„დადიანების სასახლე“ საბავშვო ბაღის დერეფანში - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„დადიანების სასახლე“ საბავშვო ბაღის დერეფანში

page info icon
2015 ნოემბერი 17
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ქალბატონი თალიკოს ოჯახის დასახმარებლად.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
802 ₾
( 43 დონორი )
დასრულებულია

ქალბატონი თალიკო ანდღულაძე ვერასოდეს იფიქრებდა, რომ თბილი და მყუდრო სახლის მაგივრად, სიბერეს შეხვდებოდა - საცხოვრებლად გამოუსადეგარ, ცივ, ნესტიან ნაგებობაში - ძველი საბავშვო ბაღის დერეფანში. ახლა იგი 84 წლისაა და როდესაც განვლილ ცხოვრებას იხსენებს, ცრემლებს ვერ იკავებს. ადრე, ბედნიერი დედა და მეუღლე იყო, ჰქონდა საინტერესო სამსახური: პროფესიით ქალბატონი თალიკო იურისტია და 35 წელი „საქენერგოში“, კადრების განყოფილების უფროსად მუშაობდა. საოჯახო საქმეებში და ბავშვების აღზრდაში დედა ეხმარებოდა. ცხოვრობდნენ დიდუბეში, დიდ მოსიყვარულე ოჯახში. მაგრამ ერთ დღეს მისი ჩვეული ცხოვრება შეიცვალა...

ავად გახდა თალიკოს მეუღლე, ერთი თვის შემდეგ - დედა ჩავარდა ლოგინად... თალიკომ სამსახურს თავი დაანება, რომ მათთვის მოევლო. 1996 წელი მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა, სამი ყველაზე ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა. მეუღლე, ძმა და დედა. ძალიან ძნელი იყო ამის გადატანა. მაგრამ ქალბატონმა თალიკომ საკუთარ თავში იპოვა ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად. სიცოცხლის სურვილი არც მაშინ დაკარგა, როდესაც დაინგრა მისი ავარიული სახლი და იგი შვილთან და შვილიშვილთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. ისინი დროებით შეასახლეს ვარკეთილში მდებარე 179-ე საბავშვო ბაღის დერეფანში. და ეს „დროებით“ სამწუხაროდ დღემდე გრძელდება.

ცივ და ნესტიან დერეფანში საცხოვრებელი პირობები რომ შეექმნათ, ფანჯრები ფიცრებით აჭედეს, ბეტონის იატაკზე მუყაო დააფინეს, ოთახები ერთმანეთისგან ფარდებით „გადატიხრეს“. ქალბატონი თალიკოს შვილი,  საცხოვრებელს ხუმრობით „დადიანების სასახლეს“ ეძახის და ყველანაირად ცდილობს დერეფანში კომფორტი შეუქმნას დედას.  მაგრამ ეს არ იცავს მათ სიცივეებისგან. ამ შენობაში ზაფხულშიც კი ცივა. თუ შეშა აქვთ - თბებიან. ელექტროგამათბობლის ჩართვას ვერ ახერხებენ, რადგან ქალბატონი თალიკოს პენსია მედიკამენტებში იხარჯება. სადილებს, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განკუთვნილი, უფასო სასადილოდან იღებენ. ახლა ღუმელში ძველ პარკეტს წვავენ, რომელიც მეზობელს რემონტის შემდეგ დარჩა. პარკეტის მარაგს რომ ამოწურავენ, რითი გათბებიან -ჯერ არ იციან და ეს ყველაზე მეტად აშფოთებთ.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ქალბატონი თალიკოს ოჯახის დასახმარებლად. გთხოვთ, ყველა გულისხმიერ ადამიანს, დაეხმაროთ მათ საკვები პროდუქტებით და შეშით - რაც მათთვის ასე აუცილებელია  ზამთრის გადასატანად. ასევე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: თალიკო ანდღულაძე) ან ფონდის ვებ-გვერდიდან https://goo.gl/zRNOxe

ნებისმიერი სახის დახმარება ქალბატონ თალიკოსთვის დიდი მხარდაჭერა იქნება.


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


მსგავსი პროექტები: