დედიკოს პატარა ბიჭი 37 წლისაა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკოს პატარა ბიჭი 37 წლისაა

page info icon
2021 ოქტომბერი 4
page info icon
1726
უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს დედა, როდესაც ხედავს, რომ მისი 37 წლის ბიჭი იატაკზე ზის, სათამაშო მანქანას აგორავებს და სათამაშო ტელეფონში რაღაცას დუდღუნებს...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,780 ₾
( 252 დონორი )
დასრულებულია

უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს დედა, როდესაც ხედავს, რომ მისი 37 წლის ბიჭი იატაკზე ზის, სათამაშო მანქანას აგორავებს და სათამაშო ტელეფონში რაღაცას დუდღუნებს...

ღმერთო, რამხელა გულისტკივილია დედისთვის! ოდესღაც თინამ თავისი ახალშობილი შვილი, გია, ხელში აიყვანა და წარმოიდგინა, რომ ის ძლიერი და კაცური კაცი გაიზრდებოდა, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევდა და მისი საყრდენი გახდებოდა... მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება - ცერებრული დამბლა, უკურნებელი სენი... ახლა თინა გიას ერთადერთი საყრდენია. მის გარეშე კაცი დიდ და მისთვის გაუგებარ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ის, დედის გარდა, სხვას არავის სჭირდება. სრულწლოვანი კაცი სამი წლის ბავშვივით აზროვნებს.

უკვე 37 წელია თინათინი ერთი და იგივე ჩაკეტილ წრეზე დადის: ბანაობა, ჩაცმა, კვება, თამაში, გასეირნება, ისევ კვება, ბანაობა, ძილი... და არც ერთი წამი მეთვალყურეობის გარეშე! მის პატარა ბიჭს ოცდაოთხსაათიანი მოვლა და ყურადღება სჭირდება.

  ასეთ რთულ მდგომარეობაში ყველაზე დიდი საშინელება სრული სიღარიბე და უსაშველობაა. 350 ლარი თვეში - სულ ეს არის, რისი იმედიც შეიძლება ჰქონდეთ.

გიას სათამაშოები

„მოდი დედასთან, ნუ გეშინია, დედა შენ გვერდითაა.“

  – თინათინ, როგორც ვიცი, ცერებრული დამბლა სხვადასხვა ფორმით ვლინდება. როგორ ვლინდება ეს დაავადება გიას შემთხვევაში?

  თინათინი: დიახ, მართალი ხართ. ცერებრულ დამბლას სხვადასხვა სიმპტომები ახასიათებს და ინდივიდუალურია. გიგუცას, ცერებრული დამბლით დაავადებული ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, სიარული შეუძლია; მაგრამ ჩვენ შემთხვევაში დაავადებამ ტვინის განვითარებაზე იმოქმედა: ჩემი ბიჭის ცნობიერება სამი წლის ასაკში ჩარჩა. გიას პრობლემები მაშინ შევამჩნიე, როცა ის 10 თვის იყო. ექიმთან წავიყვანე და... (ტირის.) არასდროს დამავიწყდება ის საშინელი დღე, როცა განაჩენის მსგავსი დიაგნოზი დაგვისვეს, - ცერებრული დამბლა! (ცდილობს დამშვიდდეს.)

  – კარგად გვესმის, რასაც გრძნობთ...

  თინათინი: ზოგჯერ ასე მომაწვება ხოლმე და... არაფერია, მკითხეთ... გამივლის...

  – გიას მდგომარეობის შემსუბუქება რამენაირად თუ შეიძლება?

  თინათინი: სამწუხაროდ, არა. რეაბილიტაცია იმ პაციენტებს ეხმარება, ვისაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დარღვევები აქვს, მაგრამ როცა დაავადება ტვინს აზიანებს...

ჩვენ შემთხვევაში მედიცინა უძლურია. კონსულტაცია შესანიშნავ ექიმთან, ლევან ვადაჭკორიასთან გავიარეთ. ერთადერთი, რის გაკეთებაც შეიძლება, - რეალობის მიღება, მასზე ზრუნვა და მაქსიმალური ყურადღების და სიყვარულის გამოჩენაა.  

  – თინა, ამ დიაგნოზის მიღება შეძელით? რას ურჩევდით დედებს, რომლებიც ისეთივე მდგომარეობაში არიან, როგორშიც თქვენ?

  თინათინი: ამის მიღება ძალიან რთულია... ეჰ, რამდენი ცრემლი ვღვარე!.. დრო დამჭირდა, მაგრამ ეს აუცილებელია - რეალისტი უნდა იყო და ამ სენს უნდა შეეგუო... ყველაფრის მიუხედავად, თქვენი შვილისთვის უფალს მადლობა შესწირეთ, - მერე რა, რომ ის სხვებს არ ჰგავს?! ის თქვენია, თქვენი სისხლი და ხორცი, თქვენთვის გამოგზავნილი ღვთის საჩუქარი! უბრალოდ მას მეტი დრო, სიყვარული და ყურადღება სჭირდება... და სიყვარულს ის ორმაგად მიბრუნებს - ჩემი შვილი ძალიან თბილი და ალერსიანია. ასე დამადებს ხოლმე თავს მკერდზე და... დედასთან თავს კარგად, მყუდროდ და უსაფრთხოდ გრძნობს.  

  – როგორ გადის თქვენი დღე? გია რას აკეთებს ხოლმე?

  თინათინი: ყოველ დილით, როცა გიგუცა იღვიძებს, ჯერ ვბან, ვპარსავ და ვაცმევ, მერე კი ვსაუზმობთ. გიას ხორცი და ტკბილეული უყვარს, მაგრამ ჩვენთვის ეს დაუშვებელი ფუფუნებაა... მერე მის საყვარელ სათამაშოებს ვაძლევ, მე კი საოჯახო საქმეებს ვაკეთებ; თან ერთი წამითაც არ ვაშორებ თვალს, რადგან შეიძლება უნებლიეთ თავი დაიზიანოს, ან რამე გადაყლაპოს, რაც არ იჭმევა... და ასე გრძელდება მთელი დღე. საღამოს კი უნდა ვაჭამო, დავბანო და დასაძინებლად დავაწვინო.

„ფეხი მომე, წინდა ჩავიცვათ.“

„აბა, პატარავ, ხელები აწიე, რომ დედიკომ მაისური გაგისწოროს!“

„ახლა პირი დავიბანოთ...“

„სანამ დავრეცხავ, ტელეფონი გამომართვი და ითამაშე.“

„წამოდი, ცოტა გავისეირნოთ.“

„გიას წყალთან თამაში ძალიან უყვარს და ცდილობს დამეხმაროს.“

„მისი საყვარელი საქმიანობა მანქანებით თამაშია.“

  თინა, თქვენი მეუღლე სად არის?

  თინათინი: გარდაიცვალა...არც ისე კარგი ქმარი და მამა იყო... ახალგაზრდობაში გავიცანი, ერთმანეთი ვნებიანად შეგვიყვარდა. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, რომ ძალიან ბევრს სვამდა; ქორწინების შემდეგ კი დალევას უფრო მოუხშირა, არ მუშაობდა, ჩხუბობდა, მე და ბავშვებს ხშირად გვცემდა ხოლმე. საერთოდ არ ადარდებდა, რომ ჩვენი ბიჭი მძიმედ ავად იყო; მე კი ვითმენდი და იმედი მქონდა, რომ გონს მოვიდოდა და სმას თავს დაანებებდა, მაგრამ სულ ტყუილად...

გიას წერა და ხატვა არ შეუძლია, მაგრამ დედა მას ყოველთვის აქებს.

„ყოჩაღ, შვილო! ძალიან ლამაზია!“

  ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება დაგატყდებოდათ თავს?

  თინათინი: არა, რა თქმა უნდა! როცა ახალგაზრდა ხარ და ოჯახი ახალი შექმნილი გაქვს, ფიქრობ, რომ კი, პრობლემები გექნებათ, მაგრამ უმნიშვნელო და ეს ცხოვრებას ვერ გაგიფუჭებს, რადგან ორივეს ერთად არაფრის გეშინიათ... მაგრამ შვილის ავადმყოფობა ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი არ დამესიზმრებოდა.

„ჩემი სიყვარული, ჩემი სუნთქვა, ჩემი ღვთის საჩუქარი...“

დედასთან ერთად გია თავს დაცულად გრძნობს

  თინა, რა სახსრებით ცხოვრობთ?

  თინათინი: სოციალურ დახმარებას - 100 ლარს და გიას ინვალიდობის პენსიას - 250 ლარს ვიღებთ. ცოტა ხნის წინ იძულებული გავხდი სესხი ამეღო გაზქურის საყიდლად, რადგან ჩვენი საერთოდ გაფუჭდა და საშიში იყო. ახლა აღებული თანხის უმეტესი ნაწილით სესხს ვიხდი. არის დღეები, როცა სახლში ფქვილიც კი მაქვს. გიას ეს როგორ ავუხსნა? ჭამას ითხოვს და ვერ ხვდება, რატომ არ ვაძლევ.

  არ გიცდიათ, რომ დახმარების თხოვნით სახელმწიფოსთვის მიგემართათ?

  თინათინი: ოჰ, არაერთხელ! დახმარებას შეშით და წამლებით ვთხოვდი, მაგრამ უშედეგოდ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მათთვის საერთოდ არ ვარსებობთ.

  – არავინ გეხმარებათ? ნათესავები, მეგობრები...

  თინათინი: ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს... როცა ავადმყოფი შვილი გყავს და შენც ავადმყოფობ, ხედავ, რომ ნათესავებიც და მეგობრებიც უკვალოდ ქრებიან. სანამ ჯანმრთელი ხარ და ვინმეს რამეში არგიხარ, ყველას უყვარხარ, მაგრამ როცა პრობლემები გაქვს, არავის სჭირდები. ჩემი გოგოები, მარიამი და ფატიმა, გათხოვილები არიან, კარგი ქმრები ჰყავთ, მაგრამ ჩვენი დახმარება არაფრით შეუძლიათ - თვითონაც ძლივს გააქვთ თავები. ჩვენზე ძალიან დარდობენ...

ახალგაზრდაც აღარ ვარ და უკვე აღარ ვიცი, რა გავაკეთო. როგორ გადავრჩეთ? მაგრამ გულში იმედი მქონდა. ფონდის ბევრი ისტორია და ბევრი სამადლობელო სიტყვა წამიკითხავს მათგან, ვისაც დაეხმარეთ. ჰოდა, ვიფიქრე, იქნებ ჩვენც გაგვიმართლოს-მეთქი. გავრისკე და მოგწერეთ. ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში ჩვენ გვერდით მხოლოდ თქვენ ხართ. ღმერთი ყველაფერს ხედავს და აუცილებლად დაგაჯილდოებთ.

  – სწორადაც მოიქეცით, რომ დაგვიკავშირდით. დახმარება სასწრაფოდ გჭირდებათ! გარდა იმისა, რომ საარსებო სახსრები არ გაქვთ, ყოველგვარ პირობებს მოკლებული ხართ. აგერ, ვხედავ, სახურავიც დაზიანებულია...

  თინათინი: ჰო, ჩემო გოგო, სახლი დიდი ხანია არ გაგვირემონტებია. სახურავი ჟონავს, ბევრი ბზარი აქვს. ზამთარში აქ ყოფნა უბრალოდ აუტანელია, თუმცა ჩივილი ცოდვაა - საკუთარი სახლი მაინც გვაქვს. მადლობა ღმერთს, ქირას მაინც არ ვიხდი!

მათ სახურავი წვიმისგანაც აღარ იცავს

ცემენტის იატაკი

სამზარეულო ერთ კუთხეში ეტევა

ყველაზე მეტად სარეცხი მანქანის და ტელევიზორის გარეშე ვიტანჯები. ხელით ვრეცხავ და ვერც კი წარმოიდგენთ, დღეში რამდენი თეთრეული და ნივთი გროვდება. პატარა, ძველი ტელევიზორი გვაქვს და უფალს ყოველდღე ვევედრები, რომ ჩაირთოს, რომ გიამ არ იტიროს და არ ჭირვეულობდეს. მულტფილმები ძალიან უყვარს და საშინლად განიცდის, როცა ტელევიზორი ჩუმადაა. (ოხრავს.)

  – თინა, უფალს რას ჰკითხავდით ან რას სთხოვდით?

  თინათინი: ყველაფრის მიუხედავად, მინდა უფალს მადლობა გადავუხადო ჩემი ანგელოზისთვის, რომელიც ზეცამ გამომიგზავნა და მინდა იმდენი წლის ცხოვრება ვთხოვო, რომ გიასთან ერთად რაც შეიძლება დიდხანს ვიყო. ის ჩემ გარეშე დაიღუპება... და მინდა, რომ ჩემი ანგელოზი ბედნიერი იყოს თავის სამყაროში და მის სულში ყოველთვის სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდეს.

„შვილო, ბედნიერი იყავი შენს ყველასთვის გაუგებარ სამყაროში.“

***

  მეგობრებო, თინათინს და გიას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. ჩვენ შეგვიძლია ისინი მომავალი ცივი და მშიერი ზამთრისგან, მარტოობისგან და იზოლაციისგან დავიცვათ. ისინი ახლა განდეგილებივით ცხოვრობენ და ყოველგვარ ურთიერთობას და ყურადღებას მოკლებული არიან.  

ჩვენ ერთად ბევრი ღვთისნიერი საქმის კეთებას ვახერხებთ. ახლა მთელი ჩვენი სიყვარული და სითბო ამ ოჯახს უნდა ერგოს, - კეთილ, ბრძენ და ცხოვრებისგან გულნატკენ თინას და მის ზრდასრულ პატარა ბიჭს, გიას. ძალიან გთხოვთ, მათ ამბავს გვერდს ნუ აუვლით! ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს: იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება; იმის დაცვა, ვინც დაუცველია და იმედის მიცემა მისთვის, ვინც ის დაკარგა!

თინათინის მონახულება და დახმარება თავადაც შეგიძლიათ მისამართზე: დუშეთის რაიონი, სოფ. მილახვრიანთ კარი.

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

  #GE15TB7194336080100003

  #GE42LB0115113036665000

  #GE64BG0000000470458000

  (დანიშნულება: თინათინ ჭიაბრიშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

მსგავსი პროექტები: