პროექტის რეპორტი ეს ხორციელი და სულიერი ტანჯვა აუტანელია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს ხორციელი და სულიერი ტანჯვა აუტანელია!

page info icon
2023 აგვისტო 21
საბრალო, ულამაზესი სულის მქონე მარიამს არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე... 20 წლისაა და იმდენად გამრუდებული აქვს ხერხემალი, რომ მკერდით საკუთარ მუხლებს ეყრდნობა. ტერფები წყლულებით აქვს დაფარული, სისხლი სდის, სუნთქვა უჭირს, ყოველი მოძრაობის გაკეთება ძალიან უჭირს. ნამდვილად მებრძოლი გოგოა, მაგრამ ასეთ პირობებში ბრძოლა ძალიან რთულია… ორი ათწლეულის განმავლობაში, ხერხემლის გამრუდება და ეტლი, მისი ცხოვრების მნიშვნელი მაინც ვერ გახდა. თავად არის ურყევი ნებისყოფის სიმბოლო, რომელიც ძალას ჰმატებს გარშემომყოფებს, რომ ურთულესი გარემოებების მიუხედავად, საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა განაგრძონ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,700 ₾
( 604 დონორი )
დასრულებულია

სხეულისთვის ეტლი მაჩუქეთ, ხოლო სულისთვის ფრთები!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ახლა, მარიამი დამოუკიდებლად შეძლებს გადაადგილებას ელექტრო ეტლით, რომელიც ფონდისგან საჩუქრად მიიღო. ის ფეხების მაგივრობას გაუწევს მას.  ყოველი დილის გათენებისას, გაახსენდებით თქვენ, თქვენი გულის სითბო და საოცარი სიკეთე, ის  ივლის...  არა,  ის  იფრენს,  რადგან ბედნიერებისა და სიხარულის გარდა, თქვენ მას აჩუქეთ ფრთებიც.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მდგომარეობაშიც კი, შევძლებდი ბედნიერებისა და სიხარულის განცდას!“

 მარიამი სულ რაღაც 20 წლისაა -  პატარა გოგონა სათუთი სულით და დიდი ემოციებით. მას არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე. არასდროს ურბენია სანაპიროზე. არ წაქცეულა ბავშვობაში და გადახეთქილი მუხლები არ უჩვენებია ბებოსთვის, რომ  მოფერებოდნენ და დაეტუქსათ სიცელქის გამო. ის დაბადებიდან ეტლს არის მიჯაჭვული, მისი ოჯახი კი გაჭირვებით, სიღატაკითა და შიმშილით იტანჯება! ოჰ, ღმერთო, რა საშინელებაა, როდესაც დედას იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ ნორმალური ეტლი შეუძინოს თავის პატარა სიხარულს! ტიროდა დედა და ტიროდა მარიამი... მორყეული, პატარა ეტლიც ტიროდა, რადგან  ის, მარიამთან ერთად ვერ გაიზარდა, პირიქით საშინლად დაძველდა,  დაპატარავდა და ასე, დამნაშავესავით შესცქეროდა გოგონას ფეხებზე გაჩენილ წყლულებს, გადმოდენილ ჩირქს...  დაშრა, დაიწრიტა ცრემლები, სინათლით სავსე დღეები, სიხარულის მოლოდინი... მხოლოდ გაჭირვება არ თავდებოდა, არც ჩირქი შრებოდა და არც სულის ტკივილი ანებებდა თავს პატარა ანგელოზს...

 მერე რა მოხდა? „მერე თქვენ გამოჩნდით, საოცარო ადამიანებო, კეთილი ჯადოქრებივით, ოქროსხელება ქირურგებივით, რომ შეგეცვალათ ჩემი გოგონას ნატანჯი სახე.“ - გვეუბნება დედა ნინო და ცრემლებს ვერ იკავებს - „შეხედეთ მას! როგორ გაუნათდა ჩამქრალი თვალები! ეს ხომ, ნამდვილი სასწაულია!“

-  ჟურნალისტი: მეც ამატირეთ... მე ხომ, ინტერვიუს ჩასაწერად მოვედი?!

 ნინო (მარიამის დედა): ჩვენი ამბავი ცრემლების გარეშე ვერ დაიწერება...

 - და მაინც, მოდით, გვიამბეთ, რა მოხდა იმის მერე, რაც ჩვენმა ფონდმა თქვენს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა?  მას მთელი საქართველო კითხულობდა, ყველა ტიროდა,  ათასობით კომენტარს წერდნენ, გიკავშირდებოდნენ... შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?

 ნინო: ყველამ ნახა ჩემი გოგონას დაჩირქებული ფეხები. მარიამი მისთვის მოუხერხებელ, პატარა, მწყობრიდან გამოსულ ეტლში იჯდა. მისი სხეულის დეფორმაციიდან გამომდინარე, ძირითადი ზეწოლა უმოძრაო ფეხებზე იყო და ჩემი აზრით, ეს იყო ამ წყლულების გაჩენის  მთავარი მიზეზი. მკურნალობას ვერ ვახერხებდით. ყველაფერი ხომ, თანხებთანაა დაკავშირებული? მე, სრულიად მარტო დარჩენილმა, უბედურმა დედამ, განა რამდენი უნდა შევძლო?.. მაშინ, როდესაც ამ ნესტიან ავტოფარეხშიც კი, ქირის გადახდა მიწევს?

 ალბათ, პოსტის გამოქვეყნებიდან ერთი დღეც არ იყო გასული, ერთი უთბილესი, ემიგრანტი ქალბატონი რომ შეგვეხმიანა. ღმერთო ჩემო, იტალიაშიც კი შევაწუხეთ ადამიანები... ნათიამ (ასე ჰქვია ჩვენს უკეთილშობილეს ემიგრანტ ქალბატონს.) მალამოები შეგვიძინა. მთელი ერთი სამკურნალო კურსის ოდენობა საკურიერო მომსახურებით გამოგვიგზავნა სახლში.

 ქალბატონმა ნანომ ასევე 3 „პორცია“ უებარზე უებარი მალამო გამოგვიგზავნა ქუთაისიდან. კიდევ, ქალბატონმა ციცომ, რომელიც ასევე ქუთაისში ცხოვრობს ამერიკიდან გამოიწერა ჩემი მარიამისთვის სამკურნალო სპრეი და მალამო. ისეთი ჯადოსნური აღმოჩნდა ეს მალამოები, რომ მის დამზადებასა და შეძენაში ნამდვილად ურევია უფლის მადლი და ხელი!  მერე ქალბატონი ლიაც გამოჩნდა საგურამოდან - ოქროს გულის ადამიანი. მან დაგვირეკა და თავად გვესტუმრა. გესმით? 63 წლის სათნო ადამიანი ასე შეწუხდა და 10 ყუთი მალამო საკუთარი ხელით  ჩამოგვიტანა!

 მარიამი: ლია ბებომ სუნამოც მაჩუქა. სურნელს ვერ გრძნობთ? ძალიან მომწონს! დღეს მივიპკურე, თქვენ რომ გელოდებოდით. 

 - როგორც ვხედავ, მარიამს უშველა ამდენმა უებარმა მალამომ, ფეხები მოურჩა...

„ჩემი სოფია მეცილება - ჩემიაო ეს ელექტრო ეტლიო, მაგრამ მგონი, ორივეს გვეყოფა ადგილი...“

 ნინო: მარიამს უშველა მალამოებმა. მარიამს უშველა ახალმა ელექტრო ეტლმა და იმ უამრავმა სიკეთემ, რომელიც თითოეულმა ადამიანმა გულით გაიღო! 

 მარიამი: განა სიკეთე, მალამო არ არის?! დავინახე, რომ მე და დედას არ მოგვცემთ დაღუპვის საშუალებას და არასდროს მიგვატოვებთ, ძალიან თუ გაგვიჭირდა. 

 - რა თქმა უნდა, ჩემო პატარავ, კვლავ მთელი საქართველო დადგება ფეხზე!

 მარიამი: ყველაზე დიდი საოცრება ჩემთვის მაინც ეს ეტლია. ნახეთ მისი პულტით მართვა როგორ შემიძლია!   თავიდან ცოტა გამიჭირდა, (იცინის.) კინაღამ სკამებს დავეჯახე... 

 -  „კინაღამ“ არ ითვლება... ამ ციცქნა ოთახში, მეც დავეჯახებოდი რამეს...

 ნინო: როდესაც ეტლში ჩაჯდა და მოირგო, უნდა გენახათ რა შვება იგრძნო... თითქოს, სხვანაირი გახდა, უფრო ლამაზი და ლაღი... გული მიკვდება, ერთ რამეს რომ ვუფიქრდები... (გაჩუმდა, თითქოს თქმა გადაიფიქრა.)

 - რაზე?

 ნინო: ადამიანები წუხან იმაზე, რომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას ვერ ახერხებენ, ჩემი გოგონა კი, თავისი ძველი ეტლით ოთხ კედელს შუა იყო გამოკეტილი. როგორ მინდა, ყველამ დააფასოს ჯანმრთელობა და ის, რაც აქვთ! 

 - ახლა ხომ, დასეირნობ დამოუკიდებლად, მარიკუნა?

 მარიამი: პარკში ჩავდივარ, ეზოშიც... ახლა, ფისო სოფიას დახმარებაც კი საკმარისია. (იცინის.) 

ამ ფოტზე ფისო სოფიაც იღიმის, ოღონდ ულვაშებში... თუ მარიამი ბედნიერია, სოფიაც ბედნიერია!

 ნინო: ეს კნუტი მეგობრებმა აჩუქეს დაბადების დღეზე და შვილივით უყვარს!

 მარიამი: ეს ჩემი შვილია. სხვა შვილი, ალბათ, არც მეყოლება...  ჰო, კიდევ ორი „დაქალი“  მყავს: ტელევიზორი და პლანშეტი, რომელიც თქვენმა ფონდმა შემიძინა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამახარეთ. მე და ჩემი დიდი ბებო მივუსხდებით ხოლმე ცისფერ ეკრანს და ვუყურებთ სხვადასხვა ფილმებს. აბა, როგორ მოვკლათ დრო?

 ბებოსაც უჭირს სიარული. (ცოტა დასევდიანდა, გაჩუმდა და მერე ისევ განაგრძო.) თურქული სერიალები მიყვარს. ერენ ორენის ფან-კლუბის გვერდიც კი გავხსენი. იცით, რამდენი გამომწერი მყავს? ვერ წამოიდგენთ, როგორი გრძნობაა, როდესაც თავად ერენი ნახულობს ხოლმე ჩემს პოსტებს.

„რა ვქნა, ძალიან მიყვარს თურქული სერიალები და ჩემი კუმირი. ნეტავ, ოდესმე მასთან შემახვედრა ან სულაც, თურქეთში მამოგზაურა...“

 - კი, ვიცი, თურქული ენაც კი შეისწავლე...

 მარიამი: ახლა, როდესაც პლანშეტიც მაქვს,  რაღაცეების უკეთ  სწავლა მომინდა. კი, ვიცი თურქული. მაგრამ მინდა, ჩემი ცოდნა გავაუმჯობესო - უფრო მაღალ დონეზე გადავიდე. ამისთვის მჭირდება მასწავლებელი, თუნდაც „ონლაინ“ რომ მასწავლოს. იქნებ, მერე დისტანციურად დასაქმებაც შევძლო და დედიკოს დავეხმარო. მეც მინდა საკუთარი თავის რეალიზება შევძლო. ასე მოვკვდები...

 - გელ-ლაქის კეთება აღარ გინდა? მახსოვს ამაზეც ოცნებობდი... 

 მარიამი: როგორ არ მინდა! უკვე ვისწავლე! თქვენ ეს ამბები არ იცით?

 - არა, აბა მომიყევი.

 მარიამი:  28 აგვისტოს, მარიამობას, ჩვენმა მეზობელმა, ძალიან კეთილმა ადამიანმა გვაჩუქა ლამაზი დღე. ზოოპარკში და ვაკის პარკში წაგვიყვანა სასეირნოდ. ნაყინზეც დაგვპატიჟა. როდესაც წასასვლელად მოვემზადეთ და სახლთან გამოძახებულ ტაქსში ჩავსხედით, გოგონა მოვიდა ჩვენთან, ხელში ლამაზი ყუთით. და იცით,  რა იდო იმ ყუთში? გელ-ლაქის აპარატი და ლაქების მთელი კოლექცია!  ხტუნვა რომ შემეძლოს, ტაქსის მანქანიდან გადმოვხტებოდი, ალბათ. თქვენ არ იცით, რა დღეში ვიყავი. მთელი კვირა ვოცნებობდი ამ გასეირნებაზე და ამ დროს, როდესაც უკვე ტაქსში ვიჯექი, შინ დაბრუნება და ჩემი საჩუქრებით ტკბობა მომინდა... ერთი სული მქონდა, როდის ამოვალაგებდი ყუთიდან და ფრჩხილებს გავულამაზებდი დედას. 

 ნინო: სწორედ მაშინ გვიპოვნა თაკომ, როდესაც ტაქსში ვსხდებოდით. კითხვა-კითხვით მოგვაგნო ფარეხებთან. რა კარგი გოგოა, რომ იცოდეთ... მე კი შინაც ვერ შემოვიპატიჟე, უხერხული სიტუაცია შეიქმნა, ტაქსიც გველოდებოდა...

 მარიამი: თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. თაკოც, თეონაც და კიდევ ერთი ემიგრანტი გოგონა, დღემდე მეხმარებიან, გელ-ლაქის ოსტატი რომ გამოვიდე. თეონა ჩვენი სახლის მეზობლად მუშაობს, მან აპარატი მაჩუქა ნუნების დამუშავებისთვის. ემიგრანტმა გოგონამ კი, ქლიბები და უამრავი დამატებითი ხელსაწყო გამომიგზავნა ფოსტით. ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები გახდნენ ისინი. მინდა, თითოეულ მათგანს გავუგზავნო ბევრი კოცნა და სიყვარული.

„ჩემი მეგობრები მალე შემოვლენ სოციალურ ქსელში და მაჩვენებენ, როგორ გავაკეთო ორიგინალური ნახატები ფრჩხილებზე გელ-ლაქით. საინტერესო ჩართვა გვექნება!“

 - ესე იგი, ახლა, ყველანაირი მოწყობილობები გაქვს?

 მარიამი: დიახ. შეხედეთ დედას თითებს! ჩემი ნამუშევარია! ისე გამითამამდა, ხშირად მაცვლევინებს ფერებს. მეუბნება, რომ ასე უკეთ ვისწავლი... მე კი, ვფიქრობ, რომ ნაირ-ნაირი ფერების გელ-ლაქის წასმა თავადაც მოეწონა... (იცინის.)

„ჩემი უფასო კლიენტი ფორმაშია და მოუთმენლად ელოდება საბოლოო შედეგს!“

 ნინო: თქვენმა ფონდმა მარტო მარიამს კი არა, მეც შემძინა „დაქალები“. (იცინის.) აი, ეს სარეცხი მანქანა,  უთო, ბლენდერი, ყავის აპარატი... ყველაფერი თქვენი ნაჩუქარია. ეს მოწყობილობები ყოველდღიურად მიმსუბუქებენ შრომას. არანაირი ტექნიკა არ გვქონდა... და საერთოდაც არაფერი გაგვაჩნდა. აქ ავეჯიც კი მეპატრონისაა. საწოლები ძალიან ცუდია, დივანიც მოუხერხებელი - ბებოს საერთოდ არ აქვს ძილი. მაგრამ, რას ვიზამთ, ამ ავტოფარეხში ახალი აღარაფერი დაეტევა და რაც არის, იმას უნდა დავჯერდეთ! თუმცა, ერთი გასაშლელი  რკინის საწოლი ლეიბით, „ლეჟანკას“ რომ ეძახიან, კი გაახარებდა ჩვენს ბებოს და სიცოცხლესაც გაუხანგრძლივებდა. 

„წარმოგიდგენიათ, ჯერ დალაგებებზე დავდიოდი, მერე სახლში ვბრუნდებოდი უზომოდ დაღლილი და ყველაფერს ხელით ვრეცხავდი... ვაიმე-ე-ე, გახსენებაც კი მზარავს...“

 მარიამი: თქვენი ფონდი პროდუქტებითაც დაგვეხმარა. პირველად შევძელი სუპერმარკეტში ყველა იმ გემრიელობის არჩევა, რომელიც აქამდე მენატრებოდა. 

„ახლა ბლენდერიც გვაქვს და შეგვიძლია სწრაფად მოვამზადოთ ბევრი რამ!“

უთო ძალიან მოსწონს, მაგრამ საუთაო მაგიდა არ აქვს და სამზარეულოს მაგიდაზე უწევს დაუთოება.

„მინდა, ჩემი ხელით მოგიმზადოთ ცივი ყავა. აღმოჩნდა, რომ კარგად გამომდის, მე კი მეგონა, რთული იქნებოდა...“

 ნინო: პროდუქტებთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ ვახსენო ერთი ქალბატონი. ეს არის ქალბატონი მელანო, რომელმაც სოფლის ნობათი, რძის პროდუქტები უხვად გამოგვიგზავნა. მადლობა მას. ვიცი, მელანოს თავადაც უჭირს. ეს ყველაფერი მოიკლო, ოჯახს მოაკლო და ჩემს შვილს დაეხმარა... რკინა უნდა იყო ადამიანი, რომ თვალზე ცრემლი არ მოგადგეს ასეთი ისტორიების მოსმენისას. განა, ყველას, ვინც ფონდში თანხა ჩარიცხა დალხენილი ცხოვრება აქვს? ვიცი, შეჭირვებულებიც რიცხავენ, როდესაც ბავშვების სიცოცხლეს ეხება საქმე. ო-ო-ოჰ, როგორ მიყვარხართ! 

 მარიამი: მადლობა ყველას ღუნღულა ბალიშებისთვის, ჭრელა-ჭრულა თეთრეულისთვის, საბნებისთვის, პლედებისთვის...

 ნინო (აგრძელებს): ზარებისთვის, თბილი სიტყვებისთვის, გამამხნევებელი კომენტარებისთვის და იმ ლოცვისთვის, რომელიც გულაჩუყებულმა ადამიანმა სტატიის წაკითხვის შემდეგ ჩაიჩურჩულა: „უფალო დაიფარე და შეეწიე ამ უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ბებიას, დედას და შვილსო!“

 - როგორც ვნახე, ემიგრანტები ძალიან აქტიურობდნენ.

 ნინო: განსაკუთრებულად! დღეში 10-მდე მესიჯს ვიღებდი. გამოგვიგზავნეს უამრავი პამპერსი. წარმოგიდგენიათ, პამპერსების შეძენა ჩემთვის რამდენად რთულია, როდესაც საკვების ფულიც კი არ მაქვს? ორმა ემიგრანტმა ქალბატონმა -  ნათიამ და შორენამ 4-5 თვის სამყოფი პამპერსი გამოგვიგზავნეს. დიახ! ასეთი ემიგრანტები ჰყავს საქართველოს! ეს ადამიანები გაჭირვებამ და რთულმა ცხოვრებამ მოწყვიტა ოჯახებს. წავიდნენ, გადაიხვეწნენ, წვალობენ და... კიდევ სრულიად უცხო ადამიანებზე ზრუნავენ. ასეთი სიკეთე ხომ, შეუფასებელია?! კიდევ ერთი ქალბატონი დაგვეხმარა პამპერსით. ქალბატონმა ნინომ თავისი პატარა ვაჟი გამოგვიგზავნა საჩუქრებით. ასე ზრდიან ნამდვილი დედები თავიანთ შვილებს - ბავშვობიდან ასწავლიან სიკეთის კეთებას.  ახლა,  6 თვის სამყოფი მაინც გვაქვს ეს პამპერსები. ღმერთო, ადრე ერთ ცალსაც ძლივს ვყიდულობდი...

ეს ყველაფერი შენთვისაა, დედას ფერიავ!

 - სახელმწიფოს მხრიდან თუ იყო რაიმე დახმარება, ან თუ გამოგეხმაურათ ვინმე, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლებიდან?

 ნინო: ჩვენ მათთვის უჩინარნი ვართ და ვიქნებით მუდამ. ხომ იცით, სოციალურ შემწეობასაც ვერ ვიღებთ, რადგან არ გვაქვს თბილისის რეგისტრაცია. სად უნდა ჩავეწეროთ? არსად არაფერი გაგვაჩნია... რაიმე შეღავათი რომ მქონდეს, თუნდაც ქირის დაფინანსების ან დროებითი საცხოვრებელი კუთხის სახით, აღარ ვიქნებოდი ასეთი შეჭირვებული.

 საკვებით მაინც მეყოლებოდა უზრუნველყოფილი ავადმყოფი ბებო და ჩემი უმწეო გოგონა.  ახლა, რაკი ქირის გადახდის პრობლემას შევეხეთ, ერთ ახალგაზრდა ცოლ-ქმარზე უნდა გიამბოთ. ისინი „ფეისბუქის“ მეშვეობით დამიკავშირდნენ. ქირის გადახდაში დამპირდნენ დახმარებას... გული დამეწვა, როდესაც გავიგე, რომ ქუჩის მუსიკოსები ყოფილან. ღმერთო, ბავშვებო, რა პატარები ხართ და როგორი დიდი და ლამაზი გულები გქონიათ. უფალმა დაგლოცოთ და მალე გაგეკვალოთ გზა ქუჩის სცენიდან დიდი სცენისკენ. წარმომიდგენია, მერე რამდენი ადამიანის დახმარებას შეძლებთ.

 მარიამი: სახლის არქონა ჩვენთვის გადაუჭრელი პრობლემაა, ნორმალური სახლის ქირაობა კი - შეუძლებელი. ამიტომ ვქირაობთ ამ ავტოფარეხს.  დედა იმდენს შრომობს, ხანდახან მგონია, რომ წაიქცევა. იცით, დღეში ორი სახლის დალაგება რომ მოასწროს, დილის შვიდ საათზე გადის სახლიდან, საღამოს კი, შეიძლება თერთმეტზე დაბრუნდეს. ძალიან მეცოდება. ამიტომ მინდა სამსახური, თუნდაც დისტანციური, მისი დახმარება რომ შევძლო. ჩემგან ნამდვილად კარგი სპეციალისტი დადგება, როგორც თურქული ენის, ასევე გელ-ლაქის.

„ნუ დაგვივიწყებთ!“

 ნინო: მეტირება, ეს სიტყვები რომ მესმის. ჩემი გოგონა…  როგორ შეძლებს... არ ვიცი... არ ვიცი... 

 ჩვენც გვეტირება, ნინო! ჩვენც გვსურს თქვენთან ერთად მადლობა გადავუხადოთ ფონდის ყველა მეგობარს, ვინც მხარში დაგიდგათ. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მკითხველს, რომელიც ბოლომდე გამოგვყვა და აი, ახლა ამ სტრიქონებსაც კითხულობს,  ვინც გაიზიარა პატარა მარიამის ტანჯვაც და სიხარულიც.

 ეს პროექტი კი ამით არ სრულდება. პროდუქტი მალე თავდება, პამპერსებიც და მით უფრო, ქირის პრობლემა სრულიად ამოუწურავია. მარიამსაც სპეციალური მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენც არ ვიცით, როგორ შეიძლება ადამიანი მარტოდმარტო გაუმკლავდეს ამ ყველაფერს? ამიტომ, ისევ მივმართავ ყველას, რომ გააგრძელონ თქვენთან ურთიერთობა, გესტუმრონ, დაგეხმარონ დამოუკიდებლად, თუ ჩვენი ფონდის მეშვებით. ჩვენ კი მუდამ თქვენ გვერდით გვიგულეთ. 

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნანობაშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270   განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!







მსგავსი პროექტები: