უფალო, საქართველოს თოთოეულ მამაკაცს აჩუქე ასეთი მეუღლე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

უფალო, საქართველოს თოთოეულ მამაკაცს აჩუქე ასეთი მეუღლე!

page info icon
2020 ივლის 11
გემუდარებით, სიკვდილს გადამარჩინეთ! სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალია, იმქვეყნად ვერაფრით წავალ! 40-ზე მეტი ოპერაცია აქვს გადატანილი და სრულიად უმწეოა, - ტირილით მოთქვამს გულით ავადმყოფი მეუღლე - ნინო
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,089 ₾
( 281 დონორი )
დასრულებულია

გემუდარებით, სიკვდილს გადამარჩინეთ!

სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალია, იმქვეყნად ვერაფრით წავალ! 40-ზე მეტი ოპერაცია აქვს გადატანილი და სრულიად უმწეოა, - ტირილით მოთქვამს გულით ავადმყოფი მეუღლე - ნინო

         ახლაც კი, როდესაც სიკვდილს თვალებში უყურებს, ნინო ხაჩატუროვა მხოლოდ მეუღლეზე ფიქრობს.  მთელი სიცოცხლე მას მიუძღვნა! ცხოვრების ნახევარი, მეტი თუ არა, მალხაზთან ერთად, საავადმყოფოებში გაატარა,  სადაც მის უსაყვარლეს ადამიანს, მრავალი წლის მანძილზე ორივე ფეხს ნაწილ-ნაწილ კვეთდენ! მან 40-ზე მეტი ოპერაცია გადაიტანა!

ახლა კი, თავად ნინოც, თვეში ერთხელ მაინც საავადმყოფოში სასწრაფოს გადაჰყავს! ნინომ, რომელმაც საკუთარი თავი  დაივიწყა და მთელი ცხოვრება ქმარს მიუძღვნა, ახლა თავად ჩახედა სიკვდილს თვალებში… გული… ან როგორ გაუძლო ამდენი წელი?

მათი თბილი კერა 25 წლის წინ საშინელ ხანძარში დაიწვა… ნინო და მალხაზი ბავშვთან ერთად ნაქირავებ ბინებში დახეტიალობდნენ… ახლა კი, მათი სახლი  პაწაწუნა ოთახია  სოციალური თავშესაფარში!

მაგრამ ესეც არ აკმარათ განგებამ! ტკივილითა და სიკვდილის შიშით შეპყრობილ ნინოს, ზრუნვა უწევს არა მხოლოდ მეუღლეზე, არამედ ონკოლოგიურად დაავადებულ 85 წლის დედაზე - ლამარაზე, გაურკვეველი სენით დატანჯულ ვაჟზე - ზაზაზე და ერთადერთ, უძვირფასეს - შვილიშვილზე შმაგიზეც, რომელიც ნინოს სიცოცხლის აზრი და იმედია… 

მაგრამ ქალი არ დრტვინავს და განგებას არაფერს საყვედურობს! პირიქით… 

- რა უბედურებაც არ უნდა დაგვტყდომოდა თავს  - უფალს არასდროს მივუტოვებივართ! მას ყველაფრისთვის მადლობას ვწირავ! – სწორედ ამ სიტყვებით შემოგვეგება ჭეშმარიტი ქრისტიანი, ნინო.

- ნინო, გთხოვთ, ნუ ტირით, გვიამბეთ ყველაფერი თანმიმდევრობით.

ნინო: იცით, ხანდახან ვფიქრობ, რომ უბედურებები ჩვენს ოჯახს თან სდევს ფეხდაფეხ… მაგრამ უფალი მოწყალეა, თავის შვილს არასდროს მიატოვებს. ყოველთვის, ყველაფერი რაღაც სასწაულებრივი ძალით გვარდებოდა. მთელი ცხოვრება მე საყვარელ მეუღლეზე ზრუნვას მივუძღვენი, ვაჟისა და ახლა შვილიშვილის აღზრდას. იცით რა კარგები მყვანან?! საუკეთესოები მთელ ქვეყანაზე! 

ახლა კი ისე ცუდად ვარ, ძლივს ვდგავარ ფეხზე … მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ბოლო ამოსუნთქვამდე ვიზრუნებ მათზე!

50 წლამდე ჯანმრთელი ვიყავი, თავდაუზოგავად ვმუშაობდი, მერე კი შეტევები დამეწყო … თითქმის ყოველდღე  ვკარგავდი გონებას და სასწრაფოს მივყავდი. გამოკვლევებზე წასვლა დიდხანს არ მინდოდა - ფული არ მქონდა. მუდმივად  მტკიოდა გული, მქონდა მაღალი წნევა. ბოლოს და ბოლოს, გამოსავალი არ დამრჩა. ექიმთან წავედი და გულის მანკი დამიდგინეს. სასწრაფოდ მჭირდება ოპერაცია - მიტრალური სარქველის პროთეზირება, წინააღმდეგ შემთხვევაში - მალე დადგება დასასრული …

ჩემი თავის გამო კი არ მეშინია, ჩემს მამაკაცებზე და ჩემს მოხუც, ავადმყოფ დედაზე ვდარდობ - უჩემოდ რა ეშველებათ? ვინ იზრუნებს მათზე?!

- თქვენი დიაგნოზი…

ნინო: დიაგნოზების სათვალავი დიდი ხანია დავკარგე! ამაზე  არც კი ვიფიქრებდი, მაგრამ ძალიან დავსუსტდი - გადაადგილება დღითიდღე უფრო მიძნელდება… სუნთქვა და საუბარიც კი მიჭირს! ინსულტი ორჯერ გადავიტანე, გულის უკმარისობა მაქვს, მოციმციმე არითმია, რადგან გულის სარქველი სათანადოდ არ მუშაობს  და სისხლის მიმოქცევა დარღვეულია, პლევრის ღრუში მუდმივად სითხე მიგროვდება, რომელსაც საავადმყოფოში პერიოდულად ნემსებით აშრობენ. გარდა ამისა, რკინადეფიციტური ანემია მაქვს, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, გულყრები, წნევა, თვენახევარ-ორ თვეში ერთხელ საავადმყოფოში დაწოლა მიწევს.

- ძალიან გითანაგრძნობთ, ნინო. ამჟამად რა სახის დახმარება გჭირდებათ?

ნინო: ჯერ კიდევ ახალ წლამდე მითხრეს, რომ სასწრაფო ოპერაცია მჭირდება - მიტრალური სარქველის პროთეზირება, რადგან შეიძლება ნებისმიერ წამში მოვკვდე და ჩემი ოჯახი ბედის ანაბარა დარჩება. სახელმწიფო დაზღვევა მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებს ოპერაციას, დანარჩენი თანხა ჩვენ უნდა გადავიხადოთ.  საიდან მოვიტანო ამდენი ფული? ჩვენ ხომ ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობთ. 

- გვიამბეთ თქვენს მეუღლეზე, რა დაემართა?

ნინო: (ცრემლები მოიწმინდა) როდესაც კალინინგრადში, ჯარში მსახურობდა საველე სწავლებების დროს, შიშველ მიწაზე უწევდა ძილი. ქვედა კიდურები სწორედ მაშინ გაუცივდა და შედეგად საშინელი დაავადება მიიღო - ენდარტერიიტი და განგრენა. მარტივად რომ ვთქვათ - ვენების დაავადება, სისხლძარღვების შევიწროვება - ექიმებმა ვერაფერი უშველეს. ცალი ფეხი 27 წლის ასაკში მოკვეთეს … შემდეგ მეორე… რამდენი იწვალა, საბრალომ, საავადმყოფოში წლობით იწვა … ფეხებს ნაწილ-ნაწილ კვეთდნენ, იმედი ჰქონდათ, რომ შეძლებდნენ ნაწილობრივ მაინც შეენარჩუნებინათ. ჯოჯოხეთური ტკივილები! თავიდან ფეხებამდე დასერილია. იღლიაში, მუცელზე, ექიმებმა არტერიებს ადგილები შეუნაცვლეს, რათა სისხლის მიმოქცევა აღედგინათ. 

45 წლის ასაკში, ორივე ფეხი უკვე სრულად ჰქონდა ამპუტირებული. მაშინაც კი, როცა ვცდილობდი დამესვა და პატარა ბავშვივით გარშემო ბალიშებს ულაგებდი  - თავს ვერ იკავებდა და გვერდზე ვარდებოდა. მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებდა, მასაჟის კურსის შემდეგ, მგრძნობელობა ნაწილობრივ აღდგა, მაგრამ სრულად ვერა… მანაც, ინსულტი ორჯერ გადაიტანა! ღმერთს მადლობა, ცოცხალი მაინც გადარჩა! ამ საწყალს ჩემს გარეშე რა ეშველებოდა? - როგორც მშობელი დედა ჩვილს, ისე ვუვლიდი.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი, როგორ შექმენით ოჯახი?

ნინო: უმაღლესის დამთავრების შემდეგ, სასურსათო მაღაზიაში გამანაწილეს. ჯერ გამყიდვლად ვმუშაობდი, მერე სექციის გამგეც გავხდი. მალხაზი იქვე მახლობლად ცხოვრობდა და საყიდლებზე ხშირად შემოდიოდა. ერთმანეთი ასე გავიცანით… პირველი დანახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი. მაშინ სხვა დრო იყო, მშობლებიც ძალიან მკაცრი მყავდა. ჩუმად ვხვდებოდით, მერე ჯარიდან ველოდებოდი. 10 თვის შემდეგ ის უკვე დაავადებული დაბრუნდა, მაგრამ ამან ხელი არ შეგვიშალა და «გავიპარეთ». მშობლები დიდხანს არ მელაპარაკებოდნენ, მერე კი შეგვირიგდნენ, რა თქმა უნდა.

- არავინ გეხმარებათ? ნათესავები, მაგალითად?

ნინო: ჩვენ არავინ გვყავს … მყავს დეიდა, მაგრამ ისიც უკვე მოხუცია და ავადმყოფი. ქმარი დაკარგა და თავადაც დახმარება სჭირდება. ყველა წამართვა წყეულმა დაავადებამ! ბებიაჩემი აზიზი, შემდეგ მამაჩემი ვლადიმერი, ჩემი საყვარელი ძმა გელა - ყველა გულის ავადმყოფობის გამო ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან…  ეტყობა, გენეტიკურია - კვლავ ასლუკუნდა საბრალო ქალი. 

– აი, დედაც ავად მყავს, უკვე ძალიან მოხუცია. ასთმა აქვს, ფეხები უშუპდება, ცოტა ხნის წინ ქიმიის კურსი ჩავუტარეთ, გავუკეთეთ გადასხმა, თორემ საერთოდ არაფერს ჭამდა …

- ნინო, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი, 45 წლის წინ რა გეგმებს აწყობდით?

ნინო: რა გეგმებს? როგორც ყველა… კარგი განათლება მივიღე, კარგი სამსახური მქონდა. ჩვენს ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის ავადმყოფობა შხამავდა … მე და მალხაზს გვიყვარდა და ახლაც ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ბევრი შვილი გვინდოდა, დიდი ოჯახი … თუმცა, როგორც ხედავთ, მალხაზის ავადმყოფობის გამო ჩვენ მხოლოდ ერთი ვაჟი - ზაზა გვყავს. 

- რისი გწამთ? ხსნას რაში ხედავთ? 

ნინო: ყველაფერი რაც ამჟამად გაგვაჩნია ეს ხომ უფლის წყალობაა! ის, რომ მე და ჩემი მეუღლე ცოცხლები გადავრჩით ორი ინსულტის შემდეგ, თავზე ჭერი რომ გვაქვს... ეს ყველაფერი ლოცვისა და რწმენის წყალობით… 

 ძალიან მორწმუნე ვარ. ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში, ტაძრამდე მისვლა წარმოუდგენელია. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ფანჯრები წმინდა ნიკოლოზის ტაძარს უყურებს, სამრეკლოდან კი ზარების ხმა ისმის. მეც ასე ვესწრები წირვა-ლოცვას. ფიზიკურად თუ არა, სულიერად მაინც. 

- უცნობი ადამიანების სიკეთის გწამთ? 

ნინო: როგორ არ უნდა მწამდეს? კეთილი ხალხი რომ არა, რა გვეშველებოდა? ჩვენს დასახმარებლად მათ, მთელი ცხოვრების მანძილზე, უფალი აგზავნის. მაშინაც, როცა მე და მალხაზი იძულებულები ვართ გავიდეთ გარეთ, მაგალითად საბუთების გასაფორმებლად, დახმარებას ყველა გვთავაზობს  - ქალები, მამაკაცები, ხანში შესულები, ახალგაზრდები, ბავშვები … ახალგაზრდა ბიჭები არც გვეკითხებიან, ისე აიტაცებენ ხოლმე ეტლს და კიბეებზე ააქვთ! იცით, ეს გულს როგორ მითბობს! სხვა რისთვის მოვდივართ ამ ქვეყნად, თუ არა მოყვასის დახმარებისთვის და მხარში დგომისთვის?

მეზობლები? მარტოს არასდროს გვტოვებენ! მარინა ნემსებს გვიკეთებს, არადა თავადაც ავადმყოფი ქმარი ჰყავს, დიალიზზე! ნონა კი, საერთოდ დედას მეძახის - წნევას მიზომავს, როგორც კი დავუძახებ მაშინვე ჩემს გვერდით აღმოჩნდება ხოლმე. ლევანი - შესანიშნავი ბიჭი, რომელმაც თქვენ მოგწერათ  და ჩვენი გასაჭირის შესახებ შეგატყობინათ. თითოეული მათგანის, იმდენად მადლობელი ვარ, სიტყვებიც არ მყოფნის, რომ გამოვხატო!

- თქვენს ვაჟზე გვიამბეთ.

ნინო: ზაზა, უზომოდ კეთილი გულის პატრონია… მხოლოდ ჯანმრთელობამ უმტყუნა. ადრე სტამბაში მუშაობდა, მაგრამ შეამცირეს, დღესდღეობით კი სამსახურის შოვნა, თავადაც იცით რამდენად რთულია. თან რაღაც გაურკვეველი სიმპტომებიც აქვს - სისუსტე და ჭინჭრის ცხელების მსგავსი გამონაყარი. ხან ცხვირი უსივდება, ხან თვალები, ხან ხელები... ეს მას ძალიან ტანჯავს, მაგრამ ექიმთან დღემდე ვერ მივედით - ვიზიტის ფული არ გვაქვს. მით უმეტეს, რომ ყველა ავად ვართ და მუდმივად სამედიცინო დახმარება გვჭირდება. 

ზაზა თავის ვაჟს ოთხი წლის ასაკიდან მარტო ზრდის. მეუღლემ მიატოვა ისიც და ბავშვიც. ბიჭუნა ჩვენ გავზარდეთ, დედა კი შვილის ბედით არც ინტერესდება. არავის გავკიცხავ, უფალმა განსაჯოს!

- შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გვიამბოთ შვილიშვილზე? 

ნინო: ოოოო, საოცარი მყავს - მთელი საუბრის განმავლობაში, ნინოს სახეზე ღიმილმა პირველად გამოანათა – შმაგი ყველას უყვარს, კარგად სწავლობს, ყოველთვის ცდილობს მომეხმაროს. რაც მთავარია, მას მოსიყვარულე და კეთილი გული აქვს. განსაკუთრებულად თბილია ჩვენს მიმართ და ყოველთვის მზრუნველობას იჩენს.

        ახლახანს ისეთი საშინელების გადატანა მოგვიხდა, მეგონა მოვკვდებოდი! შმაგის მენინგიტი დაემართა, ერთი თვე ინფექციურ საავადმყოფოში იწვა. ექიმებმა ზურგის ტვინიდან სითხე სამჯერ ამოტუმბეს. ღმერთის წყალობით, გადარჩა! რამე რომ მოსვლოდა, ნამდვილად ვერ გადავიტანდი!

- ნება მომეცით, თქვენს შვილიშვილსაც გავესაუბრო. 

ნინო, შვილიშვილის ღირსებებს, ოდნავადაც არ აჭარბებდა. 16 წლის შმაგიმ, თავისი სერიოზულობით, ვაჟკაცობით, ზრდილობითა და გაწონასწორებულობით გამაოცა. ჩვენი ქვეყნის - ჩვენი მზიანი საქართველოს ნათელი მომავალი, სწორედ ასეთი ახალგაზრდები არიან!

- შმაგი, გვიამბე საკუთარ თავზე. როგორ სწავლობ, რა გიტაცებს, რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

შმაგი (16 წლის): ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ბავშვობიდან ვოცნებობ პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდე!

- შენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის?

შმაგი (16 წლის): რონალდუ! მინდა მასავით სახელგანთქმული ვიყო, ბევრი ფული ვიშოვო და არა მხოლოდ ჩემს ოჯახს, არამედ ყველა გაჭირვებულს დავეხმარო …

- სწავლაზე რას გვეტყვი? რომელი საგანი გიყვარს ყველაზე მეტად?

შმაგი (16 წლის): ისტორია. ძალიან მიყვარს კითხვა. კარგად ვსწავლობ და ბებია-ბაბუას ძალიან უხარიათ… ავად არიან, მე კი ყოველთვის ვცდილობ, რომ გავახარო და ყველაფერში ვეხმარები. მათ გამზარდეს და ორივე სიგიჟემდე მიყვარს. მინდა დროებითი სამუშაო ვნახო და ჩემს ოჯახს დავეხმარო. მამაც ხომ ავად არის და ვერ მუშაობს … მე ვარ მათი ერთადერთი იმედი! კომპიუტერი არ მაქვს და სკოლის პროგრამას ჩამოვრჩი, მაგრამ ვცდილობდი სახლში წამეკითხა და მემეცადინა.

-  თავი ბედნიერად რომ იგრძნო, რა გჭირდება?

         შმაგი (16 წლის): მოკრძალებულად ვცხოვრობთ, ხოლო ფეხბურთზე სიარული ძალიან ძვირი ჯდება … ფორმა, ბუცები… ინტერნეტში მოვიძიე კლუბი, სადაც ვარჯიში შეღავათიან ფასად შეიძლება … მინდა მათ მივმართო. იმედია, მიმიღებენ.

- შმაგი, როგორი გოგოები მოგწონს, თვალი უკვე დაადგი ვინმეს? როგორ ფიქრობ, ოჯახს რა ასაკში შექმნი?

შმაგი (16 წლის): ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რომ ვინმე განსაკუთრებულად მომწონს … არა, მომწონს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ სიმპათიაა… ოჯახს მაშინ შევქმნი, როდესაც მყარად დავდგები ფეხზე და ჩემს მიზნებს მივაღწევ. ჩემი ცოლი კი ყველაზე ლამაზი, თავმდაბალი  და მზრუნველი იქნება. მას ეყვარება ჩვენი შვილები და მათ არასდროს მიატოვებს  … მე კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არაფერი მოაკლდეთ!

- რას უსურვებდი შენს თანატოლებს?

შმაგი (16 წლის): იყვნენ მიზანდასახულნი, ყოველთვის ყველაფერი გააკეთონ შედეგის მისაღწევად და არავითარ შემთხვევაში არ დანებდნენ! იბრძოლონ საკუთარი ოცნებებისთვის. და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებ! 

- შმაგი, მადლობა საინტერესო საუბრისათვის. ყოჩაღი ხარ და ყველა წამოწყებაში მინდა წარმატება გისურვო!

- დავუბრუნდეთ ჩვენს საუბარს, ნინო.  სოციალურ თავშესაფარში ცხოვრობთ. გვიამბეთ აქ როგორ აღმოჩნდით? როგორი საცხოვრებელი პირობები გაქვთ?

ნინო: როგორც უკვე ვთქვი, 25 წლის წინ, ჩვენს სახლში ხანძარი გაჩნდა. გაზის ბალონი აფეთქდა  და ქუჩაში დავრჩით. დიდხანს ვცხოვრობდით ქირით - სანამ ამის შესაძლებლობა გვქონდა. მერე ქირის გადახდა ძალიან გაგვიჭირდა. ძალიან გაგვიმართლა, რომ სწორედ ამ დროს თავშესაფარში ადგილი განთავისუფლდა. ყველაფერი უფლის ნებაა… ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ - ძველი ტელევიზორი, გაზქურა, მაცივარი - ჩვენი არ არის, თავშესაფრის საკუთრებაა … 

- და თქვენი ოჯახის შემოსავალი როგორია? 

ნინო: ჩემი და მალხაზის პენსია 155-155 ლარი - ის რაც გვრჩება  ბანკში სესხის აღების შემდეგ …  და კიდევ სოციალური დახმარება - 250 ლარი… ბანკში სესხის აღება შმაგის საავადმყოფოში მოხვედრის გამო მოგვიწია. სესხის გადახდას 2023 წელს მოვრჩებით … ამის გამო, ამჟამად მე და ჩემი მეუღლე პენსიის მხოლოდ ნახევარს ვიღებთ … ძალიან მოკრძალებულად ვიკვებებით - კარტოფილი, მაკარონი … 14 დასახელების წამალი, მარტო მე მჭირდება. მადლობა ღმერთს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზოგიერთი მედიკამენტის ყიდვა  1 ლარად შემიძლია, მაგრამ ეს ყველა წამალზე, სამწუხაროდ, არ ვრცელდება … 

 - სესხი აიღეთ? რანაირად, თქვენს მდგომარეობაში? გვიამბეთ თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

ნინო: დიახ, თქვენ წამოიდგინეთ, სესხი... ამაზეც მადლობელი ვარ, თორემ ბავშვისთვის, რა სახსრებით უნდა მემკურნალა?!  

თავს ოცნების უფლებას არ ვაძლევ, მხოლოდ იმას ვევედრები ღმერთს -  კიდევ ცოტა ხანს მაცოცხლოს. ძალიან ვჭირდები ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით მალხაზს, უჩემოდ ვერაფერს შეძლებს - ძალიან უმწეოა … - კვლავ ტირის ნინო.

- ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? რატომ გადაწყვიტეთ, ჩვენთვის რომ მოგემართათ?

ნინო: რამდენიმე წლის მანძილზე, თქვენი ბენეფიციარი ვიყავი და ყველაფრისათვის უზომოდ მადლობელი ვარ. რეგულარულად გვაწვდიდით პროდუქტებს, მედდაც კი მაკითხავდა სახლში. იმდენი სიკეთე გააკეთეთ ჩვენთვის, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ლოცვებში მოგიხსენიებთ …

თავად ვერ გავბედავდი თქვენთვის რომ მომემართა. მადლობა მეზობელს - ლევანს. უკეთილშობილესი ადამიანია. სწორად მან მოგწერათ და ამით გადარჩენის შანსი მომცა. ღმერთმა სულ ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს! უფალმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა, ვისაც თუნდაც მცირედი შეხება აქვს თქვენს ფონდთან, ყველა თქვენი დიდსულოვანი მეგობარი, ვისაც ადამიანების ტკივილი გულთან ამდენად ახლოს მიაქვს. უფალი არასდროს მიგატოვებთ. თქვენი ხელით ის დედამიწაზე სიკეთეს თესავს! 

---
მოდით ყველამ ერთად გაუხსნათ გული თანაგრძნობასა და გულმოწყალებას, ნინო ხაჩატუროვა და მისი ოჯახი ამ უბედურებასთან პირისპირ მარტო არ მივატოვოთ! გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დახმარებით, ამ სამყაროს უფრო ლამაზსა და კეთილს ვხდით. რაოდენ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები! ცხოვრება ასე საშინლად  აღარ გეჩვენება და  სასწაულის იმედი ჩნდება! 

დაეხმარეთ მძიმედ ავადმყოფ ნინოს, მიეცით შანსი გადარჩეს და იზრუნოს თავის ოჯახზე, რომელსაც ის ასე ძალიან სჭირდება! ნინოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია - მიტრალური სარქველის პროთეზირება, მკურნალობა და უამრავი მედიკამენტი. 

და კიდევ - დაურეკეთ მას, გაამხნევეთ და ჩაუსახეთ ხვალინდელი დღის იმედი. ტელ: 591 60 40 76 - ქმრის, მალხაზის ტელეფონის ნომერია. ნინოს არ აქვს ტელეფონი. მისამართი: ქ. თბილისი, ქ. თბილისი, დიდი დიღომი, არჩილ მეფის ქ. 13, ბინა 3.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რათა ნინო ხაჩატუროვას და მისი ოჯახის შესახებ, თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, ვისაც ამის ძალა თავად არ შესწევთ. გაჭირვებული ადამიანები -  ღმერთმა გვიბოძა რათა შევძლოთ, დავუმტკიცოთ მას ჩვენი სიყვარული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კეთილი საქციელითაც.

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს, თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გულისხმიერება გამოიჩინოთ და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000 
(დანიშნულება:ნინო ხაჩატუროვა). 

თანხის ჩარიცხვა აგრეთვე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოიძიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს! გავუმართოთ ხელი ნინოსაც. ბედისწერისგან დაზღვეული არავინაა! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: