როდესაც ჩემი შვილი ძირს ცოცხალმკვდარი ეცემა, მზად ვარ, მასთან ერთად მოვკვდე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც ჩემი შვილი ძირს ცოცხალმკვდარი ეცემა, მზად ვარ, მასთან ერთად მოვკვდე!

page info icon
2020 ნოემბერი 24
„როდესაც ჩემი შვილი ძირს ცოცხალმკვდარი ეცემა, მზად ვარ, მასთან ერთად მოვკვდე, - ამბობს 4 წლის ლუკას უბედური დედა, ნუნუ (28 წლის). - მისი ყოველი შეტევა - გამოცდაა და ყოველ ჯერზე, გული მიჩერდება... როდესაც ის ძირს ეცემა, მთლიანად ლურჯდება და ცივდება, მე ფეხქვეშ მიწა მეცლება.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,629 ₾
( 236 დონორი )
დასრულებულია
პატარა ლუკას დიაგნოზი ქრონიკული ეპილეფსიაა. სამი წლის განმავლობაში, უმძიმესი შეტევები მას დღეში სამჯერ ემართებოდა! ბავშვი ცნობიერებას კარგავდა, ლურჯდებოდა და ცივდებოდა, საბრალო დედას კი სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ მისი უსიცოცხლო სხეული გულზე მიეკრა და უიმედოს, საშველად ვინმესთვის მოეხმო...

  დიახ! ამ ბავშვმა ჯოჯოხეთის ყველა წრე გამოიარა:მენინგიტი, ორი თიაქრის ოპერაცია, ეპილეფსიის მწვავე შეტევები... შედეგად - განვითარების შეფერხება და ნერვული აშლილობა. ლუკას (4 წლის) დაბადებიდან არაფერი ახსოვს, საავადმყოფოების, თეთრხალათიანი ადამიანების, ტკივილის და შიშის გარდა...

ლუკას ოჯახი, - დედამისი - ნუნუ (28 წლის), მამა - გია (45 წლის), მაია ბებია (49 წლის) და პატარა ნიკა (6 წლის) და იზოლდაც (1,6 თვის) კი, - დიდი ხანია, მიჩვეულები არიან ლუკას წესებით ცხოვრებას. მთელი ფული მის მკურნალობას ხმარდება, პატარა ნიკუშამ კი იცის: ლუკა ავადაა, ამიტომ მან უნდა დათმოს.

  ეს კეთილი, ქართული ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. სასოწარკვეთილმა დედამ, ნუნუმ, ჩვენს ფონდს დახმარების თხოვნით იმ იმედით მომართა, რომ მისი გასაჭირი გულგრილს არ დატოვებდა კეთილ თანამემამულეებს- ჩვენ და თქვენ, მეგობრებო!

– ნუნუ, თუ შეიძლება, მოგვიყევით, რა დაავადება აქვს თქვენს შვილს?

ნუნუ: ჩემი საბრალო ბიჭი თითქმის დაბადების წუთიდან იტანჯება... დიაგნოზი - ეპილეფსია. არა, ეს თანდაყოლილი პათოლოგია არ არის. ორსულობის დროს პრობლემები იყო, ბავშვი განვითარებას ჩამორჩებოდა, მაგრამ დაავადების მიზეზი ეს კი არა, ის გახდა, რომ ის, ორი თვის ასაკში, რეანიმაციაში მოხვდა, მენინგიტის დიაგნოზით.

  მაშინვე ვერ მივხვდით, რა მოხდა. ჯერ კიდევ სამშობიაროდან გამოწერისას შევამჩნიე, რომ ჩემი პატარა კანკალებდა, ჭამა და ყლაპვა უჭირდა... ექიმების პასუხი მარტივი იყო: „ჯერ ძალიან პატარა და სუსტია“; მაგრამ კარგად მახსოვდა, როგორი დაიბადა ჩემი უფროსი ბიჭი. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ორი კვირის შემდეგ, საშინელი გულყრით, ჩვენ თელავის საავადმყოფოში აღმოვჩნდით. მას სამი დღე გადასხმებს უკეთებდნენ, შემდეგ კი, სასწრაფო დახმარების მანქანით, თბილისში გაგზავნეს. იქ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მან 40 დღე გაატარა! დიაგნოზი - მენინგიტი. საშინლად მახსენდება, ქალაქში დასარჩენი ადგილი არ მქონდა და სოფლიდან მიწევდა წანწალი. არადა, მარტო გზას 2 საათზე მეტი დრო სჭირდება!

გამოწერა ვერ მოვასწარით და აღმოჩნდა, რომ ლუკას წინა მუცლის კედლის ორი თიაქარი ჰქონდა და ეს მას ძალიან აწუხებდა. მალე თიაქარი გარეთ გამოვიდა და ჩვენ ისევ თელავის საავადმყოფოში აღმოვჩნდით. სასწრაფოდ მოგვიწია ოპერაციის გაკეთება, მაგრამ მას მხოლოდ ერთი თიაქარი ამოაჭრეს. მეორე, ერთი წლის რომ გახდა, მერე ამოჰკვეთეს. ღმერთო, ჩემს ბიჭს საავადმყოფოებისა და ექიმების გარდა არაფერი ახსოვს! - ქვითინებს ნუნუ.

თქვენ თქვით, რომ ლუკას ქრონიკული ეპილეფსიის დიაგნოზი დაუსვეს. როდის და რა ვითარებაში მოხდა ეს?

ნუნუ: მეორე თიაქრის ამოჭრისა და გამოწერის შემდეგ,  ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, მაგრამ მას სწორედ მაშინ დაემართა პირველი ნერვული შეტევა. სიტყვებით ვერ აღგიწერთ, ეს რა საშინელებაა. მეგონა, შვილს სამუდამოდ ვკარგავდი. მან გონება დაკარგა, მთლიანად გალურჯდა და გაცივდა. ექიმების თქმით, ეს უბრალოდ სისუსტე იყო, გადატანილი ოპერაციის შედეგი. მაგრამ შეტევები განმეორდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩემი შვილი ცოცხალმკვდარი ეცემოდა ძირს, მზად ვიყავი, მასთან ერთად მოვმკვდარიყავი. ჩვენ ისევ თბილისში, ეპილეფსიის ცენტრში გაგვგზავნეს და იქ საშინელი დიაგნოზი მოვისმინეთ... სამი წლის განმავლობაში მას წარუმატებლად მკურნალობდნენ, სხვადასხვა წამლებს უნიშნავდნენ, მაგრამ ყველაფერი უშედეგო იყო. თვენახევრის წინ მისთვის „დიპაკინის“ მიცემა დავიწყეთ და მას შემდეგ, ჯერჯერობით, შეტევები აღარ ჰქონია. მადლობა ღმერთს! მისი გაჩენის მომენტიდან, სიმშვიდე ერთი წუთითაც კი არ მქონია! ძალიან რთული ბავშვია...

უფრო ზუსტად, რას გულისხმობთ?

ნუნუ: ავადმყოფობის გამო, ის ძალიან ნერვიული, ემოციური  და ხშირად აგრესიულია. მისი წამით დატოვებაც კი არ შეიძლება. მე და დედა სულ ერთმანეთს ვენაცვლებით, რადგან მას სიმაღლეზე ასვლა და იქიდან გადმოხტომა უყვარს, შეიძლება ცუდად დაეცეს; ან შეიძლება ჭიშკრიდან, მოულოდნელად, პირდაპირ საავტომობილო გზაზე გადახტეს... ღმერთმა ნუ ქნას! დღემდე საფენებით დადის. ღამის ქოთანს ვერაფრით მივაჩვიე, ეშინია! საკვების პრობლემაც გვაქვს. ერთ რაღაცას ირჩევს და დიდი ხნის განმავლობაში, მხოლოდ იმას ჭამს. სხვას არაფერს ეკარება. ახლა, მაგალითად, უკვე თითქმის ერთი წელია მხოლოდ შვრიის ბურღულს ჭამს! აქამდე მაწონს ჭამდა და შეუძლებელია, აიძულო, სხვა რამე თუნდაც გასინჯოს! განსაკუთრებით მაშინ ბრაზდება, როდესაც რამე აწუხებს და ახსნა არ შეუძლია, რადგან მან მხოლოდ რამდენიმე სიტყვა იცის: „დედა“, „მამა“, „ბებო“... ასევე, ძალიან მოუსვენარი ძილი აქვს, მუდმივად ფეხებს იქნევს. ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ მას მთელი ცხოვრება წამლების სმა მოუწევს, უბრალოდ მკლავს!

რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

ნუნუ: უანგაროდ გიყვარდეთ თქვენი შვილი!გიყვარდეთ ყოველ წამს - ჯანმრთელი, ავადმყოფი, მოსიყვარულე და გაბრაზებული. მაშინაც კი, როდესაც ლუკა აგრესიულად მირტყამს, მე მას გულში ვიკრავ და ვკოცნი...

ამ წუთას, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

ნუნუ: მას შემდეგ, რაც ჩემს მეუღლეს მანქანა დაეჯახა, ძალიან გაგვიჭირდა. ჩემს შვილებს საერთოდ არაფერი აქვთ. მთელი ფული ლუკას მკურნალობაზე იხარჯება. ჩვენ ის თბილისში ჩაგვყავს ექიმთან და ჯერ მარტო გზა 400 ლარამდე გვიჯდება. წამლებსაც ჩემი ხარჯით ვყიდულობ. ბავშვებს ტანსაცმელი, საჭმელი სჭირდებათ... ჩვენ საერთოდ არაფერი გვაქვს. თავადაც ხედავთ: სახლი ინგრევა, საწოლები იშლება, ელემენტარულ პირობებზე აღარ ვსაუბრობ...

ეს თქვენი სახლია?

ნუნუ:ეს ჩემი მშობლების სახლია. მე აქ გავიზარდე, მაგრამ რადგან სარემონტო თანხები არ გვაქვს, ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. სახურავი ჟონავს, იატაკი დალპა და ადგილ-ადგილ ჩავარდა, სამზარეულოში საერთოდ ცემენტია... ოღონდაც კედლები არ ჩამოიშალოს და... სხვა თუ არაფერი, თავზე ჭერი მაინც გვაქვს...

თქვენს მეუღლეს რა დაემართა?

ნუნუ: მას მანქანა დაეჯახა. პირდაპირ გზაზე. ძვირადღირებული, უცხოური მანქანა იყო, როგორც თვითმხილველები ამბობენ. მძღოლი არც კი გაჩერებულა, გზის პირას დატოვა, რომ მომკვდარიყო. გონზე რომ მოვიდა, თვითონ გააჩერა გამვლელი მანქანა და სასწრაფოს გამოძახება სთხოვა. საავადმყოფოში მითხრეს, რომ ის ფაქტი, რომ ის გადარჩა, ნამდვილის სასწაულია! ახლა, მისთვის ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა უკუნაჩვენებია. ეს ორი წლის წინ მოხდა, მაგრამ მარჯვენა ხელ-ფეხი მას დღემდე სტკივა...

ნუნუ, თუ შეიძლება, მოგვიყევით, როგორ გაიცანით მეუღლე?

ნუნუ: ჩვენ ერთმანეთს მრავალი წელი ვიცნობდით. ის მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა. ერთმანეთს უბრალოდ ვესალმებოდით ხოლმე. ერთხელ, როგორღაც, სტუმრად დაგვპატიჟეს და ჩვენ ერთ მაგიდასთან აღმოვჩნდით. მას შემდეგ აგვეწყო ურთიერთობა. აღმოჩნდა, რომ მე მას დიდი ხანია, მოვწონდი, მაგრამ ასაკში 17 წლიანი სხვაობის გამო, გამოტყდომას ვერ მიბედავდა. არადა, სულ ტყუილად! ჩვენ ერთად ბედნიერები ვართ! გია ძალიან მგრძნობიარე და ყურადღებიანი ადამიანია. ის ყველაფრის მცოდნეა! იმ ავბედით შემთხვევამდე, დაუღალავად მუშაობდა და ჩვენ არაფერი გვაკლდა. მდიდრულად არ ვცხოვრობდით, მაგრამ ყოველთვის შეგვეძლო ბავშვების რამე გემრიელით გახარება. მათ ნორმალური ტანსაცმელიც ჰქონდათ, საჭმელიც და სათამაშოებიც. ახლა კი, ლუკას სამკურნალო ფულიც კი არ გვაქვს... (სლუკუნებს.) ამ ვირუსის გამო, სამუშაოც აღარ არის და თან, ყველა სამუშაოს გიაც ვერ მოჰკიდებს ხელს.  

რა სახსრებით ცხოვრობთ?

ნუნუ: ამ დროისთვის, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, 600 ლარის ოდენობით. ეს ფული სრულიად არაფერზე გვყოფნის. კიდევ კარგი, მაღაზიაში პროდუქტებს სესხად გვაძლევენ, რადგან ჩემი მდგომარეობა იციან.

არავინ გეხმარებათ? მშობლები, ან ნათესავები?

ნუნუ: დამხმარე საერთოდ არავინ გვყავს. მეც და დედაც, ორივე ერთად ძლივს ვუმკლავდებით ლუკას. არც კი ვიცი, მისი მხარდაჭერის გარეშე როგორ ვიქნებოდი... მამაჩემმა 15 წლის წინ მიგვატოვა, ძმა კი უკვე სამი წელია, სამსახურის შოვნას და დედაქალაქში დამკვიდრებას ცდილობს. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. დედამთილი ამ გაზაფხულს გარდაიცვალა, მას ავადმყოფი გული ჰქონდა... მამამთილმა კი ორი ოპერაცია, ორი ნარკოზი გადაიტანა და ამან მისი ფსიქიკა სერიოზულად დააზიანა... ჩვენ მხოლოდ საკუთრი თავისა და უფლის იმედი შეიძლება, რომ გვქონდეს.

ნუნუ, დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად?

ნუნუ: დაუსრულებლად სხვადასხვა დაწესებულებების კარებთან ვარ ატუზული, მაგრამ უშედეგოდ. ლუკას შშმ პირთა პენსიასაც კი არ აძლევენ. ამბობენ, რომ ფსიქოლოგის დასკვნას უნდა დაველოდოთ, მაგრამ ფსიქოლოგთან მისვლაა საჭირო და მისთვის გაკვეთილების ფულის გადახდა. სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსების ლოდინი კიდევ დიდხანს მოგვიწევს...

რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ნუნუ: ადრე, ტაძარში ხშირად დავდიოდი. ახლა, ლუკას გამო უკვე აღარ გამომდის, თან, პატარაც მყავს ხელებში. მაგრამ როდესაც თბილისში ჩავდივართ, გზად ალავერდის ტაძართან ვჩერდებით. თბილისში კი წმინდა სამების ტაძარში ვიყავით. ვცდილობ, საეკლესიო ტრადიციებს ბავშვები შეძლებისდაგვარად ვაზიარო.

უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

ნუნუ: მჯერა. ჩვენს სოფელში ხალხი მდიდრულად არ ცხოვრობს, მაგრამ ჩემი გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ იციან და ცდილობენ, რამით მაინც დაგვეხმარონ. ზოგს საჭმელი მოაქვს, ზოგს - ტანსაცმელი ბავშვებისთვის.

აი, მაგალითად, რას ჭამენ ბავშვები? როგორია მათი ყოველდღიური კვება?

ნუნუ: წყალწყალა წვნიანები, კარტოფილი... ხორცზე და რძის პროდუქტებზე საუბარიც კი ზედმეტია. აი, მაგალითად, ნიკას საგანგებო დიეტა სჭირდება, მაგრამ ასეთი ფუფუნების უფლება თავს როგორ მივცეთ?

და რატომ?

ნუნუ: საბრალო, მანაც ბევრი გადაიტანა. იცის, რა არის საავადმყოფო, ამიტომ უმცროსი ძმა ძალიან ეცოდება. როდესაც ის 3 წლის იყო, მას კუჭის წყლული გაუსკდა. ღმერთო, რა გადავიტანეთ! შუაღამისას, მწვავე ტკივილით წამოხტა და ყვირილი დაიწყო... შემდეგ, სისხლდენა დაეწყო პირიდან...რა გადავიტანეთ! (ტირის.) მადლობა ღმერთს, მოვასწარით საავადმყოფოში მისვლა, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. კიდევ ცოტაც და - მე შვილს დავკარგავდი...

ძალიან თანაგიგრძნობთ, ნუნუ... თუ შეიძლება, დაწვრილებით მოგვიყევით თქვენი შვილების შესახებ.

ნუნუ: ნიკა ძალიან მოაზროვნე და შეგნებული ბიჭია. სულ რაღაც ექვსი წლისაა, მაგრამ ძმის მდგომარეობას სრულად იაზრებს. შეგუებულია იმასთან, რომ ლუკამ შეიძლება მოულოდნელად დაარტყას, დაჩხაპნოს, თამაშითაც მხოლოდ მისი წესებით უნდა ითამაშონ, მან მას ყველაფერში უნდა დაუთმოს... მაგრამ ყველაზე მეტად მას მისი შეტევების ეშინია... ისინი მას თავზარს სცემს. ზოგჯერ, მოულოდნელად სახლში შემორბის და დასახმარებლად გვეძახის, როდესაც ჰგონია, რომ ლუკა შეიძლება ცუდად გახდეს. ნიკა მხოლოდ წელს მივიდა სკოლაში. და ძალიან მოსწონს! ყველაფერს წამში ითვისებს. წერა-კითხვას სწავლობს. ძალიან უნდოდა რაგბიზე სიარული, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს ამის საშუალებას, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია...

იზოლდა კი ჯერ პატარაა... მისთვის ჯერ ბაღში სიარულიც კი ადრეა. მას საერთოდ არ ესმის, რა ხდება, როდესაც ლუკას შეტევები აქვს და ჩვენ შფოთვას ვიწყებთ...

თუ შეიძლება, თქვენს უფროს ვაჟს გავესაუბრები. გამარჯობა, ნიკა! რამეს მომიყვები? სკოლაში მოგწონს? რომელია შენი საყვარელი საგანი?

ნიკა (6 წლის):ძალიან მომწონს! ყველაზე მეტად, მათემატიკა მიყვარს. მიყვარს თვლა და ძალიან მინდა, მაგალითების ამოხსნა ვისწავლო!

რომ გაიზრდები, ვინ გამოხვალ?

ნიკა: ცნობილი ფეხბურთელი! დედა ტელევიზორში მიყურებს და იამაყებს!

ლუკასთან ფეხბურთს თამაშობლ?

ნიკა: არა, რა თქმა უნდა, ის ჯერ ძალიან პატარაა. თანაც, ავადაა. მასთან ფრთხილად უნდა იყო, თორემ ის, ცოცხალმკვდარი, ძირს ეცემა და მთლიანად ლურჯდება! ძალიან საშიშია!  

ფეხბურთის გარდა, კიდევ რა მოგწონს?

ნიკა: ძალიან მინდოდა რაგბიზე სიარული, მაგრამ არ ამიყვანენ. მეც ავად ვიყავი.. აი, მუცელი გამიჭრეს, ხედავთ?

ნიკა, ყველაზე მეტად რა გიყვარს?

ნიკა: ტორტი! დიდი ხანია, არ მიჭამია, დედას კი მისი ყიდვა არ შეუძლია. ამბობს, ფული რომ გვექნება, გიყიდიო.. მაგრამ ჯერ არ გვაქვს. კიდევ, ველოსიპედზე ვოცნებობ. მეზობლის ბავშვებს - ყველას აქვთ, მე კი - არა. ვოცნებობ, რომ ოდესმე ველოსიპედი მეც მქონდეს და  მათთან ერთად რბოლა შევძლო!

ნუნუ, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება რა არის?

ნუნუ: ყველა ჩემი ფიქრი მხოლოდ ჩემი შვილების კეთილდღეობას ეხება. სხვა არაფერზე ვოცნებობ. ოღონდაც ისინი იყვნენ ჯანმრთელები და ბედნიერები. უფალს ვევედრები, რომ მომცეს ძალა და შესაძლებლობა, ისინი ფეხზე დავაყენო..  

თქვენი აზრით, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

ნუნუ: მთავარი პრობლემა ლუკას მკურნალობა და თბილისში მუდმივი მგზავრობაა. რაიონში ასეთი სპეციალისტები არ არიან... ასევე, საფენები, საკვები...

  სხვა დანარჩენში - კი ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ. ძალიან მინდა, სარეცხი მანქანა მქონდეს. ზამთარში, ეზოში, ცივ წყალში ხელით რეცხვა უბრალოდ საშინელებაა. ბავშვები პატარები არიან, მუდმივად ჭუჭყიანდებიან, ამიტომ სარეცხს დასასრული არ აქვს.


კიდევ, მაცივარი... წვნიანის რამდენიმე დღიან მარაგსაც ვერ ვაკეთებ, რომ არ ამჟავდეს! ჩვენ ნებისმიერი მხარდაჭერა გაგვახარებს...

თქვენი ფონდის შესახებ სოც. ქსელებიდან შევიტყვე. დიდხანს ვერ ვბედავდი მოწერას, მაგრამ როდესაც მდგომარეობა აუტანელი გახდა...

თქვენ ჩემი უკანასკნელი იმედი ხართ, ხავსი, რომელსაც წყალწაღებული ეჭიდება... დახმარებას სხვას ვერავის ვთხოვ. როდესაც დამირეკეთ, ჩემს გულში იმედის სხივი აკიაფდა, რომ უფალმა ჩემი ლოცვები შეისმინა და ჩემი გასაჭირი თქვენი კეთილი მეგობრების გულებში იპოვის ამოძახილს.

***

  მეგობრებო, კბილცეცხლაშვილების ოჯახი უსაშინლეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოჯახის თავმა ფულის შოვნის შესაძლებლობა ფაქტობრივად დაკარგა და ოჯახი იძულებულია, სოციალურ დახმარებაზე იცხოვროს. არადა, მათ ორი ავადმყოფი ბავშვი და წლინახევრის გოგონა ჰყავთ!

  პატარა ლუკა (4 წლის) ქრონიკული ეპილეფსიით იტანჯება. მას მუდმივად სჭირდება  სპეციალისტებთან კონსულტაცია, წამლები, გამოკვლევები, ამას კი არც ისე ცოტა ფული სჭირდება, რომელიც ოჯახს უბრალოდ არ აქვს.

  ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მათი სახლი ინგრევა, მათ არ აქვთ არც ტექნიკა, არც ნორმალური ავეჯი, არც საცხოვრებლად ასატანი პირობები. მათ ძალიან სჭირდებათ საკვები, საფენები და ტანსაცმელი ბავშვებისთვის.

  კბილცეცხლაშვილების ოჯახის ცხოვრების შემსუბუქება ჩვენ შეგვიძლია, რადგან ისინი უკვე საკმარისად იტანჯნენ.

  შეგიძლიათ, კბილცეცხლაშვილების ოჯახი თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. მათი მისამართია: ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ალვანი.

ან დაურეკეთ ნუნუს და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით!

ტელეფონის ნომერი: 579 225 557.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურებაზე შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კბილცეცხლაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით კბილცეცხლაშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: