დედიკოს გარეშე მე სიცოცხლე არ მინდა - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკოს გარეშე მე სიცოცხლე არ მინდა

page info icon
2018 თებერვალი 6
თქვენს ხელთაა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე! ახლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ 7 წლის ქეთის დედიკო იხსნათ!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,192 ₾
( 327 დონორი )
დასრულებულია
„დედიკო- ჩემი გულია და მის გარეშე სიცოცხლე არ მინდა“. ასე გაიძახის 7 წლის ქეთი, რომელსაც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად უხდება იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება და კვნესის საყვარელი დედა მწარე ტკივილებისგან. 
31 წლის ნათია ჩიმახიძე ონკოლოგიური სენით არის დაავადებული. ერთ დროს სიცოცხლით სავსე და მომღიმარი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზრდიდა პატარა ქალიშვილს, უვლიდა სახლ-კარს, წარმატებით მუშაობდა და მომავლის გეგმებს აწყობდა, სრულიად მოულოდნელად უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა, მას მეოთხე სტადიის კანის ავთვისებიანი სიმსივნე (მელანომა) დაუდგინეს. 
ნათია ამჟამად საწოლს არის მიჯაჭვული, სახსრების საშინელი ტკივილი მას არ აძლევს ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას, ხოლო ძლიერი ხველის გამო კრუნჩხვები ემართება. 
სიტუაცია კატასტროფულია და ყოველდღიურად მძიმდება. პატარა ქეთი, რა თქმა უნდა, მდგომარეობის სირთულეს ბოლომდე ვერ აღიქვამს, მაგრამ სულის სიღრმეში დედის ავადმყოფობას უზომოდ განიცდის: დილით რომ იღვიძებს, პირველ რიგში მას ჰკოცნის, ეფერება და ეალერსება, ხოლო სკოლიდან დაბრუნებული, დედას არ შორდება, ცდილობს ანუგეშოს და გაამხნეოს ლექსებითა და სიმღერებით...
„ხშირად ვცდილობ მოვიკრიბო ძალ-ღონე და ტკივილები ჩუმად ავიტანო, რადგან ჩემი გოგო ისეთი მგრძნობიარე ბავშვია, რომ ღამით პატარა ხველების გაგონებაზეც კი წამოხტება და შეშინებული მეკითხება: „დედიკო, ხომ ხარ კარგად? რამე ხომ არ გინდა?“, - გვიყვება ნათია. 
ნათია ჩიმახიძეს თავიდანვე არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. სიმსივნის ნაცვლად ექიმები ტუბერკულოზს მკურნალობდნენ. ზუსტი დიაგნოზი ორიოდე წლის დადგინა და ნათიაც მკურნალობას შეუდგა. პირველ ეტაპზე ჯამრთელობის მდგომარეობა, ერთი შეხედვით, გაუმჯობესდა.
„ჩვენი სოფლის მკვიდრი, მრავალშვილიანი დედა ლალი აბულაძე, რომელსაც თქვენმა ფონდმა ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინა, ამავე  სენით იყო დაავადებული. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოვინახულე იგი. მახსოვს, რატომღაც მაშინ გავიფიქრე: ეჰ, ლალი რა ცუდად არის და მე კი გამოვედი რთული მდგომარეობიდან...თუმცა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი ყოფილა“,- იხსენებს ნათია. 
  ნათია ჩიმახიძეს პენსიონერი დედა უვლის, რომლის მწირი პენსია ელემენტარული პროდუქტების საყიდლად თუ ჰყოფნით, რომ არაფერი ვთქვათ ავადმყოფისთვის აუცილებელი სამკურნალო პროცედურების ჩატარებაზე. სნეული დედა, პატარა ბავშვი და ბებია ერთ ციცქნა ოთახში ცხოვრობენ, სადაც ფანჯრის რაფიდან ქარი უბერავს, ხოლო კედლები ნესტითაა დაფარული. მათი დამხმარე არავინაა. ამ ოჯახისთვის მზე, თითქოს, სამუდამოდ ჩაესვენა.
ნათია ბუნებით ოპტიმისტი ადამიანია და მაინც არ კარგავს გამოჯანმრთელების იმედს. ერთადერთი რამ, რასაც იგი შესთხოვს  უფალს - ეს არის  სიცოცხლის გახანგრძლივება, რათა პატარა ქეთის  ფეხზე დაყენება მოასწროს და რაც შეიძლება მეტი სიყვარული აჩუქოს მას. 
ექიმები ნათიას სთავაზობენ „BRAF მუტაციის“ ანალიზის სასწრაფოდ აღებას. ეს იმის საშუალებას მისცემს მედიკოსებს, რომ დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობის კურსი.
დიახ, ნათიას აქვს შანსი! თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მას ერთობლივად დავეხმარებით! 
მეგობრებო, თუ გაქვთ შესაძლებლობა დაეხმაროთ ნათია ჩიმახიძეს, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათია ჩიმახიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/.
თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (გადახდის წესები იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://goo. gl/GY2Gus).
ახლა მხოლოდ თქვენს ხელთაა ამ ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე! ახლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ 7 წლის ქეთი ობლობისგან იხსნათ! 

მსგავსი პროექტები: