პროექტის რეპორტი დაწყევლილები …!!!!!!!!!!!! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დაწყევლილები …!!!!!!!!!!!!

page info icon
2021 ოქტომბერი 28
ბიჭიაშვილების პატარა ოჯახში სულ სამი ადამიანია, აქედან ორი - დაბადებიდან ინვალიდია. დედა-შვილი საშინელი გენეტიკური დაავადებისგან იტანჯებიან, რომელიც ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, სულ უფრო და უფრო მეტად ზღუდავს ფეხის კუნთების მოძრაობას, ახდენს მათ დეფორმირებას და ართმევს მოძრაობის უნარს... და თუ შვიდი წლის ნიკოლოზს დამოუკიდებლად სიარული გაჭირვებით, მაგრამ მაინც შეუძლია, მის დედას, 28 წლის მაკას, ხელჯოხი და სხვების დახმარება სჭირდება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
13,872 ₾
( 817 დონორი )
დასრულებულია


ვგრძნობთ, როგორ შეგვიყვარა ხალხმა!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ოხ როგორ შეგახრამუნებთ, ჩემო გემრიელებო!“


- ჯერ შეხედე, როგორი მანქანა მყავს! მერე ვილაპარაკოთ! - ნიკო  ჯდება თავის მანქანაში და ადგილიდან იძვრება.  უზომოდ კმაყოფილი  სახით, ეზოს ურტყამს წრეებს, და  თან ჩემთან ჭორაობას აგრძელებს: ვერც კი ვიფიქრებდი, ოდესმე ასეთი თუ მეყოლებოდა. ძალიან, ძალიან მინდოდა და სულ ვოცნებობდი... შეხედე ბორბლებს, რამხელაა! გვერდებზე სარკეები აქვს, ხედავ? 
- საჭესთან ჯდომა ძალიან გიხდება.
ნიკოს სახე უბრწყინავს! მისმა პატარა გულმა გაიგო, რას ნიშნავს ბედნიერება! მისი დედიკო, მაკა თბილად იღიმის.
დარწმუნებულები ვართ, ბიჭიაშვილების ოჯახის თქვენთვის წარდგენა საჭირო არ არის. პოსტს არნახული გამოხმაურება მოჰყვა.
ამ ვიდეოკადრებმა შეძრა უამრავი ადამიანი: დედა-შვილისთვის სიარული სატანჯველია. მხოლოდ ხელიხელ ჩაკიდებულებს შეუძლიათ გავლა.
ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არსად გამქრალა. მაკასაც და ნიკოსაც, ახლაც სჭირდებათ დახმარება.  თქვენ შეძელით მათი გამხნევება! სულით და გულით შეეცადეთ,  მათთვის უკეთესი პირობები რომ შეგექმნათ!

„რა კარგია, სახლში ამდენი გემრიელობა რომ გვაქვს!“

„ხომ გალამაზდა ჩვენი სახლი?“


- მაკა, როგორც ვხედავ, სახლში ბევრი სიახლე გაქვთ. გთხოვთ, გვიამბეთ, რამდენად შეიცვალა თქვენი და ნიკოლოზის ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მაკა: ჯერ ვერაფრით ვერ შევეჩვიე იმ აზრს, რომ ამდენი პრობლემის მოგვარება მოხერხდა. (იღიმის.) არც კი ველოდებოდი.
ნიკოლოზი: მე კი, უკვე მივეჩვიე (კმაყოფილი ღიმილით.) მე მკითხე - მე ყველაფერი მომწონს. ვეტყვი, ხო დე? (მაკა თავს უქნევს.) 
ნიკოლოზი: ავეჯი არ გვქონდა, ახლა კი გვაქვს; საწოლი არ გვქონდა, ახლა კი გვაქვს; სასმელ-საჭმელი არ გვქონდა - ახლა კი, ბევრი გვაქვს. მაგრები ხართ!
მაკა (იღიმის): მე და ნიკო მთელი გულით ვუხდით მადლობას ყველას, ვინც ჩვენზე იზრუნა. ასეთი რამ, ჩვენს ცხოვრებაში პირველად ხდება, ასე რომ გვევლებიან თავს, ჩვენი პრობლემები მოაგვარეს, სურვილები აგვისრულეს. უამრავი ადამიანი, უამრავი! მე და ჩემს შვილს, თითოეულ თქვენთაგანს გვინდა პირადად  ვუთხრათ: „დიდი მადლობა!“

„საწოლი ისეთი უზარმაზარია, რომ რამდენიმეჯერ შემიძლია გადავკოტრიალდე“

ნიკო: და  კიდევ ვუთხრათ: „მართლა მაგრები ხართ! “
- ეს სიტყვები პირდაპირ გულში აღწევს! მოდით, ყველაფერი დაწვრილებით ვუამბოთ ჩვენს მკითხველებს. ეს მათ სტიმულს მისცემს და ფრთებს შეასხამს. რა სახის დახმარება მიიღეთ? ყველაზე მეტად რა გაგიხარდათ?
მაკა: ყოველდღე ვგრძნობთ, როგორ შეგვიყვარა ხალხმა. ისეთი სასიამოვნოა! უკვე მთელი საქართველო გვიცნობს, და ჩვენს ამბავს ყველა განიცდის. ყველამ გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ოჯახის ისტორია. ზარები დღემდე არ წყდება! ყველას უნდა, რომ დაგვეხმაროს და გულის სითბო გაგვიზიაროს. ღმერთო, მეშინია, რომ ამ სიყვარულის გარეშე ვეღარ გავძლებთ!
ადამიანების უმეტესობა, თავის სახელსაც არ გვიმხელს, მაგრამ მე, თითოეული მათგანისთვის ვლოცულობ. საოცარი დღეები გვქონდა, როდესაც ერთი მეორის  მიყოლებით სასწაულები ხდებოდა. მოვიდა სრულიად უცნობი ბიჭი , ბექა, და  მობილური ტელეფონი მოგვიტანა! ლაგოდეხიდან ყველაზე სასურველი საჩუქარი - ორი ტომარა ფქვილი ჩამოგვიტანეს. ეს კი ჩვენთვის გადარჩენის ტოლფასია - პური დღიდან დღემდე ძლივს გვყოფნიდა. ახლა, ხაჭაპურსაც ვაცხობ და ნამცხვარსაც, რომელიც ნიკოლოზს ასე ძალიან უყვარს.
ნიკოლოზი: მაგარია, როდესაც სახლში გემრიელობები გვაქვს!
მაკა: თბილისიდან, სპეციალურად ჩვენთვის ჩამოვიდა გოგონა, მარი და ნიკოსთვის ულამაზესი ტანსაცმელი ჩამოგვიტანა. ზამთრისაც და ზაფხულისაც. რამდენი ხანია, ბავშვისთვის ახალი არაფერი არ მიყიდია, სულ ერთი და იგივე ეცვა, ერთი და იგივე, სულ. ო-ო-ო- ჰ, როგორ გაუხარდა!
ხომ გეუბნებით,  ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა, ძალიან! უდიდესი მადლობა ყველას, ასმაგად დაუბრუნოს ღმერთმა ეს სიკეთე. გიორგიმ კი, სრულიად უცნობმა ადამიანმა, ანგარიში გაგვიხსნა ბანკში და ყოველთვიურად სესხის დასაფარად გვირიცხავს თანხას.
ერთმა კეთილმა ადამიანმა ბათუმიდან, ჩემს შვილს დიდი ხნის ოცნება აუსრულა. თავისი სახელიც კი არ გაგვიმხილა. ნიკოს დიდი სათამაშო მანქანა აჩუქა, რომელშიც შეიძლება ჩაჯდომა და სიარული. ნეტავ განახათ, აქ რა ამბავი იყო! გაგიჟდა  ბავშვი ბედნიერებისგან!
ასევე, ძალიან გაგვახარეს ნიკოლოზის თანაკლასელების მშობლებმა. ძალიან კარგი ტანსაცმელი გვაჩუქეს.
ნიკოლოზი: ეხლა მე მოვუყვები, დედა! იცი, ყველაზე მეტად გორგოლაჭებიანი ჩანთა მინდოდა. თურმე, ჩემი თანაკლასელის დედას ეს გაუგია და ზუსტად ისეთი მომიტანა, როგორზეც ვოცნებობდი.
- უკვე დადიხარ სკოლაში ამ ჩანთით?
ნიკოლოზი: კი. იცი, როგორ მოსწონს ყველას? რამდენი წიგნიც არ უნდა ჩადო,  მაინც არ გამძიმებს, მიდიხარ და მიაგორებ, თითქოს ჩანთა კი არა, სათამაშოა.
ხო, კინაღამ დამავიწყდა! კიდევ, სახლისთვის მერხი მაჩუქეს! ძალიან მომწონს, სიხარულით ვჯდები სამეცადინოდ.

„კარადა არ გვქონდა, ახლა კი გვაქვს!“

- ნიკო, რომელი საჩუქარი მოგეწონა ყველაზე მეტად?
ნიკოლოზი: მობილური ტელეფონი, პლანშეტი და მანქანა. ხან ონლაინ ვსწავლობთ, ხან სკოლაში დავდივართ. პლანშეტი და მობილური ტელეფონი ძალიან მადგება, სულ მჭირდება. მანქანა კი,  ძალიან დიდი ხანია მინდოდა. (ნიკოს თვალები უბრწყინავს.)მაგრამ როდესაც ვთქვი, არაფრით არ მეგონა, ეს სურვილი თუ ამიხდებოდა. კიდევ კარგი, ვთქვი! თორემ ძია ბათუმიდან ვერ წაიკითხავდა.
ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი! ჩაჯდები და ივლი. ძალიან მაგარია. ასე დაგყვას „ვუ-უ-უ-უ-უ...“ (ახმოვანებს.)ყველგან დადის, სწორ გზაზეც, ტალახშიც, თანაც ბენზინის გარეშე. „ვუ-ვუ-უ-უ-უ-უ-უ...“ (ისევ ახმოვანებს.)  ძალიან მაგარია. ფეხებიც არ მეღლება. (იღიმის.) 

„ჩემი მანქანა ყველგან გაივლის - ტალახშიც და ფოთლებზეც“

ნიკოლოზი: შენ მოგწონს ჩემი მანქანა? 
- იცი, ძალიან მაგარი ჯიპია! გისურვებ უამრავი გზის და უამრავი ახალი ადგილის შემოვლას.
ნიკოლოზი: კარგი უნდა დავაყენო ჩემი მანქანა.
- ოჰ! წარმატებები!

„პლანშეტით ორივე ვერთობით“

- მაკა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? მოახდინეს რაიმე სახის რეაგირება?
მაკა: კი, მცირედით დაგვეხმარნენ. საახალწლოდ წნორის გამგეობიდან ერთი პარკი პროდუქტი მოგვიტანეს. სულ ეს არის, სხვა არაფერი. ძალიან კარგად იციან, რომ  ქირით ვცხოვრობთ ასეთი ავადმყოფები, როგორ ვწვალობთ. ჩვენს ირგვლივ, უამრავი მიტოვებული სახლია. რა მოხდება ერთი რომ მოგვცენ? მე ხომ ამდენი წელია ვითხოვ საცხოვრებელს. მაგრამ არ ვაინტერესებთ, აი, რა არის უბედურება. შეუძლიათ, მაგრამ არ უნდათ თავის შეწუხება. 
რა აზრი აქვს ლაპარაკს... მთელი საქართველო დაგვეხმარა. კერძო მაღაზიის მეპატრონემ წნორიდან ტომრებით ჩამოგვიტანა პროდუქტი - წიწიბურა, შაქარი, ბრინჯი, ტომატი. თავისი ნება-სურვილით და მთელი გულით. სრულიად უცნობმა ადამიანმა. ან კიდევ, გოგონები ჩამოვიდნენ მანქანით, ბევრი საჭმელი ჩამოგვიტანეს. ეს ყველაფერი ხომ გულიდან მოდის.
- ასეთ ფონზე, რას ნიშნავს თქვენთვის კეთილი ადამიანების თანადგომა, როგორ შეგიმსუბუქათ ცხოვრება ამ საჩუქრებმა?
მაკა: ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორ ამარტივებს სახლის საქმეს სარეცხი მანქანა და ნორმალური გაზქურა. საიდან მეცოდინებოდა? სარეცხი მანქანა ადრე არასდროს მქონია. უკვე გითხარით, რომ შვილს ნამცხვრებს ვუცხობ, აი, სწორედ ამ გაზქურაში.
ამ პატარა ოთახში, რომელიც არის სამზარეულოც, მისაღებიც და საძინებელიც, გამათბობლის ადგილი არ არის, არც გვაქვს. ამიტომაც, გაზქურას ვანთებთ და ისე ვთბებით. არც კი ვიცი, უმაგისოდ რა გვეშველებოდა ამ ზამთრის ყინვებში. ასე რომ, გაყინვასაც გადაგვარჩინა

სარეცხი მანქანა სახლის საქმეს ძალიან ამარტივებს 


- მაკა, მიუხედავად ოპტიმისტური განწყობისა, ვიცით, რომ დაგრჩათ პრობლემები. თქვენი და ნიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ფონდის მეგობრებს, კიდევ რით შეუძლიათ  რომ დაგეხმარონ?
მაკა: ძალიან მინდა, ჩემი შვილის გამოკვლევებზე წაყვანა. მინდა კარგ ექიმს ვაჩვენო, რომ მითხრას, იქნებ არის რაიმე საშველი? თუმცა, აუცილებლად უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მკურნალობა კარგ შედეგს გამოიღებს. ამას, მწარე გამოცდილება მალაპარაკებს. ჩემს დედმამიშვილებს გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. თურმე, მერე ვარჯიშიც ყოფილა საჭირო, ჩვენ კი, ამის შესახებ არაფერი გვითხრეს, ამის საშუალება არც გვქონდა. მკურნალობას დიდი თანხები სჭირდება. ასი პროცენტით უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ნორმალურად გაივლის ნიკოლოზი. მყესები დამოკლებული და დაჭიმული აქვს. ამიტომაც, აუცილებელია საფუძვლიანი გამოკვლევა. და თუკი ვინმე ,ამაში დაგვეხმარება, უბედნიერესი ვიქნები ნამდვილად. ჩემი შვილი რომ თვითონ გაირბენს, ეს ჩემთვის ჩემი საკუთარი ფეხით გავლის ტოლფასი იქნება, ისე გამიხარდება!
- ნიკოლოზ, შენ რაზე ოცნებობ? შეგვიძლია, კიდევ რამით რომ გაგახაროთ?
ნიკოლოზი: ძალიან რთულია. არ ვიცი, შეძლებთ ვითომ? (დაფიქრდა, სერიოზული სახე მიიღო.) მე და დედამ, კარგად სიარული რომ შევძლოთ...

„ძალიან მინდა, მე და დედიკომ კარგად სიარული რომ შევძლოთ“

***
ჩვენო ძვირფასო მეგობრებო! ვიცით, რომ თქვენ უკვე შეგიყვარდათ  ნიკოლოზი და მისი დედიკო. შეუძლებელია, მათი ამბავი გულთან ახლოს არ მიიტანო! ახლა, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან, ყველასთან, განსაკუთრებით ჩვენს ემიგრანტ თანამემამულეებთან: შესაძლოა, სადმე წარმატებით მკურნალობენ მსგავს დაავადებას. შესაძლოა, გენეტიკური დაავადება განაჩენი სულაც არ იყოს. და ასეთ დაავადებაზე გამარჯვების პრეცედენტი უკვე არსებობს.
ერთად დავფიქრდეთ, მათი დახმარება რით შეგვიძლია: სახსრებით, გამოკვლევის შეთავაზებით, საჭირო საკონტაქტო ინფორმაციით. გავახაროთ ეს პატარა, სიკეთით სავსე ბიჭუნა, რომელიც ნაადრევად დააკაცა საკუთარსა და დედას ჯანმრთელობაზე დარდმა. თავისუფლად სირბილი, ხტუნაობა, ფეხბურთის თამაში, რომ შეძლოს ნიკომ, ისევე, როგორც მის თანატოლებს შეუძლიათ. სიკეთე გადაგვარჩენს, და ჩვენ ეს არა ერთხელ დავამტკიცეთ. ახლაც, გთხოვთ, მოდით, ვაჩუქოთ ნიკოს და მის დედიკოს, სრულფასოვანი  და ბედნიერი ცხოვრების  შესაძლებლობა!
ძვირფასო მეგობრებო, ნიკოლოზი და მაკა ცხოვრობენ მისამართზე: წნორი, სოფელი საქობო, გამარჯვების ქ. 9.
აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ბიჭიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: