ბავშვები ჩემკენ თითს რომ იშვერენ, ისე მჩხვლეტს! ისე მჩხვლეტს გული! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბავშვები ჩემკენ თითს რომ იშვერენ, ისე მჩხვლეტს! ისე მჩხვლეტს გული!

page info icon
2022 აგვისტო 8
„ძალიან მინდა, ბევრი მეგობარი მყავდეს, მაგრამ ბავშვები არ მეთამაშებიან. ხანდახან, ცხვირწინ მიხურავენ კარებს. ამ დროს, ძალიან მჩხვლეტს გულში რაღაც...“ - 10 წლის ანა-მარია თითებით გვაჩვენებს, სად გრძნობს ამ ჩხვლეტას - „კიდევ იცით, როდის მჩხვლეტს? როდესაც ხრაშუნა გემრიელობები მინდა და დედიკოს ფული არ აქვს, რომ მიყიდოს. ასე ჩხვლეტა-ჩხვლეტაში ხანდახან დავიღლები და მოვიწყენ ხოლმე.“ - შესაბამისად, მოწყენილ პოზას იღებს და განაგრძობს: „დედამ მითხრა, რომ მე განსხვავებული ვარ, სახელიც განსხვავებული დავირქვი - მარიკოშა! მა-რი-კო-შა! მაგრამ აღარ მინდა განსხვავებულობა, ბევრი მეგობარი, ბევრი სათამაშო და ბევრი ტკბილეული მინდა!.. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,916 ₾
( 416 დონორი )
დასრულებულია
ბავშვები ჩემკენ თითს რომ იშვერენ, ისე მჩხვლეტს! ისე მჩხვლეტს გული!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „ძალიან მინდა, ბევრი მეგობარი მყავდეს, მაგრამ ბავშვები არ მეთამაშებიან. ხანდახან, ცხვირწინ მიხურავენ კარებს. ამ დროს, ძალიან მჩხვლეტს გულში რაღაც...“ - 10 წლის ანა-მარია თითებით გვაჩვენებს, სად გრძნობს ამ ჩხვლეტას  - „კიდევ იცით, როდის მჩხვლეტს? როდესაც ხრაშუნა გემრიელობები მინდა და დედიკოს ფული არ აქვს, რომ მიყიდოს. ასე ჩხვლეტა-ჩხვლეტაში ხანდახან დავიღლები და მოვიწყენ ხოლმე.“ - შესაბამისად, მოწყენილ პოზას იღებს და განაგრძობს: „დედამ მითხრა, რომ მე განსხვავებული ვარ, სახელიც განსხვავებული დავირქვი - მარიკოშა! მა-რი-კო-შა! მაგრამ აღარ მინდა განსხვავებულობა, ბევრი მეგობარი, ბევრი სათამაშო და ბევრი ტკბილეული მინდა!.. ისევე, როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს!“
„გულში მაშინ მჩხვლეტს რაღაც, როდესაც ჩემთან თამაში არავის უნდა...“
        ანა-მარია დემეტრაშვილი, იგივე მარიკოშა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 10 წლის გოგონაა. ის დედასთან ერთად ნაქირავებ, პატარა ბინაში ცხოვრობს. მარიკოშას უამრავი დაავადება აწუხებს. როგორც მისმა დედიკომ, ლიდია მღებრიშვილმა გვითხრა, დაავადებების მთელი „ბუკეტი“ აქვს: მარცხენა თვალი სრულიად დაზიანებული აქვს. არ ესმის მარცხენა ყურით. ყბა-სახის კუნთები მოშლილი აქვს და უჭირს სწორი მეტყველება.   ამას ემატება ხერხემლის გამრუდება, ქონდრისკაცობა და ფსიქოლოგიური პრობლემები.  მარიკოშამ, ჯერ კიდევ ოთხი თვის ასაკში, გადაიტანა გულის ურთულესი ოპერაცია და არც კი ეგონათ, თუ გადარჩებოდა.  მამამ ოთხი წლის წინ მიატოვა. პასუხისმგებლობას გაექცა. პატარა გოგონას და მის დედიკოს ძალიან უჭირთ თავის გატანა სოციალური დახმარების „გროშებით“ და მარიკოშას პენსიით. მშობლებმა, რომლებიც ასეთ განსხვავებულ ბავშვებს ზრდიან, კარგად იციან, რა სიძნელეების გადალახვასთან არის დაკავშირებული ყოველი დღე, ყოველი ნაბიჯი... ხოლო, თუ ამ ყველაფერს უსახლკარობა და სიღატაკეც ერთვის, გამოდის, რომ არ აგცდება წაგება უთანასწორო ბრძოლაში! 
,,დედა ამბობს, რომ განსხვავებული ვარ, მე კი მინდა, ჩვეულებრივი ვიყო!“
       - ლიდია, რთულ პირობებში გიწევთ ცხოვრება. გაგვიზიარეთ თქვენი  გულისტკივილი.
       ლიდია: ოთხი წელია, ქირით მიწევს ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან ერთად. ჩემს პატარა ფერიას უამრავი დაავადება აწუხებს. სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა. ეს არ მაძლევს საშუალებას, რომ ვიმუშაო. ვართ ანა-მარიას პენსიის და სოციალური დახმარების იმედად. გარდა ამისა ორ შეუთავსებლობასთან გვიწევს ომი. სოციალური მუშაკი მოითხოვს, რომ ასეთ ბავშვს უნდა შევუქმნა შესაბამისი პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს ჩამომართმევენ. მაგრამ, სოციალურ დახმარებას იძლევიან იმ შემთხვევაში, თუ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობ. რა უნდა ვქნა? თუ ვერ მივიღე სოციალური დახმარება, მხოლოდ ბავშვის პენსიით როგორ შევუქმნა ჩემს პატარას შესაბამისი პირობები?! ბავშვი ვის მივცე? მარიკოშას გარეშე, ერთ წუთსაც ვერ გავძლებ. რომ იცოდეთ, რამდენი ვიბრძოლეთ, როგორი „ფასი“ გადავიხადეთ, ცოცხალი რომ დარჩენილიყო ჩემი პატარა და, თუნდაც ასე რომ განვითარებულიყო, როგორც ახლაა... ყოველი დღე ომია ჩემთვის. ვიღვიძებ ისე, თითქოს ომში მივდივარ. 
„მინდა, უფრო დიდი გავიზარდო!“
          არ მასვენებს ფიქრი იმაზე, თუ რა ვაჭამო, როგორ გადავუნაწილო „დახმარებების“ ეს მცირე თანხა, რომ არ მოშივდეს... მას ხომ საათობრივი კვება სჭირდება?! ყველა  ამ  დაავადებასთან ერთად, სისხლში შაქარიც აქვს მომატებული. თუ თავის დროზე არ მიიღებს საკვებს, ცუდად ხდება. ყოველდღიურად მიწევს ფიქრი იმაზეც, როგორ წავიყვანო რეაბილიტაციის ცენტრში, არ მოვაკლო ყველა ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო აძლევს. გზის ფულიც ხომ მინდა?! რამდენჯერ მიტირია, საკვების გადანაწილებას რომ ვერ ვახერხებდი... რამდენჯერ მშიერიც დავრჩენილვარ... რამდენჯერ ახალი კერძის რეცეპტი მომიფიქრებია - მხოლოდ იმით რომ მზადდება, რაც მაქვს... მაგრამ ერთ დღესაც არაფერი რომ არ გვქონდეს? მერე... რა იქნება მერე?  უბედურება!
(ხმა უკანკალებს და ჩუმდება. ცდილობს ძალა მოიკრიბოს)
        - ალბათ, ბავშვი უამრავ რამეს გთხოვთ, რის ყიდვასაც ვერ ახერხებთ.
         ლიდია: როგორც ყველა ბავშვს, მასაც უნდა სასუსნავები. „ხრაშუნები“ უყვარს განსაკუთრებით. ადრე ყლაპვა ძალიან უჭირდა, ამიტომ ყველაფერს ვუბლენდერებდი. ახლა, ცოტა წინ წავედით ამ საკითხში. რამდენჯერმე  გასინჯა და ძალიან მოეწონა „ხრაშუნები“. ჰოდა, ითხოვს და ითხოვს... უნდა, და რა ქნას?  ხომ წარმოგიდგენიათ, რას გრძნობს ამ დროს პატარა?  როგორ გინდა აუხსნა, რომ შენ ტკბილეულის ფული კი არა, საკვების ფულიც არ გაქვს საკმარისად.  ყოველდღე ცდილობ, ისე მოაგვარო ეს საქმე, ისე ეკონომიურად „გაწერო“ რაციონი, რომ ბავშვი მთლად მშიერი არ დაგრჩეს -  არ შეგეშინდეს იმის, რომ შენს პატარას წაიყვანენ შესაფერისი პირობების არქონის გამო.
„არ მინდა, ჩემმა მცენარეებმა ჩემსავით მოიწყინონ!“
         - და მაინც, როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს, ან როგორ ახერხებდით აქამდე?
        ლიდია: არ ვიცი. უფლის წყალობით, რკინის ნერვებით. რთულ პერიოდებში, ძირითადად, ფონდების დახმარებით გამაქვს თავი. ახლაც, თქვენ მოგმართეთ, რომ დამეხმაროთ. ანა-მარიას სასწრაფოდ სჭირდება გამოკვლევები, ოპერაცია. მე კი, ვერ მოვახერხებ საჭირო თანხების შეგროვებას. როგორ  შევაგროვო, როდესაც საკვებზე ძლივს გვყოფნის ფული? ამ კვლევების და შემდგომ, ოპერაციის ჩატარება კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის. შესაბამისად, ჩემთვისაც!
        - ლიდია, იქნებ უფრო დაწვრილებით გვითხრათ, რა გამოკვლევაზე და ოპერაციაზეა საუბარი ?
        ლიდია: მარიკოშა უამრავი პრობლემით დაიბადა. სულ პირველად, გულის პრობლემები გამოვლინდა, მას მოჰყვა საცრემლე ჯირკვლების, მხედველობის, სმენის, ხერხემლის, კიდურების, ფსიქიკური პრობლემებიც. ექიმთან ყოველი მისვლისას, ახალ-ახალი პრობლემების შესახებ ვიგებდით ხოლმე. ეს ძალიან მტკივნეული იყო...  ოთხი თვის ასაკში, გავუკეთეთ გულის აორტის პლასტიკა. გადარჩენის შანსი 3% იყო. მაგრამ ამ თითისტოლა, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ბავშვმა გაუძლო ოპერაციას. მერე, საცრემლე არხების ოპერაცია იყო. ორი წლის ასაკამდე თვალები სულ უჩირქდებოდა, ექიმთან დავდიოდით გასაწმენდად, კვირაში ერთხელ მაინც. ნეტა, იცოდეთ, როგორ წვალობდა ბავშვი... მერე, ენის ლაგამიც აღმოაჩნდა. ამის შესახებაც, მოგვიანებით შევიტყვე. ხომ გეუბნებით, ყოველი მისვლა ექიმთან და მისი შემოწმება ახალ-ახალი პრობლემების წინაშე მაყენებდა. ასე გრძელდებოდა რვა წლის ასაკამდე.  რადგან ბევრი რამ გადაიტანა და ახლაც, ბევრი რამ აწუხებს, ამიტომ, სულ  კონტროლზე უნდა იყოს. მუდმივად სჭირდება გამოკვლევები. ახლა, მას სჭირდება ყბა-სახის ოპერაცია. მისი ეს პრობლემა ადვილად შესამჩნევია: სახის კუნთები არ მუშაობს, უჭირს საუბარი, კბილები განუვითარებელია.  ყოველ წელიწადს, ხან, წელიწადში ორჯერ უამრავი სამედიცინო გამოკვლევის გავლა და ანალიზების ჩაბარება გვიწევს. აღარ ვსაუბრობ თერაპია-რეაბილიტაციის კურსებზე, რომლებსაც უწყვეტად გავდივართ და, ასე თუ ისე, უფასოდ ვიღებთ სახელმწიფოსგან. აქ დამატებით ხარჯებზეა საუბარი, რაც არ ფინანსდება. 
„ეს საქართველოს დროშაა, ამიტომაც პირველ ადგილზეა!“
        - ანა-მარია ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დაგყავთ? როგორ მოხდა მისი ადაპტაცია გარემოსთან?
        ლიდია: ძალიან რთულად. თუმცა, იქ გვაქვს სპეციალური ოთახი, ჰყავს დამატებით სპეც. მასწავლებელიც, მაგრამ პრობლემები უხვადაა და დაბრკოლებებიც ბევრი გვხვდება. ჩვენც ვსწავლობთ და „ვომობთ“.  შეძლებისდაგვარად, ბევრს ვმეცადინეობთ, ბევრს ვშრომობთ განვითარებისთვის. უჭირს დიდი მასალის ათვისება. სამწუხაროდ, გონებრივი ჩამორჩენა გვაქვს ორი წლით.  მარიკოშას მარცხენა თვალში 0% აქვს მხედველობა და ვერც აღუდგება. მარცხენა ყურით არ ესმის. მან უნდა ატაროს აპარატი, მაგრამ, „მიპროტესტებს“.
        - ალბათ, ბულინგსაც ჰქონდა ადგილი...
        ლიდია: დიახ. დასცინიან. ვეცადე, მარტივად ამეხსნა მისთვის, რომ ის, უბრალოდ, განსხვავებულია. თითქოს, დამშვიდდა კიდეც. მაგრამ სმენის აპარატთან მაინც ვერ „ვმეგობრობთ“. მიჭირს, იმაზე ფიქრი, რომ ყველაზე რთული პერიოდი ახლა იწყება - მოზარდობის ასაკი. ამ დროს, ჩვეულებრივ ბავშვებსაც კი უჭირთ საკუთარი თავის მიღება  ისეთებად, როგორებიც არიან. ჩვენ რა სირთულეები გველოდება, ხომ გესმით? 
- მარიკოშა სიმაღლითაც ჩამორჩება თანატოლებს...
        ლიდია: ჩემს პაწაწინას, აქვს ხერხემლის გამრუდება, ქვედა კიდურების პრობლემა - ერთი ფეხი ცოტათი მოკლეა მეორეზე. მუდმივად ესაჭიროება სპეციალური ფეხსაცმელი. მისი სხეულის მიდრეკილება ქონდრისკაცობისკენ, ასევე გახდა ბულინგის მიზეზი. ამის გამო, ცოტა ხნის წინ მოგვიწია გენეტიკური ანალიზის გაკეთება. ეს სულ ბოლო დიაგნოზია, რომლის შესახებაც რვა წლის ასაკში გავიგეთ.  მინდა, რომ რაც შესაძლებელია ყველაფერი გავაკეთო, ყველა საჭირო დაწესებულებას მივმართო, ყველა შანსი გამოვიყენო, ოღონდ, მაქსიმალურად დავეხმარო ჩემს შვილს. სანამ ცოცხალი ვიქნები, მინდა, რომ ის მუდამ ჩემს გვერდით იყოს და არაფერი გაუჭირდეს. თუმცა რომელ დედას არ უნდა ეს?!
          - მარიკოშას ყველაზე მეტად რა საგნები უყვარს?  შეიძლება, თავად რომ ვკითხოთ?
          ლიდია: რა თქმა უნდა! 
         ანა-მარია: მე ხელოვნება და მათემატიკა მიყვარს. მათემატიკა ყველგან საჭიროა, მის გარეშე ვერ იცხოვრებ. ცოტა ძნელია, მაგრამ ბევრს ვსწავლობ, რომ ყველაფერი დავიმახსოვრო. ძალიან მიყვარს ხატვა. ჩემს ნახატებს აუცილებლად გაჩვენებთ. მანამდე კი, ჩემს მოთხრობებზე გეტყვით.
რა მოთხრობებზე, რასაც სკოლაში გიკითხავენ?
        ანა-მარია: არა, მოთხრობებზე, რომელიც მე დავწერე!
„ეს ჟაკოა, ჩემი საყვარელი თუთიყუში. რომ ვხატავდი, სულ დახტოდა და კარგად ვერ დავხატე“
        - ხატვაც შეგიძლია, მოთხრობების წერაც. ყოჩაღ, მარიკოშა!
       ანა-მარია (მორცხვად იღიმის და აგრძელებს): სამი მოთხრობაა. პირველს ჰქვია „ჩემს შესახებ“.  იქ ჩემი ამბავია მოთხრობილი. მეორეს ჰქვია - „ჯადოსნური ფანქარი“,  მესამეს კი  -  „ანა და ლიკა“.
შეგიძლია, მომიყვე, რაზეა ეს მოთხრობები?
        ანა-მარია: ჩემი ამბავი იმაზეა, რომ ბევრი რამ მაწუხებს... ხშირად ცუდად ვხდები... წყალს რომ დავლევ, არ მშველის. ხანდახან, უცებ რომ წამოვდგები, ხან რას ვეჯახები, ხან რას... მერე მილურჯდება... პანდემიის დროს, სკოლაში ჭამა არ შეიძლებოდა. მე კი, სულ გული მიმდიოდა. ექიმმა თქვა, რომ შაქარი მაქვს... კარგი საჭმელები არ გვაქვს, მაგრამ რამე მაინც უნდა ვჭამო... 
კიდევ რაზეა შენი მოთხრობები?
        ანა-მარია: კიდევ იმაზე,  ბავშვები რომ  არ მეთამაშებიან... ფეხბურთის სათამაშოდ როცა გავდივარ, სულ მარტო ვარ. მეკარეც მე ვარ, მცველიც და თავდამსხმელიც. არც სხვა თამაშებს მეთამაშებიან... ამიტომ ამ ბოლო დროს სულ მოწყენილი ვარ და სახლში ვრჩები. მეორე მოთხრობა - „ანა და ლიკა“ გოგონების მეგობრობაზეა, ისეთ მეგობრობაზე, როგორზეც მე ვოცნებობ.
„ჯადოსნური ფანქარი“ რაზეა?
        ანა-მარია: ეგ ჩემი საყვარელი მოთხრობაა და მხატვარზეა, რომელსაც რაღაცეების ხატვა არ გამოსდის. ხომ შეიძლება, მხატვარსაც არ გამოსდიოდეს რაღაცეების ხატვა? ყოველთვის ყველაფერი არავის შეუძლია! მერე ჩემს მხატვარს, ჯადოსნური ფანქარი ეხმარება... 
ესე იგი, საბოლოოდ მაინც გამოსდის...
        ანა-მარია: ჯადოსნური ფანქრის დახმარებით ყველაფრის დახატვა შესაძლებელია.
სიმართლე მითხარი, ეს მხატვარი შენ ხარ? 
         ანა-მარია: როგორ გამოიცანით? ჩემი თავი ვიგულისხმე. მარტო ხატვა კი არა, სხვა რაღაცეებიც რომ არ გამომდის, ჯადოსნურ ნივთებზე ვიწყებ ოცნებას...
„ასე ჩავფიქრდი და მოვიფიქრე „ნიჟარების კაფე“
ჯადოსნური ნივთების გარდა, კიდევ რაზე ოცნებობ?
          ანა-მარია: ნამდვილ ნივთებზე მეკითხებით?
არა მარტო ნივთებზე...
        ანა-მარია: მინდა ბევრი ხრაშუნები, ჩიფსები... ტელეფონი მინდა, დედას რომ დავურეკო სკოლიდან, ცუდად თუ გავხდი, ან ვინმემ თუ მაწყენინა. მაგრამ ყველაზე მეტად მინდა, რომ ბევრი მეგობარი მყავდეს და მათთან ერთად ბევრი ვისეირნო, ვიკითხო, ვითამაშო... თუ მეგობრები არ მეყოლება, ჩემმა ჟაკომ მაინც ისწავლოს ლაპარაკი... ჟაკო ჩემი თუთიყუშია. სულ ვასწავლი, მაგრამ მაინც ვერ იმახსოვრებს. ისიც ისეა, როგორც მე, როდესაც ბუნებას ვსწავლობ, ვსწავლობ და მიჭირს ყველაფრის დამახსოვრება... (ცოტა ხნით ჩუმდება, ისვენებს და მერე ისევ განაგრძობს.)
„ჟაკოს უჭირს სიტყვების დამახსოვრება, მაგრამ მე ის მაინც ძალიან მიყვარს!“
       ანა-მარია: დიდი რომ გავიზრდები, მინდა კაფე გავხსნა. ასე  დავარქმევ - „ნიჟარების კაფე“. კედლები სულ ნიჟარებით ექნება მორთული და იქ ყველა ბავშვი - განსხვავებულიც და ჩვეულებრივიც უფასოდ მიიღებს ხრაშუნა ტკბილეულს, პიცას. ეს ბავშვები ლოკოკინებივით გამოვლენ თავიანთი ნიჟარებიდან და იმეგობრებენ. კაფეში მექნება წიგნების კუთხე. ერთად წაიკითხავენ წიგნებს. წიგნები უფრო დააახლოებს სხვადასხვანაირ „ნიჟარა-ბავშვებს“.  ახრაშუნებენ და ახრაშუნებენ... იკითხავენ და იკითხავენ... იცინებენ ბევრს... ბევრს... 
„ეს ჩვენი სახლი არ არის, აქ ქირით ვცხოვრობთ...“
      ჩვენო ერთგულო მკითხველო, ნუთუ შეიძლება ამ პატარა, უსაყვარლესი გოგონას და მისი გმირი, მებრძოლი დედიკოს ამბავმა გული არ მოგიკლათ?! ნუთუ შეიძლება, რომ არ გაგიჩნდეთ მათი გვერდში დგომის, დახმარების სურვილი?! ანა-მარიას ბედი თქვენს ხელთაა! ნუ გადადებთ! ის, რის გაკეთებაც დღეს არის შესაძლებელი, ხვალ, შესაძლოა, იყოს გვიანი! მოდით, ერთად  ჩავკიდოთ ხელი ამ დედა-შვილს და არ გავუშვათ. ახლა, მათ ყველაზე ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება. თუ თქვენ მოისურვებთ, რომ ესტუმროთ და პირადად მოინახულოთ მარიკოშა, მას უდიდეს ბედნიერებას მიანიჭებთ და ის აუცილებლად დაგიმეგობრდებათ. წაგიკითხავთ თავის მოთხრობებს, გაჩუქებთ ნახატებს და მოგიყვებათ „ნიჟარების კაფეზე“, სადაც ყველა ბავშვი ბედნიერია...
    ანა-მარია დემეტრაშვილის მისამართია: ქ. თბილისი, ვარკეთილის დასახლება, ჯავახეთის პირველი შესახვევი, კორპუსი 4, ბინა 47. 
„დედიკოს გარდა, არავის ვუყვარვარ...“
***
         თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
       მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
          ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გული გავუთბოთ და დავუბრუნოთ მათ მომავლის რწმენა.
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000.
(დანიშნულება: დემეტრაშვილების ოჯახი)
     თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
     ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
          თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: