უპოვარ სულთა იმედის სავანე - ახალი ამბები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უპოვარ სულთა იმედის სავანე image

უპოვარ სულთა იმედის სავანე

9 თვის წინ
სიახლეები

უპოვარ სულთა იმედის სავანე

 ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სახლია. ალბათ, ბევრ თქვენგანს, აქ არაერთხელ ჩაუვლია კიდეც და აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ მიყრუებულ კუნჭულში, თავი მოიყარეს მიუსაფარმა და მარტოსულმა ადამიანებმა. აქ დრო ნელდება და ხანდხან, ჩერდება კიდეც. ეს არის მოხუცთა თავშესაფარი, ენით აღუწერელი დარდისა და მწუხარების სავანე. მის კედლებში ოცდაათი სევდიანი მოხუცი ცხოვრობს და მათი თვალები წარსულის საიდუმლოებს მალავენ.

 თავშესაფრის დირექტორმა, ქალბატონმა ინგამ დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართა და გვიამბო ამ ყველასგან მიტოვებული, შეჭირვებული ადამიანების ისტორიები. გულგრილნი ნამდვილად ვერ დავრჩებოდით. პირველადი საჭიროების ნივთები მოვაგროვეთ და გასაცნობად ვესტუმრეთ მათ. მივუტანეთ თეთრეული, საკვები, საფენები და ჰიგიენური საშუალებები. ასეთი უბრალო საჩუქრები, მხოლოდ მოხუცებს და ბავშვებს უხარიათ.

 მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც საკუთარი სახელი, ასაკი და წარსული არ ახსოვს. ზოგიერთი მათგანი აქ პირდაპირ ქუჩიდან მოიყვანეს და საბუთებიც კი არ აქვთ. ისინი უმწეოები არიან, განგებამ მეხსიერება წაართვა, საერთოდ არაფერი ახსოვთ, მაგრამ გამოგონილ ამბებს ყვებიან წარსული ცხოვრებიდან. შეუძლიათ გიამბონ, როგორ ხვდებოდნენ ცნობილ მსახიობებს, მღეროდნენ ოპერაში, პოლიტიკოსები იყვნენ. ჰგონიათ, რომ კარგად ცხოვრობენ ახლაც, მათ თვალებში კი სევდაა, მათი სული კვლავ ეძებს ხსნას - ვისგან ან რისგან, თვითონ არ იციან.

 არიან ისეთები, ვინც მიატოვეს, ერთხელაც არ მოიკითეს, მზრუნველობა საერთოდ არ გამოიჩნეს. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მოხუცებს მაინც აქვთ იმის იმედი, რომ შვილები დაბრუნდებიან, რომ კიდევ მიეცემათ საშუალება, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარონ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. ისე ელიან შვილებს, როგორც ბავშვთა სახლებში ბავშვები მშობლებს ელიან. ისინი კი, ვისაც სიცოცხლე აჩუქეს და აღზარდეს, წავიდნენ და მარტოობისთვის გაწირეს მოხუცები.

მაგრამ, ამ საყვარელ მოხუცთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც უბრალოდ სურს "თავისიანებთან" ყოფნა. ვისაც აქვს ბინა, მზრუნველი შვილები და მეურვეები ჰყავს, მაგრამ ურჩევნიათ იმათთან ყოფნა, ვისთანაც გულიანი საუბარი შეუძლიათ, ვისაც დღეში ასჯერ შეუძლიათ უამბონ ერთი და იგივე. მეორე და მესამე დღესაც, ისინი კი არაფერს საყვედურობენ და ბოლომდე უსმენენ, მერე რა, რომ გუშინ ბალერინა იყავი, დღეს კი უცებ ექიმი გახდი? მაინც საინტერესოა. მთავარია, რომ აქ უსმენენ, ზრუნავენ, მუდამ გემრიელი საჭმელი არის და შეახსენებენ, რომ წამლის დალევის დროა. ერთად, ტელევიზორის ყურებაც უფრო საინტერესოა, მერე რა, რომ ერთია ყველასთვის?

 ჩვენი დახმარება შეიძლება იყოს იმედის ნაპერწკალი მათ ცხოვრებაში და აჩუქოს იმის განცდა, რომ არ არიან მიტოვებულები და არსებობს სამყარო, სადაც ადამიანები ისევ ზრუნავენ ერთმანეთზე.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!


თეგები:
#სიახლეები

რეკომენდებული პროექტები:

მარტოხელა მოხუცები
ის 75 წლისაა, მისი მეუღლე კი 86-ის! თავად უსინათლოა, მან კი მეხსიერება დაკარგა და მხოლოდ მას ცნობს - ყველაზე საყვარელ და მზრუნველ ადამიანს! ორივე ბავშვივით გულთბილი და კეთილი არის! მათ გვერდით რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა და მათი გულისამაჩუყებელი მზრუნველობით ტკბობა მოუნდება ადამიანს! რომელსაც ჩვენს დროში იშვიათად თუ ნახავთ!!!
გულით და ქცევით ზურაბი და გალინა მოგაგონებენ გულკეთილ, მიამიტ, უსინათლო ბავშვებს, რომლებიც უღრან ტყეში აღმოჩნდნენ, ველური, ავი მხეცების გარემოცვაში! მათ დასაცავად კი, ერთი...
შეგროვებულია
25,695.46 ₾
დაეხმარა
1,583
მინდა დავეხმარო