ყველაფერი ესმით და ჭირვეულები არ არიან, მაგრამ...

„კი ვეთამაშებით, მაგრამ ფეხი მოსვენებას არ აძლევს და სულ დედას ეძახის!“

ლიზი (8 წლის): სამაგიეროდ, შიმშილისგან გამხდრები ვიქნებით. არა, დე? მულტფილმის პრინცესებივით.

რომელი პრინცესები მოგწონს?

ლიზი: რა თქმა უნდა, ფიფქია! იცით, რატომ? მას მეგობრები ჰყავს - შვიდი ჯუჯა, მე კი მიყვარს, როცა ადამიანს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს.

შენც ბევრი მეგობარი გყავს?

ლიზი: როგორ გითხრათ… ორი „ცალი“ - ანასტასია და ანდრია.

– უცებ მთელმა საქართველომ შენთან დამეგობრება რომ მოინდომოს, მერე რამდენი „ცალი“ იქნება?

ლიზი: შეუძლებელია! მათ ხომ საკუთარი შვილები ჰყავთ?! ანასტასიას და ანდრიას კი ჩემი ესმით...

– რას ნიშნავს „ესმით“?

ლიზი: იციან, რატომ შეიძლება ვიყო მოწყენილი, რამ შეიძლება გული მატკინოს... და ალბათ, თუ ვინმემ მაწყენინა, დამიცავენ კიდეც. წამოდით, რაღაცას გაჩვენებთ! მე ისინი ჩემი საწოლის გვერდით დავხატე! მართალია, ძალიან არ ჰგვანან, მაგრამ ეს პატარა - ანასტასიაა, დიდი კი ანდრია. შენს მეგობრებს კედლებზე შენც ხატავ?

„აი, ჩემი მეგობარი ანასტასია!“

„ეს კი ანდრიაა! ისინი მართლა ასეთი უშნოები არ არიან, უბრალოდ ხატვა არ ვიცი.“

– ვა, რა ლამაზი ხატვა გცოდნია!

ლიზი: რა ხუმარა ხარ! აი, მარი ისე ხატავს - გაგიჟდები! შეუძლია მთელი დღე იჯდეს და ხატოს. წამო, ვთხოვოთ და შენც დაგხატავს!

– მარი, ლიზიმ მითხრა, რომ შეგიძლია დამხატო. მართალია?

მარი (14 წლის): დახატვას კი შევძლებ, მაგრამ თქვენ რამდენად გემსგავსებათ - არ ვიცი. მოდი ვცადოთ!

„წერტილი, წერტილი, მძიმე, ცხვირი, პირი, რკალი...“

„და გამოვიდა ადამიანი!“

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი საკუთარი ხელით გაკეთებული საჩუქარია!

– რა მაგარია! დავიჯერო, ასეთი ლამაზი ვარ?

მარი: კი, კარგი ხარ! ეს ჩემგან საჩუქრად! მართლა გამომართმევ? იცი, შემიძლია მთელი დღე ვხატო. გაკვეთილებზეც ვზივარ და ვხატავ. ზოგჯერ მასწავლებლები კი მეჩხუბებიან, მაგრამ როცა კარგად ვპასუხობ და დავალებებსაც ვაკეთებ, მეუბნებიან: „კარგი, ჰო, ხატე!“

– ხატვის გარდა, კიდევ რის კეთება გიყვარს?

მარი: მე ჩემი სამყარო მაქვს და ყველა ნახატი ჩემი ახლო მეგობარია. ადამიანებთან ურთიერთობა არ მიყვარს, ან არ ვიცი... მარტო ყოფნა მიყვარს. ყველა ჩემი თანატოლი გათხოვებაზე ლაპარაკობს, ყველას შეყვარებული ჰყავს, მე კი არა. მარტო ყოფნა მინდა. არ იფიქროთ, რომ მშობლები მიშლიან, ან ლიზი და დენიემი; უბრალოდ მინდა, რომ ხელს არავინ მიშლიდეს.

– რაზე ოცნებობ? რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?

მარი: იმაზე, რომ ლიზი და დენი მიჯერებდნენ...

– მშობლები თუ გიჯერებენ?

მარი: დიახ! (ხითხითებს.) ისინი საუკეთესოები არიან! მამას იშვიათად ვხედავ, რადგან დილიდან საღამომდე მუშაობს. ძალიან მენატრება!

„როცა მამა სამსახურში მიდის, ჯერ კიდევ ყველას სძინავს; სახლში კი ძალიან დაღლილი ბრუნდება.“

– ერთ გოგოს ვიცნობდი, რომელსაც ძალიან რცხვენოდა, რომ დედამისი ქუჩებს გვიდა. დანახვისას მას გვერდსაც კი უვლიდა.

მარი: აღარ გააგრძელოთ! როგორ შეიძლება საკუთარი მშობლების გრცხვენოდეს?! მამა რომ დავინახო, მივირბენ და ჩავეხუტები. ის ხომ ჩვენთვის ცდილობს?! რა სისულელეა!

– მარი, ზრდასრული ადამიანივით მსჯელობ...

ლიზი: ზრდასრული რომ ხარ, საინტერესო არაა! გაზრდა არ მინდა!

– რატომ? გგონია ბავშვები უკეთესად ცხოვრობენ?

ლიზი: აბა რა! ზრდასრული ადამიანები თავისუფლები არ არიან. აი, მოვინდომე და სათამაშოდ, მულტფილმის საყურებლად ან კიდევ რამის გასაკეთებლად წავედი. დედა კი ზრდასრულია. გგონიათ, შეუძლია? არა, რა თქმა უნდა! მთელი დღე ხელში დენიემი უჭირავს და ხან აჭმევს, ხან სახლს ალაგებს... თამაშისთვის სულ არ სცალია, არც მულტფილმებს უყურებს ხოლმე. განა ეს ცხოვრებაა?! არააა, მინდა სულ ბავშვი ვიყო!

– არასოდეს გამიგია, რომ ბავშვი ასე მსჯელობდეს... მაგრამ მართალი ხარ!

ლიზი: გეუბნები... გინდა, ჩემი პრინცესის კაბა განახო? ასეთი ფიფქიას აქვს! ნახე! ლამაზია, არა?

„ამ კაბას რომ ვიცვამ, პრინცესა ვარ!“

„როცა დამიპატარავდება, შენ გაჩუქებ!“

– როცა დაგიპატარავდება, მათხოვებ? ძალიან ლამაზია!

ლიზი: რა სასაცილო ხარ! ჩემთან ერთად რომ სწავლობდე, ვიმეგობრებდით და კედელზე ანასტასიას გვერდით დაგხატავდი.

– ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არასდროს მომისმენია. მართლა ძალიან კარგი გოგონები ხართ! დიდი მადლობა თქვენს მშობლებს, რომ ასეთები გაგზარდეს!

ნათია: მე და ჩემი ქმარი მართლა ძალიან ვცდილობთ, რომ მათ მთელი ჩვენი სიყვარული მივცეთ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთები არიან! ეს მართლა დიდი ბედნიერებაა!

„ერთი ნაბიჯი, ორი ნაბიჯი... სიარულს ვსწავლობთ.“

– ნათია, მოდი ჩვენი საუბარი შევაჯამოთ. ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ნათია: პირველ რიგში, თანხა გვჭირდება, რომ დენის 20 მასაჟი გავუკეთოთ. ეს 1000 ლარია. მაცივრისთვის და გაზქურისთვისაც მადლობელი ვიქნები. სარეცხი მანქანაც გაფუჭებულია, მაგრამ ამდენს ნამდვილად ვერ გთხოვთ... ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი შვილია.

– და გოგონებს რა უნდათ?

ლიზი: მე გეტყვი, მე! ძალიან მინდა სარკე! იცი, როგორი? აი, ისეთი, მაგიდაზე რომ დევს, რომელშიც შეგიძლია ჩაიხედო და ჩაიხატო... და ველოსიპედი... და კანფეტები... მე მოვრჩი, ახლა მარიმ თქვას!

მარი: მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - კომპიუტერი. სულ ესაა!

„პატარა “გოჭუნას“ შეუძლია ნახევარი პური შეჭამოს!“

***

აი, კიდევ ერთი ამბავი დასრულდა, თუმცა მათ შესახებ კიდევ ძალიან ბევრი რამის მოყოლა შეგვიძლია. ამ მშვენიერ ბავშვებს, რომლებიც სამყაროზე ჯერ კიდევ არ გაბოროტებულან, ჩვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. პირველ რიგში, მოდი პატარა დენიემს დავეხმაროთ, რომ მან სიარული შეძლოს და ყოველი ნაბიჯი ტკივილს არ აყენებდეს. დავეხმაროთ დედას ტექნიკით და სურსათით, რომ მან აღარ იდარდოს და ბავშვების გამოკვება შეძლოს; გოგონებს კი უბრალოდ მათი სანუკვარი ოცნებები ავუსრულოთ - კომპიუტერი, სარკე და ველოსიპედი. დანარჩენი კი - თქვენი შეხედულებისამებრ.

შეგიძლიათ მათ სტუმრად ეწვიოთ: შინდისი, წინანაურის პირველი შესახვევი №3

მეგობრებო, მეზურნიშვილების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას.

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მეზურნიშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ჩვენი ფონდი შეგიძლიათ იხილოთ Instagram https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და Telegram https://t.me/ChernovetskyiFund

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: