ფეხშიშველი სკოლაში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ფეხშიშველი სკოლაში!

page info icon
2021 ივნისი 20
page info icon
2208
ექვსი წლის ოთო დამწუხრებული დასჩერებია თავის გახვრეტილ ფეხსაცმელებს. – „სკოლაში გინდა, პატარავ?“ – ვცდილობ შემპარავად გავარკვიო, ასე ძალიან რამ დააღონა. – „რა თქმა უნდა! ყველა სწავლობს და მეც მინდა! როგორ ფიქრობ, ფეხები დამისველდება?“ – ძონძებში გამოწყობილი ბიჭუნა უცნაური შენობის ზღურბლზე შემოგვეგება, რომელიც ბუნდოვნად წააგავდა სახლს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,150 ₾
( 108 დონორი )
დასრულებულია

ექვსი წლის ოთო დამწუხრებული დასჩერებია თავის გახვრეტილ ფეხსაცმელებს. – „სკოლაში გინდა, პატარავ?“ – ვცდილობ შემპარავად გავარკვიო, ასე ძალიან რამ დააღონა. – „რა თქმა უნდა! ყველა სწავლობს და მეც მინდა! როგორ ფიქრობ, ფეხები დამისველდება?“ – ძონძებში გამოწყობილი ბიჭუნა უცნაური შენობის ზღურბლზე შემოგვეგება, რომელიც ბუნდოვნად წააგავდა სახლს.

როგორც აღმოჩნდა, ოთო სწორედ ამ აგურებზე შეყენებულ, ძველი გადასაფარებლებით, ფირფიცრებით და ცელოფნის პარკებით დათბილულ ქოხში ცხოვრობს, ოთხ ძმასთან და დედ-მამასთან ერთად.

„ბავშვები იძულებულები არიან სახლში ისხდნენ, რადგან არც ტანსაცმელი აქვთ და არც ფეხსაცმელი; ყველაფერი გაცვეთილი და დაფლეთილია“, - სლუკუნებს მათი დედა, ინგა. – „მეტი რაღა ვთქვა, როცა მხოლოდ კარტოფილით ვიკვებებით. მადლობა ღმერთს, თავზე ჭერი მაინც გვაქვს, მაგრამ მალე ალბათ ისიც თავზე ჩამოგვენგრევა. ღმერთო, შენ გვიშველე!“

– ინგა, დახმარების თხოვნა რამ გაიძულათ?

ინგა: ჩემი შვილები მშივრები, შიშვლები და ფეხშიშვლები არიან... იძულებულები ვართ, ამ ნანგრევებში ვიცხოვროთ, რადგან სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს. უბრალოდ შეხედეთ: კედლების დათბილვა ფირფიცრებით და გადასაფარებლებით მოგვიწია, მაგრამ აზრი? მგონი ერთი კედელი საერთოდ ჩამოწოლილია და ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ, რომ სახლი თავზე არ დაგვემხოს. სოციალური დახმარება საშინლად არ გვყოფნის, ყელამდე ვალებში ვართ ჩაფლული. უბრალოდ აღარ ვიცი, ცხოვრება როგორ გავაგრძელოთ... (საბრალო ქალმა ხელები სახეზე აიფარა.)

აქ როგორ აღმოჩნდით?

ინგა: საკუთარი საცხოვრებელი არასოდეს გვქონია. მე დასავლეთ საქართველოდან ვარ, მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე, ჩემი ქმარი კი ბავშვთა სახლიდანაა. ახლავე გეტყვით, რომ სიმდიდრისკენ არასოდეს ვისწრაფოდით. თავზე ჭერი გვაქვს? ბავშვები დანაყრებულები და ჩაცმულები არიან? ჰოდა, მადლობა ღმერთს! ჩემი ქმარი მშრომელი კაცია, დიდხანს მუშაობდა ქარხანაში, მაგრამ როცა სამსახურიდან გაათავისუფლეს, სახლში ორიოდე კაპიკის შემოტანას მაინც ყოველთვის ახერხებდა. რამდენიმე წლის წინ ტუბერკულოზი გადაიტანა, მაგრამ მერე, ტაქსის მძღოლად მაინც მუშაობდა. ასაკი, შერყეული ჯანმრთელობა... ამას ეს შეზღუდვებიც დაემატა და ახლა აღარც „ტაქსაობა“ შეუძლია. ფაქტობრივად, ვშიმშილობთ...

ერთმანეთი როგორ გაიცანით?

ინგა: თბილისში ტექნიკუმში ჩაბარების მტკიცე განზრახვით ჩამოვედი, მეცხოველეობის მიმართულებით. ხელობის სწავლა და სოფლის მეურნეობაში მუშაობა მინდოდა. ნათესავებთან დავრჩი. ჯემალი უბრალოდ სტუმრად მოვიდა. ეს ალბათ ერთი ნახვით შეყვარება იყო. წერილებს მწერდა და მეზობელს აძლევდა, ის კი მე მაძლევდა. (ღიმილით იხსენებს ინგა.) სამი თვის შემდეგ ხელი მთხოვა და მეც დაუფიქრებლად დავთანხმდი. მას შემდეგ სიამტკბილობით ვცხოვრობთ... კარგიც ბევრი გვქონია, როცა ჩემი ქმარი მუშაობდა და არაფერი გვაკლდა და ცუდიც... უბედურება ისაა, რომ საკუთარი საცხოვრებელი ვერა და ვერ შევიძინეთ... ნაქირავებ ბინებში გვიწევდა ცხოვრება. ახლა კი ბინის ქირასაც ვეღარ ვიხდით. ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს ჩვენი კეთილი ნაცნობი - ამ სახლში ცხოვრება მან შემოგვთავაზა, სანაცვლოდ - მის ძროხებს ვწველი. ბინის ქირის ფულს არ გვართმევს, რაც უკვე დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ეს შენობა... ისეთ მდგომარეობაშია, რომ, ფაქტობრივად, ინგრევა! არც წყალი გვაქვს, - მეზობლებისგან ვეზიდებით, მაგრამ ჩივილი ცოდვაა, - თავზე ჭერი მაინც გვაქვს!

– საერთოდ არავინ გყავთ, ვისაც დახმარების თხოვნით მიმართავდით?

ინგა: საერთოდ არავინ! როგორც გითხარით, ჩემი ქმარი ბავშვთა სახლიდანაა; და-ძმები კი ჰყავს, მაგრამ არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. ცალ-ცალკე გაიზარდნენ და ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებთ. მშობლები დიდი ხნის წინ გარდამეცვალნენ, ჩემი და-ძმები კი ისეთ მდგომარეობაში არიან, ნეტავ იმათ დაეხმარებოდეს ვინმე... რა ვქნათ? ახლა ყველას უჭირს, ყველა გადარჩენისთვის იბრძვის და ცდილობს საკუთარ ოჯახს მიხედოს.

სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

ინგა: მაშ, როგორ?! რამდენჯერ ვთხოვე ბინის ქირა მაინც გადაეხადათ. ორი წელი იხდიდნენ, მერე კი ალბათ ჩათვალეს, რომ მათი დახმარების გარეშეც გავართმევდით თავს. ახლა, პანდემიის პერიოდში, ბიჭები საერთოდ ვეღარ სწავლობდნენ. კომპიუტერი კი არა, უბრალო ტელეფონიც კი არ გვაქვს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება შეძლონ; არც ინტერნეტის ფული გვაქვს. შეძრწუნებული ვარ! ბავშვებმა ერთი წელი გააცდინეს, გესმით? სკოლები კი გაიხსნა, მაგრამ ვერც ახლა დადიან, რადგან არც ტანსაცმელი აქვთ და არც ფეხსაცმელი, ერთმანეთის გამონაცვალი აცვიათ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ტანსაცმელი, რომელიც ხუთ ბიჭს ეცვა? ამ თვეში მინდოდა დახმარებიდან ცოტაოდენი თანხა გამომეყო და მათთვის მეორადებში მაინც მეყიდა რამე, მაგრამ არ გამოდის. რაც სურსათის მაღაზიაში ვალები გვაქვს, მიღებული დახმარების თანხას ბევრად აღემატება. აბა, თქვენ თვითონ დაითვალეთ, რა დაჯდება ბავშვებს ორი წყვილი წინდა მაინც რომ ვუყიდო.

ანუ, ამ მომენტისთვის სოციალური დახმარება თქვენი ერთადერთი საარსებო წყაროა, არა?

ინგა: დიახ! და ეს თანხა საკვებზეც კი არ გვყოფნის. თუ ადრე ჩემი ქმარი რამის ყიდვას მაინც ახერხებდა და ბავშვებს, თვეში ერთხელ, ქათმის ბარკლებით ან ნახევარფაბრიკატებით მაინც ვანებივრებდით, ახლა, ფაქტობრივად, მხოლოდ კარტოფილს და წიწიბურას ვჭამთ. გაყინულ, იაფფასიან პელმენებში რა ვიტამინებია? თუმცა, ხორცის სუნი მაინც აქვს...

რა არ გაძლევთ სასოწარკვეთის საშუალებას?

ინგა: მჯერა, რომ ღმერთი არ დაგვტოვებს! ეკლესიაშიც დავდივართ, აღსარებასაც ვამბობთ და ვეზიარებით კიდეც... უფალი კი დახმარებას კეთილი ადამიანების სახით გვიგზავნის!

სრულიად უცნობ ადამიანებს?

ინგა: დიახ! აბა, თქვენი აზრით, აქ როგორ აღმოვჩნდით? როცა, ქირის გადაუხდელობის გამო, ბინიდან გამოგვყარეს, ღმერთმა ამ შენობის პატრონი გამოგვიგზავნა. მან შეგვიკედლა! უკეთილშობილესი ქალია! ხან რძე მოაქვს, ხან ყველის ნაჭერი... ზოგჯერ მოდის და ჩუმად მეკითხება: „დღეს ბავშვებმა ჭამეს?“ სადილიც შემოაქვს. ღმერთი ყველაფერს ხედავს და მას ეს სიკეთე ასმაგად დაუბრუნდება! ოჯახში შვიდი კაცი ვართ, აქედან ხუთი - ბავშვი. უბრალოდ დაფიქრდით, რა ჯდება მათთვის უბრალო სუპის გაკეთება, რომ ორი დღე ეყოთ. ყველაფერი გაძვირდა: ბოსტნეული, მზესუმზირას ზეთი, მაკარონიც კი... დახმარების მთელი თანხა ვალებზე და კომუნალურ გადასახადებზე მიგვდის. ამ ვალებს კი ბოლო არ უჩანს...

ინგა, რით შეგვიძლია თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება?

ინგა: ღმერთია მოწმე, სრულიად სასოწარკვეთილმა მოგმართეთ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავ. ბავშვები რომ არა, არასდროს არავის შევაწუხებდი! მათ, პირველ რიგში, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდებათ. გაზაფხულია, წვიმები - გახვრეტილი ფეხსაცმელებით შორს ვერ წახვალ. დაძონძილი ტანსაცმელი აცვიათ, მუდამ მშივრები არიან... იქნებ სურსათით მაინც დაგვეხმაროს ვინმე. ცოტაოდენი ნორმალური საჭმელი მაინც რომ გვქონდეს...

თქვენთვისაც ხომ არ ითხოვდით რამეს?

დავითი (10 წლის): მე ვიცი! მე გეტყვით! დედას სარეცხი მანქანა სჭირდება! შეხედეთ, ხელები სულ დამსკდარი აქვს! ყოველდღე ცივ წყალში რეცხავს...

ყოჩაღ, რომ დედაზე ასე ზრუნავ! შეიძლება შენ და შენს ძმებსაც გაგესაუბროთ? შენ შესახებ მოგვიყვები?

დავითი: საუკეთესო დედა გვყავს და ძალიან გვიყვარს! ძალიან მეცოდება, სულ ტირის. უნდა, რომ სკოლაში დავდიოდეთ და ვსწავლობდეთ.

სკოლაში სიარული შენ თუ გინდა?

დავითი: დიახ, იქ სახალისოა, ბევრი ბავშვია…

შენი საყვარელი საგანი რომელია?

დავითი: ფიზკულტურა! ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს!

შენ, ოთო? სკოლა მოგწონს?

ოთო (6 წლის): არ ვიცი... ძალიან ცოტა ხანი ვიარე, მერე სკოლა დაკეტეს. დედა წერა-კითხვას სახლში მასწავლის.

საბა (15 წლის): ჩვენ არც კომპიუტერი გვაქვს და არც ტელეფონი. არც ინტერნეტი გვაქვს. ეს ჩვენი ყველაზე დიდი ოცნებაა.

საბა, უკვე გადაწყვიტე, სად ჩააბარებ სკოლის დამთავრების შემდეგ?

საბა: ძალიან მინდა პროგრამისტი გავხდე. მათ სამუშაო ყოველთვის აქვთ და ხელფასიც კარგი აქვთ. მინდა, რომ ჩემს ოჯახს არასდროს არაფერი აკლდეს...

შენ, ლუკა? ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?

ლუკა (12 წლის): ავტომექანიკოსი! დიდ მანქანებს და ტრაქტორებს შევაკეთებ ხოლმე...

ოთო, შენ რაზე ოცნებობ, პატარავ?

ოთო: სათამაშოები მინდა. რაც გვაქვს, ყველაფერი გატეხილი და ძველია. ძალიან მინდა პისტოლეტი და მანქანა.

ინგა, თქვენი შვილების სურვილებს რამეს ხომ არ დაამატებდით?

ინგა: მართლა არ ვიცი, რა გითხრათ...თხოვნა ძალიან რთულია... მაგრამ მართლა ნებისმიერი დახმარება გვჭირდება: არც მაცივარი გვაქვს, არც სარეცხი მანქანა, არც გაზქურა, არც ტელევიზორი - საერთოდ არაფერი! ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერიც სჭირდებათ, მაგრამ ასეთი თხოვნით როგორ შეგაწუხოთ? მინდა, რომ ჩემი შვილები ჩაცმულები და დანაყრებულები იყვნენ, სწავლობდნენ - სულ ეს არის, რაზეც ვოცნებობ... და ღმერთმა ნუ ქნას, ეს ქოხი თავზე დაგვემხოს! თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ყურადღება მოგვაქციეთ, მოხვედით, მოგვისმინეთ. ჩემს თხოვნებს ყურადღებას არავინ აქცევს. ვიცი, რომ თქვენს ფონდს ბევრი კეთილი, გულისხმიერი მეგობარი ჰყავს და მჯერა, რომ როცა ჩვენი გასაჭირის შესახებ შეიტყობენ, ჩემი შვილების დახმარებასაც მოისურვებენ.

***

ნაყოფიების ოჯახი ნახევრად დანგრეულ სახლში, საშინელ პირობებში ცხოვრობს. ინგა და ჯემალი ხუთ ბიჭს ზრდიან - ჩვენი საყვარელი სამშობლოს მომავალ დამცველებს! დღესდღეობით ბავშვები ყველაფერს არიან მოკლებულნი: ნორმალურ საჭმელს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას. ყველაზე პატარას, ექვსი წლის ოთოს, სათამაშოებზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია.

ნაყოფიების ოჯახს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მათ ესაჭიროებათ: სურსათი, საბავშვო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. მათ ყველაზე ელემენტარული პირობები და ისეთი ჩვეულებრივი ნივთებიც კი არ აქვთ, როგორიცაა: ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა. ასევე, ბავშვებს სწავლისთვის კომპიუტერიც სჭირდებათ.

ნაყოფიების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. კრწანისი, სამხედროს დაჩები

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. გაჭირვებული ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ ღვთისადმი სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნაყოფიების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ნაყოფიების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: