პროექტის რეპორტი „რა გემრიელი ხარ, პურო, არ გაგიშვებ ხელს!“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„რა გემრიელი ხარ, პურო, არ გაგიშვებ ხელს!“

page info icon
2022 მარტი 9
page info icon
1498
ძველ, ღრიჭინა მაგიდასთან, გატეხილ სკამზე, გაცვეთილი და დახეული ტანსაცმლის გროვაში, თბილად შეფუთული ბავშვი ზის, პურის ნამცეცებს, თავისი პატარა თითებით აგროვებს და ხარბად ყლაპავს. ძირს, არც ერთი ნამცეცი არ უნდა დავარდეს... ოქროს ტოლფასია! ხან ყნოსავს თავის პურის ნაჭერს, ხან ლოყას ადებს... თითქოს, ამაზე გემრიელი, არასდროს არაფერი უჭამია. და ეს მართლაც ასეა, პურზე გემრიელი, მხოლოდ მაღაზიის ერთჯერადი სუპია, მაგრამ, ძვირი ღირს - მთელი 70 თეთრი!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,037 ₾
( 225 დონორი )
დასრულებულია
ამ ყუთში, ოთხივე დავეტევით მეც, ბარბარეც, შალვაც და ნინოც!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
მსოფლიოში არავის აქვს ასეთი უზარმაზარი ტელევიზორი!!! 
         „ძალიან თუ შევეცდებით, ამ უზარმაზარ ყუთში, რომელშიც ტელევიზორი ცხოვრობდა, შეგვიძია მოვაწყოთ სახლი! ნუ იცინი, წამოდი, განახო, რამხელაა! ამხელა ტელევიზორი ცხოვრებაში არ მინახავს! მოდი დავნიძლავდეთ, შენც არ გაქვს ასეთი  სახლში!“ – 9 წლის შალვა აღფრთოვანებულია ახალი ტელევიზორით. ეს იყო მისი, თავის 5 წლის ძამიკო სანდროს და დაიკოების, ნინოს და ბარბარეს ოცნება. მაგრამ, ვერ წარმოედგინათ, რომ ტელევიზორი შეიძლება იყოს ასეთი დიდი, ლამაზი და ფერადი.
        - რა თქმა უნდა, არა, სახლში ამხელა ტელევიზორი არ მაქვს.
         სანდრო (5 წლის): ჩვენთან მოდი ხოლმე, ერთად ვუყუროთ მულტფილმებს!
         როდესაც ჩვენ ზაზაძეების ოჯახის ისტორია გიამბეთ, https://chernovetskyifund.ge/ge/projects/845-zazadze/ ვერც კი წარმოვიდგენდით, როგორ შეიძლება შეცვალოს ბავშვების სახეები სრულიად ჩვეულებრივმა ნივთებმა. გვეგონა რომ ძალიან რთული იქნება ამ ბავშვების გახარება, რომლებსაც უკვე აღარ სჯეროდათ სასწაულების. მაგრამ, უბრალოდ შეხედეთ! როგორ შეიცვალნენ ისინი, სახეები უბრწყინავთ! 
         - შორენა, გვიამბეთ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ გაიგო თქვენი პრობლემების შესახებ?
         შორენა: მადლობას გეუბნებით... ხუთ დიდ მადლობას... ერთს ჩემგან, დანარჩენს კი, ჩემი ოთხი შვილისგან. ვიღაც იფიქრებს, სარეცხმა მანქანამ და ტელევიზორმა ასე როგორ გაახარაო, მაგრამ როდესაც არ გაქვს და გჩუქნიან, იმ ნივთებთან ერთად ყურადღებაც გიხარია. სასიამოვნოა, როდესაც იცი, რომ ვიღაცამ შენზე იფიქრა, ვიღაცამ აგრძნობინა შენს შვილებს, რომ მათაც აქვთ ბედნიერების უფლება და მათი პაწაწინა გულები გაახარა. ჩვენ, ღარიბ და გაჭირვებულ ადამიანებს, სულ მცირედიც კი გვაბედნიერებს. ის სახლი კი, სადაც ბავშვებს შიათ, სცივათ და მოწყენილები არიან, სახლი არ არის.
         - შორენა, ჩვენი ფონდის მეშვეობით, ახალი მეგობრები თუ გაიჩინეთ?
         შორენა: პოსტს იმდენი გულკეთილი ადამიანი გამოეხმაურა, ჩვენმა ოჯახმა იმხელა სიყვარული მიიღო, რომ არც კი ვიცი, რა დავარქვა ამ ადამიანებს... მეგობრები, თუ უბრალოდ კეთილი ჯადოქრები, რომლებმაც უკეთესობისკენ შეცვალეს ჩვენი ცხოვრება... ეს ხომ ნამდვილი ჯადოქრობაა, როდესაც შენს გამო, ერთიანდება და გეხმარება ამდენი ადამიანი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ერთი მამაკაცი, რომელმაც პირადად მოგვინახულა. მოგვიტანა პროდუქტი, ტანსაცმელი, წიგნები, ტკბილეული, სათამაშოები და მითხრა ასეთი სიტყვები: „ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება“. თქვა და წავიდა. მოვიდა მფარველი ანგელოზივით და იმედი დაგვიტოვა. უცნობი ადამიანები რომ გავსებენ ყურადღებითა და სიყვარულით, ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა ამაზე ფასეული. ღმერთმა თითოეული თქვენგანი დალოცოს!!! 
„ეს კანფეტები ათასი წელი გვეყოფა!“
         - ადგილობრივი მთავრობა თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რეაგირება თუ მოახდინეს?
         შორენა: კი, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი დავით სონღულაშვილი პირადად გვესტუმრა. პროდუქტი ჩამოგვიტანა, ასევე ერთჯერადი დახმარება გადმოგვცა - 200 ლარი. გარდა ამისა, შეგვპირდა, რომ ბინის ქირას გადაგვიხდის, თუ მეპატრონე სპეციალურ საბუთებს მოაწერს ხელს. მართალი გითხრათ არ ველოდებოდი ხელისუფლების მხრიდან ასეთ ქმედებას და ყურადღებას, და ძალიან გამიხარდა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და პირადად ბატონ დავითს დიდი მადლობა ვუთხრა ყურადღებისთვის.
„გინდა გაგასინჯო, ასეთი გემრიელი ჯერ არ გექნება ნაჭამი“
        - შორენა, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
       შორენა: ჩემი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს დახმარება. აქამდე, უბრალოდ ვარსებობდით. თქვენი გამოჩენის შემდეგ კი, შედარებით ამოვისუნთქეთ. გაგვიჩნდა ხვალინდელი დღის იმედი. ხალხის თანადგომამ მომიხსნა სტრესი, თითქოს უფრო ძლიერი და კეთილი გავხდი. ბავშვებიც უფრო მხიარულად ატარებენ დროს სახლში, ტელევიზორთან. ერთად ვუყურებთ ხან შემეცნებით გადაცემებს, ხან საბავშვო არხებს და ისე ვატარებთ დროს... თქვენ სიხარული შემოიტანეთ ჩვენს სახლში. დათესეთ რაღაც ახალი და ეს ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე მეტია...
აი აქ, თითს რომ მიაჭერ, ჩვენი „ქიხი“ ტანსაცმელი სუფთა გახდება!
        ნინო (12 წლის): მე ყველაზე მეტად საჭმელი გამიხარდა. როდესაც ვიცი, რომ სახლში საჭმელი არის, უფრო მშვიდად მძინავს. ჩემი პატარა ძმებიც და დაიკოც აღარ ტირიან და აღარ ვჩხუბობთ ერთი ცალი კანფეტის გამო. სარეცხი მანქანა კი, საუკეთესო გამოგონებაა! წყალიც აღარ გვაქვს ხელით სათრევი, ჩვენი დედიკოც აღარ დაიღლება და უკეთესი განწყობა ექნება.
          სანდრო (5 წლის): მე ყველაზე მეტად ტელევიზორი გამიხარდა... წამოდი, გაჩვენო... აი!!! შენც გაქვს ასეთი? გინდა „სიმბა“ ჩაგირთო და ერთად ვუყუროთ? ეს ჩვენი ტელევიზორია, ასეთი მხოლოდ ჩვენ გვაქვს... ადრე, მულტფილმებს მხოლოდ მეზობლის ტელევიზორში ვუყურებდი. ახლა კი, ყველანი სახლში ვრჩებით და რამდენსაც გვინდა, იმდენს ვუყურებთ...
        შალვა (9 წლის): დედაც აღარ გვეძახის ხოლმე, სახლში შემოდით, მეზობლებს ნუ აწუხებთო. რომ გავიზრდები, მეც გამოვალ ხოლმე ტელევიზორში, მომწონს, როდესაც ძიები ტელევიზორში ლაპარაკობენ და თან კარგად აცვიათ. აი ნახავ, რომ გავიზრდები, აღარ მექნება დახეული ტანსაცმელი და ლამაზი ძია ვიქნები!
„ასე ნუ მიყურებ, მაინც არ მოგცემ... ეს პატარებისთვის არ არის...“
         - შორენა, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ, რომ დაგეხმარონ? 
         შორენა: პრობლემები?.. ე-ე-ეჰ-ჰ-ჰ... ამ სიტყვის გაგონებაც აღარ შემიძლია, გონებაში მაქვს ჩაბეჭდილი ეს სიტყვა, იმდენად გამჯდარია ჩვენს ოჯახში ეს მდგომარეობა. თქვენ რომ არა, დაუსრულებელი ტანჯვა ტყვიასავით გახვრეტდა გულს. ამ პრობლემების დიდი ნაწილი თქვენ უკვე მოაგვარეთ და სიმსუბუქე შემოიტანეთ ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა, არის, რა თქმა უნდა, საკითხები, რომელშიც კვლავ შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს და რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ. მაგალითად, გვაქვს საწოლის პრობლემა. ოთხივე ბავშვს ერთ საწოლში სძინავს. ძილში, გადაბრუნებაც კი უჭირთ... იქნებ გამოჩნდეს ვინმე, ვისაც ძველი საწოლი მაინც ექნება, ისეთი, რომელიც აღარ სჭირდება. მოკლედ, ნებისმიერი სახის  დახმარებას მივიღებთ, ტექნიკა იქნება, ტანსაცმელი, თუ საკვები, მთავარია, კეთილი გულით იყოს მოწოდებული...
***
        მეგობრებო, ზაზაძეების ოჯახს თქვენი იმედი აქვს. თქვენს ერთიანობას შეუძლია კიდევ ერთი ოჯახის გადარჩენა. მოდით, კიდევ ერთხელ გავუხაროთ გული და ბედნიერების ჩირაღდანი გავაჩაღოთ მათ თვალებში. სიყვარული და ერთმანეთის თანადგომა გადაგვარჩენს... სიკეთე კი, არ გაქრება უკვლოდ...
        თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
          მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
          სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 
         მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
             თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
             მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
         ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზაზაძეების ოჯახი)
         თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/845-zazadze/ 
        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
        სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
          დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: