ტკივილისგან ლამის კედლებზე გავიდე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ტკივილისგან ლამის კედლებზე გავიდე!

page info icon
2021 აგვისტო 12
page info icon
1268
– ზლუქუნებს 53 წლის ნონა ტურაშვილი. ხმა გამუდმებით უწყდება, მთელი ძალით ცდილობს ცრემლების შეკავებას, მაგრამ, რაღაც მომენტში, საბრალო ქალი თავს ვეღარ იკავებს, სახეს ხელებში რგავს და მწარედ ტირილს იწყებს. ეჰ, რამხელა მწუხარება და ტკივილია ამ ცრემლებში! ქალი ტირილს აგრძელებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,146 ₾
( 169 დონორი )
დასრულებულია

– ზლუქუნებს 53 წლის ნონა ტურაშვილი. ხმა გამუდმებით უწყდება, მთელი ძალით ცდილობს ცრემლების შეკავებას, მაგრამ, რაღაც მომენტში, საბრალო ქალი თავს ვეღარ იკავებს, სახეს ხელებში რგავს და მწარედ ტირილს იწყებს. ეჰ, რამხელა მწუხარება და ტკივილია ამ ცრემლებში! ქალი ტირილს აგრძელებს...

მერე მძიმედ ოხრავს და ჩემკენ იხედება. მის მზერაში იმხელა სასოწარკვეთა და უიმედობა იკითხება, რომ გული მეწურება...

„ყოველდღე საშინელი ფეხის ტკივილები მაქვს, ზოგჯერ ღამითაც კი ვერ ვიძინებ“, - აგრძელებს ნონა. – „წამლები უნდა ვსვა, რაც ტანჯვას ოდნავ მაინც შემიმსუბუქებდა, მაგრამ წამლების ფული არ მაქვს.“

ნონა თავის ერთადერთ შვილთან - ნინოსთან ერთად ცხოვრობს. ნინოსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ვერ მუშაობს. სახლი, სადაც დედა-შვილი ცხოვრობს, საცხოვრებლად უვარგისია. პირობები, რბილად რომ ვთქვათ, საშინელია: სახურავი ჟონავს, კედლები ჩამოშლილია, იატაკი, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გეცლება; სახლში არც საკმარისი ტექნიკაა და ავეჯიც ისეთი ძველია, რომ სადაცაა დაიშლება. თავის სარჩენად დედა-შვილი ყოველდღე... მოწყალებას ითხოვს!

საშინელებაა, როდესაც ჩვენს თანამედროვე ქვეყანაში ჯერ კიდევ შეიძლება ასეთი ამბების მოსმენა! ნონა და მისი შვილი ავად არიან და თავის რჩენა არ შეუძლიათ, მაგრამ მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა და ამ საბრალო ქალების მდგომარეობის შემსუბუქება არავის უნდა. განა მათ ასეთი ცხოვრება დაიმსახურეს? რა არის ეს - დაკანონებული სიღარიბის ქვეყანა?

ნონა: ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სამათხოვროდ გამიხდებოდა საქმე. მოწყალების თხოვნა ძალიან მრცხვენია. ლუკმაპურის ფულს ყოველთვის პატიოსანი შრომით ვშოულობდი, მაგრამ ახლა მე და ჩემი გოგო ისეთ პირობებში აღმოვჩნდით, რომ ხელის გაშვერისა და უცხო ხალხისთვის დახმარების თხოვნის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დაგვრჩა.

ნონა, ასეთ პირობებში როგორ აღმოჩნდით?

ნონა: ვერ ვიტყვი, რომ ადრე მდიდრულად ვცხოვრობდი, მაგრამ მუშაობა და შვილის რჩენა მაინც შემეძლო; თუმცა ბოლო პერიოდში უკვე ძალიან გაგვიჭირდა. განსაკუთრებით - ორმხრივი ფილტვების ანთების შემდეგ. შარშან, ოქტომბერში ავად გავხდი და საავადმყოფოში მოვხვდი. მკურნალობა მძიმედ მიმდინარეობდა. გამოწერის შემდეგ უფრო ცუდად გავხდი - ძველმა ავადმყოფობამ თავი შემახსენა: ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მარცხენა მუხლზე სახსრების ოპერაცია გამიკეთეს. ინვალიდობის სტატუსიც კი მომანიჭეს. მაშინ ექიმებმა მითხრეს, ეცადე, თავს მიხედო, თორემ შეიძლება გაგიმეორდესო და ფილტვების ანთების შემდეგ ასეც მოხდა. ერთი დაავადება მეორეში გადაიზარდა, თუ რა ვიცი... მოკლედ, ექიმებთან დავდიოდი, უამრავი წამალი დამინიშნეს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი იმდენად ძვირია, რომ ვერ ვყიდულობ. ან ტკივილით უნდა ვიტანჯო, ან ვიშიმშილო. ამ ორს შორის არჩევანი როგორ გავაკეთო? (ტირის.)

ნონა, ძალიან გთხოვთ, ნუ ტირით. კარგად გვესმის თქვენი ტანჯვა და ტკივილი...

ნონა: ბრძოლის ძალა საერთოდ აღარ შემრჩა, გესმით? აღარ ვიცი, რა გავაკეთო. ან როგორ? როცა საავადმყოფოში მომათავსეს, მკურნალობისთვის ფული დამჭირდა, რომელიც არ მქონდა, ამიტომ ბანკში წავედი და სესხი გამოვიტანე. ახლა ამ სესხის ფულიც უნდა ვიხადო და როგორღაც ვიარსებო კიდეც, მაგრამ როგორ?

რამე შემოსავალი თუ გაქვთ?

ნონა: მე და ჩემს გოგოს სოციალურ დახმარებას გვაძლევენ - 120 ლარს. ინვალიდობის პენსიასაც ვიღებ - 140 ლარს, რომელიც თითქმის მთლიანად სესხის დაფარვას ხმარდება; ამიტომ  მათხოვრობის გარდა, სხვა გზა აღარ გვრჩება.

მოწყალების სათხოვნელად სად დადიხართ?

ნონა: ქალაქში ერთი პატარა საცხობია და მე და ჩემი გოგო სწორედ მის წინ ვსხდებით ხოლმე. როცა მე ვერ მივდივარ, ნინო მიდის. ყინვაა თუ ქარია - მაინც მივდივართ. ადრე დილიდან საღამომდე. ლუკმაპურისთვის და წამლებისთვის ფულის შოვნას ასე ვცდილობთ. ზოგჯერ საცხობის თანამშრომლები ხაჭაპურს მაძლევენ... კი მშია, მაგრამ არ ვჭამ, - სახლში მომაქვს, რომ საღამოს შვილთან ერთად ვჭამო.

თქვენი შვილი რატომ არ მუშაობს?

ნონა: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ვერ მუშაობს. არ შეუძლია. ყველაფერი ბავშვობიდან დაიწყო: ჩემი ყოფილი ქმარი ბევრს სვამდა. სახლში გვიან მოდიოდა, - როცა ბავშვს ეძინა, ხმამაღლა ყვიროდა და აშინებდა. დიდხანს გაგრძელდა ასე. მერე ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები დღემდე აქვს. ადრე ვერაფერს ვამჩნევდი, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო გამოუვლინდა.

ოჯახი როგორ შექმენით?

ნონა: საწყობში ვმუშაობდით და ასე გავიცანით ერთმანეთი. ვერ ვიტყვი, რომ მიყვარდა, მაგრამ დაპირებებით მომხიბლა. მე კი, სულელი, ცოლობაზე დავთანხმდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე სმა დაიწყო. რაც სახლში გვქონდა, ყველაფერს ყიდდა, ოღონდ სასმელი ეყიდა. შვილსაც ცუდად ექცეოდა. ვეღარ გავუძელი და მივატოვე, საცხოვრებლად კი ამ სახლში გადმოვედი.

ეს სახლი თქვენია თუ ნაქირავებია?

ნონა: დიახ, ჩემია, - ჩემს მშობლებს ეკუთვნოდა. სახლის ერთი ნაწილი მე დამიტოვეს, მეორე კი ჩემს ძმას, მაგრამ ისიც, ჩემი მშობლებიც და ჩემი დაც უკვე გარდაცვლილები არიან.

ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ?

ნონა: ოჰ, არ მკითხოთ! ეს სიცოცხლე კი არა, გადარჩენისთვის ბრძოლაა! ზამთარში, - თოვლია თუ წვიმა, - ყველაფერი თავზე გვეცემა. სახურავი საშინლად ჟონავს, კედლებში ბზარებია, ამიტომ ყველა მხრიდან გვიბერავს. ზამთარში შეშის ღუმლით ვთბებით, მაგრამ სახლი უკვე ძველია და ზოგჯერ მილებიდან კვამლი გამოდის და გვახრჩობს. ფანჯრების და კარების გაღება გვიწევს. გააღებ და - ცივა! ავეჯიც უკვე დაძველდა, გაცვდა; ცოტაც და - დაიშლება. ნორმალურად ბანაობაც კი არ შეგვიძლია. ოთახში, რომელსაც აბაზანად ვიყენებთ, იატაკი იშლება და ერთ დღეს შეიძლება მიწაში ჩაგვიტანოს. მოსვენება არ გვაქვს!

ნათესავები არ გეხმარებიან?

ნონა: არა, არ გვეხმარებიან. ყველას თავისი პრობლემები და საზრუნავი აქვს... მე და ჩემი შვილი არავის ვჭირდებით. მათთვის რამის თხოვნა მე თვითონაც მრცხვენია.

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

ნონა: რა თქმა უნდა, იყო ასეთი შემთხვევა. დახმარებისთვის მივმართე... უბრალოდ არც პასუხი გაგვცეს და არც დაგვეხმარნენ....

ახლა თავს როგორ გრძნობთ?

ნონა: ფეხი გამუდმებით საშინლად მტეხს და რაღაც მომენტში ისეთი ძლიერი ტკივილები მეწყება, რომ ყმუილი მინდება. ცოტაც და კედლებზე გავალ! ჯოხით დავდივარ და ვმოძრაობ... სხვაგვარად მიწაზე ფეხს ვერ ვდგამ. გადატანილი ფილტვების ანთებაც თავს მახსენებს. ოდნავ თუ დაუბერა, მაშინვე ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ფილტვები „მეწვის“. საშინელი ტკივილია!

ნონა, რა სახის დახმარება გჭირდებათ? რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

ნონა: ძალიან მჭირდება წამლები და სურსათი. ეს პირველ რიგში! ასევე, მინდა კეთილ ხალხს, რომლებიც ჩვენი პრობლემების მიმართ გულგრილები არ დარჩებიან, თხოვნით მივმართო - სარეცხი მანქანა გვჭირდება! ახლა ყველაფერს ხელით ვრეცხავ. იცით, რა საშინელებაა? ჩემი სახსრების გადამკიდე, სიმძიმის აწევა ძალიან მიჭირს, მაგრამ ტანსაცმლის გასარეცხად წყლის მოტანა და გაცხელება მიწევს. მერე კი, ღამით, ფეხი მტკივდება, თანაც ისე, რომ ლამის მოვკვდე!

ნონა, მინდა თქვენს შვილსაც გავესაუბრო. შეიძლება?

ნონა: არა მგონია დღეს ამის ხასიათზე იყოს. ზოგჯერ თავს ცოტა ურიგოდ გრძნობს... ფსიქოლოგიურად. ასეთ დღეებში საუბრის სურვილი არ აქვს.

კარგი, მესმის... რისი გწამთ?

ნონა: უფლის! სახლში ხატების კუთხეც მაქვს. ყოველთვის ბევრს ვლოცულობ და უფალს დახმარებას შევთხოვ! სხვა ადამიანებისთვისაც ბევრს ვლოცულობ, რომ ღმერთმა კეთილ ხალხი და ბავშვები სიკვდილისგან იხსნას, ჯანმრთელად ამყოფოს და ყველა ბედნიერი იყოს, რადგან მეც და ჩემი შვილიც ამ დიდი სამყაროს ნაწილი ვართ.    

რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

ნონა: თავს გაუფრთხილდით და ერთმანეთს მხარში დაუდექით! საკუთარი თავის და ერთმანეთის გადარჩენას მხოლოდ ასე თუ შევძლებთ! ასევე, მინდა ყველას, ვინც ჩემი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩება, დიდი მადლობა გადავუხადო. ღმერთმა დაგლოცოთ!

***

მეგობრებო, ამ საბრალო ოჯახს მრავალი სიმწარე და განსაცდელი ერგო! ლუკმაპურის საშოვნელად და გადასარჩენად დედა-შვილი იძულებულია ქუჩაში გავიდეს და გამვლელებს მოწყალება სთხოვოს.

მეგობრებო, ნუ მივატოვებთ ნონას და ნინოს! დავეხმაროთ მათ, - ვისაც როგორ შეგვიძლია! ნონა ტურაშვილს ძალიან სჭირდება წამლები, რომლებიც მას ტანჯვას შეუმსუბუქებდა. ასევე, ოჯახს არ აქვს საკმარისი საკვები და სარეცხი მანქანა.

ოჯახის გაცნობა და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: ქუთაისი, რაზმაძის ქ. №4

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:.

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნონა ტურაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ჩვენი ფონდის გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ინსტაგრამზე https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: