პროექტის რეპორტი ორი მშიერი ანგელოზი კანკალებს და ერთმანეთს ეხუტება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ორი მშიერი ანგელოზი კანკალებს და ერთმანეთს ეხუტება

page info icon
2021 ნოემბერი 3
page info icon
2486
„მოდით, ჭამეთ!“ - ყველაზე არასასიამოვნო სიტყვებია რვა წლის გიოსა და სამი წლის გაბისთვის, მათ პატარა ცხოვრებაში... პირში მაშინვე საზიზღარ, გულის ამრევ გემოს გრძნობენ... ოჰ, ეს წყეული ვერმიშელი, არა და არ გამოილია!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
10,021 ₾
( 620 დონორი )
დასრულებულია
ყველაზე საოცარი საჩუქარი იყო ის, რომ...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         „დაუჯერებელი მეგონა! მართლა არ მოველოდი ასეთ გულისხმიერებას, ასეთ ძვირფას საჩუქრებს!  ერთი, ორი, სამი... ათი! ბევრი... ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღეთ!“ - თვალებზე ხელებს იფარებს თათია და მადლიერებას, სიხარულს, გაოცებას, ბედნიერებას ერთდროულად გამოხატავს. 
          „და პროდუქტი?! კეთილი ადამიანების წყალობით, პროდუქტებით გაივსო ჩვენი ოთახი. ჩემი ბავშვები ვერმიშელის წყალ-წყალა სუპს აღარ შეჭამენ, რაღაც დროის განმავლობაში მაინც... მშიერი გაბრიელი აღარ იტირებს გაუთავებლად, დედა, ძალიან მშია, პური მაინც მომეცი, გთხოვო...“ - განაგრძობს თათია თავისი განცდების გადმოცემას.
„სანამ დედა საჭმელს გაგვიმზადებს, მოდი, ტკბილეული ვჭამოთ! ამ ერთხელ შეიძლება, ჯერ ტკბილეული და მერე საჭმელი...“
„ჩემს პატარებს საჭმელი ექნებათ და აღარ იტირებენ. გიორგიმ მითხრა: „დედა, რა გემრიელი საჭმელების მომზადება გცოდნია, შენ კი, სულ ვერმიშელის სუპს გვაჭმევდიო...“
        თათია გაბუნია მარტოხელა დედაა, ის ორ მცირეწლოვან შვილს ზრდის. აქამდე, საკუთარი არაფერი გააჩნდა... ცხოვრობს ნაქირავებ სახლში... მაგრამ, სახლიცაა და სახლიც!  არა, არა, ამას სახლი არ ჰქვია, ეს უფრო ქოხია, ან თავშესაფარი...
        გაბუნიების ოჯახის შესახებ პოსტი, ჩვენმა ფონდმა 2021 წლის 3 ნოემბერს გამოაქვეყნა. იხ. ბმული:
 https://chernovetskyifund.ge/ge/projects/799-gabunia/
       - თათია, პირველ რიგში, მოგიკითხავთ, როგორ ხართ?
       თათია: დიდი ხანია, ასეთი გახარებული არ ვყოფილვარ... და ეს თქვენი ფონდის დამსახურებაა. კეთილმა ადამიანებმა, ჩემი ტკივილი გულთან ახლოს მიიტანეს და აი, ხედავთ, რამდენი საჩუქარი მივიღეთ... ჩემი შვილები მხოლოდ გემრიელ საკვებზე, ხილზე და ტკბილეულზე ოცნებობდნენ. ამის გარდა, კიდევ რამდენი რამ შეიძლება ყოფილიყო საოცნებო და სანატრელი მათთვის? უამრავი!  მაგრამ, როდესაც შიოდათ, სხვა ყველაფერი ავიწყდებოდათ. თქვენ კი, ჩემო კეთილო ხალხო, საოცრად გაახარეთ ჩემი პატარები. პროდუქტებით, ორცხობილებით, ხილით და ნუგბარით აგვივსეთ მაცივარი. 
„მოდი, მაცივარში შევიხედოთ, ვნახოთ, რა გვაქვს გემრიელი!“
       მაცივარი, რომელიც თავადვე გვაჩუქეთ. აბა, ჩვენ სად გვქონდა ასეთი ფუფუნება?!  საოჯახო ტექნიკაზე ფიქრსაც ვერ ვბედავდი.  ახლა კი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, პლანშეტი, უთო, ბლენდერი, მიქსერი... ყველაფერი გვაქვს. თქვენი ფონდის წარმომადგენლებს, არც ჩვენი ავეჯი გამორჩათ თვალთახედვიდან - ორი ლამაზი საწოლი და კომოდიც მოგვიტანეს. ღმერთო ჩემო, ნუთუ ჩემი შვილები ტკბილად და რბილად დაიძინებენ?! 
,,ვოცნებობდით ორსართულიან საწოლზე, ჩვენთან  ხომ, საშინელი სივიწროვეა...“
        - ჩვენი პირველი სტუმრობის და თქვენს შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. მოელოდით? 
        თათია: დიახ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. სიმართლე გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი ფონდებს. „ცოტაოდენი სიკეთის“ ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ, ეს უკვე სიკეთეცაა და საოცრებაც...
        - არა, თათია, საოცარი არაფერია! ჩვენ იმისათვის ვარსებობთ, რომ ადამიანები სიკეთის რგოლებად ვაქციოთ და გავაერთიანოთ ერთ მთლიან ჯაჭვში. მერე კი, ერთმანეთს გულები გავუთბოთ. 
         თათია: თქვენ ჩემი გული გაათბეთ... ჩემი შვილები გააბედნიერეთ... თქვენი ყველაზე საოცარი და კარგი საჩუქარი, იცით რა იყო?
„დედიკო, თუ ფეხსაცმელი არ მოგერგო, სხვა პატარას გავუგზავნოთ, ხო?“
       - სარეცხი მანქანა? ეს უხარიათ ხოლმე, ყველაზე მეტად, ჩვენს ბენეფიციარ ქალბატონებს. 
        თათია: სარეცხი მანქანა უდავოდ ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ ყველაზე საოცარი საჩუქარი იყო ის, რომ მე სხვებსაც დავეხმარე, სხვა გაჭირვებულ დედებს. თქვენ მეც შემაძლებინეთ სხვის დახმარება...
       - ეს როგორ?
       თათია: როდესაც პოსტი გამოქვეყნდა, უამრავმა ადამიანმა მოგვიტანა პროდუქტი, ტანსაცმელი. ძალიან ბევრი საკვები დაგვიგროვდა. მე და ჩემი შვილები, ამდენს ვერ „მოვერეოდით“. ზოგი ხომ მალფუჭებადი იყო?!  ამიტომ, გადავწყვიტე, სხვებისთვის გამენაწილებინა, ჩემნაირი გაჭირვებული დედა, ძალიან ბევრია... ზოგი სამოსიც არ მოერგოთ ბიჭებს, ჰოდა, სამოსიც გავუნაწილეთ... რა სასიამოვნო ყოფილა, სხვის დახმარება!  აქამდე, ამის გაკეთება არ შემეძლო. თავად არაფერი მქონდა და სხვისთვის რა უნდა მიმეცა?! ახლა ვხვდები, რა ბედნიერები არიან ის ადამიანები, ვისაც მუდმივად შეუძლია სხვის დახმარება, და ეხმარებიან კიდეც!
       - ბევრი ასეთი ადამიანი, ჩვენი ფონდის ერთგული მეგობარია!
        თათია: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ არსებობენ ჩვენი და ჩვენნაირი ადამიანების საიმედოდ!
        - როდესაც თქვენი გაჭირვების შესახებ გაიგეს, ზოგიერთი ადამიანი პირადად გესტუმრათ, ზოგიც დაგიმეგობრდათ. ვის გაიხსენებდით, განსაკუთრებით, ვინ დაგამახსოვრათ თავი?
        თათია: არასოდეს დამავიწყდება ის ქალბატონები, რომლებმაც ტელეფონი „REDMI – 11“, უამრავი სათამაშო და საკვები მოგვიტანეს. როგორც აღმოჩნდა, ისინი თანამშრომლები არიან. ამ სიკეთის ორგანიზატორი,  ერთ-ერთი მათგანი -  ქალბატონი დინა გახლდათ. უფალი გაახარებს... რომ იცოდეთ, როგორი დიდი სითბოთი და სიყვარულით მოვიდნენ... მანამდე,  ისეთი საშინელი ტელეფონი გვქონდა - სულ ითიშებოდა, ხან ხმა არ გვესმოდა... ნორმალურად ვერსად ვრეკავდით. ინტერნეტზე ხომ, საუბარიც ზედმეტი იყო... მოკლედ, მათ უსაზღვროდ  გაგვახარეს! გიოს, სიხარულის გამოხატვა მაინცდამაინც არ შეუძლია.  იმ წუთას კი, ტელეფონის დანახვისას, უცებ  გაუბრწყინდა თვალები  და სიხარულისგან ცეკვა დაიწყო... გაბის სათამაშოები მოუტანეს -  ბევრი მანქანები. გაბი სამხედრო მანქანებზე ოცნებობდა, და ზუსტად სამხედრო მანქანა რომ აღმოაჩინა საჩუქრებში, უნდა გენახათ, რა დღეში იყო... საწოლშიც კი, მანქანებით წვებოდა. ვერ ვართმევდით. ჩემს შვილებს, არასდროს ჰქონიათ ასეთი სათამაშოები.
         ძალიან გაგვახარა თამუნამ, რომელიც მეუღლესთან ერთად გვესტუმრა. ამ არაჩვეულებრივმა წყვილმა, ბავშვებს უამრავი ტკბილეული, ტანსაცმელი და თვითგორიალები ე.წ. 
„სამაკატები“ მოუტანა. წარმოგიდგენიათ, ჩემი შვილების სიხარული, ამ ,,სამაკატების“ დანახვისას? თან ორი იყო, ორივესთვის ცალ-ცალკე... იმ დღეს, ჩვენი ქოხიდან, ბავშვების ტირილის ნაცვლად, მათი ჟრიამული ისმოდა!
         არ დამავიწყდება თეა და ვიკა - ორი არაჩვეულებრივი გოგონა...  ასევე ქეთი, ნატა, ნინო,  გვანცა, ქალბატონი ელისო, ბატონი ნიკო... კიდევ, რომელი ერთი გავიხსენო?.. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ახლა თუ გამომრჩა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი სახეები ჩემს გულში სამუდამოდ არ დარჩება!.. მათ მიმართ, უდიდესი მადლიერების გრძნობა მაქვს და ყოველთვის ასმაგ სიკეთეს ვუსურვებ ცხოვრებაში. აი, ახლა ის მამაკაციც გამახსენდა, ათი ტომარა შეშა რომ მოგვიტანა და უცებ გაქრა... მადლობის თქმაც კი ვერ მოვასწარი, არათუ სახელის კითხვა... ბატონმა ნიკო დარჩიამ, ასევე განსაკუთრებით გაახარა ჩემი გიორგი. მან დიდი ხნის ოცნება აუსრულა: ველოსიპედი აჩუქა! გიორგი, იმ მომენტში, სახლში არ იყო, და რომ მოვიდა... 
       - თუ შეიძლება, თავად გიორგიმ გვითხრას... გიორგი, ძალიან გაგეხარდა ველოსიპედი?
        - გიორგი (8 წლის): აუ-უ-უ-უჰ, ძალიან. ეგრევე მოვახტი. მარტო ველოსიპედი კი არ მაჩუქეს... გინდა დაგათვალიერებინო, რამდენი რამე მაქვს?
        - ყველაზე მეტად მაინც რა გაგეხარდა ?
         გიორგი: ყველაზე მეტად?.. (ფიქრობს, ვერ გადაუწყვეტია რა მიპასუხოს.) ყველაზე მეტად - პლანშეტი.
გიორგი გაკვეთილებს აღარ გააცდენს...
      - რატომ?
      გიორგი: იმიტომ, რომ ონლაინ გაკვეთილებს დავესწრები. სწავლა მიყვარს და აღარ ჩამოვრჩები. რომ არაფერი მქონდა, არც კომპიუტერი, არც პლანშეტი და არც ტელეფონი, ვერ ვესწრებოდი „ონლაინებს“, სულ ვაცდენდი... არ მინდოდა, „ონლაინები“ გაგრძელებულიყო... ჩემს მეგობრებთან ერთად მინდოდა, სკოლაში. მე მიყვარს სკოლაში სიარული, სკოლა დიდია, ჩემი სახლი კი - პატარა. თან სკოლაში თბილა, წყალიც არ ჩამოდის. ახლა არემონტებენ და უფრო კარგი სკოლა მექნება...
       - ყველაზე მეტად, რომელი საგანი გიყვარს?
       გიორგი: ინგლისური. პატარა მოთხრობებს ვკითხულობ ხოლმე ინგლისურად და ყველაფერს კარგად ვიგებ. მასწავლებელიც მეუბნება: „ბევრი გააცდინე, მაგრამ მაინც ყოჩაღი ბიჭი ხარო!“
       - გაბრიელს რა მოეწონა ყველაზე ძალიან?
        გაბრიელი: მე, კანფეტები და შოკოლადები მომეწონა. იმიტომ, რომ ეგენი ძალიან მიყვარს. გითხრა, კიდევ რა მიყვარს? ფაფები მიყვარს და ტორტი. სულ ბოლომდე შევჭამ, არ დავტოვებ. ტორტს ხომ მომიტან, რომ მოხვალ?
„ყველაფერი აი, ასეთი მაგარია-ა-ა-ა-ა!“
        - ბევრ ტკბილეულს მოგიტან!
        გაბრიელი: მაშინ, ჩემი სათამაშოებით გათამაშებ. მერე, „ტომი და ჯერი“-ს ვუყუროთ ტელევიზორში. ჩვენ ახალი ტელევიზორი გვაქვს!
„ნახეთ, რა მაგარი მულტფილმებია ჩემს ახალ ტელევიზორში.“
          თათია: ბავშვებს ძალიან გაუხარდათ ტელევიზორი. ხშირად უყურებენ მულტფილმებს და უფრო მშვიდად არიან. ამ სახლში, გამოქვაბულის ადამიანებივით ვცხოვრობდით, ინფორმაციას მეზობლისგან ვიგებდი. არც ტელევიზორი გვქონდა, და არც რამენაირი საინფორმაციო საშუალება... სულ ჩაკეტილები ვართ. ვერსად ვერ დავდივართ. თუ გავედით,  გზის ფულს სულ თეთრებად ვითვლი... ან, სად უნდა გავიდე? არ ვმუშაობ, ვერც ვიმუშავებ, ორი პატარას პატრონი. სადმე რომ გავასეირნო კიდევ, იმდენი ფულია საჭირო... ბავშვი ან მაღაზიაში შესვლას მოგთხოვს, ან ნაყინს. როგორ გინდა გააგებინო, რომ ჩვენი ოჯახის ბიუჯეტი, თვეში სულ რაღაც 100 ლარია, რომელიც სოციალური დახმარებიდან რჩება, ბინის ქირის გადახდის შემდეგ. ახლა, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი: გაბრიელს ფეხები ასტკივდა. ეს პრობლემა მას ადრეულ ასაკშიც ჰქონდა, თუმცა, კეთილი ადამიანის დახმარებით ვუმკურნალე. მერე, კიდევ უნდა მივსულიყავით კონტროლზე, მაგრამ უსახსრობის გამო, ვერ მოვახერხეთ. სულ იმას ვნატრობ, არაფერი წამოსტკივდეთ, თორემ რა გვეშველება - მეთქი... მაგრამ...  მართლა, ყველა ოცნება ხომ ვერ ახდება?!
        - სოციალური დახმარების გარდა, სხვა დახმარებას თუ იღებთ? ადგილობრივი ხელისუფლება თუ გეხმარებათ რაიმეთი?
        თათია: არაფერს. არავინ არაფერში არ გვეხმარება. უფასო სასადილოშიც ვერ მოვხვდით. ახლო უბნებში ადგილი არ აქვთ. მე კი, გზის ფული არ მაქვს სხვა უბანში სასიარულოდ... არც უსახლკაროებში ვირიცხებით, აქ არ ხართ ჩაწერილებიო... ჩვენზე უფრო მეტად უსახლკარო, ნეტა თუ არის ვინმე? აბა, ამ ქოხს შეხედეთ, რა არის და ამაზეც კი ვოცნებობ, ნეტა ჩემი საკუთარი იყოს - მეთქი.
         ბავშვები ,,MINECRAFT“-ს თამაშობენ თქვენს ნაჩუქარ       პლანშეტში, სახლებს აშენებენ. მეუბნებიან, დედა, ნახე რა ლამაზი სახლი გვაქვსო. გიორგი ასე მპირდება, დიდი რომ გაიზრდება, ბევრს ისწავლის და მართლა ამიშენებს ლამაზ სახლს. ღმერთო, უსმინე ჩემს პატარას, მაგრამ, მანამდეც ნუ დაგვტოვებ ასე...  ქუჩაში...
***
       მეგობრებო, ამ ოჯახის გაჭირვების „შეკავება“, გარკვეული ხნით მოვახერხეთ!  შევძელით, მათთვის უამრავი საჭირო ნივთი გვეჩუქებინა, სიხარული და თანადგომა გვეგრძნობინებინა. თუმცა, პრობლემები ისევ არსებობს. საკვები და ტანსაცმელი ისევ სჭირდებათ. გარდა ამისა, გაბრიელს ესაჭიროება ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი. ნორმალური საცხოვრებელი ფართის პრობლემა კი, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც ჯერ არ მოხსნილა!  ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ სიკეთის რგოლებისგან ერთიანი ჯაჭვის შეკვრას: გავერთიანდეთ და კვლავ დავეხმაროთ უსახლკარო, ღატაკ ოჯახს!
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და   გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
       სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
        მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
        თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
        მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
         ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: გაბუნიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/799-gabunia/
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
       სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270
        ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: