ნუკი მამის დასაფლავების დღეს დაიბადა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ნუკი მამის დასაფლავების დღეს დაიბადა

page info icon
2017 აგვისტო 14
ეს ბავშვები მამის გარეშე დარჩნენ, ყველაზე უმცროსი კი იმ დღეს დაიბადა, როცა მამას ასაფლავებდნენ…
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,538 ₾
( 102 დონორი )
დასრულებულია
ეს ბავშვები მამის გარეშე დარჩნენ, ყველაზე უმცროსი კი იმ დღეს დაიბადა, როცა მამას ასაფლავებდნენ… 
ტრაგედია, რომელიც ემა კვარაცხელიას და ნუკრი სალიას  ოჯახს დაატყდა თავს, ნამდვილად რომ სულისშემძვრელია და საგონებელში ჩააგდებს ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი…
…ემა და ნუკრი ოციოდე წლისანი იყვნენ, როდესაც გადაწყვიტეს დაქორწინება, დიდი ოჯახის შექმნა, სამშობლოს საამაყო შვილების გაზრდა, თუმცა წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში უმუშევრობის გამო ოჯახის ფეხზე დაყენება შეუძლებელი იყო. 
ახლადდაქორწინებულებმა დედაქალაქს მიაშურეს ლუკმა–პურის საშოვნელად, ჯერ ნაცნობების სახლში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ოთახი იქირავეს. ნუკრიმ ჩამოსვლისთანავე დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა, შეეძინათ პირველი შვილი, მერე – მეორე, მესამე… ცხოვრობდნენ ღარიბულად, მაგრამ სიყვარულში, უკეთესი მომავლის იმედით, ურთიერთგაგებასა და ერთმანეთის პატივისცემაში. 
ნუკრის ძალიან უნდოდა მეოთხე შვილი. თვლიდა, რომ რაც მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო დიდია ბედნიერება. როდესაც გაიგო მეუღლის ფეხმძიმობის ამბავი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იგი ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც გულში ჩაიკრავდა ახალშობილს.  მაგრამ ოჯახის ახალი წევრის “ღირსეულად” დახვედრისთვის საჭირო იყო დამატებითი სახსრები, ამიტომ მან კიდევ ერთი, დამატებითი სამუშაო აიღო, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. 
ტრაგედია 26 ივლისს დატრიალდა. ძველი ავარიული შენობის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოინგრა და ნუკრი შიგ მოიყოლა. საშინელი ხმაური და ყვირილი პირველი ნუკრის მეუღლემ გაიგონა, რადგან იმ დროისთვის ისინი შემთხვევის ადგილიდან ორ ნაბიჯში ქირაობდნენ ბარაკის ტიპის საცხოვრებელს.  ორსულობის მეცხრე თვეზე მყოფი ქალი გამოვარდა საშველად. იმ მომენტში არ იცოდა და ვერც კი ათვითცნობიერებდა თუ რა ხდებოდა მის თავს… როდესაც დაინახა ნანგრევებში მოყოლილი მეუღლის სხეული, დაიწყო მისი გამოთრევა, თან ყვიროდა, დახმარებას ითხოვდა… წუთები საუკუნეებად იქცნენ… და როცა ნუკრის თავმოწყვეტილ სხეულს დახედა, მას მუხლები ჩაეკეცა და გონება დაკარგა…
რამდენიმე დღის შემდეგ, ნუკრის დასაფლავების სწორს, დაიბადა პატარა ნუკი. სახელი მამის საპატივცემულოდ დაარქვეს, მამის, რომელიც ასე სულმოუთმენლად ელოდა მის ამ ქვეყნად მოვლინებას. 
სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი გასაჭირი არ ადარდებთ. ემას და მის შვილებს ბარაკის მეპატრონემ კარებისკენ მიუთითა… ემა შვილებთან ერთად ნათესავებმა შეიფარეს.
ნუკრის დედა  5 წლის ასაკში გარდაეცვალა, ხანდაზმული მამა საწოლს არის მიჭაჭვული, ემას მშობლები სოციალურად დაუცველი ხალხია, ძლივს გააქვთ საკუთარი თავი. იქნებ მოკიდოს ბავშვებს ხელი და სოფელში დაბრუნდეს?  მაგრამ სად? სად იცხოვროს, როცა მამაპაპისეული სახლი დანგრეულია.  
ემა სასოწარკვეთილია. შვილების მომავალი ძლიერ აშინებს, სულს უღრღნის. როგორ დააპუროს, როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან? 
ოთხი ბავშვი დარჩა მარჩენალის გარეშე, სრულ სიღატაკეში, საკუთარი საცხოვრებლის  და შემოსავლის გარეშე და რაც მთავარია – მამის სიყვარულის და მზრუნველობის გარეშე. 
ემა გადატანილის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა შოკური მდგომარეობიდან და შესაძლოა კიდევ კარგა ხანს ვერ გამოვიდეს. ბავშვები კი, განსაკუთრებით ახალშობილი გოგონა, ელემენტარულ საჭიროებას არიან მოკლებულნი. 
რა ქნას? როგორ გაუძლოს ამ ყველაფერს? ვინ დაეხმარება? 
მათი დახმარება შეგვიძლია ჩვენ, მეგობრებო! ჩვენ დახმარებას ძალუძს   გადაარჩინოს ემა და მისი შვილები, ჩაუსახოს მომავლის იმედი.
ჩვენ გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ემა კვარაცხელიას და მისი შვილების გასაჭირი და გაუწიოთ მათ დახმარება პროდუქტების, ახალშობილის ნივთების, საოჯახო ტექნიკის, მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების სახით. 
თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ  ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სალიების ოჯახი) ან პირდაპირ საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, თქვენი ოჯახები და თქვენი კეთილი გული! 

მსგავსი პროექტები: