პროექტის რეპორტი "გულში 200 ნემსი მერჭობა": როგორ ებრძვის სიკვდილს, გაჭირვებასა და უსახლკარობაში 8 წლის ულამაზესი ბიჭუნა ბექა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"გულში 200 ნემსი მერჭობა": როგორ ებრძვის სიკვდილს, გაჭირვებასა და უსახლკარობაში 8 წლის ულამაზესი ბიჭუნა ბექა

page info icon
2023 ივლის 25
page info icon
2613
8 წლის ბექას თანდაყოლილი უმძიმესი გულის მანკი აქვს. ქართველმა ექიმებმა უარი უთხრეს ოპერაციის ჩატარებაზე, ამბობენ, რომ შესაძლებელია პაციენტი ვერ გადარჩეს. მარტოხელა დედას ძალიან „სასარგებლო“ რჩევას აძლევენ - „გაუფრთხილდითო“. საინტერესოა, თავიანთ შვილებსაც ასე ეტყოდნენ „ვაიმრჩევლები“. ასევე, ამბობენ, რომ გერმანიიდან და თურქეთიდან მიღებულმა პასუხებმაც იგივე თქვეს: „რისკი ძალიან დიდიაო“. ჩვენ კი, მეგობრებო, ასეთი „რჩევების“ არ გვჯერა. ნუთუ შეიძლება, 8 წლის ბიჭუნა „დავიცვათ“ თანატოლებთან და ძმებთან თამაშისგან? ის ხომ ბავშვია? 8 წლის ბავშვზე გვაქვს საუბარი!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,774 ₾
( 357 დონორი )
დასრულებულია

ყველას „სიკეთის კრუიზში“ გეპატიჟებით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ  ღვთისნიერ საქმეში!

 8 წლის პატარა ბექამ უკვე იცის, რომ ქვეყანაზე მხოლოდ შიმშილი, სიცივე და ბოროტება არ დათარეშობს... არც უმამოდ ცხოვრებაა ყველაფრის დასასრული... თურმე, ლამაზი და ბედნიერი დღეები, შეიძლება, გაჭირვებულ, უსახლკარო  ბიჭუნებსაც გაუთენდეთ!

 სიკეთე საუკეთესო მკურნალია ამ სამყაროში. „სიკეთის თერაპიას“ სასწაულები მრავალჯერ მოუხდენია და თქვენც შესანიშნავად იცით ეს! 

 „ჩემო ხალხო, ჩემო ქართველებო, მეორედ დავიბადეთ! თქვენი წყალობით, ახალი ცხოვრება დავიწყეთ, სიმშვიდე მოვიპოვეთ და რაც მთავარია, იმედის ნაპერწკლები აინთო ჩემი პატარა ბიჭუნების თვალებში!“ - გვეუბნება დედა თამილა  და ახლა, უკვე სიხარულის ცრემლებს იწმენდს. ქმრისგან გაჭირვებაში მიტოვებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამ არაჩვეულებრივ ვაჟკაცს უზრდის საქართველოს, 8 კვადრატული მეტრის ფართის ქოხში, უფრო სწორად, სათავსოში იყო შესახლებული და ძლივს ახერხებდა შვილების გამოკვებას. შუათანას, ბექას თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. უსახსრობის გამო, ექიმის კონსულტაციაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, არათუ მკურნალობაზე. 

 „ვნერვიულობდი მე და ნერვიულობდა ბავშვი. უკვე ოთხი წელი იყო გასული, მას შემდეგ, რაც  შესაბამისი მკურნალობა ვერ ჩავიტარეთ. არ ვიცოდით, რა ხდებოდა იქ, მის პაწია გულში. ბავშვი მალე იღლებოდა, ტკივილებს უჩიოდა. მეგონა, საშინელება გვიახლოვდებოდა... ალბათ, გახსოვთ, რა თხოვნით მივმართე ფონდს, მის ერთგულ მეგობრებს  და... მათ მომისმინეს!  წაიკითხეს ჩვენი ამბავი. გაითავისეს ჩემი პრობლემები. ღმერთო, დალოცე ყველა კეთილი ადამიანი, ვინც საკუთარ ლუკმას უნაწილებს შეჭირვებულს.“ - ხელაპყრობილი ლოცულობს მრავალშვილიანი დედა

 - თამილა, გვიამბეთ, ასეთი რა „გადატრიალება“ მოხდა თქვენს ცხოვრებაში? 

მათ თვალებში იმედის და სიხარულის  ნაპერწკლები თქვენ აანთეთ! 

 თამილა: არ ვიცი, საიდან დავიწყო...  მთელმა საქართველომ შეიტყო ჩვენი ტანჯვის შესახებ. პოსტის დადების შემდეგ, მოვლენები სწრაფად  განვითარდა.  ბექას ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი პრობლემა. ფონდის დახმარებით, დაუყოვნებლივ თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში წავედით. ჩემს პატარას ჩავუტარეთ ყველანაირი გამოკვლევა. გულის სარქველი ღიაა, ამას ვერაფრით ვუშველით! გაფრთხილება, ყურადღება და მუდმივი კონტროლი სჭირდება ჩემი ბიჭის პატარა გულს, რის ფუფუნებაც ჩვენ არ გვქონდა თქვენს გამოჩენამდე. სასიხარულო ის იყო, რომ გართულებული ან დამძიმებული არ აღმოჩნდა მდგომარეობა. გადავრჩით! აქაც უფალმა გადმოგვხედა. თქვენ რომ არა, ახლაც გაურკვევლობაში ვიქნებოდი და ალბათ,  გულიც გამისკდებოდა ამდენი ნერვიულობით.

 - სხვა სახლში გვმასპინძლობთ, ამის შესახებ გვიამბეთ...

 თამილა: დიახ! პოსტი ნახეს ჩვენმა ყოფილმა მეზობლებმაც. ორი ახალგაზრდა ძმა. აქ პატარა სახლი ჰქონდათ, თვითონ  კი სხვაგან გადავიდნენ. გაფართოვდნენ. ეს სახლი კი ცარიელი დარჩათ.  ჰოდა, ჩვენ დაგვითმეს. წარმოგიდგენიათ? საკუთარ სახლში შეგვიშვეს! სახურავია ცოტა შესაკეთებელი, თორემ სხვა რა უჭირს? საკუჭნაოს სჯობია. თანაც ახლა, უკვე  ორი ოთახი გვაქვს:  ერთ ოთახში საძინებელი მოვაწყვეთ. საწოლები ფონდის დახმარებით შევიძინეთ. სამზარეულო ცალკე იქნება. ჩემი შვილები აღარ ისადილებენ გატეხილ სკამებზე დამჯდარი. 

ეს მათი ახალი საცხოვრებელია, აქამდე ისინი საკუჭნაოში ცხოვრობდნენ.

 ბექა: ისე მინდოდა საკუთარი ლამაზი საწოლი მქონოდა -  პატარა და ღუნღულა. ხშირად ვიღლები და ხანდახან, შუადღითაც ვიძინებ, ხოლმე. იმ საკუჭნაოში ცუდი საწოლი იყო,  ძალიან ცუდი. ღამითაც ვერ ვიძინებდი, მეგონა ჩავვარდებოდი... მეშინოდა...

ისე უხარია ახალი საწოლი, რომ სულ ეძინება... 

 - გაგიხარდათ, როდესაც დედამ გითხრათ, რომ ახალ საწოლებს მიიღებთ?

 გოჩა: თქვენ არ გაგიხარდებოდათ? ვის არ უნდა ტკბილად დაძინება?! ამაზე რამდენ ხანს ვოცნებობდით. ყველა ბავშვს ხომ, ლამაზი ნივთები თუ არა, საწოლი და საჭმელი მაინც უნდა ჰქონდეს?

 - ბავშვებს, ჩემო პატარა მეგობარო, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ყველაფერი საუკეთესო! 

ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საჭმელი და თბილი საწოლი.

 თამილა (თბილად ეღიმება გოჩას სიტყვებზე.):  მალევე გამოგვეხმაურა ერთი არაჩვეულებრივი ოჯახი ბათუმიდან, მათ ორადგილიანი საწოლი გვაჩუქეს. ჩამოტანაში ხელვაჩაურელი მძღოლი მოგვეხმარა. ფული არ გამოგვართვა. „რას ამბობთ, ქალბატონო, ნეტავ, უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შემეძლოსო...“  - ასე გვითხრა.

 ბექა: ახლა, ყველას ჩვენ-ჩვენი საწოლი გვაქვს!  მართალია, დედას და მათეს ერთად სძინავთ, მაგრამ მათე ჯერ მაინც პატარაა, სულ დედა უნდა.

 მათე (5 წლის): შენ არ გინდა დედა? „ფუა“ რომ გტკივა, შენ ვის ეძახი? დეიდა, იცი, მე ბევრი კანფეტები და „შოკოლადები“ მომიტანეს. ბევრი შევჭამე და კიდევ ბევრი მაქვს.  შენც გაჭმევ, თუ კარგად მოიქცევი.

ათე კანფეტებს აჭმევს მათ, ვინც კარგად მოიქცევა. დავპირდი, რომ კარგად მოვიქცევი.

 თამილა: ჩემს შვილებს ყოველთვის ენატრებოდათ ტკბილეული. ახლა, დაინახეს ამდენი ერთად... უნდა გენახათ, როგორ დახტოდნენ.

 გოჩა: მე სკოლის ჩანთაც მაჩუქეს. სკოლის ნივთებთან ერთად. იცით, რა ლამაზია? 

 ბექა: ჩანთა მეც მაჩუქეს! ჩემი უფრო მაგარია!

 გოჩა: რამე ვთქვა და არ გაიმეოროს, არ შეიძლება რა-ა-ა-ა...

 ბექა: თუკი მეც მაჩუქეს, არ უნდა ვთქვა?

 „პირველად შევხვდი სკოლის დაწყებას ასეთი ახალი და ლამაზი  ჩანთით“.

 გოჩა: მეზღვაურობაზეც ხომ მომბაძე?

 ბექა: სულაც არ მოგბაძე, მე კაპიტნობა მინდა! აი, ნახავ,  დიდი გემი მექნება! ყველა კეთილ ადამიანს ჩავსვამ ჩემს გემში და წავალთ სამოგზაუროდ... დიდ მოგზაურობაში... დამავიწყდა, მაგას რა ჰქვია?

 გოჩა: კრუიზი. 

 ბექა: ჰო, კრუიზში. ეს იქნება „სიკეთის კრუიზი“. ყველას გადავუხდი მადლობას, ვინც დაგვეხმარა, ყველას. მაცალეთ, ჯერ გავიზარდო-ო-ო...  ნახავთ, არ დამავიწყდება!

 - ბიჭებო, მეც ხომ წამიყვანთ „სიკეთის კრუიზში“? 

 ბექა: თუ ბევრ ბავშვს გაახარებთ, თქვენც წაგიყვანთ.

 - კიდევ რა გაგიხარდათ, ბავშვებო, საჩუქრებიდან?

 გოჩა: ტელევიზორი. აი, ისეთი მაგარია... სულ მინდოდა, მოგზაურობასთან დაკავშირებული გადაცემების ყურება. ტელევიზორი კი არ გვქონდა. ახლახან ვნახე ფილმი -  „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“. ისე მომეწონა-ა-ა,  ჩემი საყვარელი ფილმი გახდა. ახლა კი მინდა, წიგნიც რომ წავიკითხო.

 „ჩემი შვილები ასეთი მხიარულები არასდროს ყოფილან!“

ბექა: ეს  ტელევიზორი ჭკვიანია, მაგრამ გოჩა უფრო ჭკვიანია! 

 - იცი, ვინ დაწერა?

 გოჩა: როგორ არა!  მე კარგად ვსწავლობ სკოლაში, კითხვაც მიყვარს და სწავლაც. ჟიულ ვერნმა დაწერა. წარჩინებული სწავლისთვის, თქვენმა ფონდმა დამაჯილდოვა კიდეც. ინტერნეტი რომ გვქონდეს, სხვა ფილმებსაც ვნახავდი „იუთუბ“-ზე, მაგრამ ინტერნეტი რომ არ გვაქვს, ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვუყურებ, რაც ეთერში გადის.

გოჩა სიგელით დააჯილდოვა ფონდმა.

 თამილა: თქვენი წყალობით, არა მხოლოდ ტელევიზორი, არამედ მაცივარი და სარეცხი მანქანაც კი გვაქვს უკვე. ისეთი მოულოდნელი იყო ეს საჩუქრები... ეს ამბავი უნდა გიამბოთ:  მოვდიოდი წვიმაში. ქოლგაც კი არ მქონდა, რომ არ დავსველებულიყავი. უცებ, რეკავს ტელეფონი. ქალის ხმა მეუბნება: „ელიტ ელექტრონიქსიდან გიკავშირდებით და თქვენ რომ ტექნიკა შეუკვეთეთ, დღეს უნდა მოგიტანოთო“. არა, ქალბატონო, შეგეშალათ, მე არაფერი შემიკვეთავს-მეთქი - ვუპასუხე და გულში ვფიქრობ: „რა ტექნიკა? ნეტავ, ამის ფული თუ მექნება ოდესმე?“ გაირკვა, რომ ეს მოულოდნელი, ბედნიერი ზარი ფონდის სიურპრიზი იყო. ღმერთო, მართლაც რომ შესანიშნავად გამოვიდა! როგორ გამახარეთ! მოვდიოდი წვიმაში და ვტიროდი. წვიმის წვეთები, სიხარულის ცრემლები ერთად მისველებდა სახეს. ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ! 

 „როგორი სიურპრიზი მომიწყვეთ, სიკეთის ლამაზად კეთებასაც ხომ, ნიჭი უნდა...“

 „მოიცა, გამოვძვრე... დედიკომ ტანსაცმელთან ერთად მეც არ გამრეცხოს...“

 - თამილა, მეუღლემ რომ მიგატოვათ, ფაქტობრივად ქუჩაში დარჩით ორი შვილით და თანაც, ორსული.  რასაკვირველია, რთულია ყველაფრის ნულიდან დაწყება ამ დროში, ამ ქვეყანაში. ჩვენ,  ჩვენს კეთილ მეგობრებთან ერთად,  ვცდილობთ, მაქსიმალურად შეგიმსუბუქოთ ყოფა და დაგეხმაროთ.  ერთხელ უკვე შევძელით ეს, მაგრამ ამით თქვენი პრობლემები არ დასრულებულა და კიდევ უამრავი დარჩა. თავად რომ გვითხრათ,  ამ ეტაპზე კიდევ  რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

 თამილა: ძალიან მრცხვენია, ასე დაუსრულებლად გთხოვოთ და გთხოვოთ, მაგრამ მართლა ძალიან მიჭირს... 

 გოჩა: იცით, დედას რამდენჯერ უტირია? ჩვენ რომ საჭმელი გვითავდება, ტირის. ავად რომ ვხდებით და წამლის ფული არ აქვს, ტირის. ერთხელ, იცით, რაზე იტირა? მშიერი რომ დავრჩი სკოლაში. ბავშვებს ფული ჰქონდათ და სკოლის სასადილოში შევიდნენ საჭმელად. მე არ მქონდა ფული. არასდროს არ მაქვს, ხოლმე. დედას ხურდებიც კი არ რჩება, რომ გამატანოს, იმდენი რამ აქვს მოსაგვარებელი. მერე მუცელი მეტკინა და სხვებს რომ ვუყურებდი, უფრო მტკიოდა... მე არ ვიტირე, მაგრამ დედას რომ მოვუყევი, მან იტირა...

 თამილა: ეს ამბავი დღესაც არ მახსენდება ცრემლების გარეშე. საღამოს დამრიგებელმაც გაიგო ეს ყველაფერი. არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, გულნარა მასწავლებელმა ყველა მშობელთან დარეკა და სთხოვა: უმცროსი კლასია მაინც და ფულს ნუ გამოატანთ სკოლაში, სახლიდან ნასადილევი გამოუშვითო. მაშინ, ამათი კლასი მეორე ცვლა იყო.  სწავლა სადილის შემდეგ იწყებოდა. ძალიან კი მომერიდა დამრიგებლისაც, სხვა მშობლებისაც...  მაგრამ, დედისთვის სიკვდილის ტოლფასია,  შვილი ნერწყვებს ყლაპავდეს და  უყურებდეს სხვის ლუკმებს. 

 გოჩა: ეს ორი წლის წინ მოხდა. ახლა, უკვე გავიზარდე და მუცლის ტკივილსაც ვითმენ.  მე გეტყვით, დეიდა, რა გვჭირდება. დედას ერიდება. ჩვენ არ გვაქვს სამზარეულოს კარადები. არც სხვა ავეჯი გვაქვს საწოლების გარდა. თუ არ გჭირდებათ, ჩვენ მოგვიტანეთ, მე კი ჩემს მეგობრებს დავპატიჟებ სახლში. აღარ შემრცხვება. 

 - თამილა, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაგეხმარათ ან დაგეხმარებიან მომავალში?

 თამილა: უდიდეს მადლობას! ალბათ, ამ დალოცვილ ქართულ ენაშიც კი არაა შესაბამისი სიტყვა, იმ გრძნობის აღსაწერად, რასაც განვიცდი თქვენს თანადგომას რომ ვხედავ.  როგორ მიყვარხართ. მიყვარხართ, რადგან ასე გულისყურით კითხულობთ სხვის გაჭირვების ამბებს და ეხმარებით სრულიად უცნობ ადამიანებს. ისევ მეტირება... რა ვქნა, სულ ცრემლი მომდის, ხან მწუხარების და ხან  სიხარულის... 

ბექა თქვენგან სიკეთეს და სიყვარულს  კვლავ ელოდება.

 ძვირფასო მეგობრებო, ამ ოჯახს თქვენი დახმარება კვლავ სჭირდება. ვინ მოთვლის, რამდენი რამ აკლიათ ბავშვებს. ისინი კარგად სწავლობენ. ძალიან მონდომებულები არიან. გაიხსენეთ, თქვენს შვილებს რამდენი რამ უყიდეთ და კიდევ რამდენს უყიდით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ან მის განმავლობაში? არ დაივიწყოთ ეს ხალასი და ლამაზი ბიჭებიც, იქნებ, მათთვისაც გამოიძებნოს ადგილი თქვენს გულებში და საჩუქარი თქვენს კალათაში. ყველა ერთად დიდი საქმეების კეთებას შევძლებთ!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მახარაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!














მსგავსი პროექტები: