საქართველოში ხანდაზმულთა 52% თავს ემოციურად მარტოსულად გრძნობს – კვლევა - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საქართველოში ხანდაზმულთა 52% თავს ემოციურად მარტოსულად გრძნობს – კვლევა image

საქართველოში ხანდაზმულთა 52% თავს ემოციურად მარტოსულად გრძნობს – კვლევა

ერთი წლის წინ
სიახლეები
საქართველოში ხანდაზმულთა 52% თავს ემოციურად მარტოსულად გრძნობს, 45% კი თავს სოციალურად მარტოსულად მიიჩნევს. აღნიშნულზე საუბარია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ახალ კვლევაში, რომელიც 65-85 წლის მოქალაქეებში მარტოობის ხარისხისა და მარტოობის გამომწვევ ფაქტორებს სწავლობდა.
კვლევის ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში ამ ასაკის 1 000 მოქალაქე 2021 წლის ივნისში გამოიკითხა. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, რომელმაც გაეროს მოსახლეობის ფონდის დაკვეთით აღნიშნული კვლევა მოამზადა, მონაცემები რეპრეზენტატულია.
კვლევის ავტორების თქმით, მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს. კერძოდ, მათი უმრავლესობა (52%) თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ანუ უჩივის ისეთი პირების არარსებობას, რომლებთანაც ექნებოდა თანაზიარი და საერთო განცდები.
მეორე მხრივ, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება. მკვლევრები განმარტავენ, რომ ეს ადამიანები უჩივიან ისეთი სოციალური კავშირების/ქსელის არარსებობას, რომელიც შედგება ახლობლებისა და ნაცნობების წრისგან.
„საინტერესოა, რომ თუკი ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად 28% გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%- მდეა შემცირებული. როგორც ჩანს, ხანდაზმულებს საქართველოში არა იმდენად მათ გარშემო მყოფი ადამიანების დეფიციტი აწუხებთ, არამედ ამ ადამიანებთან ემოციების გაზიარების და თანაგანცდის დეფიციტი“, – ნათქვამია კვლევაში.
სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ სოციალური მარტოობა საქართველოში ახასიათებს იმ პირებს:
რომლებიც იშვიათად გრძნობენ მათ გარშემო ისეთი ადამიანის არსებობას, ვინც საჭიროების შემთხვევაში ექიმთან წაიყვანს;
რომელთაც იშვიათად უჩნდებათ გრძნობა, რომ ჰყავთ ადამიანი, ვისთან ერთადაც რამე სასიამოვნო შეუძლიათ აკეთონ;
რომელთაც უფრო იშვიათად უჩნდებათ გრძნობა, რომ ჰყავთ ადამიანი, ვინც უყვართ და თავს სასურველად აგრძნობინებს;
რომლებიც თავს, ზოგადად, არაბედნიერებად (უბედურებად) მიიჩნევენ;
ვინც მცირერიცხოვან ოჯახში ცხოვრობს;
ვინც დედაქალაქში ცხოვრობს.
მეორე მხრივ, ემოციური მარტოობის განცდა იმ პირებს უჩნდებათ:
ვინც უფრო იშვიათად გრძნობს, რომ ჰყავს ადამიანი, რომელიც დაეხმარება, თუ საწოლზე მიჯაჭვულია;
რომლებიც იშვიათად გრძნობენ, რომ ჰყავთ ადამიანი, ვინც ავადმყოფობის შემთხვევაში ყოველდღიური საქმეების განხორციელებაში დაეხმარება;
ვინც შედარებით ხშირად ნერვიულობს, როდესაც პირისპირ საუბრისთვის ხვდება ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობს;
ვინც თავს, ზოგადად, ნაკლებად ბედნიერად მიიჩნევს;
ვინც დედაქალაქში ცხოვრობს.
კვლევის ავტორების განცხადებით, ყოველ მეხუთე გამოკითხულს ოჯახში არცერთი ისეთი ახლობელი არ ჰყავს, ვისაც პირად პრობლემებსა და წუხილებზე ესაუბრებოდა, ხანდაზმულთა 13%-ს კი ასეთი მეგობარი არ ჰყავს. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტთა გარშემო მსგავსი ადამიან(ებ)ი მოიძებნება, ხანდაზმულები მიუთითებენ, რომ მათთან თავს ძალიან ახლოს გრძნობენ (ოჯახის წევრთან – 47%, მეგობართან – 32%).
დოკუმენტის მიხედვით, ხანდაზმულთა უმრავლესობა (65%) თავს მეტ-ნაკლებად ბედნიერად მიიჩნევს. დოკუმენტში მოყვანილი მონაცემების მიხედვით, მრავალრიცხოვან ოჯახში მცხოვრები ხანდაზმულები უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს. ამასთან, რაც უფრო მზარდია ხანდაზმულთა ასაკი, მით უფრო იკლებს მათ მიერ საკუთარი თავის ბედნიერად მიჩნევის ხარისხი.
გამოკითხვაში მონაწილე ხანდაზმულთა დაახლოებით მეხუთედი (21%) მარტო ცხოვრობს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ხანდაზმულთა ჯგუფში ყველაზე გავრცელებულია ორწევრიანი ოჯახი; ამასთან, ხანდაზმულთა ნახევარი 3-ზე ნაკლებ წევრიან ოჯახებში ცხოვრობს, ხოლო მეორე ნახევარი – 3-ზე მეტ წევრიან ოჯახებში.
ამასთან, ხანდაზმულთა დიდი უმრავლესობა (86%) ისეთი პენსიონერია, რომელიც არსად მუშაობს. მხოლოდ მეათედს უტოლდება იმ ხანდაზმულთა წილი, ვინც ანაზღაურებად სამსახურშია დასაქმებული ან თვითდასაქმებულია. რესპონდენტთა მცირე რაოდენობა (3%) ნატურალურ მეურნეობაშია ჩართული.
ამასთან, კვლევის ავტორების განცხადებით, ხანდაზმულთა 62%-ს სახლში ინტერნეტზე რეგულარული წვდომა არ აქვს. ამასთანავე, იშვიათია კომპიუტერისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება (არ იგულისხმება ის შემთხვევები, როდესაც მათ გამოიყენებენ სატელევიზიო პროგრამების ან ფილმების ყურების მიზნით).
„კერძოდ, ჯამურად დაახლოებით 30%-ს აღწევს იმ რესპონდენტთა წილი, ვისაც ელექტრონული მოწყობილობა/კომპიუტერი არ აქვს ან მათი გამოყენების უნარ-ჩვევებს არ ფლობს. იმ რესპონდენტთა უმრავლესობა (59%), ვისაც სახლში ელექტრონული მოწყობილობები აქვს ან მათი გამოყენების უნარ-ჩვევებს ფლობს (ასეთია, ჯამში, დაახლოებით 70%), არასოდეს (0 საათი) იყენებს ამ მოწყობილობებს სხვა, არასატელევიზიო პროგრამების ან ფილმების ყურების მიზნით, ხოლო დაახლოებით მეხუთედი უთითებს, რომ ჩვეულებრივ, დღეში 1-3 საათით იყენებს კომპიუტერს ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
რაც შეეხება ონლაინ კომუნიკაციის შემადგენელ ისეთ კომპონენტს, როგორიცაა სატელეფონო და ვიდეოზარები, ხანდაზმულთა მესამედი კვირის განმავლობაში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან სასაუბროდ და/ან სოციალური ურთიერთობებისთვის 1-5 ზარს ახორციელებს, ხოლო მეხუთედი – 6-10 ზარს.

თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები: