ბოდიში, მიჭირს ემოციების გამოხატვა, ღიმილს გადავეჩვიე… ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა, როდესაც ჩერნოვეცკის ფონდი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში… იცით, მართლა როდის შემეშინდა? ჩემს ფარდულში ვიწექი, რაღაც შრიალი მომესმა, შემეშინდა, რომ ისევ ვირთხა შემოძვრა და მიკბენს… ორი დღის უჭმელი ვიყავი, თავი საშინლად მტკიოდა, კაციშვილი არ მყავდა გვერდით და სასწრაფოსაც ვერ გამოვიძახებდი – ტელეფონი მქონდა გაფუჭებული.
თუკი არსებობს ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, ნამდვილად გავლილი მაქვს მისი რამდენიმე წრე. ისე დამეხმარეთ, როგორც აქამდე არავინ დამხმარებია… მილიონჯერ მითხოვია და დამიმცირებია თავი. ფონდმა ტელეფონიც კი მაჩუქა, სამყაროსთან კავშირი რომ არ დავკარგო და მარტო დარჩენის არ შემეშინდეს. სხვას რომ ეთქვა ეს ჩემთვის, არც დავიჯერებდი!
***
მეგობრებო, წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა თქვენთვის ჩვენი მოხუცი, სნეული და მარტოსული „ბავშვების“ გულში ჩამწვდომი სიტყვების კითხვა! ეს ყველაფერი, რასაც ისინი წერენ მადლიერების ნიშნად, არის მადლიერება თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც შემოწირულობა გაიღო და მათ გაუხანგრძლივა სიცოცხლე, რომლის ყოველი დღე, ყველაზე ფასდაუდებელი რამ არის დედამიწაზე.
ზუსტად ვიცი, რომ თქვენც ჩემსავით გესმით მათი ცხოვრებისეული პრობლემები რომელიც მიჰყვებათ იმ მომენტამდე, როდესაც წარსდგებიან ღვთის წინაშე!
და გთხოვთ, კვლავაც გაუწიოთ მათ დახმარება! თუ შესაძლებლობა გექნებათ, აუცილებლად დაურეკოთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს და უთხრათ, რომ საქართველოში არცერთი მოხუცი არ არის მარტოხელა! ჩვენი მამები და დედები არიან, პაპები და ბებიები, და ჩვენს გარდა, მათზე ვერავინ იზრუნებს.