დედიკო, რატომ გამაჩინე? - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, რატომ გამაჩინე?

page info icon
2020 იანვარი 22
page info icon
21673
მეუღლე, რომელთან ერთადაც 18 წელი იცხოვრა, ოჯახიდან წავიდა და ორსული ქალი მარტო, ბედის ანაბარა დატოვა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
6,776 ₾
( 443 დონორი )
დასრულებულია


ყველაზე მეტად ნინოს ეშინია, რომ ერთ დღესაც მისი ერთადერთი, ნანატრი შვილი ჰკითხავს „დედიკო, რატომ გამოიჩინე“. 18 წელი ელოდა მარიამს, 18 წელი შვილი არ უჩნდებოდა, ხოლო როდესაც დედობის სიხარული ეწვია, ოჯახი დაენგრა... მეუღლე, რომელთან ერთადაც 18 წელი იცხოვრა, ოჯახიდან წავიდა და ორსული ქალი მარტო, ბედის ანაბარა დატოვა.

ნინომ დედასთან შეაფარა თავი და პატარა მარიამიც იქ დაიბადა. დედა სითბოს არ აკლებდა, მაგრამ როცა გარდაიცვალა, საკუთარმა დამ და სიძემ კარისკენ მიუთითეს და სახლიდან წასვლა აიძულეს... მთლად ქუჩისთვისაც ვერ გაიმეტეს და ნება დართეს იქვე, სახლთან ახლოს მდებარე სათავსოში დაედოთ ბინა.

სოციალური შემწეობა 130 ლარის ოდენობით - ესაა დედა-შვილის შემოსავალი... ერთი თვის განმავლობაში ეს თანხა უნდა იმყოფინონ. ორმა! ნუთუ ასე შეიძლება ცხოვრება? როგორ ფიქრობთ?

ყოველი დილა ნინოსთვის იმაზე ფიქრით იწყება, რომ ერთ დღესაც შეიძლება ჯანმრთელობამ უმტყუნოს და პატარა მარიამის მოსავლელი გახდეს! ბევრი რამე აწუხებს, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს... არ შეიძლება ჩემი ავად ყოფნაო, ამბობს... მერე ვინ იმუშავებს და ვინ მიხედავს მარიამსო?

თან ტირის, ნერვიულობს რომ 18 წლის ნანატრ შვილს სიყვარულის მეტს ვერაფერს აძლევს. ბეტონის ცივი კედლები, ნესტი, ერთი საწოლი, რამდენიმე საბანი - ეს არის ნინოს და მარიამის სიმდიდრე.

ნინო: 18 წელი ბედნიერი ქალი ვიყავი, ერთადერთი რაზეც ვოცნებობდი, შვილი მყოლოდა. რა არ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ბოლო ისიც კი ვიფიქრე ბავშვს ავიყვან და საკუთარი შვილივით გავზრდითქო. მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ნანატრ შვილს და ორსულ ცოლს ასე მოგვექცეოდა... მე გამაგდო და სხვასთან წავიდა... მეგონა რომ ეს დროებითი იყო, ხომ იცით მამებს გოგონები როგორ უყვართ...

 - ნინო, ამ ოთახში როგორ ცხოვრობთ?

- ის დედაჩემის სახლია, ჩემი და და სიძე ცხოვრობენ იქ. დედა სანამ ცოცხალი მყავდა, მეც იქ ვცხოვრობდი. მაგრამ დედა გარდაიცვალა და მე და ჩემი შვილი ზედმეტები აღმოვჩნდით. სახლიდან გამოგვიშვეს და ნება დაგვრთეს აქ გვეცხოვრა.

- მუშაობას როგორ ახერხებთ?

- როგორც კი რამე საშუალება გაჩნდება რომ ვიმუშაო, ვმუშაობ. არაფერს ვთაკილობ... ყანაში, მიწაზე, გათოხვნა, დაბარვა, ხილის კრეფა... სხვაგვარად 130 ლარი არაფერში გვეყოფა.

- თქვენ თქვით, რომ ოპერაცია და მკურნალობა გჭირდებათ.

- კი, ქალური პრობლემები მაქვს. ექიმები ამბობენ საოპერაციოა, მაგრამ სასიკვდილო არ არისო... მეც ფეხს ვითრევ... ვიცი, ოპერაციის შემდეგ ფიზიკურად ვეღარ ვიმუშავებ. და ვის იმედზე დავტოვო ჩემი პატარა?

- მარიამ, შენ რაზე ოცნებობ?

- რბილ და თბილ საწოლზე, გემრიელ საჭმელზე და ლამაზ თოჯინაზე! ერთი მყავს, მაგრამ მისი ყველას ეშინია... შეუხედავია და ერთი თვალი არ აქვს. კიდევ მინდა რომ ახალი წელი მოვიდეს ჩემთანაც... დედიკომ ფანჯრებზე ფიფქები დააკრა, ამით გამახარა... მაგრამ მე ნამდვილი ახალი წელი მინდოდა, საჩუქრებით და კანფეტებით!

- ნინო, თქვენ შესახებ ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს, რას ეტყოდით მათ, რას სთხოვდით?

- არ ვიცი რა ვთხოვო სრულიად უცნობ ადამიანებს, როცა ყველაზე ახლობელ ადამიანს ვერაფერს ვთხოვ... ღვთის ნებით რაც იქნება, ყველაფრისთვის მადლობელი ვიქნები! დამეხმარეთ, რომ შვილი გამოვკვებო! დამეხმარეთ, რომ მან ბავშვობა შეიგრძნოს! რომ მერე არ მითხრას, ტანჯვისთვის რატომ გამაჩინე, რა დაგიშავეო...

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ნინოს და მარიამს ჩვენი იმედი აქვთ. მათ ესაჭიროებათ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, საოჯახო ტექნიკა, საბნები და ბალიშები, ავეჯი

თქვენ პირადად შეგიძლიათ ესტუმროთ ოჯახს. დაურეკეთ და უთხარით, რომ მარტო არ არიან, რომ შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი! ეს მათი მისამართია: გორის რაიონი სოფელი კარალეთი. ტელ: 599 37 82 06

ასევე გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში. ღმერთი გვაძლევს საშუალებას ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე ვისაც ჩვენს გარდა არავის იმედი აღარ აქვს!

თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ მათ შესახებ ფონდში: office-fsp@fsp.ge.

თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: სუხიტაშვილების ოჯახი)

საიტიდან:

სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:

Nova Technology

TBCpay

ExpressPay

 ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ „ჩერნოვეცკის ფონდი“

(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)


მსგავსი პროექტები: