ეს ხორციელი და სულიერი ტანჯვა აუტანელია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ეს ხორციელი და სულიერი ტანჯვა აუტანელია!

page info icon
2023 აგვისტო 21
საბრალო, ულამაზესი სულის მქონე მარიამს არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე... 20 წლისაა და იმდენად გამრუდებული აქვს ხერხემალი, რომ მკერდით საკუთარ მუხლებს ეყრდნობა. ტერფები წყლულებით აქვს დაფარული, სისხლი სდის, სუნთქვა უჭირს, ყოველი მოძრაობის გაკეთება ძალიან უჭირს. ნამდვილად მებრძოლი გოგოა, მაგრამ ასეთ პირობებში ბრძოლა ძალიან რთულია… ორი ათწლეულის განმავლობაში, ხერხემლის გამრუდება და ეტლი, მისი ცხოვრების მნიშვნელი მაინც ვერ გახდა. თავად არის ურყევი ნებისყოფის სიმბოლო, რომელიც ძალას ჰმატებს გარშემომყოფებს, რომ ურთულესი გარემოებების მიუხედავად, საკუთარი ოცნებებისთვის ბრძოლა განაგრძონ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,700 ₾
( 604 დონორი )
დასრულებულია

ეს ხორციელი და სულიერი ტანჯვა აუტანელია!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ოცი წლის წინ, ნინოს გაუჩნდა გოგონა, მარიამი. ღმერთო, როგორ ოცნებობდა, როგორ ელოდა მას! 

„15 წლის ვიყავი, სკოლის მოსწავლე, მეუღლემ რომ მომიტაცა. თავადაც ბავშვი ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ გოგო მეყოლებოდა. ძალიან მიხაროდა. მეგონა, რომ როგორც თოჯინას, ჩავაცმევდი, ნაწნავებს გავუკეთებდი, ხოლმე. დედა რომ გავხდი, თოჯინებით თამაშიც კი არ მქონდა ჯერ მობეზრებული. ოჯახური ცხოვრება პატარა გოგოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა და მეგონა, რომ შვილის გაჩენა გულს გამიხარებდა, - ამბობს დედა, ნინო და ცრემლებს ღვრის. - ჩემს საბრალო გოგონას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ექიმებმაც და ჩემმა მეუღლემაც ეს დამიმალეს. ან, რა უნდა ეთქვათ 16 წლის გოგოსთვის, რომელიც უნარშეზღუდული ბავშვის დედა გახდა.

 20 წლის განმავლობაში, მარიამს ისე გაუმრუდდა ხერხემალი, რომ მკერდით საკუთარ მუხლებს ეყრდნობა. ერთი არასწორი მოძრაობაც კი, შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს მისთვის. გოგონა შეიძლება უბრალოდ "დაიმტვრეს".

 ასაკის მატებასთან ერთად, მარიამის მდგომარეობა უფრო და უფრო რთულდება. ის და მისი დედიკო, ნინო, უკვე შეგუებულები არიან იმ აზრს, რომ ვერასოდეს შეძლებს სიარულს, რომ სხვა გოგონებივით ვერასდროს იცხოვრებს. მაგრამ, იმის გამო, რომ უბრალო ტკივილგამაყუჩებლების შეძენის საშუალებაც კი არ აქვთ, მარიამი იტანჯება. ტერფებზე წყლულები აქვს და სისხლი სდის. ოჯახი ავტოფარეხში ცხოვრობს და სინესტის გამო, მას სუნთქვა უჭირს. ნორმალური ოთახის ქირის გადახდის საშუალება კი არ აქვთ. მისთვის რთულია ყოველი მოძრაობა. ეტლიდან საწოლზე რომ გადავიდეს, დედას ელოდება, რომელიც ბინებს ალაგებს და საშინლად იღლება.

ეს ჭრილობები არაფრით ხორცდება. ჩირქდება და ამის გამო, მარიამი საშინლად იტანჯება. ან, რანაირად უნდა უმკურნალონ როდესაც, წამლებისა და მალამოების ყიდვის საშუალება საერთოდ არ გააჩნიათ?!

 ნინო: ოცი წლის წინ, შოკში ჩავვარდი, ჩემი ახალშობილი გოგონას ზურგზე ჭრილობა რომ დავინახე. ის დაიბადა ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიით - სპინა ბიფიდა ჰქონდა. დაბადებიდან მესამე დღეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნერვული დაბოლოებები დაუზიანდა, რის გამოც, სამუდამოდ დაკარგა გადაადგილების უნარი.

 მეუღლემ და დედამთილმა დამიმალეს ეს ყველაფერი. ნერვიულობისგან ჩემს დაცვას ეცადნენ, მისი ხელში აყვანის უფლებას არ მაძლევდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჯერ პატარა ვიყავი და შეიძლება ხელიდან გამივარდეს. მაგრამ, სულ რამდენიმე დღის მერე, შემთხვევით მის ზურგზე ჭრილობა ვნახე. სიტყვებით ვერ აღვწერ, რა დამემართა! იმ მომენტიდან, საავადმყოფოებში ვიცხოვრეთ ოთხი წელი. მაგრამ, იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ფეხზე დავაყენებდი ჩემს შვილს. ბავშვით ხელში დავრბოდი ექიმებთან, დამყავდა მასაჟებსა და სხვადასხვა პროცედურებზე. ალბათ, იცოდნენ, რომ ვერ დაეხმარებოდნენ, მე კი ყველაფერი ამომეწურა ​​- ფული, ძალა, ნერვები. ყველანაირი მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

„ერთნი ვართ მე და მარიამი. მე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ის კი ჩემს გარეშე ვერ იცოცხლებს.”

– როდის გაიგეთ, რომ მარიამი განწირული იყო?

ნინო: მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, გერმანელმა ექიმებმა მითხრეს, რომ მთელი ჩემი ძალისხმევა ამაო იყო. და მაშინ, სამყარო თავზე დამენგრა. ვფიქრობდი, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, თუ ჩემი შვილი ვერასდროს გაივლის და სიცოცხლის ბოლომდე დაიტანჯება? ჩემს საბრალო გოგონას, ჩემს მარიამს, არასდროს დაუდგამს მიწაზე ფეხი და ვერასდროს გაივლის. ახლა, ის 20 წლისაა და მთელი ცხოვრება ეტლში აქვს გატარებული. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მას ღირსეული ცხოვრება ჰქონდეს. სოფელში რომ ვცხოვრობდით, მძიმედ ვშრომობდი ვენახებში. აქაც, თბილისში, ნებისმიერ სამსახურს ვეჭიდები, თორემ უბრალოდ შიმშილით დავიხოცებით.

20 წელია მარიამი ეტლზეა მიჯაჭვული და ვერასდროს გაივლის.

– თქვენ თქვით, რომ თავადაც ბავშვი იყავით, მარიამი რომ დაიბადა...

ნინო: 15 წლის ვიყავი, სკოლაში ვსწავლობდი, მეუღლემ რომ მომიტაცა, არც ვიცნობდით ერთმანეთს. 13 წლით უფროსია ჩემზე. მაშინ სხვა დრო იყო: სახლში დაბრუნება სამარცხვინოდ ითვლებოდა და ხაზს გადაუსვამდა გოგონას მომავალს. ალბათ, ჩემი მშობლებიც არ მიმიღებდნენ. თავადაც ბავშვი ვიყავი, დედა რომ გავხდი.

„თავადაც 16 წლის ბავშვი ვიყავი, დედა რომ გავხდი.“

– როგორ მოხვდით აქ, თბილისში? რატომ ცხოვრობთ ამ ერთი ციცქნა, ნესტიან ავტოფარეხში?

ნინო: ორი წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ დაშორება გადავწყვიტეთ. მისთვის დიდი დარტყმა იყო მარიამის ასეთი მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მამაკაცებს ქალებზე მეტად უჭირთ ასეთ ტკივილთან გამკლავება - დალევა დაიწყო... ყოველ საღამოს ჩხუბი გვქონდა. მარიამი კი ძალიან მგრძნობიარეა - სულ ცოტა უნდა რომ ატირდეს, გული აწუხებს, უჰაერობა. რთული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ახლა, ჩემი გოგონა თავს უფრო მშვიდად გრძნობს.

„სამნი ვცხოვრობთ ამ პატარა ავტოფარეხში. არ მაქვს საშუალება, უკეთესი ბინის ქირა რომ გადავიხადო“.

- ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ? ეს ხომ, ყოფილი ავტოფარეხია, ოთახიც არ არის?!

ნინო: თავადაც ხედავთ, როგორ ვცხოვრობთ. სივიწროვეა, საშინელი ნესტი, მაგრამ, უკეთესი ბინს ქირის გადახდის საშუალება არ გაგვაჩნია. უფალს მადლობას ვწირავ, რომ ჭერი მაინც გვაქვს თავზე.

მარიამსაც, დიდი ხანია, ეტლი დაუპატარავდა და გაცვდა. ჩაჯდომაც კი უჭირს. ხელის დასადებები სულ დაგლეჯილია და ამიტომ, ჩემს გოგოს მკლავები აქვს გადაყვლეფილი. უმოძრაო ცხოვრების გამო კი, ქუსლებზე საშინელი წყლულები გაუჩნდა და სითხე სდის. ვცდილობ, როგორმე დავეხმარო, მაგრამ მხოლოდ ვაზელინის და იაფფასიანი მალამოების შეძენის საშუალება მაქვს. ისედაც წვალობს, ეს ყველაფერი კი სატანჯველს უმატებს.

საკმარისი საწოლებიც არ გვაქვს. ბებოს გატეხილ სავარძელზე სძინავს, მე კი მარიამის გვერდით უნდა ვიყო, მას ღამით ხშირად აწუხებს გული ან პამპერსი აქვს გამოსაცვლელი.

უმოძრაო ცხოვრების გამო, მარიამს საშინელი წყლულები გაუჩნდა ტერფებზე.

- როგორ პოულობთ ძალას საკუთარ თავში?

ნინო: მიუხედავად თავისი ფიზიკური მდგომარეობისა, მარიამი ჩვეულებრივი გოგოა, ძალიან კეთილი, შეგნებული, მისი თანატოლებისგან არაფრით განსხვავდება. უბრალოდ ვერ დადის. მაგრამ, მას სიცოცხლე სწყურია, ჰაერზე სეირნობა უნდა, გართობა, როგორც ყველა მის თანატოლს. მაგრამ, მოკლებულია ამ ყველაფერს. ვცდილობ, გავართო როგორც შემიძლია. სამსახურის მერე მოვრბივარ, ეტლს „ვტაცებ ხელს“ და გარეთ გავრბივარ ჩემს შვილთან ერთად, სუფთა ჰაერი მაინც რომ ჩაისუნთქოს. დასანანია, რომ ტაქსის ფული არ მაქვს, პარკში რომ წავიყვანო, რამე ახალი და ლამაზი ვანახო. მარიამისთვის მთელი სამყარო მე ვარ. მე ვარ მისი ფეხები, მისი თვალები. ფიქრიც კი არ მინდა რა მოხდება, რამე რომ დაემართოს. მარიამს ჩემს ცრემლებს არასდროს ვაჩვენებ და ვამაყობ იმით, რომ მისი დედა ვარ!

„ჩვეულებრივი გოგო ვარ, მეგობრებიც მყავს. ყველაფერს ვგრძნობ და განვიცდი. ალმაცერად რომ მიყურებენ, ტირილი მინდება. ჩემი ბრალი ხომ არ არის, სხვებივისგან განსხვავებული რომ დავიბადე?!”

- რა არის მარიამის მოვლაში ყველაზე რთული?

ნინო: 60 კილოგრამზე მეტს იწონის, მისი დაბანა და ტანსაცმლის გამოცვლა ძალიან მიჭირს. იცით, სულ მეგონა, რომ თურქეთში შეძლებდნენ ჩემი გოგონას დახმარებას, თავს ვიდანაშაულებდი, რომ არ მქონდა ფული. მაგრამ, ექვსი წლის წინ, შემთხვევით მოვხვდით კონსულტაციაზე თურქეთიდან ჩამოსულ ექიმებთან. სწორედ მათ დამარწმუნეს, რომ მდგომარეობა უიმედოა... ეს განაჩენია, მაგრამ, დანაშაულის გრძნობამ მაინც ამტოვა.

"მინდა, ლამაზად გამოვიყურებოდე, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის."

- მარიამი თქვენი ერთადერთი შვილია?

ნინო: არა, სწორედ მაშინ, როდესაც მარიამი ოთხი წლის იყო და ექიმებმა განაჩენი გამოუტანეს, მე კი თავის მოკვლაზე ვფიქრობდი, აღმოჩნდა, რომ მეორე შვილს ველოდებოდი. სიცოცხლის სურვილი დამიბრუნდა. იცით, ნიკამ ჩემი და მარიამის ცხოვრება მართლაც შეცვალა. და-ძმას ერთმანეთი უზომოდ უყვართ. ახლა, ის მამასთან ცხოვრობს, მაგრამ თვეში ერთხელ ჩამოდის ერთი კვირით. საწოლები არ გვაქვს, ჩემთან და მარიამთან ერთად სძინავს. მარიამი კი, მთელი ღამე თმაზე ეფერება. გიჟდება თავის ძმაზე და სახლში რამე გემრიელი თუ გვაქვს, ყოველთვის უნახავს. ჩემი ბიჭი ჯერ კიდევ ბავშვია, 15 წლისაა, მაგრამ უკვე ამბობს, რომ სკოლას როგორც კი დაამთავრებს, ჩვენთან ერთად იცხოვრებს, მუშაობას დაიწყებს და მომეხმარება.

"ჩვეულებრივი გოგო ვარ, უბრალოდ გარეგნულად არ ვგავარ სხვებს."

- ვინმე გეხმარებათ? რა არის თქვენი საარსებო წყარო?

ნინო: ჩვენი შემოსავალია ჩემი შვილისა და ბებოს პენსია. ბებო ჩვენთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად, მარიამი მარტო რომ არ დარჩეს ხოლმე, როდესაც ვმუშაობ. მოხუცია, ძალიან ავად არის, გადაადგილება უჭირს, სულ სახლშია. თავისი პენსია წამლებზე ძლივს ჰყოფნის, ჩემი შვილის პენსიით კი, ამ ავტოფარეხის ქირას ვიხდი. რჩება კომუნალური გადასახადები, პამპერსი, საჭმელი. ეს ყველაფერი კი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს გამოვიმუშავებ ბინების დალაგებით. მეგობრები რითაც შეუძლიათ მეხმარებიან. ორი დღის წინ, მეგობარმა პროდუქტი და ტკბილეული მომაწოდა მარიამისთვის. მამაჩემი ექვსი წლის წინ გარდაიცვალა სიმსივნით, დედაჩემი კი, დღემდე იხდის მისი მკურნალობის ვალებს.

მარიამმა ამ ეტლში გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ფეხებიც და მკლავებიც სულ დაკაწრული აქვს.

- გვითხარით, რის გაკეთება შეგვიძლია, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს?

ნინო: საკვები და ჩემი შვილისთვის პამპერსი მუდამ გვჭირდება.  საკმარისი საწოლებიც არ გვაქვს. მხოლოდ ორი, ისიც ძველი, რომელზეც მე და მარიამს გვძინავს. სარეცხი მანქანა უდიდესი ბედნიერება იქნებოდა. არ მეზარება, მაგრამ, შვილისა და ბებოს მოვლის და მუშაობის გარდა, ამდენი სარეცხის ხელით დარეცხვას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მარიამს უზომოდ გაახარებდა ტელევიზორი! სერიალების ყურება უყვარს, ეს მისი ერთადერთი გასართობია. ჩემი ჭკვიანი გოგო, თვითონ ისწავლა ინტერნეტით თურქული ენა, თარგმანის გარეშე რომ უყუროს თავის საყვარელ სერიალებს!

„ძალიან მინდა ტელევიზორი გვქონდეს. ასე მაინც დავინახავდი, რა ხდება სამყაროში"

- კიდევ რის კეთება მოგწონს, მარიამ? როგორ ერთობი? ბევრი მეგობარი გყავს?

მარიამი: ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ყველანი სოფელში ცხოვრობენ. თბილისში რომ ჩამოდიან, ყოველთვის ვნახულობ. ერთმანეთს ვწერთ და ტელეფონზეც ვესაუბრებით. ძალიან მიყვარს ისინი და მათაც ვუყვარვარ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, როდესაც გრძნობ, რომ უყვარხარ და მოსწონხარ ისეთი, როგორიც ხარ.

- გიგრძვნია, რომ ვინმეს არ მოსწონხარ?

მარიამი: არა, უბრალოდ ხანდახან თავდაუნებურად გრძნობ, რომ სხვანაირად გიყურებენ. უცნაური გრძნობაა, როდესაც ვერ იგებ ვინმეა არ მოსწონხარ, თუ ეცოდები. ადამიანებს, ვინც სხვებისგან განსხვავდება, ალმაცერად ნუ შეხედავთ. ეს ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, გვაქვს სურვილები და ოცნებები, გვიყვარს და გვსურს, რომ სხვებსაც ვუყვარდეთ!

"ასე დავჯდები ხოლმე კარებთან და შორიდან ვუყურებ ცხოვრებას.“

- რაზე ოცნებობ?

მარიამი: ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, დავიწყო მუშაობა. ბევრ კომპანიას მივმართე, ავუხსენი მდგომარეობა, ვთხოვე. მაგრამ, ან ცარიელი დაპირებებს ვისმენ, ან საერთოდაც უპასუხოდ მტოვებენ.

- მუშაობას სად ისურვებდი?

მარიამი: დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ფრჩხილის სპეციალისტად. მესმის, რომ მთელი დღე თავდახრილი ჯდომა ძალიან რთულია. მაგრამ, მომწონს! ჩემი ოცნებაა, ვიმუშაო, მქონდეს საკუთარი ფული, დედას მცირედით მაინც დავეხმარო. ძალიან ბევრს შრომობს, საერთოდ არ უფრთხილდება საკუთარ თავს. ვიცი, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს თქვენს ფონდს და მინდა, მეც დავუმეგობრდე მათ. როდესაც ირგვლივ ბევრი ადამიანი გყავს, ცხოვრებაც აღარ ჩანს ამდენად რთული.

"გთხოვთ, დამეხმარეთ, მეც რომ ვიგრძნო თავი ადამიანად!"

–ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი საოცარი, კეთილი, ღვთისნიერი ადამიანი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში. ისეთი, ვინც სიხარულით დაგეხმარებათ!

ნინო: ღმერთის ყოველთვის მწამდა, ყოველთვის ვიცოდი, რომ არ მიგვატოვებდა! იცით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც თვითონაც არ იცი, რა დახმარებას ელი, მაგრამ უფალს უბრალოდ სთხოვ, რომ დაგეხმაროს! უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინა, თქვენ კი, გამოეხმაურეთ ჩვენს თხოვნას და გვესტუმრეთ. ახლა, მთელი გულით ვგრძნობ, რომ ეს არის რაღაც ძალიან კარგის საწყისი ჩვენს ცხოვრებაში!

მეგობრებო, ხანდახან, ბედი ისეთ განსაცდელებს გვიგზავნის, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია. მაგრამ ნინომ და მისმა უსაყვარელესმა მარიამმა ეს შეძლეს. ავადმყოფობისა და უსახსრობის მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს ერთმანეთის სიყვარული და მომავლის იმედი. ეს ხომ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში? ჩვენ კი, მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ და უბრალოდ ვალდებულნი ვართ მათ მხარში ამოვუდგეთ ამ ურთულეს ბრძოლაში!

ბედნიერებისთვის სჭირდებათ ძალიან ცოტა: ახალი ეტლი, წყლულების სამკურნალო საშუალებები, საწოლი, სარეცხი მანქანა, საკვები და პამპერსი. მარიამი კი, მეცხრე ცას ეწევა სიხარულით, ტელევიზორს თუ ვაჩუქებთ. ეს ხომ, ერთადერთი გასართობია მისთვის.

თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 3 (პლატო, ავტოფარეხი მე-7 კორპუსის გვერდით).

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ნანობაშვილების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: