ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს...

page info icon
2021 ნოემბერი 11
page info icon
1605
გოჩა ვერ ლაპარაკობს. ამის გამო მას საშინელი რაღაცები ემართება. ერთხელ ბრმა ნაწლავი ისე გაუსკდა, რომ მისმა მშობლებმა და და-ძმამ ვერაფერი გაიგეს. ვერც მეორედ გაიგეს და მას ფილტვების ანთება დაემართა. თუ ვერაფერს იგებენ, ბავშვი რეანიმაციაში ხვდება, ამიტომ მშობლები ყოველთვის ფხიზლად არიან. თუ ცუდადაა, ბიჭი მხოლოდ სუსტად კრუსუნებს, რადგან ხელებითაც კი არ შეუძლია იმის ჩვენება, რომ რაღაც აწუხებს. როცა ასე ხდება, დედამისი მის თავს მკერდზე იდებს, გულის მხარეს; ამას კი ხშირად აკეთებს, რადგან ბიჭი ცუდად ხშირადაა. დიდი ხანია დედას გული სტკივა და ექიმთან არის წასასვლელი...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,866 ₾
( 220 დონორი )
დასრულებულია

ხვალ შეიძლება რეანიმაციაში აღმოჩნდეს...

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

გოჩა ვერ ლაპარაკობს. ამის გამო მას საშინელი რაღაცები ემართება. ერთხელ ბრმა ნაწლავი ისე გაუსკდა, რომ მისმა მშობლებმა და და-ძმამ ვერაფერი გაიგეს. ვერც მეორედ გაიგეს და მას ფილტვების ანთება დაემართა. თუ ვერაფერს იგებენ, ბავშვი რეანიმაციაში ხვდება, ამიტომ მშობლები ყოველთვის ფხიზლად არიან. თუ ცუდადაა, ბიჭი მხოლოდ სუსტად კრუსუნებს, რადგან ხელებითაც კი არ შეუძლია იმის ჩვენება, რომ რაღაც აწუხებს. როცა ასე ხდება, დედამისი მის თავს მკერდზე იდებს, გულის მხარეს; ამას კი ხშირად აკეთებს, რადგან ბიჭი ცუდად ხშირადაა. დიდი ხანია დედას გული სტკივა და ექიმთან არის წასასვლელი...

მაგრამ ექიმები გოჩას უფრო სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ ის ექიმებმა გაზარდეს და დედას მისი ცხვირიდან კვება ასწავლეს. დედა წვნიანს ან ფაფას ამზადებს, შემდეგ შპრიცში ასხამს და შვილს მილის (ზონდის) საშუალებით აჭმევს. აი, ასე! მერე იმაზე უნდა იფიქროს, შემდეგ ჯერზე რა აჭამოს გოჩას და კიდევ ორ შვილს. რვა წლის ნიკოლოზს და შვიდი წლის იზას ჭამა დამოუკიდებლად შეუძლიათ და არც მილი სჭირდებათ. მადაც კარგი აქვთ. ახლა მხოლოდ საჭმლის მოპოვებაღა დარჩა.

ეს კი ძალიან რთულია, როცა შემოსავალი 590 ლარი გაქვს. საჭმელიც უნდა იყიდო, საფენებიც, წამლებიც, დედაქალაქის საავადმყოფომდეც უნდა მიხვიდე და კომუნალურებიც უნდა გადაიხადო... ხეცურიანების ოჯახს ეს ყველაფერი უბრალოდ არ გამოსდის.

ეს საყვარელი ბავშვი იაშვილის კლინიკაში გაიზარდა

მაია, რა დიაგნოზი აქვს თქვენს უმცროს ბიჭს, გოჩას და ავადმყოფობამ თავი პირველად როდის იჩინა?

მაია: გოჩას რამდენიმე დიაგნოზი აქვს: ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, მიკროცეფალია. კრუნჩხვები ორი წლის ასაკიდან დაეწყო. მაშინვე თბილისის იაშვილის კლინიკაში გაგვგზავნეს და იქ მასწავლეს, როგორ უნდა მეზრუნა ჩემს ბიჭზე სწორად. მას დამოუკიდებლად არაფრის კეთება შეუძლია: არც ჭამა, არც ჯდომა, არც სიარული, ლაპარაკი ან შემობრუნება. კრუნჩხვებიც ხშირად ემართება. გუშინ ხუთ წამიანი შეტევა ჰქონდა და თავისით გაუარა. ასეთ შემთხვევებში გოგა გვერდზე უნდა დააწვინო და თავი გაუსწორო. თუ ძალიან ცუდადაა და ვერ ვუმკლავდებით, დროებით საავადმყოფოში გადაგვყავს. (ოხრავს.)

იზა: „ძალიან ხომ არ აწვები, ნიკო?“

ნიკო: „ვერ ხედავ, რომ ჩემთან თავს კარგად და დაცულად გრძნობს?“

ზონდით კვება საკმაოდ რთულია. ალბათ ამის კეთებას არავის ანდობთ, არა?

მაია: ოჯახის წევრებიდან ამას სხვა არც არავინ გააკეთებს - ეშინიათ. მე მალე ვისწავლე. საჭმლის დოზა უნდა იცოდე. ცხელის მიცემა არ შეიძლება. თვალყური უნდა ადევნო: თუ დაახველა, მაშინვე ზონდი უნდა ამოაცალო, რომ არ დაიხრჩოს. ეს მილი (ნაზოგასტრიკული მილი) ცხვირიდან კუჭში გადადის. მისი პირში ჩადება არ შეიძლება: გოჩას კბილები აქვს და შეიძლება დაღეჭოს. ზონდი კვირაში ერთხელ უნდა უცვალო, მაგრამ ზოგჯერ უფრო ხშირადაც ვუცვლი - ოთხ დღეში ერთხელ. მაინც, საჭმელია და ჭუჭყიანდება... წვნიანებს ვაძლევ, ზოგჯერ ბულიონს ან ფაფას ვუბლენდერებ...

„ახლა ჩემი ბიჭი ისადილებს.“

გოჩა როგორ გაგებინებთ, როცა შია?

მაია: თევზივით პირს აფჩენს (იღიმის.)

იგრძნობა, რომ შვილის ავადმყოფობა მიიღეთ და დიდი ხნის წინ შეეგუეთ.

მაია: მხოლოდ უფალი წყვეტს, ჯანმრთელი შვილი მოგცეს თუ სნეული. ჩემი ბიჭი ღმერთმა და ექიმებმა გადაარჩინეს. უფალმა მისთვის არაერთი სასწაული მოახდინა. როცა იაშვილის კლინიკაში მძიმე ფილტვების ანთებით იწვა, ტემპერატურა 40 გრადუსზე ქვემოთ არ ჩამოსდიოდა და ჟანგბადის აპარატზე იყო მიერთებული, ექიმები მისი გადარჩენის არანაირ შანსს არ იძლეოდნენ, თუმცა მაინც ყველაფერს აკეთებდნენ, რაც საჭირო იყო... და გოჩა გადარჩა! ნამდვილი მებრძოლია!

მთელი ცხოვრება შვილებზე ვოცნებობდი. ახალგაზრდობაში მითხრეს, რომ დედა ვერასდროს გავხდებოდი. (ქალური პრობლემები მქონდა - კისტები.) ღმერთს ვეხვეწებოდი და ვემუდარებოდი, რომ ჩემთვის შვილები მოეცა. განა ახლა არჩევანის უფლება მაქვს? რა ვქნა, საყვედური უთხრა, რომ რაღაც არასწორი მომცა? ეს ხომ ღვთის საჩუქარია?! განსაკუთრებული ბავშვები ისეთი ტკბილები არიან! ყველა მშობელს ვაფიცებ, - არ მიატოვოთ ისინი! იყავით მათ გვერდით და ყველაფერი მიეცით, რისი მიცემაც მათთვის შეგიძლიათ.

„შვილს ყოველთვის გულის მხარეს ვიწვენ. ეს ამშვიდებს. ხშირად ასე გაგვყავს ღამეები. სანამ გოჩა არ დაიძინებს, მე დაძინების უფლება არ მაქვს.“

თქვენი მეორე ნახევარი როგორ გაიცანით?

მაია: თბილისისკენ მიმავალ ყვითელ ავტობუსში (იღიმის.) მეც და პაატაც, - ჩემი მომავალი მეუღლე, - ფეხზე ვიდექით, როცა მძღოლმა მკვეთრად დაამუხრუჭა გაჩერებასთან და ერთმანეთს შევეჯახეთ. პაატა (შუბლზე წითელი კოპით) არ დაიბნა და ჩემთვის ტელეფონის გამორთმევა მაინც მოახერხა. უკვე რვა წელია ერთად ვართ - დიდი მადლობა იმ მძღოლს! საცხოვრებლად ქმრის სამშობლოში, სამეგრელოში გადავედი.

დიახ, იქ ცხოვრება ბევრად რთულია, მაგრამ მთავარი ერთმანეთის სიყვარული და გაგებაა. ქმარი სწორად შევარჩიე, - ძალიან კარგი ადამიანია, თუმცა ზოგჯერ ძალიან ფეთქებადიც. ყოველთვის მხარში მიდგას და რითაც შეუძლია, მეხმარება. მხოლოდ გოჩას კრუნჩხვები აშინებს, - ვერ უყურებს და გადის.

ნიკოლოზი და იზა როგორ რეაგირებენ, როცა გოჩა ცუდადაა?

მაია: ნიკოლოზი ძალიან განიცდის, ტირის. იზასაც ეშინია...

ნიკოლოზი (8 წლის): ეგ მარტო მაშინ, როცა ცუდადაა. ისე კი სულ ვუვლი: როცა ტირის, ხელში ამყავს, ვეფერები და ვეუბნები: „არ იტირო, შენ ხომ კარგი ბიჭი ხარ?“

მერე შველის?

ნიკოლოზი: კი!ტელევიზორში მულტფილმებსაც ვაყურებინებ, ეზოში ეტლით ვასეირნებ, ლექსებს ვუკითხავ, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ესმის... მაგრამ რაღაც მაინც ხომ ესმის, არა?

მაია: ჩემს გოჩას 30 პროცენტიანი სმენა აქვს, მაგრამ ხმები ესმის. აგერ, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, თავისებურად რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ არ შეუძლია... ჩემი პატარა...

„მიდი, ნიკო, რამე წაუკითხე შენს ძმას. შენი ხმა ძალიან მოსწონს.“

გოჩას ძმაში ძალიან გაუმართლა!

მაია: ნიკოს შეხედეთ, რა! როგორც კი შეაქეს, შერცხვა. რაო, რატომ აღარაფერს ამბობ? წამლებსაც ასმევს, საფენებსაც უცვლის... ერთხელ ხურდებით სავსე მთელი ყულაბა მომცა - გოჩასთვის წამლები რომ მეყიდა. „ოღონდ მალე უყიდე, დე!“ თავის სათამაშოებს გოგასთვის მალავს და ინახავს, სამომავლოდ. ასე ველოსიპედიც კი დაუჟანგდა.

იზა რა ეშმაკურად იცინის?!

ნიკოლოზი: გინდათ გითხრათ, რატომ? გინდათ?

იზა (7 წლის): არ თქვა!

ნიკოლოზი: რამე თუ გააფუჭა ან გატეხა, იზა მაშინვე გოჩას აბრალებს. ის ხომ ვერ ლაპარაკობს და...

მაია: მაგაში ორივე მაგრები ხართ! ჯერ ერთმანეთს აბრალებთ, მერე გოჩას. უთოთი კაბა დაწვა, თეფშები გატეხა და მერე ჩემი ბიჭისკენ იშვერს ხელს. (იღიმის.) ის კი ხანდახან ისე მძიმედ ოხრავს, ისე გამოდის (შემთხვევით, რა თქმა უნდა), თითქოს ძალიან დარდობს.

„ჩემი პატარა და ლამაზი ბიჭი! ძალიან მიყვარხარ. ხომ არა უშავს, რომ თეფში გავტეხე და შენ დაგაბრალე? ხომ არ გეწყინა?“

მაია, იმდენი ხარჯი გაქვთ... როგორ უმკლავდებით? ნეტა რა ყულაბამ უნდა გიშველოთ?

მაია: რომ ვუმკლავდებოდეთ, განა თქვენ შეგაწუხებდით? ყველაფრისთვის 590 ლარი მაქვს. აქედან 450 ლარი სოციალური დახმარებაა, 140 ლარი კი გოჩას პენსიის დარჩენილი ნაწილი. მთლიან პენსიას (250 ლარი) ვერ ვიღებ, სანამ გამოკვლევებისთვის და საავადმყოფოსთვის აღებულ სესხს არ დავფარავთ. ამ 590 ლარიდან ელექტროენერგიის (ყოველთვიურად 30-35 ლარი), გაზის ბალონის დატენვის (კვირაში 20 ლარი), ორი შეკვრა საფენების და კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების (50 ლარი) თანხას ვიხდით. კლონაზეპამს რაც უფრო შორს ყიდულობ ცენტრიდან, მით უფრო ძვირია. თბილისში 20 ლარი ღირს... მაგრამ რა ვქნათ, აბა? გოჩამ რამდენიმე წამალი მუდმივად უნდა სვას, რომ კრუნჩხვები არ გაუმეორდეს. ნერვებისგან უკვე გული მტკივა. რაიონში დავიწყებულებივით ვცხოვრობთ.  

დახმარებისთვის ჩვენი რაიონის გამგეობას მივმართე. იცით, ამ ჭკვიანებმა რა მითხრეს? ასეთ ბავშვთან ერთად თბილისში ან ბათუმში უნდა იცხოვროთო. რაც არ უნდა მწარე იყოს, - სიმართლეა. ბავშვთან ერთად, სამარშრუტო ტაქსით, სულ თბილისისკენ მიმავალ გზას ვადგავარ. გზის ფულზე და სხვა დანარჩენზე აღარაფერი მკითხოთ...

ნათესავები არაფრით გეხმარებიან?

მაია: ვალები რომ გადაგვეხადა, დედაჩემი თურქეთში წავიდა. პაატას მშობლები ცოცხლები აღარ არიან. ნათესავები კი ჰყავს, მაგრამ შორს ცხოვრობენ. მე და ჩემს ქმარს მხოლოდ ერთმანეთი გვყავს. ერთმანეთს ჩვენ ვამხნევებთ და გვერდში ვუდგავართ. მთავარია, - შვილები დავაპუროთ. საკუთარ თავს რომ ვაკლებთ, მაგას უკვე შევეჩვიეთ. ისინი მეცოდებიან: კარტოფილის, ყვავილოვანი კომბოსტოს და ფაფების გარდა სხვას ვერაფერს ხედავენ. ჩემი ქმარი ცდილობს ორიოდე კაპიკი მაინც იშოვოს, მშენებლობაზე რამე საქმე თუ გამოჩნდა, მაგრამ ვალდებულებებს ვეღარ ავუდივართ: ბავშვებს ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ აქვთ, ინტერნეტის ფულს ვერ ვიხდი, ამიტომ გაკვეთილებს ხშირად აცდენენ; საღამოობით ერთ ოთახში ვსხედვართ, რადგან ორ ოთახში შუქი არაა, - გაყვანილობაა გამოსაცვლელი. სახლი ჩვენია, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია, რომ ყველაფერი გასაკეთებელია... მოკლედ, ჩემი პრობლემებით დაგღალეთ...

მაია, სხვისი პრობლემებით მხოლოდ გულგრილი ხალხი იღლება. თქვენ ფონდის მეგობრები გისმენენ. რა გჭირდებათ ახლა პირველ რიგში?

მაია: გოჩასთვის სურსათი, წამლები, საფენები, ზონდები და შპრიცები ძალიან გვჭირდება. ბლენდერი და წვენსაწურიც, რომ მისთვის საჭმლის კეთება ნორმალურად შევძლო. ჩვენი ბლენდერი უკვე დაძველდა და ცუდად მუშაობს. სარეცხი მანქანა აფეთქდა და მას შემდეგ ხელით ვრეცხავ. ღუმელის გარეშეც ძალიან მიჭირს. საოჯახო საქმეებით ძალიან გავწამდი... მაცივარი ნორმალურია, მაგრამ რძალს ვათხოვე...

გაზქურა დიდი ხანია ჯართია

ბავშვებო, თქვენ რას იტყვით? თქვენ რა გინდათ?

იზა: კაბებზე შეიძლება ვთქვა?

რა თქმა უნდა!

იზა: მაშინ ერთი კაბა და ფეხსაცმელი მინდა... ან ორი კაბა... ან როგორც გინდათ... დედიკოსთვისაც - კაბა და ფეხსაცმელი. ხომ ხედავთ, რა მახინჯები აცვია?

კარგი, შეკვეთა მიღებულია! ნიკოლოზ, რაზე ჩაფიქრდი?

ნიკოლოზი: ტელეფონისთვის ფულს ვაგროვებდი, მაგრამ არ გამოვიდა... მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ეს არ არის... რა თქმა უნდა, ტელეფონიც კარგი იქნებოდა, მაგრამ სჯობს ჩემი ძმა ავად აღარ იყოს.

„ნუ გეშინია, პატარავ, მე სულ შენ გვერდით ვიქნები!“

მაია: ბავშვებს გოჩა ისე ეცოდებათ, ისე ფრთხილად და სათუთად ექცევიან... სულ ეფერებიან და ეუბნებიან: „ჩვენო პატარავ“, „ჩვენო ტკბილო“, „ჩვენო ოქროვ“... (თვალცრემლიანი ლაპარაკობს.) ჩემი შვილი ისეთი უმწეოა...

არის თუ არა დღეები, როცა გოჩას არაფერი აწუხებს?

მაია: იშვიათად, მაგრამ ეს დღეები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეებია. როცა ჩემი ბიჭი იცინის (დიახ, მას სიცილი შეუძლია), ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ!

მაია, ყველაზე მეტად რის გეშინიათ?

მაია: შვილის დაკარგვის. ხუთი წლის მანძილზე იმდენჯერ იწვა რეანიმაციაში... არასდროს იცი, ხვალ რა იქნება. უფალს ვევედრები, რომ ჩემმა შვილმა დიდხანს იცოცხლოს და კეთილ ხალხს ვთხოვ, - დამეხმარეთ გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს შვილს სჭირდება. იმედი მაქვს, რომ თქვენი ფონდი თავის ფრთებქვეშ შეგვიფარებს. თქვენ იმდენს დაეხმარეთ... და ახლა კიდევ ერთი დედა გთხოვთ დახმარებას...

***

მეგობრებო, მაია ძალიან თავშეკავებული ქალია. მასში ბევრი სიყვარულია. მას შეუძლია იყოს პოზიტიური, მიუხედავად იმისა, რომ მის უმცროს ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მან შვილის ავადმყოფობა მიიღო, როგორც არსებული რეალობა და მას თავგამოდებით ემსახურება, მაგრამ მისი გულის ტკივილი, შფოთვა და გოჩას მომავლის გამო შიში ხომ კარგად გვესმის, არა? მოდი ამ მშვენიერ ქართველ ქალს და ქართულ ოჯახს მხარი დავუჭიროთ! ჩვენი დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მათი მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: აბაშა, სოფ. ზანათი

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge   

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ხეცურიანების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: